რუს ჟურნალისტს შინაპატიმრობა შეუფარდეს
12.08.2022
რუსეთში სამთავრობო “პირველი არხის” ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას მოსკოვის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი შინაატიმრობაში 9 ოქტომბრამდე, სასამართლო პროცესამდე იქნება.

დეტალები

სასამართლომ ჟურნალისტისთვის შინაპატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება 11 აგვისტოს მიიღო. მარინა ოვსიანიკოვამ სხდომაზე პროტესტის ნიშნად პოსტერი გაშალა წარწერით: “ დაე, დახოცილი ბავშვები ღამით დაგესიზმროთ”.
  • ოვსიანიკოვას წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ე.წ ფეიკების მუხლით აღიძრეს ივლისში კრემლთან გამართული ომის საწინააღმდეგო ერთკაციანი საპროტესტო აქციის გამო.
  • 15 ივლისს ოვსიანიკოვას ერთკაციან საპროტესტო აქციაზე პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?“.
  • ადვოკატის განმარტებით, ჟურნალისტს ბრალად ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება.

ჟურნალისტს ჯარიმა ან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კონტექსტი

მარინა ოვსიანიკოვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობადი მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა.

  • პირველი არხის ყოფილი რედაქტორი 14 მარტს, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით და ბანერით შეიჭრა - „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ".
  • მალევე, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც რუსეთს აგრესორს უწოდებს, ომს უკრაინაში - კი დანაშაულს.
  • ოვსიანკოვა რუსეთის პოლიციამ მალევე დააკავა. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე ნაწილის 20.2 მუხლის მიხედვით. ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არასანქცირებული შეკრების, მიტინგის ან დემონსტრაციის, მსვლელობის გამართვას ან პიკეტირებას გულისხმობს.
  • 15 მარტს მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვის სასამართლომ 30 000 რუბლით (280$-ით) დააჯარიმა.
  • ჟურნალისტმა რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის დატოვების შემდეგ რამდენიმე თვე რუსეთის საზღვრებს გარეთ გაატარა. სამი თვის განმავლობაში ტრენინგებს გადიოდა გერმანულ გამოცემა Die Welt-ში, 2022 წლის ივლისის დასაწყოსში კი რუსეთში დაბრუნება დააანონსა.
  • ივლისის ბოლოს მარინა ოვსიანიკოვა სასამართლომ 50, 000 რუბლით (820$) დააჯარიმა კერემლთან გამართული ერთკაციანი პროტესტის გამო.
  • 8 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 40, 000 რუბლით (660$) დააჯარიმა უკრაინაში ომის წინააღმდეგ ონლაინ პოსტების გამო.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ