Vice - პროგრესული მედიის დაღმასვლა
04.10.2023
Vice Media 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მედიასაშუალება იყო. მედია, რომელიც მუდმივად აშუქებდა ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს, ნარკოპოლიტიკას, სოციალურ პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს, დღეს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის რეჟიმის გავლენის ქვეშაა.

მოკლედ:

  • Vice-ს ყოფილი თანამშრომელი საიმონ ჩილდსი, რომელიც 2022 წელს Novara Media-ში გადავიდა, ამბობს, რომ კომპანია საუდის არაბეთის პროპაგანდის გამტარად გადაიქცა.
  • ვაისმა გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა საგამოძიებო ფილმი მოჰამედ ბინ სალიმანის შესახებ.
  • 2020 წელს ვაისმა ფარულად მოაწყო ფესტივალი საუდის არაბეთში, რომელსაც ქვეყნის მთავრობა აფინანსებდა.
  • კომპანიამ ხელი მოაწერა მომგებიანი პარტნიორობის ხელშეკრულებას MBC Group-თან, მედია კომპანიასთან, რომელსაც საუდის არაბეთის მთავრობა აკონტროლებს.

VICE Media - ისტორია

Vice კლასიკური გამოცემებისგან თავიდანვე მკვეთრად განსხვავდებოდა და თანამედროვე მედიად აღიქმებოდა.

  • Vice Media-ს დამფუძნებლებმა შეინ სმიტმა, სუროშ ალვიმ და გევინ მაკინესმა 1994 წელს კანადაში გამოუშვეს ჟურნალი “მონრეალის ხმა”.
  • 1996 წელს სახელი შეიცვალა და "ვაისი" (Vice) დაერქვა, 3 წლის შემდეგ კი ნიუ-იორკში გადავიდა. ჟურნალი თანდათან საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო გაფართოვდა და 5 კონტინენტზე დაიწყო გამოცემა.
  • მედია ძირითადად გათვლილი იყო ახალგაზრდებისთვის - აშუქებდა მუსიკას, ხელოვნებას, საუბრობდა ნარკოტიკებსა და სექსზეც.
  • 2006 წლიდან აქტიურად დაიწყო ვიდეო კონტენტის წარმოება.

მოკლედ, ბეჭდური მედია გადაიქცა ონლაინ ვიდეო და სატელევიზიო პროდუქტის მწარმოებელ კომპანიად რომელიც არაერთ საერთაშორისო კომპანიასა და სააგენტოსთან თანამშრომლობს.

  • 2017 წლისთვის კომპანია ისე გაიზარდა, რომ 6 მილიარდ დოლარად შეფასდა.
  • მათს ვებგვერდზე სტუმრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16%-ით გაიზარდა გაიზარდა და ყოველთვიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა 78 მილიონ ადამიანამდე ავიდა.
  • თითქმის 20%-ით გაიზარდა Vice-ის HBO-ზე განთავსებული პროგრამის, "Vice News Tonight" და 2017 წელს 582 000 მაყურებელს მიაღწია.
  • ამავე წელს Vice-ში დიდი ინვესტიცია ჩადო კერძო ინვესტიციების ჯგუფმა, TPG Capital-მა.

VICE Media-ს პრობლემების დასაწყისი

მიუხედავად დიდი წარმატებისა, მომდევნო წლებში ვაისში ფინანსური პრობლემები დაიწყო, რასაც სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა.

  • მაგალითად, 2017 წელს ნიუ იორკ თაიმსის სტატიაში საუბარი იყო კომპანიაში თანამშრომელი ქალის სექსუალურ შევიწროებაზე. გავრცელდა ინფორმაცია არასათანადო სამუშაო გარემოზეც.
  • სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს ენდრიუ კრეიტონი, რომელიც Vice-ს სარეკლამო ბიზნესს ხელმძღვანელობდა.
  • 2018 წლის იანვარში Vice-მა დაკარგა ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი. ამავე წელს Viceland-მა კანადაში 2,5 მილიონი დოლარი იზარალა.
  • მეორე მხრივ, ფეისბუკსა და გუგლზე გაფართოებულმა წვდომამ გამომცემლებს გაურთულა ონლაინ რეკლამებით ფულის გამომუშავება - ამ პერიოდში პრობლემა შეექმნა ვაისის მსგავს მედიას, BuzzFeed-ს.
  • მედიის ფინანსური პრობლემები გაამძაფრა კოვიდპანდემიამაც.

2018 წელს Vice Media-ს აღმასრულებელი დირექეტორი ნენსი დუბუკი გახდა. მისი მთავარი მოვალეობა კომპანიის გაყიდვა იყო, თუმცა ეს ვერ შეძლო და 2023 წლის თებერვალში თანამდებობა დატოვა.

გაკოტრების გამოცხადება

2023 წლის მაისში Vice Media-მ თავი გაკოტრებულად გამოაცცხადა, აქტივები გაიყიდა, ხოლო კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს.

2017 წელს, 6 მილიარდად შეფასებული კომპანია, 2023 წელს, 350 მილიონ დოლარად გაიყიდა. Vice Media-ის ახალი მფლობელები გახდნენ Fortress Investment Group, Soros Fund Management და Monroe Capital-ის შვილობილი კომპანიები.

სწორედ ამ პერიოდში დაამყარა კომპანიამ ძლიერი კავშირები საუდის არაბეთის რეჟიმთან, რამაც სერიოზული კითხვები გააჩინა ერთ დროს ადამიანის უფლებების თემაზე აქტიურად მომუშავე მედიის მიმართ.

Vice Media და საუდის არაბეთი

2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც არაბერთის დე ფაქტო მმართველი პრინცი მოჰამედ ბინ სალიმანი გახდა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რამაც უცხოური ბიზნესი დააინტერესა.

თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ეს რეფორმები რეალურად, არაფერს ცვლიდა საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით, პირიქით, სიკვდილის დასჯის მაჩვენებელი გაორმაგდა, დააპატიმრეს აქტივისტ ქალთა ნაწილი და ა.შ.

სწორედ 2017 წელს გახსნა ვაისმა დუბაიში ოფისი ახალი მიმართულებისთვის, Vice - ახლო აღმოსავლეთი. თუმცა კომპანია მანამდეც მუშაობდა "საუდის არაბეთის კვლევებისა და მარკეტინგის ჯგუფთან" (SRMG), რომელიც ქვეყნის მთავრობასთან არის დაკავშირებული.

ვაისმა საუდის არაბეთთან თანამშრომლობა 2018 წელს შეწყვიტა, რადგან:

  • 2018 წლის 2 ოქტომბერს Washington Post-ის ჟურნალისტი და მწერალი, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
  • როგორც მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს.
  • CIA-ს შეფასებით, მკვლელობის უკან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იდგა.

სამი წლის შემდეგ კი, ბრიტანულმა გამოცემა გარდიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია კვლავ ეძებს ბიზნეს შესაძლებლობებს საუდის არაბეთში. გაირკვა ისიც, რომ Vice Media-მ 2020 წელს ფარულად ე.წ. Azimuth ფესტივალი საუდის არაბეთში, რომლის ორგანიზებაშიც 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ქვეყნის მთავრობამ დააფინანსა. 2021 წელს კომპანიამ საუდის არაბეთში პირველი ოფისიც გახსნა.

Vice-ს ყოფილი თანამშრომელი საიმონ ჩილდსი, რომელიც 2022 წელს Novara Media-ში გადავიდა, ამბობს, რომ კომპანია საუდის არაბეთის პროპაგანდის გამტარად გადაიქცა. მან აგვისტოში გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობს, როგორ ცდილობს მედია დაბლოკოს უარყოფითი კონტენტი და საუდის არაბეთის პოპულარობას შეუწყოს ხელი.

ის, რომ მედიაზე საუდის არაბეთის შესახებ უარყოფითი ამბები იბლოკება, დასტურდება სხვა წყაროებითაც:

  • ფრილანსელმა ჟურნალისტმა, ჯონ ლუბოკმა თქვა, რომ Vice-ის ახალი ამბების განყოფილებამ დაავალა დაეწერათ სტატია ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც საუდის არაბეთში იწყებდნენ კამპანიას ტრანსგენდერების უფლებებზე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ რეჟიმი ცდილობს შეავიწროოს და დაემუქროს საზღვარგარეთ მცხოვრებ მათ მოქალაქეებს. მასალა Vice-მა რამდენჯერმე გადადო, საბოლოოდ კი არ გამოაქვეყნა.
  • გარდა ამისა, ვაისმა გამოქვეყნებიდან მალევე წაშლა საგამოძიებო ფილმი მოჰამედ ბინ სალიმანის შესახებ.

საუბრობენ იმაზეც, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიზეზი საუდის არაბეთში მომუშავე Vice-ის თანამშრომლების უსაფრთხოებაა, თუმცა როგორც საიმონ ჩილდსი ამბობს, უნდა არსებობდეს გარანტიები თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის.

გამოწვევის წინაშე დგანან არა მხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ სხვა ფილიალებში მომუშავე ადამიანებიც. როგორც წყაროები Novara Media-ს ეუბნებიან, ლონდონის ოფისში მყოფ თანამშრომლებს აიძულებენ იმუშაონ პროექტებზე Jax-ის გუნდისთვის ელ-რიადში - შექმნან კონტენტი საუდის არაბეთისთვის.

წყაროების ცნობით, “Vice Jax-ის” პერსონალს აქვს დიდი მაგიდა ოფისი ღია სივრცეში და იგრძნობა დაძაბულობაც თანამშრომლებს შორის. ოფისის კედლიდან ჩამოხსნეს ფოტო - აქტივისტის დაპატიმრების ამსახველი კადრი, რომლის მაგივრადაც საუდის არაბეთის დროშა გააკრეს.



ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება:

  • მედიაკომპანიამ ხელი მოაწერა მოგებიანი პარტნიორობის ხელშეკრულებას MBC Group-თან, მედია კომპანიასთან, რომელსაც საუდის არაბეთის მთავრობა აკონტროლებს.
  • Vice-ის გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიების უმრავლესობა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარეობს.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ