ქართველი ჟურნალისტის ფოტო ათწლეულის 100 განმსაზღვრელ ფოტოს შორის - ფოტოს ისტორია
26.12.2019
ქეთევან ქარდავას ფოტო ერთ-ერთია იმ 100 ფოტოს შორის, რომლებიც CNN-მა ბოლო ათწლეულის განმსაზღვრელ  (საუკეთესო) ფოტოებად დაასახელა.

ქართველი ჟურნალისტი 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტად მუშაობდა. ის ჟენევაში მიემგზავრებოდა, როდესაც ბრიუსელის აეროპორტში 22 მარტს მომხდარ ტერირისტულ თავდასხმას შეესწრო და გადაიღო ფოტო, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა და ისეთი გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა, როგორიც New York Times-ია.


alt
Ketevan Kardava/AFP/Getty Images

ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებულ ფოტოზე ტერაქტის შედეგად დაშავებული ორი ქალია გამოსახული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყვითელპიჯაკიანი ქალი ინდური ავიახაზების Jet Airways-ის ბორტგამცილებელი ნიდჰი ჩაპეკარია.


alt

ქართველი ჟურნალისტი რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Time-თან მიცემულ ინტერვიუში ფოტოს გადაღების მომენტებს იხსენებს. "ყველაფერი მტვერსა და კვამლში იყო გახვეული. ჩემ ირგვლივ ათობით ადამიანი ფეხების გარეშე იყო დარჩენილი და სისხლში იწვა",- ჟურნალისტის თქმით, მისი პირველი ინსტიქტი ფეხებზე დახედვა იყო - " არ მჯეროდა, რომ ფეხები ისევ მქონდა. შოკში იყავი. მინდოდა უსაფრთხო ადგილას გავქცეულიყავი, მაგრამ ფოტოების გადაღებაც მსურდა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მთავარი მოვალეობა ამ ფოტოების გადაღება და მსოფლიოთვის მომხდარის ჩვენება იყო. ვიცოდი, რომ ამ ადგილას ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი",- აღნიშნავს ქარდავა.

ქეთევან ქარდავამ დაახლოებით ერთ წუთში 12 ფოტო გადაიღო. მათ შორის პირველი სწორედ დაშავებული ბორტგამცილებლის - მოგვიანებით უკვე ამ ტერაქტის სიმბოლოდ ქცეული ფოტო იყო.

ტერაქტიდან ერთი წლის შემდეგ ჟურნალისტი და ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი ნიდჰი ჩაპეკარი ერთმანეთს შეხვდნენ.


alt
ქეთევან ქარდავა და ნიდჰი ჩაპეკარი 2017 წ. 19 მარტი Getty Images

ქეთევან ქარდავამ მასთან შეხვედრისას შეიტყო, რომ ბორტგამცილებელმა თავისი ფოტო პირველად ჰოსპიტალში ყოფნისას ნახა. ჩაპეკარის ქმარმა სწორედ ამ ფოტოს საშუალებით გაიგო, რო მისი ცოლი ცოცხალი იყო.



alt
ნიდჰი ჩაპეკარი საავადმყოფოში 2016 წ. CC:CNN


აღსანიშნავია ისიც, რომ ქარდავას მიერ ტერქატიდან რამდნიმე წამში საკუთარი სმარტფონით გადაღებულ ფოტოებში ცნობილი ბელგიელი კალათბურთელი სებასტიან ბელინიც მოხვდა.


alt
სებასტიან ბელინი 2016წ. Ketevan Kardava/Georgian Public Broadcaster/Associated Press


ჟურნალისტმა მოგვიანებით ის სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.





2016 წლის მარტში, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობობა ტერირისტულმა დაჯგუფება ISIS-მა აიღო.

CNN-ის მიერ ბოლო ათწლეულის გამორჩეული 100 ფოტოს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ