ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ
კენედის, მკვლელობის ამსახველი კადრები ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული და დეტალურად შესწავლილი ვიზუალური მასალაა.
1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში პროფესიით
ტანსაცმლის მწარმოებელი აბრაამ ზაპრუდერი მოყვარული ფოტოგრაფის
ამპლუაში Bell & Howell-ის კამერით პრეზიდენტის გამოჩენას ელოდა.
ადგილზე უამრავი პროფესიონალი ფოტოგრაფი მუშაობდა, თუმცა მხოლოდ
ზაპრუდერმა შეძლო კენედის მკვლელობის ისეთი კადრების გადაღება,
რომლებშიც პრეზიდენტის მკვლელობა დეტალურად ჩანდა.
ჟურნალ LIFE-ის ყოფილი რეპორტიორი რიჩარდ სტოლი TIME-თან ინტერვიუში იმ დღეს იხსენებს,
როდესაც აბრაამ ზაპრუდერს შეხვდა.
"1963 წლის 22 ნოემბერს ოფისში ვიყავი. ახალი ცნობები მოდიოდა,
ტელეფონებზე ზარები გაუჩერებლად რეკავდა. როდესაც პირველად
დავუკავშირდი ზაპრუდერს წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო, ვიცოდი მხოლოდ
ის, რომ მას ჰქონდა 8 მილიმეტრიანი კამერა და Dealey Plaza-სთან
იმყოფებოდა. ავიღე ტელეფონების წიგნი, თითით ჩამოვყევი ზ-ასოზე
კონტაქტებს და მისი ნომერი თვალში მომხვდა. დავიწყე რეკვა ყოველ 15
წუთში. 23:00 საათზე ზაპრუდერმა დაღლილი ხმით მიპასუხა. ვიცოდი, რომ
მას სხვა რეპორტიორებიც დაუკავშირდნენ. მან ისინი თავის ოფისში 9:00
საათზე დაიბარა, მე 8:00-ზე მივედი. ზაპრუდერმა მითხრა, რომ მასთან
მყოფი საიდუმლო სამსახურის ორი აგენტისთვის ვიდეო უნდა ეჩვენებინა და
მეც შემეძლო მენახა. ასე რომ, ჩვენ სამნი პატარა თეთრ ოთახში შევედით,
მან პროექტორი ჩართო და გვკითხა"მზად ხართ?"... ვიდეოში საპრეზიდენტო
ესკორტის ნაცნობი კადრი გამოჩნდა, შემდეგ პრეზიდენტის ლიმუზინი.
როდესაც მანქანამ გამოიარა ჩანდა, როგორ ჰქონდა პრეზიდენტს ორივე
მუშტი ნიკაპს ქვემოთ წაღებული. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მას პირველი
ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, შემდეგ მოულოდნელად ჩვენ ვნახეთ ის კადრი,
რომელიც ახლა 313-ე კადრითაა ცნობილი - როდესაც პრეზიდენტს მეორე
ტყვია თავში ხვდება. ეს ვიდეო ცხოვრების განმავლობაში, ალბათ, 100-ჯერ
მაინც მაქვს ნანახი. ამ კადრების გავლენა არასდროს შესუსტებულა. ჩემი
ჟურნალისტიკაში ყოფნის დროს ყველაზე დრამატული, რაც მინახავს სწორედ
ეს მომენტი იყო. როცა ვიდეო ვნახე, ვიფიქრე, რომ ჟურნალ Life-ს
აუცილებლად ენდომებოდა ეს მასალა", - ჰყვება სტოლი.
რიჩარდ სტოლიმ ზაპრუდერს მასალაში $50,000 აშშ დოლარი შესთავაზა,
ფოტოგრაფი დასთანხმდა. მხარეებს შორის კონტრაქტი დაიდო და სტოლიმ
ზაპრუდერის ოფისიდან ის მასალა წამოიღო, რომელიც მოგვიანებით ამერიკის
ისტორიაში ყველაზე ცნობილ კადრებად იქცა.
ჟურნალ Life-ის გამოცემაში ზაპრუდერის მიერ გადაღებული 486 კადრიდან
31 კადრი ფოტოკოლაჟის სახით შავ-თეთრად დაბეჭდეს, რადგან ფერადი
ფოტოების გაკეთება გვიანდებოდა. რედაქციამ კენედების მგლოვიარე ოჯახის
პატივისცემის ნიშნად ამ გამოცემაში 313-ე კადრი არ გამოაქვეყნა.
თავდაპირველი $50,000 აშშ-დოლარიანი შეთანხმების დადებიდან ორი დღის
შემდეგ $100,000 აშშ დოლარის დამატებით Life-მა მთლიან მასალაზე
მოიპოვა უფლება.
1976 წელს Life-მა მასალაზე უფლება ზაპრუდერის ოჯახს $1 მილიონი აშშ
დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნა.
1999 წელს კი ზაპრუდერის ვიდეო $16 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.
აბრაამ ზაპრუდერის მიერ ფირზე გადაღებული 26.5-წამიანი მასალა
დღესდღეობითაც არ კარგავს აქტუალობას და ამერიკის შეერთებული შტატების
35-ე პრეზიდენტის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენს.