05.09.2023
- მურატოვი ათწლეულებია, თავისი საქმიანობით რუსეთში სიტყვის თავისუფლებას იცავს.
- ის რუსეთში ამჟამად უკვე დახურული დამოუკიდებელი გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ხელმძღვანელობდა გამოცემას 1995 წლიდან.
დეტალები: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხო ქვეყნის აგენტების სია" გასულ პარასკევს, პირველ სექტემბერს განაახლა და მურატოვთან ერთად, სიაში შეიყვანა სხვებიც — პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები; ისინი, ვინც, კრემლის მტკიცებით, "მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სახელით მოქმედებენ".
საქმე ისაა, რომ
- "ნოვაია გაზეტამ" რუსეთში მუშაობა შეწყვიტა 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლმა მედიაზე მკაცრი კონტროლი დააწესა.
არქივი: რუსეთში Новая газета-ს ლიცენზია შეუჩერეს
- "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტების ნაწილი გასულ წელს ლატვიაში გადავიდნენ და ახალი ონლაინ გამოცემა, "Novaya Gazeta Europe" შექმნეს.
სწორედ გაზეთის ამ საქმიანობას უკავშირებს წარდგენილ ბრალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო და აცხადებს, რომ მურატოვს ადანაშაულებს:
- "უცხოური აგენტების მიერ წარმოებული პროდუქტის შექმნასა და გავრცელებაში";
- რომ, ამისთვის, მურატოვმა "გამოიყენა უცხოური მედია მოსაზრებების გასავრცელებლად",
- მიზნად კი ისახავდა "რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას".
დიმიტრი მურატოვი, კრემლის წნეხის მიუხედავად, ისევ რუსეთში აგრძელებს ცხოვრებას.
არქივი: როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიის გზავნილებს ომის შესახებ
რუსეთის კანონი "უცხოელი აგენტების შესახებ", გულისხმობს, რომ:
- "აგენტად წოდებული" ნებისმიერი პირი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს და აწვდიდეს მთავრობას დეტალებს საქმიანობისა და ფინანსების შესახებ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
- ასეთი პირის/პირების მიერ წარმოებული მასალა, მათ შორის, სოციალური მედიის პლატფორმები, უნდა შეიცავდეს შეტყობინებას, რომელიც მათი, როგორც უცხოური აგენტის სტატუსის შესახებ მიუთითებს.
- პირები, რომელთაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ე.წ. უცხოელ აგენტებად აცხადებს, პოლიციის მიერ ჩხრეკასა და სხვა სადამსჯელო ზომებს ექვემდებარებიან.
სტრიქონებს შორის:
- საქმე ეხება კანონს, რომლის ანალოგიური შინაარსი ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა 2023 წლის დასაწყისში.
- კანონპროექტს მხარს უჭერდა პარტია "ქართული ოცნება".
- ამას, მარტის დასაწყისში, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალის გამოყენებით დაარბია ორჯერ; შემდეგ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.
"ნოვაია გაზეტას" კონტექსტი:
- "ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად, აგრძელებდა დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო, გაზეთმა, გადარჩენის მიზნით, ჯერ ომის გაშუქება, შემდეგ კი მთლიანად მუშაობა შეაჩერა.
- გაზეთის დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია.
- 2021 წელს, დმიტრი მურატოვს გამოხატვის თავისუფლებისათვის გაბედული ბრძოლისათვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს ფილიპინელ ჟურნალისტ, მარია რესასთან ერთად.
- მურატოვს ნობელის პრემიის მინიჭება კრემლშიც მიულოცეს. მოგვიანებით ჟურნალისტმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მედალი აუქციონზე გაყიდა.