მედია ავღანეთში: თალიბანის მმართველობის 2 წელი
15.08.2023
ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" დედაქალაქ ქაბულზე კონტროლი 2021 წლის 15 აგვისტოს დაამყარა. თავდაპირველად ისინი ამბობდნენ, რომ პრესის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრებოდა.

"კერძო მედიამ შეიძლება გააგრძელოს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა" - თქვა თალიბანის სპიკერმა პირველ პრესკონფერენციაზე ქაბულის დაცემის შემდეგ.

თუმცა 2 წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად განსხვავებულია.

დაწესდა არაერთი შეზღუდვა, თითქმის შეუძლებელი გახდა მედიისა და ჟურნალისტების მუშაობა. ავღანეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIJA) მონაცემებით, რომელსაც RSF ავრცელებს, 2021 წელს რეგისტრირებული 547 მედიასაშუალების ნახევარზე მეტი გაქრა:

  • 150 ტელეარხიდან 70-ზე ნაკლებია დარჩენილი;
  • 307 რადიოსადგურიდან მხოლოდ 170 მაუწყებლობს;
  • საინფორმაციო სააგენტოების რაოდენობა 31-დან 18-მდე შემცირდა.

2021 წლის სექტემბერში თალიბანმა შეიმუშავა "11 ჟურნალისტური წესი", რომელიც ზრდის ცენზურისა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს.

  • ჟურნალისტებს ეკრძალებათ გააშუქონ ამბავი, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამს ან შეურაცხყოფს “ეროვნულ იდეებს” - ბუნებრივია, მითითებული არ არის, კონკრეტულად რა იგულისხმება.
  • არის ისეთი წესებიც, რომელიც ერთი შეხედვით, შესაძლებელია, სრულიად გამართლებულიც იყოს. მაგალითად, “არ უნდა დაამახინჯონ ამის შინაარსი”, “პატივი სცენ ჟურნალისტურ პრინციპებს“ და “უზრუნველყონ, რომ მათი რეპორტაჟი დაბალანსებული იყოს” - ამ შემთხვევაშიც თალიბანს შესაძლებლობა აქვს ნორმების ინტერპრეტაციისთვის.
  • წესების მიხედვით, ინფორმაცია, რომელსაც არ ადასტურებენ ოფიციალური პირები ჟურნალისტები “სიფრთხილით უნდა მოეპყრონ” - ესეც ქმნის ცენზურის საფრთხეს.

როგორია ჟურნალისტების მდგომარეობა ავღანეთში


როგორც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, ავღანეთში ჟურნალისტ ქალთა 80%-ზე მეტს მოუწია მუშაობის შეწყვეტა. დაახლოებით 12 000 ჟურნალისტიდან (კაცი და ქალი), ვინც ავღანეთში 2021 წელს მუშაობდა, ორ მესამედზე მეტმა თავი დაანება პროფესიას.

  • "მედია ბოლო ორი წლის განმავლობაში განადგურდა" - წერს RSF.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) კი აღნიშნავს, რომ დააფიქსირა ცენზურის, თავდასხმების, თვითნებური დაპატიმრებების, სახლის ჩხრეკის შემთხვევები, რათა ხელი შეუშალონ დამოუკიდებელ გაშუქებას.

  • CPJ-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, მინიმუმ 64 ჟურნალისტი დააკავეს ავღანეთში მათი საქმიანობის გამო.

შეზღუდვები განსაკუთრებით მკაცრია ქალებისთვის.

  • ქალმა, რომელიც ჯერ ისევ მუშაობს ავღანეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში RSF-ს უთხრა, რომ “ყველაფერი უარესდება”. ჟურნალისტ ქალებს ეკრძალებათ სახის გამოჩენა ეკრანებზე, თოქ-შოუებში მონაწილეობა კაცებთან ერთად, კითხვების დასმა.
  • “ბევრი ჟურნალისტი ქალი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური. ბევრმა არჩია ახალი ამბების ოთახის დატოვება და სახლში დარჩენა, ნაცვლად იმისა, რომ თავი დაპატიმრებულად ეგრძნო თავის სამუშაო მაგიდასთან”.

ყველა ჟურნალისტი ახლა შეშინებული, დამსხვრეული და იმედგაცრუებულია იმ დაპატიმრებებისა და შევიწროების გამო, რაც ჩვენ განვიცდით და ამიტომ საკუთარ თავს თვითცენზურას უწესებენ“ - ამბობს ქაბულში მცხოვრები ტელეჟურნალისტი RSF-თან.

მოქალაქე ჟურნალისტები


მას შემდეგ რაც თალიბანმა მედიაზე კონტროლი გაამკაცრა, ავღანეთში ზოგიერთმა ადამიანმა მოქალაქე ჟურნალისტის როლი მოირგო და საკუთარ იუთუბ არხებზე და სხვა სოციალურ ქსელებში ჰყვებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სწორედ ამის გამო თალიბანმა მომავალში შეიძლება შეზღუდოს სოციალურ ქსელებზე წვდომა.სავარაუდოდ განიხილება, YouTube-ის შეზღუდვა და Facebook-ის აკრძალვა.

დევნილობაში მყოფი ჟურნალისტები


2021 წლის აგვისტოს შემდეგ, ქვეყნიდან გაქცევა ასობით ჟურნალისტს მოუხდა. თავდაპირველად ისინი მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მათ შორის პაკისტანსა და ირანში. ბევრი მათგანი, ვინც ქვეყანა დატოვა გაურკვეველ მდგომარეობაშია მკაფიო პერსპექტივის გარეშე.

თუმცა ამის მიუხედავად დევნილობაში მყოფ ჟურნალისტთა ნაწილი ცდილობს აქტიურად გააშუქოს ის პრობლემები, რაც ავღანეთში ხდება.

  • მედიასაშუალებაა Zan Times, რომელიც თალიბანის მმართველობაში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა ქვეყნის გარეთ, აშუქებს ავღანეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში შელახვას.
  • “თალიბანს სურდა ქალების წაშლა საზოგადოებიდან, განსაკუთრებით მედიიდან“, - ამბობს ზაჰრა ნადერი, ავღანური წარმოშობის ჟურნალისტი კანადაში და Zan Times-ს მთავარმა რედაქტორი.

დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, Zan Times-ს ჰყავს 15-მდე თანამშრომელი. ხუთი ქალი რეპორტიორი ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა პროვინციაში, რომლებიც მუშაობენ სრული განაკვეთით, თუმცა უსაფრთხოების გამო დამალულია მათი ვინაობა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ