RSF: უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაკს ლევინი რუსეთის ძალებმა დახვრიტეს
22.06.2022
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს ინფორმაციასა და მტკიცებულებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ 13 მარტს უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაკსიმ ლევინი რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, დაკითხვისა და წამების შემდეგ დახვრიტეს.


ვინ არის მაკს ლევინი? ფოტოჟურნალისტი უკრაინული საინფორმაციო მედიასაშუალება LB.ua-სთვის მუშაობდა და 2013 წლიდან სააგენტო “როიტერის” კონტრიბუტორი იყო.

  •  40 წლის ლევინის გაუჩინარების შესახებ ცნობები 22 მარტს გავრცელდა.
  •  ჟურნალისტისა და მისი თანმხლები სამხედროს ცხედარები კიევთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში პირველ აპრილს ნახეს. ის მუშაობის დროს შეუიარაღებელი იყო და პრესის ჟილეტი ეცვა.

რა დადგინდა გამოძიებით?

“რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე” (RSF) იმ ადგილას, სადაც მაკს ლევინის ცხედარი ნახეს მტკიცებულებების შესაგროვებლად ორი გამომძიებელი გაგზავნა. საგამოძიებო მოქმედებები 24 მაისიდან 3 ივნისამდე გაგრძელდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 მარტს:

  • ლევინი თავის მეგობარ სამხედროსა და კიდევ ერთ ჯარისკაცთან ერთად კიევის ჩრდილოეთით ტყეში, დრონით რუსეთის მიერ ოკუპირებული ზონისთვის კადრების გადასაღებად წავიდა.
  • დრონის დაბრუნების დროს ელემენტი დაჯდა, აპარატი ტყეში დაეშვა და დაიკარგა.
  • ლევინმა დრონის ადგილმდებარეობის გასარკვევად GPS სისტემა გააქტიურა, თუმცა იმ დროს მისი და თანმხლები პირების მიმართულებით რუსეთის ძალებმა ცეცხლი გახსნეს.
  • ლევინმა და ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ტყე დრონის მოძებნის გარეშე დატოვეს.

3 დღის შემდეგ:

  •  ფოტოჟურნალისტი მეგობარ სამხედროსთან ერთად ტყეში დაბრუნდა დრონის მოსაძებნად.
  •  მაკს ლევინი დარწმუნებული იყო, რომ დრონით გადაღებული ფოტოები მნიშვნელოვანი იყო.
  • ტყის ნაწილი ამ დროს რუსეთის ძალებს უკვე ოკუპირებული ჰქონდათ.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ:

  •  მაკს ლევინის ავტომობილი დამწვარი იყო.
  • ფოტოჟურნალისტთან მყოფი უკრაინელი სამხედროს ცხედარი, რომელიც ნაწილობრივ დამწვარი იყო ავტომობილის გახსნილ კართან ნახეს.
  •  მაკს ლევინის ცხედარს სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა: ერთი გულმკერდის არეში, ორი კი თავში.
  • ლევინის მობილური ტელეფონი, დოკუმენტები, ფეხსაცმელი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ადგილზე არ იყო და, სავარაუდოდ, მოპარულია.

მტკიცებულებები

“რეპოპრტიორები საზღვრებს გარეშეს” გამომძიებლებმა ადგილზე ნახეს:

  • 14 ნატყვიარი ლევინისა და მისი მეგობრის ავტომობილზე.
  •  სამი ტყვია.
  •  საკვების შეკვრა.
  •  პოლიეთილენის ჭურჭელი, რომელზეც შესაძლოა დნმ-ის კვალი იყოს.
  •  ლევინის ჩაფხუტი, შვეიცარიული დანა და თავზე დასამაგრებელი სანათი.
  •  ლევინთან მყოფი სამხედროს დოკუმენტები.

RSF-ის ამ გამოძიებამ წვლილი შეიტანა ოფიციალურ გამოძიებაში, რომელსაც უკრაინული მხარე და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ერთობლივად ატარებენ. RSF-სგან ორივემ მიიღო ოფიციალური მოთხოვნა გამოძიების შესახებ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ