რუსეთმა ავსტრალიელ ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა
16.06.2022
16 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონალური სანქციების მორიგი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ავსტრალიელი ჟურნალისტებიც არიან.

რა ხდება? რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ავსტრალიის 121 მოქალაქეს, მათ შორის არიან ჟურნალისტები ABC-დან, 9news-დან და სხვა მედიასაშუალებებიდან.

რუსეთის არგუმენტი
  • რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სანქციები შეეხო ავსტრალიელ ბიზნესმენებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ქვეყანაში “რუსოფობიის დღის წესრიგს” უწყობენ ხელს.
  • რუსეთმა ავსტრალიელ მოქალაქეებს შეზღუდვები ავსტრალიის მთავრობის სანქციების პასუხად დაუწესა.
  • “იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური კანბერა არ აპირებს ანტირუსული კურსის მიტოვებას და განაგრძობს ახალი სანქციების დაწესებას, რუსეთი სანქციების სიის განახლებაზე მუშაობას გააგრძელებს”, - წერია უწყების განცხადებაში.
რუსეთმა 14 ივნისს ამავე მიზეზებით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 29 ბრიტანელ ჟურნალისტს.

რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა ომის შემდეგ
  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ კრემლმა დაბლოკა არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ქვეყნის შიგნით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდა.
  • რუსეთში მიიღეს ე.წ ფეიკების კანონი, რომლითაც იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.
  • კანონდარღვევის შემთხვევაში კი რუსეთის მოქალაქე დაისჯება ჯარიმით ან 15 წლამდე პატიმრობით.
  • რუსეთის ოფიციალური უწყებები არ იყენებენ სიტყვებს “შეჭრა” და “ომი”, უკრაინაში დაწყებულ ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ