RSF-მა ხელოვნური ინტელექტის დასარეგულირებელი ქარტია შექმნა - რა ხდება?
31.07.2023
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ჟურნალისტიკას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მედიაში ხელოვნური ინტელექტის აქტიურმა გამოყენებამ პროფესიულ წრეებში AI-ს დარეგულირებაზე გააჩინა დისკუსია.

2023 წლის ივლისში, RSF-მა ("რეპორტიორები საზღვრების გარეშე") გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩამოაყალიბებს ქარტიას ხელოვნური ინტელექტის მედიაში გამოყენებისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

"ახალი ამბების სააგენტოების მსოფლიო გაერთიანებამ", 2023 წელს ხელოვნური ინტელექტის მედიაზე გავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა:
  • ნიუსრუმებიდან 49% ამბობს, რომ იყენებს სხვადასხვა AI-ს, მათ შორის chat GPT-ს გამოკითხულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი AI-ს ტექსტის გენერირებისთვის იყენებს.
  • რედაქტორების 37%, ხოლო ჟურნალისტების 26% არის მზად, რომ აითვისოს/გამოიყენოს ეს ტექნოლოგია.
  • ჟურნალისტების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ მათ აქვთ AI-ს გამოყენების თავისუფლება, თუმცა მხოლოდ 20%-ს აქვს ე.წ "გაიდლაინები" ანუ გამოყენების წესები.
როგორც კვლევით დადგინდა, ჟურნალისტებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში, ძირითადად არ აქვთ ამ ტექნოლოგიის გამოყენების ინტრუქცია, რაც რიგ საფრთხეებს ქმნის:
  • თუ ყველა ნიუსრუმი AI-ს გენერირებულ იდეებსა და სტატიებს გამოაქვეყნებს, მასალების მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შემცირდება.
  • საფრთხე შეექმნება გამოცემების დამოუკიდებლობასაც.
  • ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ე.წ "ბაბლების" ჩამოყალიბებას, რადგან არ იარსებებს ალგორითმის "შერჩეული" მასალისგან განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრება.
რა ფუნქცია ექნება ქარტიას?

ქარტიაში, AI-ს ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკური გამოყენების უზრუნველსაყოფად, 13 სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტიკის სფეროდან 21 წევრი გაერთიანდება. ხელმძღვანელი ფილიპინელი ჟურნალისტი - მარია რესა იქნება.

სხვა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად, RSF-ის ინიციატივას უერთდება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებები: ICIJ და OCCRP.

ქარტია შეადგენს პრინციპებს, უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც ჟურნალისტებს AI-ს გამოყენებისას ეკისრებათ.

როგორც RSF-ის გენერალური მდივანი, კრისტოფერ დელუარი ამბობს: "სამწუხაროდ, ინდივიდუალურად ამ ტექნოლოგიების ეთიკურად გამოყენება წახალისებული არ არის, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კოლექტიური, გლობალური ვალდებულება, რომელიც დაფუძნებულია ჯანსაღ პრინციპებზე ეთიკური ჟურნალისტიკის დასაცავად."

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ