20.03.2023
ბელორუსში, დამოუკიდებელი მედიის — TUT.by-ის ჟურნალისტების დაკავებასა და მათთვის 12-წლიანი სასჯელის შეფარდების ფაქტს საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმაურებიან, მათ შორის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" და "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი".
მიიჩნევენ, რომ ფაქტი, "ლუკაშენკოს რეჟიმის მასშტაბურ სისასტიკეს უსამს ხაზს" და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა ბელორუსზე, ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით.
რა ხდება?
- მინსკის სასამართლომ 12-წლიანი სასჯელი შეუფარდა მარინა ზოლოტოვასა და ლუდმილა ჩეკინას, ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მედიის — TUT.by-ის მთავარ რედაქტორსა და დირექტორს.
- ჟურნალისტებს, ლუკაშენკოს რეჟიმი "სიძულვილის გაღვივებასა" და ისეთი მასალების გავრცელებაში დებდა ბრალს, რომელიც "ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებას შეიცავდა".
- მანამდე, 2021 წელს, ხელისუფლებამ გამოცემა TUT.by "ტერორისტებისა" და "ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა და დახურა.
გამოხმაურებები:
- "დაკავებულები არიან თავისუფალი პრესის სიმბოლოები, როგორც ყველაზე საშინელი მტრები ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის, რადგან თავისუფალი პრესა დემოკრატიის საყრდენია.
- "ბელორუს ჟურნალისტებისთვის შეფარდებული აღმაშფოთებელი პატიმრობა მხოლოდ ხაზს უსვამს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მასშტაბურ სისასტიკეს" — თქვა გულნოზა საიდმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა — "ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ისინი, ყველა სხვა დაპატიმრებულ პრესის წარმომადგენლებთან ერთად და მისცეს მედიას თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა".
კონტექსტი:
- ბელორუსში, ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა 2020 წლიდან, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
- უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ხელისუფლებამ მოწინააღმდეგეებსა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა გაზარდა.
- მედიის, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება მოუწია, ზოგი – დააპატიმრეს.
- 2021 წლის აპრილში, მინსკის აეროპორტში დააკავეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი . მეტი