პარლამენტმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს დეპუტატისთვის კითხვების დასმის გამო 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერა
04.06.2024

საქართველოს პარლამენტმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ნინო წილოსანისთვის პარლამენტის ეზოში კითხვების დასმის გამო 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერა. 

ბალანჩივაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისგან შესაბამისი წერილი ორშაბათს, 3 ივნისს მიიღო. მასში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად განმარტებულია, რომ "2024 წლის 29 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა". 

ჟურნალისტმა შესაბამისი ვიდეო, სადაც ნინო წილოსანი მას ეუბნება, რომ მისი დასანქცირებისთვის განაცხადს გააკეთებს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"აი, ნახავ, ვინ ვის დაასანქცირებს", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი.




პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ