რუსეთმა 29 ბრიტანელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
15.06.2022
14 ივნიისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში შესვლას უკრძალავს 29 ბრიტანელ ჟურნალისტს.

მოსკოვი შეზღუდვებს უწესებს თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებსაც, გაერთიანებული სამეფოს “ანტი რუსული ქმედებების”, რუსი ჟურნალისტებისა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების პასუხად.


რუსეთის სანქციები ჟურნალისტებს

რუსეთის საგარეო უწყების გამოქვეყნებულ სიაში არიან რეპორტიორები, ტელეწამყვანები, რედაქტორები და ხელმძღვანელები BBC-დან, The Times-დან, Daily Telegraph-დან, Independent-დან Guardian-დან, Sky TV-დან, ITV-დან და სხვა ბრიტანული მედიასაშუალებებიდან.

რუსეთის არგუმენტი

  • რუსული მხარე სიაში შეყვანილ ბრიტანელ ჟურნალისტებს რუსეთის შესახებ, ასევე “უკრაინასა და დონბასში” განვითარებულ მოვლენებზე ცრუ და ცალმხრივი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში ადანაშაულებს.
  • რუსეთის საგარეო უწყება ამბობს, რომ ჟურნალისტები “მიკერძოებული შეფასებებით ასევე ხელს უწყობენ რუსოფობიის გაღვივებას ბრიტანულ საზოგადოებაში.”

კრემლი სანქცირებულთა სიის გაფართოებაზე მუშაობს.

კონტექსტი

  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ კრემლმა დაბლოკა არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ქვეყნის შიგნით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდა.
  • რუსეთში მიიღეს ე.წ ფეიკების კანონი, რომლითაც იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.
  • კანონდარღვევის შემთხვევაში კი რუსეთის მოქალაქე დაისჯება ჯარიმით ან 15 წლამდე პატიმრობით.
  • რუსეთის ოფიციალური უწყებები არ იყენებენ სიტყვებს “შეჭრა” და “ომი”, უკრაინაში დაწყებულ ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ.
2022 წლის მარტში ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელმა რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად მედიას RT-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა, რადგან ის არ შეესაბამებოდა ბრიტანეთის მაუწყებლობის კოდექსის მიუკერძოებლობის წესებს და უკავშირდებოდა რუსეთის სახელმწიფოს, რომელმაც ჯარები გაგზავნა უკრაინაში და თავს დაესხა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ