რუსეთში, ომის კრიტიკოს ჟურნალისტებს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა 11 წლით, "ყალბი ამბების გავრცელებისთვის"
29.08.2023
მოკლედ:
  • რუსეთის სასამართლომ 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა ჟურნალისტებს, რუსლან ლევიევსა და მაიკლ ნაკის, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთის ომს უკრაინაში.
  • ისინი დამნაშავედ ცნეს "ომის შესახებ ფაქტების გაყალბების გამო". 
  • არც ლევიევი და არც ნაკი არ იმყოფებიან რუსეთში.
  • ინფორმაციას ავრცელებს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Moscow Times, ტელეგრამის არხზე, Осторожно, новости-ზე დაყრდნობით.

რა ვიცით ამ ჟურნალისტების შესახებ?

მაიკლ ნაკი
ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, ვიდეობლოგერია.
  • უძღვება Youtube-ის არხს, სადაც 1,4 მილიონ გამომწერს ყოველღიურად უყვება უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ.
  • 2015-დან 2020 წლის ივნისამდე მუშაობდა რადიოსადგურ "ეხო მოსკვიში" (Эхo Москвы) და მიჰყავდა დებატები და რამდენიმე გადაცემა.
  • 2021 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში.
  • 2022 წლის მარტში გადავიდა ვილნიუსში.

რუსლან ლევიევი, ნაკისთან ერთად ერთად, Youtube-ის არხზე აანალიზებს ომის პროცესს.
  • ის არის პროექტის "Conflict Intelligence Team"-ის დამფუძნებელი.
  • ეს ორგანიზაცია დაარსდა 2014 წელს და ღია წყაროების გამოყენებით იძიებს სამხედრო კონფლიქტებს მათ შორის, უკრაინაში, სირიასა და ლიბიაში.
  • ლევიევის ორგანიზაცია რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

ორივე მათგანი — ლევიევიც და ნაკიც, კრემლის მიერ, "უცხოური გავლენის აგენტად" არის გამოცხადებული; ეს არის კანონი, რომლის ანალოგიური შინაარსით, საქართველოში, 2023 წლის დასაწყისში, ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტი და მას მხარს უჭერდა "ქართული ოცნება".

ჟურნალისტების - ლევიევისა და ნაკის წინააღმდეგ, "ფეიქების გავრცელების მუხლით", საქმის წარმოების მიზეზი გახდა ვიდეო, რომელშიც ისინი აანალიზებდნენ უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომის მეცხრე დღის შედეგებს.


ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ