რუსეთში ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
10.08.2022
რუსეთში სამთავრობო “პირველი არხის” ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ოვსიანიკოვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობადი მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა.

რა მოხდა?

რუსი ჟურნალისტის ინფორმაციით, მოსკოვში, მის სახლში საგამოძიებო კომიტეტის 10 თანამშრომელი 10 აგვისტოს დილის 6:00 საათზე შეიჭრა გასაჩხრეკად.

  • ოვსიანიკოვას ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი წერს, რომ სამართალდამცველები ადგილზე მის მისვლას არ დაელოდნენ და სახლი ისე გაჩხრიკეს.
  • მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ, ე.წ ფეიკების” კანონით აღიძრა და ამის მიზეზი ივლისში კრემლთან გამართული ომის საწინააღმდეგო ერთკაციანი საპროტესტო აქცია გახდა.
  • ადვოკატის განმარტებით, ჟურნალისტს ბრალად ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება.

რუსი ჟურნალისტი საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს.

“ფეიკების” შესახებ კანონი ჯარიმას ან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კონტექსტი

  • პირველი არხის ყოფილი რედაქტორი 14 მარტს, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით და ბანერით შეიჭრა - „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ".
  • მალევე, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც რუსეთს აგრესორს უწოდებს, ომს უკრაინაში - კი დანაშაულს.
  • ოვსიანკოვა რუსეთის პოლიციამ მალევე დააკავა. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე ნაწილის მე-20.2 მუხლის მიხედვით. ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არასანქცირებული შეკრების, მიტინგის ან დემონსტრაციის, მსვლელობის გამართვას ან პიკეტირებას გულისხმობს.
  • 15 მარტს მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვის სასამართლომ 30 000 რუბლით (280$-ით) დააჯარიმა.
  • ჟურნალისტმა რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის დატოვების შემდეგ რამდენიმე თვე რუსეთის საზღვრებს გარეთ გაატარა. სამი თვის განმავლობაში ტრენინგებს გადიოდა გერმანულ გამოცემა Die Welt-ში, 2022 წლის ივლისის დასაწყოსში კი რუსეთში დაბრუნება დააანონსა.
  • ივლისის ბოლოს მარინა ოვსიანიკოვა სასამართლომ 50, 000 რუბლით ($820) დააჯარიმა კერემლთან გამართული ერთკაციანი პროტესტის გამო.
  • 8 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 40, 000 რუბლით ($660) დააჯარიმა უკრაინაში ომის წინააღმდეგ ონლაინ პოსტების გამო.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ