ფეისბუქი პრიორიტეტული აღარ არის - 2024 წლის მედიაპროგნოზი
16.01.2024
9 იანვარს, "როიტერსის ინსტიტუტმა", "ოქსფორდის უნივერსიტეტთან" ერთად გამოაქვეყნა 2024 წლის მედიაპროგნოზი. კვლევის მიხედვით, ახალი ამბებისგან თავის არიდება მედიისთვის, კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე, 2024 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს, 40-ზე მეტ სახელმწიფოში არჩევნებია, მათ შორის, საქართველოშიც.

გასულ წლებში, გამოცემებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება, რედაქცია ვალდებულია, რომ მიუთითოს თუ მასალა AI-ს გენერირებულია.
  • 2024 წლის მედიაპროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის დეზინფორმაციის ან მანიპულაციური კონტენტის გასავრცელებლად გამოყენება ერთ-ერთი მთავარ გამოწვევაა;
  • 2026 წლისთვის კი ონლაინ გამოქვეყნებული მასალის 90% AI-ს გენერირებული იქნება. ამიტომ, ჟურნალისტებს სჭირდებათ ახალი უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერების მაღალი დონე, რათა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას.
კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა გამოცემის 300-ზე მეტი მედიამენეჯერი და ციფრული პლატფორმების ხელმძღვანელი, მიგნებები მოკლედ:

რომელი ციფრული პლატფორმებია პრიორიტეტული?

გამოკითხულთა 60%-ზე მეტი პრობლემად მიიჩნევს, რომ შემცირებულია "ფეისბუქიდან" და "X"-დან (ყოფილი ტვიტერი) გამოცემის ვებგვერდზე გადმოსულ მომხმარებელთა რაოდენობა. ამიტომ, მათთვის ეს ქსელები ნაკლებად პრიორიტეტულია.
  • 2024-ში ისინი უფრო მეტად ისეთი პლატფორმების გააქტიურებაზე იმუშავებენ, როგორიაა "WhatsApp" და გამოიყენებენ "ინსტაგრამი"-ს "არხი"-ს (Channel) ფუნქციას. ასევე, ამ წელსაც დიდ რესურსს ჩადებენ "ტიკტოკ"-სა და "იუთუბი"-ში.
  • ამის გათვალისწინებით, გამოცემები გეგმავენ, რომ უფრო მეტი ვიდეო კონტენტი შექმნან, ე.წ "ნიუსლეთერი" და პოდკასტები 2024-შიც აუდიტორიისთვის ამბის თხრობის სასურველი გზაა.
თავის მხრივ, პლატფორმებმა უკვე დაიწყეს და 2024-ს ბოლოსთვის ალბათ ყველა მათგანი გადავა ე.წ "გამოწერის მეთოდზე", რაც გულისხმობს თანხის გადახდის სანაცვლოდ პრემიუმ ფუნქციების გამოყენებას და გარკვეულ შემთხვევებში, მომხმარებელს ექნება უფლება, რომ "აუკრძალოს" პლატფორმებს მისი ინფორმაციის დამუშავება და მოპოვება.

რაც შეეხება ამბის თხრობის სხვა გზებს, რედაქციები მიიჩნევენ, რომ კომპლექსური საკითხების ახსნა, უფრო მეტად გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული და ადამიანური ამბები უფრო საინტერესოა აუდიტორიისთვის.

მედიამენეჯერები იმედოვნებენ, რომ 2024 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სპორტული ამბები გაზრდის აუდიტორიის ჩართულობას. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ არჩევნებმა გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია და კიდევ უფრო შეამციროს მედიის სანდოობა.

პროგნოზი მოკლედ:
  • 2023 წლის ბოლოსთვის, გამოცემების თითქმის 80%-მა უარი თქვა, რომ მათი მასალები AI-ს დასატრენინგებლად გამოიყენონ. ეს განაპირობა, "ნიუ-იორკ თაიმსის" საჩივარმა "OpenAI"-ს წინააღმდეგ - როგორც გამოცემაში აცხადებენ, ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად, OpenAI იყენებდა "ნიუ-იორკ თაიმს"-ის სტატიებს მათი ნებართვის გარეშე.
  • გამოცემებს სურთ, რომ მათი მასალების ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად გამოყენება ფასიანი გახდეს, თუმცა რედაქტორთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ საბოლოოდ ეს არ იქნება მომგებიანი გამოცემებისთვის.
  • გასულ წლებში, ბევრმა გამოცემამ გააცნობიერა კლიმატის საკითხების გაშუქება და მათი მნიშვნელობა, როგორც ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები იმედოვნებენ, 2024 წელს უფრო მეტი რედაქცია ისაუბრებს ამ თემებზე.
მრავალფეროვანი გაშუქების პერსპექტივები

2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებული კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან ერთად, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებისთვის ახალ გამოწვევად იქცა.
  • "50-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელი-ჰამასის ომში" - წაიკითხეთ ვრცლად.
ღაზას სექტორში ჟურნალისტებისთვის შეღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ამბის გამავრცელებლები ძირითადად ადგილობრივები გახდნენ. პალესტინელი პლესტია ალაჰადი "ტიკტოკ"-სა და "ინსტაგრამ"-ზე ავრცელებს ვიდეოებს, რაც დოკუმენტური კადრებია როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. "ამბის თხრობის ამ მეთოდმა, ახალი ამბავი უფრო პერსონალური გახადა და სწორედ ეს არის ის, რაც აკლია მეინსტრიმულ მედიას" - ვკითხულობთ "როიტერსის ინსტიტუტი"-ს ანგარიშში.

რამდენიმე რედაქციამ, გადაწყვიტა, რომ ვრცლად საკითხავი სტატიების (ე.წ "ლონგ რიდები") დასაწყისში მნიშვნელოვანი ფაქტები მოკლე პარაგრაფებად დაწერონ.

რა არის newsGPT-ს ხელოვნური ინტელექტი?

newsGPT არის ახალი ამბების პირველი სრულად AI-ის გენერირებული "საინფორმაციო გამოშვება", რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში "მაუწყებლობს". "newsGPT არის პირველი გამოშვება, რომელსაც ადამიანს არანაირი ზემოქმედება არ აქვს, newsGPT-ს არ აქვს პოლიტიკური შეხედულებები და განრიგი" - ამიტომ, საბოლოო მიზანი მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი და ზუსტი ამბების თხრობაა.

თუმცა, პროფესიულ წრეებში კვლავ განიხილება სრულად AI-ს მიერ მომზადებული მასალის ღირებულება და ეთიკური დილემა, ასევე საკამათოა ინტელექტუალური საკუთრებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამოწვევები.

2024 წლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების სავარაუდო გავლენა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე. გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი (58%) ფიქრობს, რომ საარჩევნო პერიოდში AI ხელსაწყოები გაზრდის სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებსა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

გამოწვევის საპასუხოდ, "ტექ-გიგანტები" ცდილობენ, რომ გამოწვევების საპირისპიროდ, გააძლიერონ ისეთი "თავდაცვის მექანიზმები", როგორიცაა პოლიტიკური პარტიებისთვის ხელოვნური ინტელექტის გენერირებული მასალის დეკლარირება, ფაქტ-ჩეკერებთან თანამშრომლობით დეზინფორმაციის აღმოფხვრა და სხვა. - წაიკითხეთ ვრცლად "გუგლის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტზე" და "რას ნიშნავს ევროკავშირის რეგულაციები სოციალური ქსელებისთვის?".

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ