რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ისევ დააკავეს
17.07.2022
მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, ისევ დააკავეს.

რა ხდება

„ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ყოფილი რედაქტორის დაკავების ფოტოები მის ტელეგრამ და ფეისბუქ გვერდზეც ვრცელდება.

  • ოვსიანნიკოვას განმარტებით,მისი დაკავების საბაბი გახდა 13 ივლისს ბასმანის სასამართლოს წინ გამოსვლა, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოს ილია იაშინი დააკავეს.
  • 15 ივლისს ოვსიანიკოვამ ომის საწინააღმდეგო ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა კრემლთან. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?“.

კონტექსტი

  • პირველი არხის ყოფილი რედაქტორი 14 მარტს, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით და ბანერით შეიჭრა - „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ".
  • მალევე, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც რუსეთს აგრესორს უწოდებს, ომს უკრაინაში - კი დანაშაულს.
  • ოვსიანკოვა რუსეთის პოლიციამ მალევე დააკავა. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე ნაწილის მე-20.2 მუხლის მიხედვით. ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არასანქცირებული შეკრების, მიტინგის ან დემონსტრაციის, მსვლელობის გამართვას ან პიკეტირებას გულისხმობს.
  • 15 მარტს მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვის სასამართლომ 30 000 რუბლით (280$-ით) დააჯარიმა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ