ხუთი თვეა აჭარის ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მართავს. კონკურსი, რომელზეც მრჩეველთა საბჭოს დირექტორი უნდა
შეერჩია, სამჯერ ჩავარდა, მეოთხედ კი, განაცხადების მიღების
დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს
გადაწყვეტილებით შეჩერდა. მაუწყებლის თანამშრომლები შიშობენ, რომ
პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია, სარედაქციო დამოუკიდებლობის
დაკარგვაზე ალაპარაკდნენ ჟურნალისტებიც, ამ შიშებს იზიარებენ
მედიასფეროში მომუშავეებიც და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მაუწყებელს
დააზარალებს.
როდის დადგება კვლავ დღის წესრიგში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შერჩევის საკითხი, ჯერ უცნობია. ეს
იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო
სასამართლო. ამ უკანასკნელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდა
მიმართოს.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ნატა იმედაიშვილის განცხადებით,
სარჩელი მზადაა და სავარაუდოდ, ორშაბათს, 30 სექტემბერს მას
სასამართლოში შეიტანენ. მრჩეველთა საბჭო ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო
სასამართლოს 23 სექტემბრის განჩინებას კონკურსის შეჩერების შესახებ.
ბათუმის სასამართლომ ეს განჩნება მაუწყებლის კონკურსში მონაწილე
ერთ-ერთი პრეტენდენტის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე
გამოსცა.
ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, არის ის, რომ
ახალი დირექტორის არჩევა, რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს
სასამართლომ, უკვე ახალ მრჩეველთა საბჭოს მოუწევს. აჭარის მაუწყებლის
მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 26
სექტემბერს დასრულდა, თუმცა, ვის სურს ბორდის წევრობა, აჭარის
უმაღლესი საბჭო
სიას არ ასაჯაროებს.
საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, ნატა
იმედაიშვილი “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ თავად კონკურსში არ
მონაწილეობს და ახლო მომავალში აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობას
აღარ აპირებს. მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის
პოლიტიკური ჩარევის მცდელობებს, ჩაშლილ კონკურსებს და საზოგადოების
რეაქციას საბჭოს მისამართით.
რას გულისხმობს პოლიტიკურ ჩარევებში, ნატა იმედაიშვილი არ
აკონკრეტებს, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს მეოთხე კონკურსის წინ
სასამართლოს გამოჩენაზე და ასევე, კითხვებს უჩენს კონკურსებში
მონაწილე ზოგი კანდიდატი: „რა თქმა უნდა ეს იყო, მცდელობები იყო
ჩარევების, მაგრამ ზუსტად ვიცი რაც არ შეიძლება, არ შეიძლება რომ
პოლიტიკური გავლენებით იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამას ავარიდეთ
ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ისე ვქენით, რომ აგვერიდებინა ეს სიტუაცია
მაუწყებლისთვის, ამ საბჭომ, მე შეგნებულად გავაკეთე ეს და
შესაძლებელია ვიღაცებმა შეუგნებლად. რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით,
ერთი პროცენტი მაინც რომ ყოფილიყო იმის დაშვებულობა, რომ მე
გავაგრძელებდი საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობას, მე შევეცდებოდი
ამას, მაგრამ დღეს ისეთი სურათია, რომ საზოგადოება ვერ მიხვდა რა
ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ესეც ჩვენი ნაკლია, ჩვენ ამ ბოლო
დროს თითქმის არ ველაპარაკებოდით საზოგადოებას და აქედან გამომდინარე
მოხდა ის, რომ საზოგადოება გაბრაზებულია ჩვენზე, მრჩეველთა საბჭოს
თითოეული წევრის მიმართ აქვს აგრესია“.
ჩაშლილი კონკურსები
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დირექტორის
გარეშე მიმდინარე წლის 19 აპრილიდან დარჩა. მას შემდეგ, რაც ყოფილ
დირექტორს ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა და
იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.
მას შემდეგ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად კონკურსი ოთხჯერ
გამოცხადდა. სამ შემთხვევაში კონკურსი ჩაიშალა იმის გამო, რომ
დირექტორობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ
დააგროვა, მეოთხე შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურსი
სასამართლომ შეაჩერა.
ვინ მონაწილეობდა მეოთხე კონკურსში უცნობია, რადგან სასამართლომ
განჩინება ზუსტად განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე
გამოსცა. წინა სამ კონკურსში ჯამში 15-მა ადამიანმა მიიღო
მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ბედი კონკურსში
სამივეჯერ სცადეს. ასეთი 4 კანდიდატი იყო, 6-მა ორ კონკურსში მიიღო
მონაწილეობა, 5-მა კი მხოლოდ ერთხელ.
საინტერესოა, რომ გიორგი კოხერიძემ, რომელმაც მესამე კონკურსის
შედეგები გაასაჩივრა და ბორდისგან მის დირექტორად აღიარებას ითხოვს,
პირველ ორ კონკურსში ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, მესამეში კი პროცესში
მონაწილე სამი წევრიდან მას ორის ხმა ჰქონდა.
მრჩეველთა საბჭოს
პასუხისმგებლობა
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს, რომელიც ამავე დროს აჭარის მაუწყებლის
კონსულტანტია, სხვა ბევრ დეტალთან ერთად ეჭვებს მრჩეველთა საბჭოს
ამგვარი არათანმიმდევრულობა უჩენს: „თუ დააკვირდებით საბჭოს
დამოკიდებულება როგორი იყო, ვის დაუჭირა მხარი, რაც კარგად ჩანს
შედეგებში და ეს შედეგები ყველაზე კარგად აჩვენებს არა იმას, რომ
კონკურსი არ იყო კონკურენტუნარიანი ან ადამიანები ეჭვის თვალით და
სკეფსისით უყურებდნენ ამ პროცესს, არამედ თვითონ საბჭო არ იყო
დარწმუნებული იმაში, რას აკეთებდა“.
კითხვაზე, რატომ ჩავარდა კონკურსი სამჯერ, იყვნენ თუ არა ამ 15
კანდიდატს შორის, ისეთი განმცხადებლები, რომელზეც საბჭოს არჩევანის
შეჩერება შეეძლო, ნატა იმედაიშვილი გვპასუხობს, რომ შესაფერისი
კადრები ამ კონკურსებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ, თუმცა
სამწუხაროდ, საბჭოს წევრებს შორის კონსესუსი არ შედგა.
„რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ორი აძლევდა ხმას და შეიძლებოდა
მესამე ხმა ჩვენს სასარგებლოდ წამოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები იყო მიგვეღწია შეთანხმებისთვის,
გარე პირებთან კომპრომისზე ვერ წავიდოდით, შიგნით სამ წევრთან იყო
მოლაპარაკება, თუმცა, ყოველთვის ირეოდა. მე ვამბობდი, რომ თუ იქნება
თქვენს კანდიდატზე ორი ხმა, მე წამოვალ თქვენ მხარეს, მაგრამ ასეთი
შედეგი არ დადგა“, - ამბობს ნატა იმედაიშვილი და საბჭოს წევრების
პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, - „ძალიან მინდოდა, რომ
აგვერჩია დირექტორი, აგვეღო ეს პასუხისმგებლობა. მე ყოველთვის
ვამბობდი და ვამბობ დღეს, რომ ამ პასუხისმგებლობით უნდა მოგვეკიდა ამ
კონკურსისთვის ხელი. მე დღეს მგონია, რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო
საკუთარ თავზე მრჩეველთა საბჭომ. თუმცა, გარკვეულწილად
გადაწყვეტილება, რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივი
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მოხდა, ეს იყო თითოეული ჩვენგანის
პასუხისმგებლობა“.
რა გამოწვევების წინაშე დგას
მაუწყებელი
„შორს ვარ შეთქმულების
თეორიებისგან, მაგრამ ამდენი დამთხვევის და შემთხვევითობის არ მჯერა.
ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს
ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ
საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს”, - ეს
სიტყვები მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია
ზოიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის
გავრცელებიდან მალევე სოციალურ ქსელში დაწერა. ნათია ზოიძე მაუწყებლის
დირექტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ პირველ მცდელობაზე მონაწილეობდა
და ერთი ხმა მიიღო. მისი სტატუსით კი გაირკვა, რომ მონაწილეობას
ამჯერადაც აპირებდა.
ამდენი შემთხვევითობის არც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მედიის
პროგრამის მენეჯერს ხატია ჯინჯიხაძეს სჯერა. მისი აზრით, ძალიან
ცხადია, რომ მთელი ეს პროცესები, დაწყებული ნათია კაპანაძის სრულიად
დაუსაბუთებელი იმპიჩმენტიდან, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის
დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა: “ცხადია, რომ
ხელისუფლება ჰყავს თავისი რჩეული კანდიდატი, კონკურსების გზით ვერ
შეძლო და ვერ გაიყვანა, იმიტომ რომ ბორდში არიან ადამიანები, რომლებიც
ამას ხელს არ აწერენ და ახლა ცდილობს სასამართლოს გზით გააკეთოს ეს -
ამოეწუროს ვადა ამ ბორდს, დაელოდონ ახალი საბჭოს არჩევას, რომელშიც
იქნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები და მარტივად აირჩევენ
სასურველ კანდიდატს”.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე
საშიშ პროცესებსა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის
საფრთხეებზე უკვე მაუწყებლის ჟურნალისტებიც ალაპარაკადნენ.
„ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს მაუწყებლის დაკარგვის დიდი საფრთხე და
საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა დაიცვას საზოგადოებრივი
მაუწყებელი, როგორც ინსტიტუტი და არა ერთი ადამიანი, რომელიც
გადაწყვეტს, რა იქნება მაუწყებელში, ან თვალები გავახილოთ, დავინახოთ,
რომ ვკარგავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე ვერ
მიკარნახებს, რა გავაკეთო, მაგრამ აქ რომ დავრჩეთ, ჩვენ მხარდაჭერა
გვჭირდება გარედან”, - ამბობს
რადიო “თავისუფლებასთან” აჭარის
ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი.
საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე კი ამავე
გამოცემასთან საუბარში იმ სიგნალებსა და მესიჯებს იხსენებს, რაც ბოლო
პერიოდში მაუწყებლის მისამართით საჯარო პირებისგან ისმოდა და ამბობს,
რომ “მოვლენათა ასეთი განვითრება არ არის უბრალოდ დამთხვევა”.
ამ შიშებს იზიარებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.
ქარტიის საბჭო
განცხადებაში, რომელიც სასამართლოს
გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელა, საზოგადოებრივი მაუწყებლის
განსაკუთრებულ როლსა და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის
მნიშვნელობაზე საუბრობს და უთითებს, რომ ამ მიუკერძოებლობის
შენარჩუნება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა როგორც მრჩეველთა
საბჭოსთვის, ისე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პირდაპირ, თუ ირიბად
ზეგავლენა აქვს პროცესზე.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით
მოეკიდოს ყველა ქმედებას და გაიაზროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საბოლოოდ კი
აუდიტორიას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მთელი ეს პროცესები, ის
გაურკვევლობა, რაც ტელევიზიის ირგვლივ არსებობს აპრილის შემდეგ,
პირველ რიგში მაუწყებლის დამაზიანებლად მიაჩნია ზვიად ქორიძესაც. მისი
თქმით, მაუწყებელს აქვს სერიოზული წარმატებები, რაც არაერთ
საერთაშორისო ანგარიშშია აღიარებული, გაიზარდა მისი აუდიტორიის
რაოდენობა, მოქმედი ხელმძღვანელის პირობებში ტელევიზია ამ პროგრესს კი
ინარჩუნებს, მაგრამ, ის, რომ ტელევიზიას არ ჰყავს არჩეული დირექტორი,
მის განვითარებას მაინც აფერხებს.
ზვიად ქორიძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის განვითარების, სანდოობისა
და აღმავლობის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი წელი შეფერხდა: „რა
შეიძლებოდა გაკეთებინა დირექტორს და რა უშლის ხელს მოვალეობის
შემსრულებელს? აქ შეიძლება ვარაუდები დაუშვა, რომ როდესაც ხარ
სტაბილურად არჩეული დირექტორად და იცი ამ დირექტორობის პერიოდში რას
აკეთებ, რას გეგმავ და იცი რის შემდეგ რა იქნება, იქ უფრო თავისუფლად
მოქმედებ. რა თქმა უნდა, მეტად შეზღუდულია დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, როდესაც თუნდაც ტაქტიკურ, არა სტრატეგიულ
გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომაც, დღეს რომ ნათია ზოიძეს ჰქონდეს
მანდატი, რომ ის არის დირექტორი, ის უფრო თამამი იქნებოდა თავის
გადაწყვეტილებებში, რა ტიპის პროგრამები და როგორ შემოიტანოს
ბაზარზე“.
ზვიად ქორიძეს ეთანხმება
“ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი და
ამბობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს დაგეგმილ, გრძელვადიან პროცესთან,
რომლის მიზანი მაუწყებლის პროგრესის შეჩერებაა: „პროგრესი რომ
ხდებოდა, ეს არის შეფასებული არაერთ საერთაშორისო ანგარიშში, ძალიან
ბევრი ავტორიტეტული ანგარიში, აბსოლუტურად დამოუკიდებელი აქტორების
მხრიდან იდებოდა და ჩვენ გვიხაროდა ეს პროგრესი. ბევრი რამ იყო კიდევ
გამოსასწორებელი, ესეც ეწერა იმ ანგარიშებში, მაგრამ ვხედავდით
ფეხდაფეხ ამ მაუწყებლის გაჯანსაღებას და ეს იყო მაგალითი და რჩება
ჯერჯერობით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ არის პოლიტიკური ნება,
შეიძლება გამოვიდეს“.
მაგრამ პოლიტიკური ნება რომ შეწყდა, ეს ნათია კუპრაშვილის თქმით,
მთავარი პრობლემაა და ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის
იმპიჩმენტში: „მოაწყეს საჩვენებელი დასჯა, რომ ისეთი დირექტორობა,
როგორსაც ნათია კაპანაძე ახორციელებდა, არ შეიძლებოდა”.
რა არის გამოსავალი
მიუხედავად მთელი ამ პროცესებისა, ზვიად ქორიძის აზრით, საზოგადოებამ
არ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის
გადასარჩენად: “საჭიროდ და აუცილებლად მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა,
რომლებსაც სწორად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ღირებულებითი
თვალსაზრისით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში
ნორმალური პლურალისტული გარემოს შექმნისთვის კარგი საზოგადოებრივი
მაუწყებელი, აუცილებლად მიიღონ კონკურსებში მონაწილეობა”.
ტელევიზიის გადარჩენაში საზოგადოების როლზე საუბრობს ნათია
კუპრაშვილიც: “ოპტიმიზმი და გამოსავალი არსებობს მხოლოდ სამოქალაქო
საზოგადოების სიძლიერეში. მგონია, რომ ამ ქვეყანაში ეს საზოგადოება
მაინც ძლიერია და ცდილობს წინააღმდეგობას. იმედი მაქვს, რომ ძლიერი
ადამიანები, ვისაც ედარდება თავისი ქვეყანა და რეგიონი, მიიღებენ
კონკურსებში მონაწილეობას და მერე უკვე სამოქალაქო საზოგადოება იქნება
ძლიერი მათ მხარდაჭერაში, რომ ვერავინ გაბედოს მორჩილი და
კონფორმიზმისკენ მიდრეკილი დირექტორების დანიშვნა”.
საზოგადოების მხარდაჭერის გარდა,
მაუწყებელში მომუშავე ჟურნალისტების როლზე ამახვილებს ყურადღებას
ხატია ჯინჯიხაძე.
“ვიცით, რომ ხელისუფლებებს აქვთ ასეთი მცდელობები, მაგრამ ჩვენ უნდა
ვიფიქროთ იმაზე, რამდენის უფლებას მივცემთ ჩვენ, როგორც საზოგადოება”,
- ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს
ძალიან ცოტა ადამიანმა გაბედა მისი დაცვა და შემდგომ მათ ძალიან
ინანაეს ეს ამბავი, დღეს კი დუმილის დრო არ არის, - “აჭარის
მაუწყებლის ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ ხმამაღლა ლაპარაკი იმაზე, რა
ხდება მაუწყებელში, საჭიროა საუბარი და თან საუბარი არა ქარაგმებით,
არამედ პირდაპირ. ვიცით ფაქტები და ჟუნალისტებმა და კიდევ უფრო მეტი
იციან. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება
და საზოგადოებამ დაიცვას ის, რაც ეკუთვნის მას. ნათია კაპანაძის
იმპიჩმენტის შემთხვევაში ეს ვერ მოხდა, მაგრამ არხის დამოუკიდებლობა
შენარჩუნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლა უნდა მოხდეს ამ
დამოუკიდებლობის დაცვა. ვერ ვხედავ ამას, როგორც გამოუვალ
მდგომარეობას, პირიქით, მგონია რომ საუკეთესო გამოსავალი ახლა არის და
ხშირად გვინახავს, როგორ დაუხევია ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის
სიმტკიცის გამო”.