'შეიძლება ითქვას, რომ ამ კადრებით საინფორმაციო ომი მოვიგეთ' - აგვისტოს ომის ერთი ფოტოს ისტორია
08.08.2019
2008 წლის აგვისტოს ომთან რამდენიმე მძიმე კადრი ასოცირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფოტო, რომელიც საქართველოს 11 წლის წინანდელ ტრაგედიას ასახავს - დაბომბილ გორში დაჭრილი ქალია, რომელიც დახმარებას ითხოვს.

ფოტოს ავტორი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძეა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში Associated Press-ისთვის მუშაობდა. როგორც აბდალაძე მედიაჩეკერთან ჰყვება, ფოტო, რომელიც მოგვიანებით აგვისტოს ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, 9 აგვისტოს დილას გადაიღო.

"9-ში, გამთენიისას, [ფოტოგრაფები] თრიალეთის ტელევიზიასთან ვიყავით, ცხინვალის მიმართულებით დავიძარით და გზად დაბომბვაში მოვყევით. რუსული თვითმფრინავები შემოფრინდნენ ტერიტორიაზე, ერგნეთის მიმართულებით ჩამოყარეს ჭურვები, შემდეგ გორისკენ წავიდნენ, ჩვენც ქალაქის ცენტრში გადავინაცვლეთ, იქაც დაბომბეს. კორპუსებთან მივედით, სადაც ეს სურათები დაგვხვდა, უმძიმესი კადრები იყო - ქალი ძალიან დასახიჩრებული იყო და შველას ითხოვდა, ირგვლივ ბევრი გარდაცვლილი იყო“, - იხსენებს ფოტოგრაფი.

როგორც გიორგი აბდალაძე ჰყვება, ფოტოს გადაღების პროცესში მთლიანად იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ არსებული სიტუაცია აესახა და მასალა სწრაფად გადაეგზავნა. ფოტო გადაღებისთანავე Associated Press-ს გადაუგზავნა, ამის შემდეგ გავრცელდა გორში დაჭრილი ქალის კადრი საერთაშორისო მედიაში.

ფოტოზე გამოსახული ქალი ზოია მამედოვაა, ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრიდან მალევე მას მეზობლები დაეხმარნენ და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.


ფოტოგრაფი საკუთარი ქვეყნის ომში

 

alt
 

გიორგი აბდალაძისთვის წლების შემდეგ მის მიერვე გადაღებული ფოტოების ნახვა ძლიერ ემოციებს იწვევს, რადგან ისინი ცხელ წერტილში 11 წლის წინ მიმდინარე მოვლენებსა და მძიმე კადრებს აცოცხლებს.

"რთულია, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი უბედურება ხდება და შენ ცდილობ შეასრულო პროფესიული მოვალეობა. იმ დღეებში 5 ჟურნალისტი დაიღუპა. მძიმე პერიოდია, ახლა როდესაც ვუყურებ ამ ფოტოებს, ვიხსენებ იმ დროს, ძალიან რთულია და მძიმე ემოციებით ვივსები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, მსგავსი რამ აღარ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს აბდალაძე.

დაჭრილი ქალის ფოტო და საინფორმაციო ომი
 

alt

ფოტოგრაფის ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც გორში დაჭრილი ქალია გამოსახული რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკრაინის ომის ფოტოდ გაასაღა, მოგვიანებით კი რუსულმა სპეცსამსახურებმა მას ბრალი ფოტოს გაყალბებაში დასდეს.

"ეს ფოტოები რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოიყენეს, თითქოს მასზე ასახული ხალხი დონბასის მცხოვრებლები იყვნენ. 2008 წლის პერიოდში მე და დავით მძინარიშვილს, რომელმაც ძმები რაზმაძეების ფოტო გადაიღო, ბრალი დაგვდეს თითქოს ჩვენ მივიყვანეთ მსახიობები და კადრები დადგმული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ კადრებით საინფორმაციო ომი მოვიგეთ. ჩვენ ამ ფოტოებით გადავფარეთ 2008 წლის ოლიმპიადა და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ ის ტრაგედია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მსოფლიოს ყველა წამყვან საინფორმაციო გაზეთსა და სააგენტოებში ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოები, რომლებიც ასახავდა რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ", - აცხადებს გიორგი აბდალაძე.

აგვისტოს ომი გარდა ქართველი ფოტოგრაფებისა, უცხოელი ფოტორეპორტიორების ობიექტივშიც მოხვდა. 2008 წლის ომის დღეებში გადაღებული 12 ფოტო "მსოფლიო პრესის ფოტოს" ჯილდოს მფლობელი გახდა.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ