25.03.2022
უკრაინის სახალხო დამცველის მიერ ჯერ კიდევ 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით კი, ომში მინიმუმ 35 რეპორტიორი დაშავდა.
24.03 - უკრაინის ომის გაშუქებისას, დაბომბვისას, რუსი ჟურნალისტი ოკსანა ბაულინა დაიღუპა. 42 წლის ბაულინა ლატვიაში ბაზირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ახალი ამბების მედიასაშუალება The Insider-ისთვის მუშაობდა. ის რუსეთის პოლიტიკასა და კორუფციის თემებს აშუქებდა.
21.03 - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული მედიასაშუალება hromadske-ს ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა 9-დღიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
ამავე დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან მედიასაშუალება Melitopolskie Vedomosti ჟურნალისტები იულია ოლხოვსკა და ლიუბოვ ჩაიკა, გამოცემის მთავარი რედაქტორი იევგენია ბორიანი და ყოფილი გამომცემელი მიხაილო კუმოკი ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს
18.03 - Hromadske-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ 12 მარტიდან ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა გაუჩინარდა. ის ბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ბერდიანსკში ნახეს. იყო ეჭვი, რომ ის რუსეთის არმიამ გაიტაცა. ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ.
16.03 - Fox News-ის დაშავებული რეპორტიორი ბენჯამინ ჰოლი უკრაინიდან გაიყვანეს. ჰოლი 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში დაიჭრა და მძიმე დაზიანებებით კიევის საავადმყოფოში მკურნალობდა
15.03 - დაიღუპნენ "ფოქს ნიუსის" ოპერატორი პიერ შაშევსკი და მასთან ერთად მყოფი უკრაინელი პროდიუსერი ალექსანდრა კუვშინოვა, რომლებსაც 14 მარტს ცეცხლი გაუხსნეს.
პიერ შაშევსკი ომის ფოტოგრაფი იყო, რომელიც "ფოქსისთვის" საერთაშორისო ამბებს ერაყიდან, ავღანეთიდან და სირიიდან აშუქებდა. შაშევსკი უკრაინაში თებერვლიდან იმყოფებოდა. 2021 წელს, ავღანეთის თალიბანის რეჟიმის დროს, მან დიდი როლი ითამაშა "ფოქსის" ადგილობრივი კორესპონდენტებისა და მათი ოჯახების ქვეყნიდან გამოყვანაში.
14.03 - ამერიკული ტელეარხის Fox News-ის გადამღებ ჯგუფს უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს. სასიკვდილოდ დაიჭრა ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი და უკრაინელი პროდიუსერი ალექსანდრა კუვშინოვა. ფეხში დაიჭრა და სერიოზული დაზიანებები მიიღო ბრიტანელმა ჟურნალისტმა ბენჯამინ ჰოლიმ.
13.03 - კიევის რეგიონში, ქალაქ ირპინში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი და არაერთი ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი - ბრენტ რენო მოკლეს და 2 რეპორტიორი დაჭრეს. მათგან ერთ-ერთი, ამერიკელ-კოლუმბიელი ჟურნალისტი ხუან არედონდო კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
11.03 - რადიო თავისუფლების რეპორტიორი მარიან კუშნირი ბარიშივკაში, კიევთან ახლოს, სარაკეტო თავდასხმის დროს დაშავდა.
8.03 - რუსი ჯარისკაცები შეიჭრნენ ქალაქ ბერდიანსკის სატელევიზიო ანძაში, სადაც განთავსებულია რამდენიმე ადგილობრივი მედია, მათ შორის რადიოსადგური Novosti Berdiansk, გაზეთი Berdianskiye Vedomosti და ტელეარხი Youg TV. ჯარისკაცებმა 50-მდე ჟურნალისტი მძევლად ჰყავდათ აყვანილი ხუთ საათზე მეტი დროის განმავლობაში. RSF-ის წყაროს ინფორმაციით, კრემლის პროპაგანდაზე უარის თქმის გამო, ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობდნენ
6.03 - უკრაინის სამხრეთით, კროპივენცკისა და მიკოლაევს შორის საგუშაგოს გავლის შემდეგ, შვეიცარიელ ფოტოგრაფ გიომ ბრიკეტს ცეცხლი გაუხსნეს. ის საქარე მინის შუშის ნამსხვრევებით სახესა და მკლავში დაიჭრა. რუსმა სამხედროებმა მას 3000 ევრო და აღჭურვილობა წაართვეს.
01.03 - კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად Live TV-ის ოპერატორი ევგენი საკუნი დაიღუპა
26.02 - უკრაინის ქალაქ ოხტირკაში დანიური ტაბლოიდის, Ekstra-Bladet-ის რეპორტიორი სტეფან ვაიკერტი და ფოტოგრაფი ემილ ფილტენბორგ მიკკელსენი დაბომბილი საბავშვო ბაღის გადასაღებად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ჟურნალისტების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, ორივე მათგანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო. ფოტოგრაფს სამი ტყვია ფეხებში, ჟურნალისტს კი ერთი ტყვია მხარში მოხვდა.
ძირითადი წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე