კატეგორია: ეთიკა
ქალაქ რუსთავში მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვნის გადმოვარდნის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში “მთავარმა არხმა” გარდაცვლილის მშობლების გლოვის ამსახველი მძიმე კადრები აჩვენა.

მაუწყებელმა 19 ნოემბერს 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება რუსთავში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებით დაიწყო. არხმა მაყურებელს აუწყა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა, საავადმყოფოში მიყვანისას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჟურნალისტმა მაყურებელს მოუყვა, რომ ბავშვის გარდაცვალების ამბავი მშობლემა სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგეს.

სავარაუდოდ, მაუწყებლის კამერამ ზუსტად ის მომენტი გადაიღო, როდესაც მშობლებმა შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის და კორესპონდენტის პარალელურად, მაყურებელი ერთი წუთის განმავლობაში უყურებდა და უსმენდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრების გლოვას.

მაუწყებელმა არ გაითვალისწინა პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

გაუგებარია, რა საინფორმაციო ღირებულება აქვს მაყურებლისთვის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მშობლების ჩვენებას. ქარტიის მეათე პრინციპი პირდაპირ მიუთითებს, რომ “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.” ამავე პრინციპის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ტრაგედიის მომენტის გამოქვეყნება არაეთიკურია, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშიც კი.

გარდა ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
კატეგორია: ეთიკა
გარდაცვლილის გადმოსვენება, გლოვა, მგლოვიარე მამის დევნა მიკროფონებითა და კამერით, - ბოლო რამდენიმე დღეა ცენტრალური ტელევიზიების მაყურებელი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ამ მძიმე კადრების ფონზე ადევნებს თვალს.

22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეს მედია წინა დღეებშიც აქტიურად აშუქებდა და ცხადია, მომხდარი ფაქტის გახმაურების წუთიდან, მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მიუხედავად, არაერთი შემთხვევისა, როდესაც მსგავსი გაშუქება პროფესიულ წრეებში კრიტიკის საგნად იქცა, ტრაგედიის სენსაციურად გაშუქების, ამბის დრამატიზებისა და მაყურებლის ემოციების გამძაფრების ცდუნებას ტელევიზიებმა ამჯერადაც ვერ გაუძლეს.

22 და 23 ივლისს საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ გადმოასვენეს გარდაცვლილი საკუთარი მანქანიდან და მეორე დღეს როგორ მიასვენეს სახლში. მაყურებელმა ასევე პირდაპირ ეთერში იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მამის რეაქცია, როდესაც მან შვილის დაღუპვის შესახებ გაიგო და გარდაცვლილის სანახავად თეთრიწყაროში, ადგილზე ჩავიდა.

22 ივლისი - დღის საინფორმაციო გამოშვებები


22 ივლისს დღის საინფორმაციო გამოშვებები ტელეკომპანიებმა: “ტვ პირველი”, “ფორმულა”, “მთავარი არხი”, “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბის გაშუქებით დაიწყეს.

altმთელი დღის განმავლობაში ჩამოთვლილი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში ორი ადგილიდან მაუწყებლობდნენ - გარდაცვლილის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ და თეთრიწყაროდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

ზემოთჩამოთვლილი მაუწყებლებიდან ყველაზე ნაკლებად დრამატიზებული და ემოციური იყო ტელეკომპანია “იმედისა” და “პირველი არხის” გაშუქება. ეს ორი მაუწყებელი, ძირითადად, ჟურნალისტის ჩართვით და რესპონდენტების კომენტარების გაშუქებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ორივე მაუწყებლის ეთერში, მცირე დოზით მაინც მოხვდა ემოციური კადრები.

ტელეკომპანია “პირველის”, “ფორმულას”, “მთავარისა” და “რუსთავი 2-ის” მაყურებელი კი თითქმის მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თანმიმდევრულად ადევნებდა თვალს ტრაგედიის ადგილას განვითარებულ მოვლენებს.

altცხადია, ამბის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და მედიას თანმიმდევრულად და სწრაფად უნდა მიაწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია. თუმცა, გარდა ემოციური დატვირთვისა, გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულების იყო მაყურებლისთვის გარდაცვლილის გადმოსვენებისა კადრების ნახვა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრების შემზარავი გლოვის მოსმენა.

“კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ”, - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების გზამკვლევში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.

ტელეკოპანია “მთავარისა”, “პირველის”, “ფორმულას” და “რუსთავი 2-ის” მაყურებელმა დღის განმავლობაში არაერთხელ ნახა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი მამა, უყურა მიცვალებულის სხეულის მანქანიდან გადმოსვენებას და მოისმინა მეზობლების არასაჭირო კომენტარები, შეფასებები და ვარაუდები.

altპირდაპირი ჩართვების დროს, ჟურნალისტები ცდილობდნენ ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანისგან მოეპოვებინათ საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია. ცდილობდნენ გარდაცვლილის მეზობლებთან გაერკვიათ თუ რა შეიძლება გამხდარიყო 23 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, ჰქონდა თუ არა მას პრობლემები სამსახურში, კონფლიქტი ოჯახში, მიაჩნიათ თუ არა რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობდა, მათი აზრით, შეიძლებოდა თუ არა მისი გადარჩენა შესაბამის ორგანოებს დროულად რომ ემოქმედა, რას ფიქრობენ თვითმკვლელობის ვერსიაზე და ა.შ.

დღის ეთერისგან განსხვავებით, შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვებები შედარებით დაცლილი იყო სენსაციური და ემოციური გაშუქებისგან. თუმცა, სიუჟეტებში მაინც მოხვდა პრობლემური კადრები. მაგალითად, “რუსთავი 2-მა” სიუჟეტი გარდაცვლილი შვილის სანახავად მისული მამის ემოციური კადრებით დაიწყო და არაერთხელ აჩვენა მაყურებელს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა კი ამბის გაშუქებისას მიცვალებულის მანქანიდან გადმოსვენების კადრები დაუფარავად აჩვენა.

alt

აღსანიშნავია, რომ სხვა მაუწყებლებმა მოგვიანებით დაბლარეს მიცვალებულის გადმოსვენების კადრები, რომლებსაც მანამდე, დღის საინფორმაციო გამოშვებაში, პირდაპირ ეთერში დაუფარავად ხედავდა მაყურებელი.



22 ივლისის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები - თემის პრიორიტეტულობა

დღის საინფორმაციო გამოშვებების მსგავსად, ყველა მაუწყებლისთვის მომხდარი მთავარი ამბავი იყო 22 ივლისის შემაჯებელ, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც, გარდა ტელეკომპანია “იმედისა”.

altთამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავი “იმედმა” 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში, 55-ე წუთზე გააშუქა და 5 წუთამდე დრო დაუთმო.

“იმედის” მთავარი საინფორმაციო გადაცემის ბადეში ამბები შემდეგი თანმიმდევრობით მოხვდა:

  1. ეპიდვითარება საქართველოში
  2. როდის აღდგება საერთაშორისო რეგულარული ფრენები
  3. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 800 000-ს უახლოვდება
  4. ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე საუბარი არასდროს გამართულა
  5. 2020 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოცხადდა
  6. ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე მე-11 დღეა ტყვეობაში იმყოფება
  7. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა და სპექტაკლი პოლიციის იმიჯის გადასარჩენად
  8. შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე იმყოფება
  9. ხუთი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
  10. დედაქალაქს ახალი პარკირების წესები აქვს
  11. 21-23 აგვისტოს ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

დანარჩენმა მაუწყებლებმა საინფორმაციო გამოშვება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბით დაიწყეს და მთლიანობაში, ამბის გაშუქებას პრაიმტაიმის პერიოდში, დაახლოებით, 15-დან 25 წუთამდე დრო დაუთმეს.

23 ივლისი - გარდაცვლილის სახლში მისვენება

ემოციურად მძიმე, არასაჭირო კადრები ნახა მაყურებელმა 23 ივლისსაც. ამ დღეს ტელეკომპანიებმა “მთავარმა” და “ტვ პირველმა” გააშუქეს გარდაცვლილის სახლში მისვენება, ახლობლების ტირილი და გლოვა.

“მთავარმა” არხმა გარდაცვლილის სახლში გადასვენებისა და იქ მყოფების გლოვის ამსახველი მძიმე ემოციური კადრები ცალკე მასალად გამოაქვეყნა ფეისბუკის გვერდზე. ვიდეო ერთ დღეში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ნახა.


პირველი არხი - სხვების კრიტიკა იმ კადრების გამო, რაც თავადაც აჩვენა


23 ივლისს “პირველმა არხმა” მოამბის 21:00 საათიან გამოშვებაში ტრაგედიების არეთიკურ გაშუქებაზე მოამზადა სიუჟეტი, სახელწოდებით - “ფსიქოლოგიური ტერორი - ტრაგედიის გაშუქება ქართულად”. წამყვანმა სიუჟეტის წარდგენა შემდეგი ტექსტით დაიწყო:

“უმძიმესი ფაქტების გაშუქების ახალი ტენდენცია, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაამკვიდრა. მოვლენების ეთიკურად გაშუქების ყველა სახელმძღვანელოში შავით თეთრზე წერია, რომ მედია პირდაპირ ეთერში მუშაობისას უნდა ცდილობდეს, აქცენტი არ გააკეთოს შოკში მყოფი ადამიანების ტანჯვის ჩვენებაზე, თავიდან უნდა აიცილოს შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილთა ახლობლების ხელახლა ტრავმირება. თუმცა ბოლო პერიოდში ეს სტანდარტი არაერთხელ უხეშად დაირღვა…”

alt

წამყვანის აღნიშნული წარდგენის შემდეგ კი ეთერში ის კადრები გავიდა, რაზეც მაუწყებელი სხვა ტელევიზიებს აკრიტიკებდა. სიუჟეტში ჟურნალისტმა ქრონოლოგიურად აღწერა როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც მამამ შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და სწორედ ის მძიმე ემოციური კადრები გაუშვა ეთერში, რომელზეც თავად საუბრობდა:

“მამა შვილის გარდაცვალების ამბავს იგებს და რა ხდება ამ დროს - კაცი, რომელსაც ესესაა აცნობეს მისი ცხოვრების ალბათ ყველაზე ტრაგიკული ამბავი, წრეში ხვდება. წრეში, რომლის გარღვევაც არც ისე იოლია” - ამბობს ჟურნალისტი და პარალელურად გადის ფაქტის ამსახველი კადრები, სადაც, სხვა ტელევიზიებთან ერთად, მიკროფონით ხელში ჩანს პირველი არხის ჟურნალისტიც.



როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი შემთხვევები


მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი35/20) ვკითხულობთ, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა:

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა”.

კადრების სიფრთხილით შერჩევაზე საუბრობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

“მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება”, - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სიფრთხილეა საჭირო მაშინაც კი, თუ ტანჯვისა და მწუხარების ამსახველ საარქივო მასალას გამოვიყენებთ.

“მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს”, - ნთქვამია სახელმძღვანელოში.
კატეგორია: ეთიკა
"ექსკლუზიური კადრები ისანში მომხდარი მკვლელობიდან, "კურიერმა" მოიპოვა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა მისი მკვლელობა გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ მისი მისამართით სამჯერ გაისროლეს", - ამგვარი შესავლით, ისნის რაიონში პაკისტანის მოქალაქის მკვლელობის თემით გაიხსნა 7 თებერვლის 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი". წამყვანის შესავალს ფონად მომხდარის ამსახველი კადრები გასდევა. 

აღნიშნული მასალა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საიტზე ამ დრომდე [19:30 სთ, 7 თებერვალი] იძებნება . მასალა ცალკე აიტვირთა ტელეკომპანიის Facebook-ის გვერდზეც, მაგრამ მალევე წაშალეს. თუმცა, კადრები ასევე ამ დრომდე იძებნება სამსაათიანი საინფორმაციო გამოშვების ე.წ. „ფეისბუკ-ლაივზე“.  (ამ მასალების ბმულებს "მედიაჩეკერი" შეგნებულად არ გთავაზობთ, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ გავრცელებას). 

„რუსთავი 2-ზე“ დაყრდნობით, ვიდეო სააგენტო newposts-მაც გაავრცელა. მოგვიანებით კი, მასალიდან მკვლელობის ამსახველი ვიდეო წაშალა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული“.  (მუხლი 41)

„ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მათი ინფორმაციული ღირებულებისა და გასაშუქებელი მოვლენისადმი მათი მნიშვნელობის, აგრეთვე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით“, - ვკითხულობთ კოდექსში. (მუხლი 56)

ამავე კოდექსის მიხედვით, „შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული“ და შესაბამისად დასაბუთებული. „დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა“, - განმარტავს კოდექსი.

კრიმინალის გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ „ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას“.

„მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს, დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას. პირდაპირ ეთერში რესპონდენტის პირდაპირ მოწოდებას ძალადობისკენ მედია უნდა დაუპირისპირდეს და დაგმოს“, - ნათქვამია სახელმძღვანელოში.


კატეგორია: ეთიკა
“ხანძარის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს” - ამ აღწერით გამოაქვეყნა "ტელეკომპანია პირველმა" ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო, რომელიც ოჯახის მდგომარეობას აღწერდა და შემთხვევამდე 2 თვით ადრე იყო გადაღებული. ვიდეოს არ ერთვოდა განმარტება, რომ იყო საარქივო მასალა და არაზუსტი იყო ინფორმაცია დახმარების მოხსნის შესახებ. მომხდარიდან მალევე მასალის ამ ფორმით, განმარტების გარეშე გავრცელება მანიპულაციური იყო და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა. ამგვარი გაშუქება ქმნიდა ირიბ მინიშნებას, თითქოს ხანძარი სიდუხჭირემ გამოიწვია, რაც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. არაზუსტი და მანიპულაციური იყო დილის საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლის მიერ მაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში მიწვდილი ინფორმაციაც.

თემის TV პირველზე გაშუქების ქრონოლოგია 
 
შემთხვევა ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა. ხანძრს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა. ამბავი მედიისთვის იმავე ღამეს, დაახლოებით, 23:00 საათისთვის გახდა ცნობილი და 4 თებერვალს ყველა მედიასაშუალებისთვის დღის ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. “TV პირველმა” ტრაგედიის გაშუქება მომხდარიდან მალევე დაიწყო. თავდაპირველად, 23:50 საათზე, არხის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ხანძრის ამსახველი ვიდეო, რომელსაც თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.” (თავდაპირველად, ყველა მედიასაშუალებამ 5 გარდაცვლილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია აუდიტორიას, რადგან მეექვსე ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს. მედიასაშუალებების ნაწილმა, მასალები შესწორების სტანდარტის შესაბამისად ჩაასწორა, ნაწილის გვერდზე (მათ შორის “TV პირველის“) კი არაზუსტი ინფორმაცია კვლავ იძებნება.)

მოგვიანებით, დაახლოებით, 03:00 საათისთვის არხის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეო “TV პირველის” არქივიდან, სათაურით “ტრაგედია!” ვიდეო ასახავდა სოციალურად დაუცველი ოჯახის ცხოვრების კადრებს, რომელიც 21 ნოემბერს გადაცემა “რეაქციაში” გავიდა. გამოქვეყნებულ ვიდეოფრაგმენტში გაჭირვებაში მცხოვრები ქალი სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ საუბრობდა. მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს შეცდომაში შემყვანი შინაარსის ტექსტი ერთვოდა თან: “ხანძარის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს ”.

alt

მაუწყებელს თავისი აუდიტორიისთვის არ მიუწვდია ინფორმაცია, რომ ოჯახს სოციალური დახმარება გარკვეული მიზეზით (ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერის არქონის გამო), დროებით ჰქონდა შეჩერებული, არ განუმარტავს, რომ დეკემბერში ოჯახს კვლავ აღუდგა დახმარება და განაცდური თანხა ერთიანად ჩაერიცხა.

ფეისბუქგვერდზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ბაღდათში მომხდარი ტრაგედია იგივე აქცენტით გაშუქდა 4 თებერვლის დღის პირველ ნახევარში მაუწყებლის ეთერში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში:

“TV პირველმა” 4 თებერვალს დილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება 20 წუთით ადრე, 08:40-ზე სპეციალური გამოშვებით დაიწყო. ბაღდათიდან ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის შემდეგ, წამყვანმა მაყურებელს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის არქივიდან ამოღებული ვიდეო წარუდგინა და განუმარტა, რომ “გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოუხსენეს, რომ მას, დროებით, ელექტროენერგია მეზობლისგან ჰქონდა შემოყვანილი”.

ერთი საათის შემდეგ, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი კვლავ რამდენიმე წუთით ადრე(09:50) სპეციალური გამოშვებით დაბრუნდა ეთერში და მაყურებელს “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება შესთავაზა პირდაპირ ეთერში, რომელიც ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის პიკეტირების გადადების შესახებ საუბრობდა. გიგი უგულავას განცხადების შემდეგ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და თემაზე მომუშავე ჟურნალისტმა კვლავ შეახსენეს მაყურებელს, რომ ოჯახს სოციალური დახმარება ჰქონდა მოხსნილი.

11:00 საათიან გამოშვებაშიც, წამყვანი და ჟურნალისტი კვლავ იგივე აქცენტს აკეთებდნენ - არქივიდან ამოღებულ ვიდეოს და ახლობლების ნათქვამს ეყრდნობოდნენ და ამბობდნენ, რომ ოჯახს დახმარება მოუხსნეს. თუმცა ამჯერად მერის კომენტარიც გავიდა ეთერში, რომელიც ამბობდა, რომ ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა.

“TV პირველის” მაყურებელმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის მედიასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, 12:00 საათიან გამოშვებაში გაიგო, რომ ოჯახს სოციალური დახმარება დროებით ჰქონდა შეწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული განცხადების მიუხედავად, 13:00 საათიან გამოშვებაშიც მაუწყებელმა აქცენტი კვლავ სოციალური დახმარების მოხსნაზე გააკეთა. საინფორმაციო გამოშვების ანონსში და აღწერაში კვლავ განმარტების გარეშე, ხაზგასმული იყო, რომ ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. გარდა ამისა, სამინისტროს განცხადების შემდეგ, მაუწყებელი სოციალურ სააგენტოში არკვევდა, მოუხსენეს თუ არა დახმარება ოჯახს.


alt


როდის გაიგო TV პირველის მაყურებელმა დაზუსტებული ინფორმაცია

“TV პირველის” მაყურებელი შესაბამის წყაროებთან დაზუსტებულ ინფორმაციას მხოლოდ 14:00 საათიდან იღებდა. 4 თებერვალს ამავე ამბავს მიეძღვნა გადაცემა “რეაქციაც”.

თუმცა მანამდე გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია კვლავ არ შეუსწორებია მაუწყებელს და ამ დრომდე იძებნება არხის ფეისბუკ გვერდზე. არც თავდაპირველად გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაშია ცვლილება შესული. აღსანიშნავია, რომ ვიდეო კვლავ იგივე ტექსტით ვრცელდება და ამ დროისთვის “TV პირველის” ფეისბუკგვერდზე აღნიშნულ ვიდეოს 393 000-ზე მეტი ნახვა და 5 400-მდე გაზიარება აქვს. ასევე, “TV პირველს” დღის განმავლობაში არცერთხელ არ აუღნიშნავს, რომ თავდაპირველად მაუწყებელმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

რატომ იყო პრობლემური ამგვარი გაშუქება

ბაღდათში მომხდარი ტრაგედია მედიის ფოკუსში ცხადია უნდა მომხვდარიყო და ასევე, ცხადია, რომ მედიას უნდა დაესვა ყველა კითხვა და დაეყენებინა ყველა შესაბამისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი.

თუმცა, მასალის ამ დროს და ამ ფორმით გავრცელება, მინიშნების გარეშე - რომ ის იყო არქივის, ასევე ის, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოხსნის შემდეგ ისევ აღუდგა, მანიპულაციური იყო და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა. ამგვარი გაშუქება ქმნიდა ირიბ მინიშნებას, თითქოს ხანძარი სიდუხჭირემ გამოიწვია, რაც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

TV პირველის ეს ვიდეო გახდა ინსპირაცია სხვა ონლაინ გამოცემებისთვისაც, რომლებმაც ასევე შეცდომაში შეიყვანეს აუდიტორია.

“TV პირველზე” დაყრდნობით, ხანძარის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: პალიტრავიდეო, ფორტუნა, ნიუპოსტი, პროგრესნიუსი, სარკე ნიუსი, რეზონანსი, newsreport.ge, cyc.ge, paqtebi.ge, hotnews და სხვა.

აღნიშნულ გვერდებზე სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია კვლავ დამატებითი განმარტებების გარეშე იძებნება და არ დრომდე არ არის შესწორებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემებმა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე დღის განმავლობაში სხვა მასალებიც მოამზადეს, თავდაპირველად გამოქვეყნებული მასალები მაინც პრობლემურია, რადგან თუ მკითხველი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ მასალებს ნახავს, არაზუსტ ინფორმაციას მიიღებს.
კატეგორია: ეთიკა

26 იანვარს სოფელ ქვიშხეთთან ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ავარიის შედეგად, 5 მგზავრიდან 4 საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. ავარიის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებების გვერდებზე და სოციალურ ქსელში. გამოცემები ცდილობდნენ, რომ განახლებადი ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებინათ აუდიტორიისთვის. ამ მცდელობაში კი, მედიასაშუალებებმა ვირუსულად გაავრცელეს დაუდასტურებელი ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, ავარიის ადგილზე გადაღებული მძიმე კადრები და არასაჭირო დეტალები გარდაცვლილების შესახებ.

თავდაპირველად, ქვიშხეთში მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაცია მედიაში დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა. მედიასაშუალებების ნაწილი წერდა, რომ ავარიის შედეგად 5 მგზავრი გარდაიცვალა და მათ შორის სამი ბავშვია. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა”, “ნიუპოსტმა”, “პალიტრავიდეომ”, “ალიამ”, “დიანიუსმა”, “მეტრონომმა”, “რეზონანსმა”, “გურიისმოამბემ”.

ზემოთჩამოთვლილი მედიასაშუალებების ნაწილმა, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ პირველად გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით ჩაასწორა ან საერთოდ წაშალა, ნაწილის ვებგვერდებზე კი ამ დრომდე იძებნება.

ავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, სოციალურ ქსელში და რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზე, გამოჩნდა შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები. გამოცემების ნაწილმა მომხმარებლების მიზიდვა სენსაციური სათაურებით სცადა და აუდიტორიას აცნობა, რომ ავარიის შემზარავ კადრებს სწორედ მათ საიტზე ნახავდნენ, ნაწილი კი მკითხველს აფრთხილებდა, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტო/ვიდეო მასალა შემზარავ, მძიმე კადრებს შეიცავდა. ტრაგედიის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალა ამ დრომდე იძებნება “რუსთავი2-ის”, “მთავარი არხის”, “დიანიუსის”, “geoinformer-ის” და “რეზონანსის” გვერდებზე.

განსაკუთრებით მძიმე იყო "რუსთავი 2-ის" მიერ ფეიხბუკზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა. 


გამოცემებმა არ გაითვალისწინეს ის საფრთხეები, რასაც მსგავსი კონტენტის გამოქვეყნება შეიცავს. გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო აუდიტორიისთვის გარდაცვლილების მძიმე კადრების ჩვენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, მედიამ უნდა იფიქროს იმ პოტენციური ტრავმაზე, რომელიც შესაძლოა მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს.

არაზუსტი ინფორმაციებისა და შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ, ავარიაში გარდაცვლილების შესახებ არასაჭირო დეტალების გასაჯაროების ახალი ტალღა დაიწყო. გამოცემები აქვეყნებდნენ გარდაცვლილი ბავშვების ფოტოებს, ოჯახის წევრების სახელებს და გვარებს, წერდნენ დაღუპული კაცის ასაკის, პროფესიის, სამუშაო ადგილის შესახებ, მის პიროვნულ თვისებებზე ალაპარაკებდნენ ოჯახის ახლობლებს და მსგავს არასაჭირო ინფორმაციას ვირუსულად ავრცელებდნენ.

გარდაცვლილების ფოტოები, მათი პირადი ცხოვრების შესახებ არასაჭირო დეტალები გამოაქვეყნდა “ამბები.ge-ს” “პრაიმტაიმის”, “ნიუპოსტის”, “ალიას”, “ახალი თაობის”, “ნიუპრესის”, ინფო9-ის”, “გურიანიუსის”, “დრონი.ge-ს” და სხვა გამოცემების გვერდებზე.
კატეგორია: ეთიკა
გარდაცვლილი არასრულწლოვნები, რომელთა მდინარიდან ამოყვანასა და გადარჩენას ცდილობენ მოქალაქეები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველთა ემოციური შეძახილები (“ხელოვნური სუნთქვა”, “გული, გული, ჩაბერე, ჰაერი ჩაბერე”, “გულზე დაამასაჟე”, “რამდენი ბავშვები არიან”) და ეს რეპლიკები სუბტიტრებად ვიდეოზე - ქვიშხეთში მომხდარი ავარიის ამსახველი მასალა ასე იძებნება “რუსთავი 2-ის” ფეისბუკის გვერდზე. იგივე ვიდეოკადრები, შედარებით მოკლე ხანგრძლივობის და მხოლოდ ბავშების დაფარული, ე.წ. დაბლარული სახეებით გავიდა მაუწყებლის 18:00 და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებშიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქვიშხეთთან 26 იანვარს მოხდა. ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრიდან 4 ემსხვერპლა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანი იყო.

ამ შემთხვეის შესახებ ვიდეომასალა ფეისბუკის გვერდზე “რუსთავი 2-მა” შემთხვევიდან მალევე გამოაქვეყნა.ვიდეოში ჩანს როგორ ამოჰყავთ გამვლელებს გარდაცვლილი ბავშვები მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან, როგორ უტარებენ ხელოვნურ სუნთქვას და უშედეგოდ ცდილობენ მათ გადარჩენას. კადრებში გარკვევით ჩანს გარდაცვლილი ბავშვების სახეები და ისმის შეშფოთებული თვითმხილველების ხმები. ეს შეძახილები ვიდეოს სუბტიტრებადაც ადევს.

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა,” - ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოშიც ხაზგასმულია, რომ მსგავსი შემთხვევების გაშქებისას მედიამ ვიზუალური მასალა ფრთხილად უნდა შეარჩიოს.

მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

რატომ იყო აუცილებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მძიმე კადრების ჩვენება, გაუგებარია. თავად ფაქტი - 4 ადამიანის გარდაცვალება ავტოსაგზაო შემთხვევისას, ისედაც ძალიან მძიმეა. ამ სიმძაფრის აღსაქმელად ჩვენება - როგორ ამოჰყავთ წყლიდან გარდაცვლილი ბავშვები და როგორ ცდილობენ მათ გადარჩენას, საჭირო აღარ იყო, მითუმეტეს, რომ ეს კადრები არანაირ დამატებით ინფორმაციულ ღირებულებას არ ატარებს და მხოლოდ ემოციური სიმძაფრის დატვირთვა აქვს.

ქარტიის გაიდლაინი ამგვარი კადრების გავრცელებისას გარდაცვლილების ახლობლების ტრამვირების საფრთხეებზეც საუბრობს.

“ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.
კატეგორია: ეთიკა
მგლოვიარე ჭირისუფლები, კუბოსთან მყოფი ახლობლების ემოციური კომენტარები და გარდაცვლილის ცხედრის კადრები - სწორედ ასე გააშუქა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმე, რომელსაც 2 იანვარს, თბილისში ე.წ. “დამპალოს სასაფლაოზე” შშ-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც იგი 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამბავი არხის ეთერში პირველად 6 იანვარს მოხვდა და ის მომდევნო სამი დღის განმავლობაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში თემაზე მომზადებულ მასალებში დიდი დოზით იყო ნაჩვენები ისეთი კადრები, რომლებიც მაყურებლის ემოციების გამძაფრებაზე იყო გათვლილი და თავად ამბავს დამატებით ინფორმაციულ ღირებულებას არ მატებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ჩანდა, ოჯახი მედიასთან ურთიერთობას არ გაურბოდა და არ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მათი კომენტარების ძირითადი ნაწილი, გარდაცვლილის კუბოს ფონზე იყო ჩაწერილი, რაც მსგავსი ქმედების მიზანმიმართულობაზე მიუთითებდა.

ოთახი, რომელშიც გარდაცვლილის კუბო იყო განთავსებული, ოჯახის წევრების გლოვა და ტირილი, ასევე ემოციური კომენტარი იმავე ოთახიდან მაყურებელს “ტელეკომპანია პირველმაც” აჩვენა. გარდაცვლილის კუბოს კადრები, მგლოვიარე ახლობლები იმავე ოთახში და გარდაცვლილის ფოტოები მცირე დოზით, თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერშიც მოხვდა. ასევე მცირე დოზით, კიბოს კადრები და მგლოვიარეთა ტირილის ხმების “ტელეკომპანია “ფორმულამაც” შემოგვთავაზა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განმარტავს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა:

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა”, - ვკითხულობთ კოდექსში.

ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში კი ნათქვამია, რომ დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება, მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილი არ არის.
კატეგორია: ბლოგი

მედიაში და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში არსებული პრობლემები, ექსტრემალურ სიტუაციებში ზედაპირზე ამოდის და მკაფიოდ ჩანს. ფემიციდი ის საკითხია, რომლის გაშუქებაც ჯერ ისევ ვერ ისწავლა მედიამ. ცხადია არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მათი ხმა იკარგება და არ ისმის.

სამწუხაროდ, მედიას ჯერ ისევ არ აქვს გაცნობიერებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხებს, სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ ვერ ხედავს და ჯეროვნად ვერ აფასებს საკუთარ როლს საზგადოებრივი აზრის, სოციალური ქცევის, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.

alt

  ფოტო: © RONALDO SCHEMIDT/AFP/Getty Images


დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხაშურში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, ჯერ ყუმბარა ესროლა, შემდეგ გაქცეულს გაეკიდა და თავი იარაღის კონდახით გაუჩეჩქვა. მიზეზი ბანალურია, ვერ დამორჩლებულ და ვერ მანიპულირებულ ქალზე შურისძიება.

რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ჟურნალისტი, რომელიც ამ ტრაგიკული ფაქტის გასაშუქებლად მიდის? პირველადი მშრალი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ (სად? რა გარემოებაში? რა იარაღით? რომელ საათზე და ა.შ. ) რა უნდა აინტერესებდეს და რა აინტერესებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვებების კორესპონდენტებს, ასევე ყვითელი პრესის ავტორებს?

ხაშურში მომხდარი ფემიციდის შემთხვევაში, ყველა საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტმა დაიწყო მეზობლებში, ნათესავებში სიარული და გარკვევა, რატომ მოკლა კაცმა ქალი. თითქოს არაფერი არალეგიტიმური აქ არ არის, რადგან ყველას უნდა იცოდეს მიზეზი. მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტები არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ, იმისათვის, რომ გასაგები გავხადოთ ეს მკვლელობა. რას ვიძიებთ? არის რამე რაც ამართლებს ამ მკვლელობას? დავუშვათ, რომ კაცმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან ერთად ლოგინში. ეს ალბათ ყველაზე უარესი ვერსიაა ხომ? თორემ საჭმელს არ უმზადებდა, პერანგს არ უუთოვებდა, ბევრს ტლიკინებდა, მოკლე კაბებს იცვამდა და ა.შ. „დანაშაულები“ ცნობისმოყვარე საზოგადოებისათვის არაფერია ფიზიკურ ღალატთან შედარებით. ვთქვათ კარგი გამომძიებლის ფუნქცია შევასრულეთ, მივაგენით მიზეზს და ვამხილეთ ქმრის მოღალატე ქალი, რას ვაკეთებთ შემდეგ, ან კი რას ვიღებთ შედეგად? ვაკმაყოფილებთ სეირის მაყურებელი საზოგადოების ინტერესს, თავად ვივიწყებთ ამ თემას, რადგან სხვა და ახალი თემები შემოდის ნიუსრუმში და ვტოვებთ მოკლულ და შეურაცხყოფილ მსხვერპლს, რომელიც ქმარმა ფიზიკურად მოკლა და ახლა ჩვენ, მედიამ მისი ცხედარი ამ სეირის მაყურებელ ხალხს მივუგდეთ საჯიჯგნად.



პატრიარქალურ კულტურაში სადაც ქალი აპრიორი დამნაშავეა და მოთვალთვალე საზოგადოება მისი სიკვდილის შემთხვევაშიც კი მიზეზებს მასში ეძებს, მედია სწორედ ამ აუდიტორიის დაკვეთას ასრულებს. ვერცერთი ტელევიზია ვერ გაექცა ამ კითხვებს და ყველამ ამცნო მაყურებელს, რომ „საქმეში მესამე პირი იკვეთება“.

altსინამდვილეში რა არის მედიის ფუნქცია და პასუხისმგებლობა, რა უნდა იყოს მისი მიზანი და რა კითხვებს უნდა სვამდეს? ხაშურის ინციდენტის შემთხვევაში ჟურნალისტი პირველ რიგში უნდა იკვლევდეს, რატომ და საიდან აღმოაჩნდა მკვლელს ყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი, მითუმეტეს, რომ პირი უკვე ნასამართლევია. რატომ ვერ მოახერხეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალის სიცოცხლის დაცვა, რამდენად ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და როდის უნდა დაიწყოს სახელმწიფომ განსხვავებული ზომების მიღება, მაშინ, როდესაც ნათლად ჩანს - შემაკავებელი ორდერი სინამდვილეში არ არის მკვლელობის შემაკავებელი. როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა და რა ხარვეზებია კანონმდებლობაში. სწორედ ამ კითხვებისა და სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ჟურნალისტი ყველა გავლენიან ინსტიტუციას, მათ შორის ეკლესიას, უნდა უსვამდეს კითხვებს, რას აკეთებენ ისინი ჩვენს მიზოგინურ საზოგადოებაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც საკუთარ ფუნქციას საზოგადოებრივი აზრის რეკონსტრუქციაში ხედავს და არა „ბოზობის“ ძიებაში.

დღევანდელი ქართული მედია, რომელიც ხაშურის უმოწყალო მკვლლობის საქმეს აშუქებდა, თავისდაუნებურად მკვლელობის მონაწილედ იქცა. ჩვენმა ჟურნალისტებმა არ დაუტოვეს მსხვერპლს იმის შანსიც კი, რომ საზოგადოებამ მის მიმართ თანაგრძნობა ისე გამოხატოს, რომ სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოს და მისი ცხოვრება არ გააკრიტიკოს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ სიუჟეტების მაყურებელი ქალები, რომელნიც თავად განიცდიან ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობას, კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან, დაეჭვდებიან და შეშინდებიან ვიდრე გაშორების, ძალადობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებენ. და რაც ყველაზე ცუდია, მათ არა მხოლოდ სიკვდილის შეეშინდებათ, არამედ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც მათ სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ დაინდობს. შეეშინდებათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, იბრძოლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვა მსხვერპლი ქალების უფლებებისთვის და მათი თავისუფლებისთვის, შეეშინდებათ სეირზე მონადირე ჟურნალისტების, რომელნიც მის პირად ცხოვრებაში დაიწყებენ ხელების ფათურს.

ამიტომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა, რომელიც ფსევდო მორალისტური საზოგადოების და მისი ცნობისმოყვარეობის მკვებავია და არა მეამბოხე, რომელიც სწორედ ამ მანკიერი ცნობიერების შეცვლისთვის იბრძვის, არის მავნებელი. ამ ტიპის მედია ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ მომავლისგან, სადაც საზოგადოება თანხმდება, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ოჯახურ ძალადობას ყველა ერთად ებრძვის.

P.S. ვიდრე ეს ტექსტი იწერებოდა, ბოლნისში კიდევ ერთი ქალი მოკვდა ქმრის ხელით.

 

 

კატეგორია: ეთიკა
11 ოქტომბერს ხაშურში 32 წლის მამაკაცმა 30 წლის ყოფილი მეუღლე იარაღის კონდახით სასიკვდილოდ სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ექიმებმა დაზარალებულის გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამბავი იმავე დღეს ყველა საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა და აქტუალურობა მომდევნო დღეებშიც შეინარჩუნა. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა, მედიამ ცდუნებას ვერც ახლა გაუძლო და ქალის მკვლელობის მოტივის ძიება საქმის არსის მცოდნე ისეთ “კომპეტენტურ” სუბიექტებთან დაიწყო, როგორებიც მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეზობლები არიან.

თავი განსაკუთრებით ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა გამოიჩინეს, მკვლელობის ადგილზე რამდენჯერმე ჩავიდნენ და მკვლელობის სავარაუდო მოტივის იმდენი ვერსია შემოგვთავაზეს, რამდენი მოხალისეც ნახეს.

მათ მიერ თემაზე მომზადებული მასალებიდან მოვისმინეთ ტექსტები, რომ ნათესავები ბრალდებულს წესიერ ადამიანად ახასიათებენ და რომ მათთვის, “ის რაც ხაშურში დატრიალდა” რთულად წარმოსადგენია. გავიგეთ ისიც, რომ ბრალდებულის მეზობლები და ახლობლები მომხდარში თავად მოკლულს ადანაშაულებენ და მკვლელობისკენ წამქეზებლად სწორედ მას ასახელებენ.

ერთ-ერთი ჩართვის დროს ჟურნალისტმა ისიც თქვა, რომ, თურმე, “სასტიკი მკვლელობის საქმე კიდევ უფრო საინტერესო” გახდა, რაც ბრალდებულის მამის მიერ მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო მიტოვად მესამე პირის, მოკლულის სავარაუდო მეგობარი მამაკაცის დასახელებაში გამოიხატა.

ბრალდებულის მამის პარალელურად, დის ვერსიაც მოვისმინეთ, რომელიც ასევე ძმის საქციელისთვის გამართლების მოძებნას ცდილობს და ამბობს, რომ მის ძმას გარდაცვლილმა მისივე მოკვლისკენ თავადვე უბიძგა. უფრო ზუსტად კი, მისმა საქციელმა, რომელიც რამდენიმე წლის დაშორებული ყოფილი ქმრისთვის მიუღებელი და უფრო მეტიც, ღირსების შემლახავი აღმოჩნდა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, მოკლულს უბრალოდ პირადი ცხოვრება ჰქონდა, რომელიც ყველა ლოგიკური მსჯელობით არც მისი ყოფილი მეუღლის, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის, თუ მეზობლის, მით უფრო, არც ჟურნალისტის თავისტკივილი და ინტერესის საგანი უნდა ყოფილიყო.

მედიის მხრიდან პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ამით არ დასრულდა. ჟურნალისტებმა არ დაიზარეს და ბრალდებულის ოჯახის წევრების “მძიმე ბრალდებები” უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გადაამოწმეს. მივიდნენ და პირდაპირ ჰკითხეს ჰყავდა თუ არა მოკლულს მეგობარი მამაკაცი ან თუ აკითხავდა ვინმე, თითოქოს ეს ჩადენილს ან რაიმე ფორმით ამართლებს ან ბრალდებულის სასჯელს და მდგომარეობას რამენაირად ამსუბუქებს. ამასთან, მედიის მხრიდან აღნიშნული “სასტიკი მკვლელობის საქმეში მესამე პირის გამოჩენად” შეიფუთა.

ოჯახის წევრების შემდეგ, მეზობლების ჯერიც დადგა. მედიის მიერ მოწოდებული მოწოდებულ კომენტარებში ისინი მკვლელობაში ბრალდებულის მისამართით არც საქებარ სიტყვებს იშურებენ და მის ნამოქმედარს “აფექტური” მდგომარეობით ამართლებენ. ერთ-ერთი მათგანი უფრო შორსაც წავიდა, ოჯახში ქალისა და კაცის როლები ზედმიწევნით გაგვიხსენა და თან გაგვაფრთხილა, რომ როდესაც “ქალი კაცის წინ ტლკინებს”, მერე იმ ქალს რაღაც აუცილებლად მოხვდება.

იმ ფონზე, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე რამდენიმე ათეული ქალი მოკლეს და კიდევ უფრო მეტს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მედიას მსგავსი თემების გაშუქებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება და წინდახუდულობა მართებს. მნიშვნელოვანია, რომ თემა ისეთი რაკურსით არ გაშუქდეს, რაც მომხდარ ძალადობას ან მკვლელობას რაიმე ფორმით გაამართლეს ან თუნდაც ახსნას მოუძებნის.

ასევე, დაუშვებელია ამბის იმგვარ დისკურსში გაშლა, რომელიც საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს. მსგავსი მსჯელობა არც არსებული პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს და ვერც მის პრევენციას ახდენს. პირიქით, ისედაც კარგად ფესვგამდგარ პატრიარქალურ საზოგადოებაში მსგავს ფაქტებს კიდევ უფრო ახალისებს და მოტივაციას ჰმატებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ “მედიამ არათუ ხელი უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას”. ამავე წესების მიხედვით, ჟურნალისტური მასალა არ უნდა აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებებს ქალისა და კაცის როლის შესახებ.

“სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესამაბისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.

მედიის მხრიდან სტერეოტიპების არგაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი თიკო ცომაიაც. მისი შეფასებით, მედიას ამბის პრეფესიონალურ დონეზე გაშუქების ვალდებულება აქვს, რაც უპირველეს ყოვლისა, “მონაცემებზე და ცოდნაზე დაფუძნებულ გაშუქებას, სენსაციის უკან გადადებას, ასევე მეზობლების და ახლობლების დაუდასტურებელი, ემოციური შეფასებების გამოყენებისგან თავის არიდებას” გულისხმობს.

იგი კონკრეტული ამბის კონტექსტის გააზრების ვალდებულებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ისეთი მგრძნობიარე თემის გაშუქებისას, როგორიც ფემიციდია, საკმარისი მხოლოდ ამბის თხრობა არ არის და კონტექსტის გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ტრავმის გაშუქება უნდა მოხდეს ისე, რომ არ ავნოს ადამიანებს. ასევე მოთხრობილი ამბავი საუკეთესო ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს, სადაც საკითხის სიღრმე, სხვადასხვა მიმართულება და პრობლემა იქნება გამოხატული”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

მედიის მიერ სტერეოტიპებისგან და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალებისგან დაცლილი შინაარსის გავრცელების მნიშვნელობაზე მიუთთებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძეც. იგი ამბობს, რომ “მედიამ უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია, რომელიც მან დაამუშავა და გადასცა საზოგადოებას, იყო აუცილებელი და არ იყო ზიანის მომტანი, რომელიმე მხარისთვის”.

მისი შეფასებით, ხაშურში მომხდარი ტრაგედია მედიამ, სტერეოტიპულად და პერსონალური დეტალების გამძღავნებით გააშუქა და რომელიმე მათგანის თავიდან არიდება არ უცდია, რაც “მედიასტანდარტებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად დაუშვებელია”.

“სტერეოტიპებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიამ სტერეოტიპების მავნე გავლენა უნდა აჩვენოს და არა უკრიტიკოდ გაატაროს იგი და საზოგადოებას ისე მიაწოდოს. რაც შეეხება პირად ინფორმაციას, აქ დისკუსიაც ზედმეტია, დაუშვებელია ამგვარი ინფორმაციის გავრცელება. ამ თვალსაზრისით მედიამ აჩვენ საკმაოდ დაბალი სტანდარტი და ეს, სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა.”, - ამბობს იგი.

ანა აბაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიას საკუთარი როლი კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული. უფრო კონკრეტულად კი, ის, რომ მას არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ მავნე ტრადიციებისა და სტერეოტიპების ნგრევა ევალება. “მისი საქმიანობა ნებსით თუ უნებლიეთ არ უნდა იყოს კონტრპორდუქტიული და არ უნდა უწყობდეს ხელს სტერეოტიპების კვლავ წარმოებას”, - განმარტავს იგი.
კატეგორია: ეთიკა
“მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?”, “ოთხი შემზარავი ტრაგედია ერთ კორპუსში - საბედისწერო მე-7 სართული”, სავარაუდოდ, აქაც “ლურჯი ვეშაპია” – მორიგი მსხვერპლი ისევ მოზარდია, - ამ და მსგავსი სათაურებით იძებნება მასალები სხვადასხვა გამოცემებში თბილისში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე და მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების შესახებ. გამოცემების ნაწილი მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს მეზობლების ვარაუდებზე დაყრდნობით, “ტვ პირველმა” და “მთავარმა” კი ერთ-ერთი შემთხვევაში ეთერში გარდაცვლილის გვამის კადრიც აჩვენა.

შემთხვევები თბილისში 22 და 23 სექტემბერს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მედიასაშუალებების ნაწილმა უბედური შემთხვევის, მკვლელობის და სუიციდის ვერსიები პირდაპირ ეთერში განიხილა, ნაწილმა მაყურებელს/მკითხველს მომხდართან დაკავშირებით მეზობლების ვარაუდები შესთავაზა, ნაწილმა გარდაცვლილი მოზარდი ე.წ. საშიში ონლაინთამაშის მორიგ მსხვერპლად გამოაცხადა, ნაწილმა კი, მეტი სენსაციურობისთვის, უბედურ შემთხვევებს შორის საკრარული კავშირების პოვნა სცადა.

ტელეკომპანია “მთავარმა” და “ტვ პირველმა” 23 სექტემბერს მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის ამბავი დღის მთავარ გამოშვებაში ახალ ამბად გააშუქეს. ორივე ტელევიზიამ მაყურებელს ნათესავების, თვითმხილვეველების თუ მეზობლების კომენტარები შესთავაზა და გარდაცვლილის გვამის და მგლოვიარე ახლობლების კადრები აჩვენა.

ტელეკომპანია “მთავარმა” თემა მეორე დღესაც განავრცო და 24 სექტემბრის მთავარ გამოშვებაში მომხდარს 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა შემდეგი სათაურით - “მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?”. 5 წუთის განმავლობაში მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. გაიგო, რომ მოზარდი შენობის სახურავზე, სავარაუდოდ, მარტო არ იმყოფებოდა და მოისმინა ფარულად ჩაწერილი ადამიანების კომენტარები, რომლებიც ტრაგიკულ სურათს დეტალებში აღწერდნენ და ბიჭის გადმოვარდნასთან დაკავშირებით, თავიანთ ვერსიებს გამოთქვამდნენ.

მაყურებელმა ვერ გაიგო მოზარდის გარდაცვალების რეალური მიზეზი და ვერც რელევანტური არგუმენტები მოისმინა თვითმკვლელობის ან მკვლელობის ვერსიის გასამყარებლად. სიუჟეტის ავტორს დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს.

აღნიშნული ამბავი უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით გაშუქდა ონლაინმედიაშიც. მაგალითად, მედიაცენტრმა “მთავარმა” მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი ე.წ. “ლურჯი ვეშაპის” მორიგ მსხვერპლად გამოაცხადა. უცნობია, რა არგუმენტზე დაყრდნობით დააკავშირა ავტორმა აღნიშნული შემთხვევა საშიშ ინტერნეტთამაშთან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში მსგავსი ტიპის თამაშების არსებობას.

ზემოთხსენებული შემთხვევის მსგავსად, გაუგებარი დარჩა, რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო საზოგადოებისთვის 22 სექტემბერს მეშვიდე სართულიდან 14 წლის მოზარდის გარდმოვარდნის ამბის გაშუქება. აღნიშნულ შემთხვევაშიც მედიასაშუალებების მთავარი წყარო მეზობლების ვარაუდები იყო.

მაგალითად, “პრაიმტაიმმა” 14 წლის მოზარდის სიკვდილი, ადგილობრივებზე დაყრდნობით, იმავე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ სხვა უბედურ შემთხვევებთან დააკავშირა და დაწერა სტატია სათაურით “ოთხი შემზარავი ტრაგედია ერთ კორპუსში - საბედისწერო მე-7 სართული”. გაუგებარია, ამ სათაურით რაზე მიანიშნებდა ან რისი თქმა უნდოდა ავტორს.

“პრაიმტაიმის” სტატია, გადამოწმების გარეშე, მალევე გაავრცელეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა “რეზონანსი”, “თრიალეთი” , cyc.ge, pirvelinews.ge და მსგავსი საიტები.

სტატიაში ავტორი ოთხ სხვადასხვა უბედურ შემთხვევაზე ყვებოდა, რომელიც, თითქოს სხვადასხვა წელს იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე მოხდა. გარდა აღნიშნულ მოვლენებს შორის გაურკვეველი კავშირისა, “პრაიმტაიმის” მიერ გავრცელებული მასალა უზუსტობასაც შეიცავს, “მედიაჩეკერმა” ამ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ ორი უბედური შემთხვევა, რომელზეც “პრაიმტაიმი” წერს, არა “საბედისწერო მეშვიდე”, არამედ მეოთხე სართულზე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ სტატია სამი წლის წინ თავად “პრაიმტაიმს” აქვს დაწერილი.
კატეგორია: ეთიკა
საავადმყოფოებში პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები ყოველთვის ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ინტერესი მით უფრო დიდია, თუ გარდაცვალების მიზეზად სამედიცინო პერსონალის შეცდომა განიხილება. ასეთი ინტერესი ცხადია ბუნებრივია, თუმცა, ხშირად მედიის ნაწილი ვერ უძლებს ცდუნებას ამბის დრამატიზება მოახდინოს და პრობლემის ანალიზის ნაცვლად, მაყურებელის ემოციას მძიმე კადრებით ამძაფრებს.

ასეთი შემთხვევაა რუსთავში, ცხვირის ძგიდის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ამბის გაშუქებაც, - მასალებში პრობლემაზე მსჯელობა არა, მაგრამ უხვად ვნახეთ კუბოსთან მყოფი ჭირისუფლების ემოციური კომენტარები და რამდენიმე შემთხვევაში, თავად კუბოში მწოლიარე გოგოც, - სახე დაბლარული კადრით.

კადრებიდან ჩანდა, რომ ჭირისუფლების ჩასაწერად ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა, ერთად შევიდა. მასალა არ ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ რესპონდენტებს არ სურდათ მომხდარზე საუბარი და მედიას სხვა გზა არ ჰქონდა - სადაც დაელაპარაკნენ, იქ აიღო ინტერვიუ, პირიქით, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ გარდაცვლილის ახლობლები საუბარს არ გაურბიან და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ (იგულისხმება, სამედიცინო პერსონალისთვის ჩივილი და საქმის გამოძიება).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ ტრაგედიების გაშუქებისას მედიას ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

“რატომ იყო აუცილებელი ეჩვენებინათ ასეთი მძიმე, ტრაგიკული კადრები, რა ღირებულების მატარებელი იყო გაურკვეველი და გაუგებარია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჭირისუფლების გლოვის სცენები, რაც ძალიან მძიმეა თითოეული მაყურებლისთვის და, წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე იქნება მათი ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის. არსებობს რეკომენდაციები, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ქარტიის სახელმძღვანელო წესები, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი ამბები, რასაც, მედია, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა:

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა” [მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი35/20].

ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ რესპონდენტის თანხმობა ჟურნალისტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და უნდა დაფიქრდეს, ადამიანების ტანჯვის ჩვენება უფრო მეტი ზიანის მიმტანი ხომ არ შეიძლება რომ იყოს მათთვის.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესები, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ არის შემშავებული, უთითებს, რომ დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება, მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილი არ არის.

ნანა ბიგანიშვილის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა არანაირი დასაბუთება და საზოგადოებრივი ინტერესი, რომ კუბოში მწოლარე მიცვალებულის ფონზე ჩაეწერათ მედიებს ინტერვიუები. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის ჩვენებაა.

“რა ღირებულება აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჩვენებას და ჭირისუფლის დატირების სცენებს? - არანაირი. მედია უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ტრავმირებული დარჩეს საზოგადოება. ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავს სიტუაციაში მედიამ გააშუქოს პრობლემა - რატომ მოხდა ეს ამბავი. თუ სისტემურია პრობლემა, როგორ შეიძლება ეს სისტემა გამოსწორდეს, აჩვენოს პრობლემის მოგვარების გზები”, -გვეუბნება ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.
კატეგორია: ეთიკა
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა სტატისტიკის მიხედვით საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ამასთან ყოველწლიურად მზარდია ავტოავარიების მსხვერპლთა რაოდენობა. შესაბამისად, თითოეული ასეთი შემთხვევა მედიის აქტიურ ყურადღებას იქცევს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა სოფელ ნოსირთან - ორი ავტომობილს შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა ორი და სამი ადამიანი დაშავდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის "საინფორმაციო გამოშვება “კურიერში" მომხდარის გაშუქებისას ეთერში აჩვენეს კადრი, თუ როგორ გადააქვთ სამართალდამცავებს ერთ-ერთი გარდაცვლილის დანახშირებული გვამი. დამწვარი ადამიანის ფოტო დაურთო საკუთარ მასალას "პრაიმტაიმმა", თუმცა მოგვიანებით ფოტო შეცვალა. მისი იდენტური ტექსტი გაავრცელა mediamall.ge-მაც, თუმცა "პრაიმტაიმისგან" განსხვავებით მძიმე ფოტო არ შეუცვლია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, “მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება”.

“კურიერის” რეპორტაჟში, ისევე როგორც "პრაიმტაიმისა" და mediamall.ge-ს შემთხვევაში, არ იყო დასაბუთებული, თუ რა მიზანს ემსახურებოდა დანახშირებული გვამის ჩვენება. 

უბედური შემთხვევების გაშუქების დროს ჟურნალისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ევროპის ქვეყნების პრესის საბჭოები. მაგალითად, ნორვეგიაში ჟურნალისტების ქცევის კოდექსი აფრთხილებს მათ, რომ გაითვალისწინონ, თუ რა გავლენას იქონიებს უბედური შემთხვევისა და კრიმინალის კონკრეტული ფაქტის გაშუქება კონკრეტულ მსხვერპლსა და მის ახლობლებზე - “გამოიჩინეთ ყურადღება მწუხარებასა და შოკში მყოფი ადამიანების მიმართ,” - მიმართავენ ჟურნალისტებს. 

ბელგიაში ეთიკის კოდექსი ჟურნალისტებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ უბედური შემთხვევის მსხვერპლებთან ან მათ ოჯახებთან მუშაობის დროს.

გერმანიაში პრესის ეთიკის კოდექსის მიხედვით, მედიამ თავი უნდა აარიდოს ძალადობის, სისასტიკის და ტანჯვის სენსაციურ გამოსახულებას: “პირველ გვერდებზე ძალადობისა და უბედური შემთხვევების გრაფიკული გამოსახულების განთავსების დროს პრესამ უნა გაითვალისწინოს ამის შესაძლო ზეგავლენა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე”.
კატეგორია: ეთიკა

26 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში 12 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით მამა, შემთხვევით, სასიკვდილოდ დაჭრა. გამოცემების ნაწილმა, ამბის გაშუქებისას დაასახელა გარდაცვლილის სახელი და გვარი, ასაკი, ფოტო და სხვა დეტალები, რითაც არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება მოხდა. ეთიკური ჟურნალისტიკის მიხედვით, დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება.

გამოცემებმა „ინტერპრესნიუსი“, „კვირის პალიტრა“, „დრონი.ჯი“, „პალიტრა ვიდეო“, „ნიუპოსტი“, „ინტერმედია“, „პრაიმტაიმი“, „ალია“, „რეზონანსი“ და გვერდებმა itv.ge, ambebi.ge, geoinformer.tk, vog.ge, news.coa.ge, timenews.ge მომხდარის გაშუქებისას, გაავრცელეს არასრულწლოვნის მიერ შემთხვევით მოკლული მამის ფოტო, დაასახელეს მისი სახელი, გვარი და სხვა არასაჭირო დეტალები, რამაც არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება გამოიწვია.

ჟურნალისტური ეთიკის მიერ მომზადებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება. ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში კი ნათქვამია, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც იგი არის ბრალდებული/მსჯავრდებული ან თუნდაც მოწმე. გარდა ამისა, სახელმძღვანელო მიუთითებს მედიებს, რომ გაითვალისწინონ „ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით“.

 

აქვე, იხილეთ:   

5 რეკომენდაცია მედიას მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის საკითხის გაშუქებისთვის [Video]

კატეგორია: ბლოგი

მედიას შეუძლია ტკივილი აჩვენოს.
მედიას შეუძლია ტკივილი შეამსუბუქოს.
მედიას შეუძლია გადაარჩინოს.
მედიას შეუძლია მოკლას.
მედიას შეუძლია დაიცვას.
მედიას შეუძლია ზურგი აქციოს.

არჩევანი - ჟურნალისტზეა და არა კონკრეტული ტელევიზიის მიკროფონზე და ლოგოზე.

და არჩევანი ყოველთვის არსებობს.

altsolution journalism” - ასე დაარქვეს ევროპელმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა ამ საუკუნის „მომავლის ჟურნალსიტიკას“. ჟურნალისტის ერთ-ერთი პროფესიული მოვალეობაა, აჩვენოს პრობლემა, რომელიც ეხება სხვას და/ან შესაძლოა შეგვეხოს ჩვენ. ახალი ამბების ყურებისას მაყურებელმა პრობლემასთან ერთად, ჟურნალისტის დახმარებით, უნდა დაინახოს გამოსავალი და შესაბამისი ქცევის მოდელი.

რა შეუძლია პროსოციალურ მედიას?

მედიას შეუძლია აირჩიოს გამოსავალი და აჩვენოს: ანტისოციალური ქცევები (აგრესია, ძალადობა, სტიგმატიზირება და სხვ.) ან პროსოციალური ქცევები (თანადგომა, ემპათია და გაზიარება, სოლიდარობა, ქველმოქმედება, მხარდაჭერა).

მაგალითად, ტრაგიკული მოვლენის, მკვლელობის, ძალადობის, სტიქიური უბედურების გაშუქების დროს მედიას შეუძლია აჩვენოს მოქალაქეების/მაყურებლის მხრიდან მსხვერპლის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, ქველმოქმედება, ემპათია და ტკივილის გაზიარება, სოლიდარობის აქცია...

როცა მაყურებელი ტრავმირებულია

2001 წლის 9/11-ის ტერორისტული აქტი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომელსაც ამერიკელები მუდმივად იხსენებენ. ამერიკული მედია, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ წელს აჩვენოს შემზარავი და შოკისმომგვრელი კადრები - აჩვენებს მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, გამოხატავს თანადგომას მათი ოჯახებისადმი, იხსენებს მათ ადამიანურ ისტორიებს, აჩვენებს უსაზღვრო ემპათიას და ტერაქტის რეკონსტრუირებულ ადგილს ისეთს, როგორიც ის არის ახლა. კარგია, რომ იქ მედიას თავში არ მოუვიდა 9/11-ის საარქივო მასალის გამოყენებით რეალობის მოდელირება და მოსახლეობის რეტრავმატიზაცია, რომელსაც, შესაძლოა, პანიკური შიშიც გამოეწვია და რეალობასა და მოდელირებას შორის საზღვარიც წაეშალა.

როცა მსხვერპლი რესპონდენტია

საინფორმაციო გამოშვებებსა თუ ტოქ-შოუებში, მედია ცალსახად უნდა მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას. ფსიქოთერაპევტებიც კი ბეწვის ხიდზე გადიან, როცა ადამიანი ტრავმაზე საუბარს იწყებს და მოვლენებს იხსენებს... ასეთ დროს, პროცესის „ეკოლოგიურად“ (ფსიქოლოგიურად დაცული გარემოს შექმნით და უსაფრთხო მიდგომით) წარმართვისთვის ხშირად წლების მანძილზე მიღებული გამოცდილებაც არ კმარა, ფსიქოთერაპევტებისთვისაც კი, რადგან იმპროვიზაციები შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო და/ან ახალი ტკივილის მომტანი.

ტრაგიკული მოვლენების რეკონსტრუირებისას, არის დიდი ალბათობა, რომ მსხვერპლის გონებაში თანმიმდევრულად გაცოცხლდება ტრავმული ეპიზოდები და პირველადი შეგრძნებები. ასეთი სახის ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს (დიდი სიფრთხილით) ფსიქოთერაპიული სეანსის ან ჰიპნოზის დროს. თითოეული სიტყვა შეიძლება იყოს აგრესიის ან სიმშვიდის გამოწვევის ტრიგერი.

თუ ტრავმული ეპიზოდის გახსენება მედიით ხდება, სჯობს ინტერვიუ რესპონდენტისთვის იყოს იმ რეალურ სამყაროსთან შემაკავშირებელი ხიდი, საიდანაც მისთვის მოდის თანადგომა და უსაფრთხოება. სჯობს ჟურნალისტების კითხვები (პერიოდულად მაინც) მისთვის ასოცირდებოდნენ არა მხოლოდ წარსულთან, არამედ აწმყოსთან და მუდმივად ახსენებენ მას, სად იმყოფება, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს.

 

» ამავე თემაზე: კვირის ტრავმული აქცენტები

 

მაგალითად, ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის დახმარებით უმჯობესია რესპონდენტმა გაიხსენოს ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არ იყო ტრავმა, ხოლო ინტერვიუს ადგილად აირჩეს ის ადგილი, რომელიც ნაკლებად ტრავმულია მისთვის. თუ ეს ადგილი სატელევიზიო სტუდიაა, რესპონდენტმა სტუდიაში ან ჩაწერაზე, პირველ რიგში, თავი უნდა იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.

დაუშვებელია შოკური ტრავმის მსხვერპლის ბულინგი და/ან კუთხეში მიმწყვდევა. ამ დროს შესაძლოა, ტრავმის გამოღვიძებით და ფსიქოლოგიური საშიშროების დანახვით რესპონდენტი: ან გაიქცეს, ან აგრესია აჩვენოს, ან გაშეშდეს/გაიყინოს. და თუ სტრესული სიტუაცია არ დასრულდა ბრძოლით ან გაქცევით, ამან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ფიზიკურ მდგომარეობაზე (ფსიქოთერაპევტებმა იციან, რომ ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ჰიპერტონიით ან დიაბეტით დაავადებულთათვის).

საბოლოოდ, ფსიქოთერაპევტსაც და მედიასაც უნდა სურდეს და რაც მთავარია, უნდა იცოდეს და შეეძლოს, მსხვერპლისთვის ტკივილის შემსუბუქება და არა მხოლოდ მისი ტკივილის ჩვენება, ზედაპირზე ამოტანა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია მისი მუდმივად რეალობაში დაბრუნება, რეალობის შეხსენება და არა წარსულით რეტრავმატიზაცია. ასეთ დროს, მთავარი ადამიანის, მსხვერპლის ემოციური თანადგომაა და არა მისი კათარზისის მცდელობა.

რა შეუძლია მაყურებელს?

თურმე, მაყურებელს შეუძლია მსხვერპლს ტკივილი შეუმსუბუქოს.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო 2015 წლის 13 ივნისი, როცა სტიქიამ 19 უდანაშაულო ადამიანი მოკლა, 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მედიაში მხოლოდ პრობლემის და ტრაგედიის ჩვენება როდი მოხდა. მაყურებლის, მოხალისეების ჩართულობა და აქტიურობა გასცდა ე.წ. clicktivism-ს .

მოქალაქეები სოციალური ქსელებით (გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებით, მობილიზებით, ქველმოქმედებით) და მის მიღმა, რეალურად ჩაერთნენ პრობლემის მოგვარების პროცესში, დაინახეს მისაბაძი ადამიანები (ძირითადად ახალგაზრდები) და მათი საქციელის მედიაში დემონსტრირებით გამოიკვეთა სოლიდარობის, ემპათიის და თანაგრძნობის, ქველმოქმედების, რეალური დახმარების ფრეიმები. ასეთი დიდი ტკივილის დროს მაყურებელიც ხედავს სცენარს, რომ „თურმე რაღაცის გაკეთება ასეთ საშინელ დროსაც შეუძლია“ და „თურმე შეგვიძლია შევამსუბუქოთ სხვების და ჩვენი ტკივილი“.

ნებსით თუ უნებლიეთ, მაყურებელი, რომელიც ტრავმული სცენარის ნაწილი ხდება, მსხვერპლთან ერთად პოულობს გამოსავალს, ეძებს სხვის და უკვე საკუთარ უსაფრთხოებას, პოულობს გადარჩენის სცენარებს და რაც მთავარია - მოქმედებს. და ეს კარგია.

რას ვთხოვთ ჟურნალისტს?

პროფესია მოითხოვს, რომ ჟურნალისტი მეტაპოზიციიდან დააკვირდეს მოვლენებს, რაც რთულია. იგი არ უნდა აღმოჩნდეს მხარე „კარპმანის დრამის სამკუთხედში“, სადაც „გმირი შეიძლება მსხვერპლი გახდეს, მსხვერპლი – მოძალადე, მოძალადე - გმირი“ და ასე დაუსრულებლად.

ინტერვიუს მოსაპოვებლად ზოგჯერ ჟურნალისტებიც თითქოს იძულებულები არიან იყვნენ აგრესიულები, მაგრამ არა ჭირისუფალთან, არა ტრავმირებულ მოზარდთან, არა შვილმკვდარ მშობელთან... როცა მსხვერპლის ტკივილს ვუყურებთ, ან როცა ვხედავთ, რომ მისი დასჯა და ტრავმირება ისევ გრძელდება, ან როცა მის მიმართ ბულინგი წახალისებულია, მინდა გვახსოვდეს, რომ მსხვერპლი ჩვენგან სხვა რამეს ელის. ჟურნალისტი მისთვის შესაძლოა გახდეს საყრდენი, რომელიც მაყურებელთან ერთად, თანადგომის ხიდის გავლით, დააკონტაქტებს რეალობასთან და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს ჭირისუფალს გაუსაძლის ტკივილს და იქნებ დაეხმაროს კიდეც რესურსების აღდგენაში.

და მაშინ, კითხვები, პასუხები და ლოგოიანი მიკროფონიც კი შეიძლება გახდეს ემპათიური.

 

alt
კატეგორია: ბლოგი

alt

 

კვირა კრძალვის და ცახცახის დღეა.

იმიტომ, რომ "რუსთავი 2-ზე" გადაცემა „კვირის აქცენტები“ გადის. იმიტომ, რომ ორშაბათ დილას რედაქტორისთვის და მკითხველთა ნაწილისათვის გამზადებული უნდა მქონდეს არგუმენტები, თუ რატომ ვერ დავწერ ამ გადაცემის კრიტიკას (გადაცემის, სადაც ძირითადად მხოლოდ გინების კონფიგურაციები იცვლება, დანარჩენი მეორდება); თუ რატომ მგონია, რომ ამ გადაცემას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, მედია პროდუქტთან, რომელიც შეიძლება გააკრიტიკო; თუ რატომ მგონია, რომ „კვირის აქცენტები“ საერთოდ გასულია მედია სისტემიდან, არ აქვს ჟურნალისტური მიზნები და წარმოადგენს უბრალო პლატფორმას, რომ მთავრობაზე (სავსებით სამართლიანად) გაბრაზებული ტელევიზიის დირექტორმა დრო და დრო გული მოიოხროს; თუ რატომ შეიძლება არ გინდოდეს აბსურდულ დისკუსიაში შესვლა, უნდა გააკრიტიკო თუ არა "რუსთავი 2", მაშინ როდესაც ის ოპოზიციური ტელევიზიაა, ხოლო მის საპირწონედ ტელებაზარზე ტელეკომპანია "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, მედიის პოლარიზაციაზე გაუთავებელი საუბარი კი წყლის ნაყვას ემსგავსება თანდათან.

altამ გადაცემის მაგალითი ადასტურებს, რომ ყველაფერი, რაც ტელე-ეთერში გადის, მედია პროდუქტი არ არის. რაღაც სხვაა, რომელსაც პირადად მე სახელს ვერ ვუფიქრებ და რომელსაც გადაცემის ავტორებმა ედიტორიალი დაარქვეს, რითაც თავი გაითავისუფლეს პასუხისმგებლობებისგან. იმისათვის, რომ ეს გადაცემა გააკრიტიკო, შენც უნდა გახვიდე მედია სისტემიდან და სულ სხვა გადმოსახედიდან წერო მათზე, რასაც ჩემს საქმედ არ მივიჩნევ.

ფეხბურთის და პოლიტიკის არ იყოს, ჟურნალისტიკაც ის სფეროა, რომელიც ყველას ჰგონია რომ იცის. არადა, ჟურნალისტიკა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზებსა და ელექტრონული კომუნიკაციების რესურსებზე წვდომა არ არის. ის, რაც ჟურნალისტიკას ჟურნალისტიკად აქცევს ეთიკაა. ეთიკის გარეშე მედია მხოლოდ ხმაურია. საზოგადოებრივი სიკეთისაგან დაცლილი ლაყაფია, რომლითაც ყველას შეუძლია რომ დაკავდეს, ვისაც კი ხელი მიუწვდება ზემოთ ნახსენებ ბაზებსა და რესურსებზე.

თუმცა, მეორე მხრივ, არც ეთიკაა ზუსტი მეცნიერება. მით უმეტეს მედია ეთიკა. ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიული სფეროს აღწერისას, სიტყვა „სტერილურობა“ ალბათ ბოლოა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არ არის საკრალური სივრცე და შეცდომაც ყველას მოსდის. მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც მაყურებლებს, ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ტელეეკრანებიდან წამყვანების ნაცვლად დიქტორები ელაპარაკებოდნენ, სადაც დამოუკიდებელი მედიის ინსტიტუციური მეხსიერება, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და ზოგიერთი ტელეწამყვანის ლექსიკონში ეთიკური სიტყვების მარაგზე კიდევ უფრო მოკლეა.

მაგრამ, იმისთვის რომ რომელიმე მედია პროდუქტის პროფესიულ ეთიკურობაზე ისაუბრო, აღნიშნული პროდუქტი, ალბათ, ჯერ ამ პროფესიის საზღვრებში უნდა თავსდებოდეს. „კვირის აქცენტების“ შემთხვევაში კი, ეს ასე არ არის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 9 ივნისს გასული გადაცემით. არავითარი განსაკუთრებული პროფესიული ინტუიცია არ სჭირდება მიხვედრას, რომ ინტერვიუს შვილმოკლულ მამასთან, რომელმაც გლოვის ნაცვლად, სახელმწიფოს უსამართლობასთან ბრძოლას შეალია რამდენიმე ათეული თვე, განსაკუთრებული მზაობა სჭირდება. მით უმეტეს, თუკი ეს იმ არხზე ხდება, რომელმაც ობიექტურად ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდის მკვლელობა, მთავრობის დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებრივი რადარებიდან არ გამქრალიყო.

არავითარი გამართლება არ აქვს იმას, რომ უზარმაზარი ტრავმის შემდეგ, ადამიანი დასვა სტუდიაში და რაც არ უნდა კეთილი განზრახვა გქონდეს, გაუმართო პოლიტიკური პოლემიკა, ესაუბრო უკმაყოფილო ტონით იმაზე თუ რა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, რატომ მისცა ინტერვიუ "იმედს" და არა "რუსთავი 2-ს", უმეორო, რომ „რაღაც აქვს სათქმელი“ ზვიად კუპრავასთან დაკავშირებით, როცა მას აშკარად არ უნდა საუბარი. ხოლო როდესაც ტრავმირებული ადამიანი ემოციურობის პიკშია და პირდაპირ ეთერში აგრესიული ხდება, შეეცადო დაამშვიდო, მაგრამ თან გაუგრძელო პოლემიკა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ეთერიდან სარეკლამო ჭრაზე გახვიდე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში რეკლამაზე გასვლა დაგეგმილი არ ყოფილა) და შეეცადო, რომ ადამიანის რე-ტრავმირებას არ შეუწყო ხელი და ეს ყველაფერი ეკრანზე არ აჩვენო. სამწუხაროა, რომ პირდაპირ ეთერში იმის ხილვა გახდა საჭირო, რაც ვიხილეთ, რათა გადაცემის წამყვანები მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ „მგონი ყველამ თავი უნდა დავანებოთ ამ ადამიანს.“

ტრავმა არ არის მოვლენა, რომელიც ერთ დღესაც უბრალოდ მთავრდება. ტრავმული სტრესი არ ქრება სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ან პროკურატურის მიერ საქმის მსვლელობის შეცვლასთან ერთად. თითქმის ყველა სახელმძღვანელო, რომელიც ტრავმის გაშუქებაზე დაწერილა, ცალსახად უსვამს ხაზს, რომ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი დანაკლისი გადაიტანეს ოჯახის წევრის დაკარგვით (რომ აღარაფერი ვთქვათ წლობით ვერ მიღწეულ სამართლიანობაზე), შესაძლოა წლების შემდეგაც კი განსაკუთრებით ემოციურად იყვნენ განწყობილები ამბების გახსენებისას. მათი რე-ტრავმირების საფრთხე იმაზე რეალურია, ვიდრე ხშირად ჟურნალისტებს წარმოუდგენიათ. ზაზა სარალიძეს მედიისაგან არ სჭირდება ენის მოჩლექით საუბარი, მას არ სჭირდება შებრალება. ერთადერთი რაც მას ჩვენგან შეიძლება სჭირდებოდეს მისი ამბის ობიექტური, სენსიტიური და ეთიკური გაშუქებაა.

თუმცა რთულია, ამ გადაცემის და ამ კონკრეტული გამოშვების მაგალითზე ჟურნალისტურ ეთიკასა და სტანდარტებზე ისაუბრო. იმიტომ, რომ ამ გადაცემას არ აქვს მედია ლოგიკა. იმიტომ რომ ამ გადაცემას არ აქვს განზრახვა, რომ მაყურებლამდე მივიდეს ინფორმაცია. ამ გადაცემის დღის წესრიგი ხმაურია. ხმაური რომელსაც შეიძლება სარგებელი მოჰქონდეს პოლიტიკური ძალ(ებ)ისთვის (მათ შორის იმათთვისაც, ვისაც ებრძვის), მაგრამ არა მაყურებლისთვის ან რესპონდენტისთვის. ეს გადაცემა უბრალოდ სცდება მედია კრიტიკის პრეროგატივას.

კატეგორია: ეთიკა
16 მაისს ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაშავდნენ. მომხდარი ახალ ამბად გაავრცელა ონლაინ გამოცემების ნაწილმა და ტექსტს დაურთო სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც ახლო ხედით ჩანდნენ დაშავებული ადამიანები.

სკოლის დამტავრებისას, “ბოლო ზარის” დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება და ცხადია, მედია ამ თემით უნდა დაინტერესდეს, თუმცა, იმ ფოტოებს, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტატიებს დაურთეს, არანაირი დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს, აუდიტორიისა და რა თქმა უნდა, დაშავებულის ახლობლებისთვის კი მძიმე სანახავია.

ასეთი ფოტოები არაერთ საიტზე იძებნება, მათ შორის: newposts.ge, dianews.ge, resonancedaily.com, news.coa.ge, paqtebi.ge, progressnews.ge (რომელთაც “მედიაჩეკერი” შეგნებულად არ უთითებს ბმულებს).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟაღვნებას შორის მედიამ უნდა მოახერხოს ბალანსის დაცვა.

  • დაშავებულთა, ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის სრულად გადმოსაცემად
  • მედიამ უნდა იფიქროს იმაზეც, რეტრავმირებას გამოიწვევს თუ არა შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ გარდაცვლილთა ახლობლების და გადარჩენილთა რეტრავმირება.
კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში კი ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. ასევე, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.
კატეგორია: ეთიკა
3 მაისს, თბილისში, მეტროსადგურ სარაჯიშვილში ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამბავი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. სიუჟეტში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ფოტო აჩვენეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა ადამიანი იყო.

იგივე შეცდომა დაუშვა გაზეთ “ახალი თაობის” ონლაინ ვერსიამაც. ამბის გამოქვეყნების დროის მიხედვით თუ ვისჯელებთ, დიდი ალბათბით, გამოცემა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეწყრდნო, ამბავი არ გადაამოწმა და ტექსტს გარდაცვლილის არასწორი ფოტო დაურთო. გარდაცვლილის ფოტო არასწორად დაბეჭდეს გამოცემებმა - newposts.cc, resonancedaily.com და siaxleebi.club-მა.

სიუჟეტის გასვლიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც “რუსთავი 2-ის” მიერ გარდაცვლილად წარმოჩენილი ახალგაზრდა კაცი, ტელევიზორის გვერდით, ზუსტად იმ კადრის ფონზე დგას, სადაც მის გარდაცვალებაზეა საუბარი და ამბავს საილუსტრაციოდ მისივე ფოტო ახლავს. Prime Time-ის ინფორმაციით, ფოტო სოციალურ ქსელში თავად შეცდომით გარდაცვლილად გამოცხადებულმა ახალგაზრდამ გამოაქვეყნა წარწერით - “როდესაც ტელევიზიით იგებ, რომ მოკვდი”.

ამ დროისთვის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის-” ვებგვერდზე აღნიშნული სიუჟეტი აღარ იძებნება. ამბავი მხოლოდ ე.წ. “ნიუსის” ფორმატში, ვიდეოს გარეშე დევს.

რაც შეეხება სხვა გამოცემებს (newposts.cc, resonancedaily და siaxleebiclub), მათ ვებგვერდებზე ამბავი ძველი ფოტოებით კვლავ იძებნება. დამატებულია ახალი მასალები, გარდაცვლილი უკვე რეალური ფოტოებით. ამასთან, resonancedaily მხოლოდ “რუსთავი 2-ის” შეცდომაზე მიუთითებს და არაფერს ამბობს, წინა დღით, იმავე თემაზე მათ მიერვე გაპარულ ხარვეზზე. batumelebi.cc-ის გვერდიდან ძველი მასალა საერთოდ წაშლილია და საიტზე ამბის მხოლოდ განახლებული ვერსია იძებნება. ახალი თაობის ვებგვერდზე კი, ამბის მხოლოდ ძველი ვერსიაა განთავსებული.
კატეგორია: ეთიკა
24 მარტს ხაშურში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. ეს ამბავი, მედიის ნაწილისთვის, 24 და 25 მარტს, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გამოცემების ნაწილმა ამბავი ზედაპირულად, სენსაციურ ჭრილში გააშუქა, გამოაქვეყნა მსხვერპლისა და ბრალდებულის ფოტოები, გაასაჯაროვა მათი ვინაობები და ნაცნობ-მეგობრებზე დაყრდნობით მოყვა დეტალებს ცოლ-ქმრის ურთიერთობიდან. გარდა ამისა, რამდენიმე საიტმა ჩადენილის სავარაუდო მოტივიც დაასახელა, რაც დანაშაულის გამართლების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მომხდარი მთავარი თემა იყო მაუწყებლებისთვისაც. „რუსთავი 2-მა“ ამბავს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. ამბის გაშუქებისას ფოკუსი არა პრობლემასა და პრევენციაზე მსჯელობა, არამედ ამბის სენსაციურობა და დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივები იყო. სიუჟეტში ბრალდებულიც და მსხვერპლიც იდენტიფიცირებულია. ასევე, აჩვენეს ახლობლები, რომლებიც ცოლ-ქმრის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობენ.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრალდებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, სიუჟეტში არ ჩანს წყარო, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა ან თუნდაც ეჭვს გამოთქვამდა. შესაბამისად, უცნობია, რაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას ჟურნალისტი.

„რუსთავი 2-ის” სიუჟეტი მალევე გაავრცელეს გვერდებმა palitravideo.ge, kvirispalitra.ge და vanoggg.ge.

“იმედმა” ამბავი კადრ-სინქრონად გააშუქა და მაყურებელს მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო. წამყვანის სიტყვის პარალელურად, კადრში ბრალდებულის და მსხვერპლის ფოტოებს აჩვენებდნენ.

იდენტიფიცირებას და ფოტოების გამოქვეყნებას არც შემდეგი გამოცემები მორიდებიან: dianews.ge, resonancedaily.com, newposts.ge, alia.ge, sarkenews.ge, primetime.ge, cyc.ge, kvira.ge, paqtebi.ge, presa.ge, akhalitaoba.ge, digest.pia.ge, news.coa.ge, info7.ge და marshalpress.ge. არცერთ ამ გამოცემას, ისევე როგორც “იმედსა” და “რუსთავი 2-ს”, არ გაუთვალისწინებია მსხვერპლისა და ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილების ინტერესები.

“რუსთავი 2-ის” მსგავსად, დანაშაულის მოტივსა და ბრალდებულის მდგომარეობაზე ზემოთჩამოთვლილი გამოცემების ნაწილმაც დაწერა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას და ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ.

„მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არც სამედიცინო დასკვნა და არც სხვა ოფიციალური ცნობა, გამოცემები ერთ-ერთ ადგილობრივზე დაყრდნობით წერენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით კი, მსგავსი ამბების გაშუქებისას განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება.

„კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კატეგორია: ეთიკა

24 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” კვირის შემაჯამებელ გადაცემებში, გასული წლის ივლისში, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმეზე ვრცელი სიუჟეტები გავიდა. მასალები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამყარებდა პროკურატურის ვერსიას ბრალდებულის დანაშულის შესახებ, კრიტიკული კითხვების გარეშე იყო გავრცელებული საგამოძიებო ორგანოს ვერსია, რითაც მედიამ ამ კონკრეტულ უწყებას, ფორმალურად, მაგრამ მაინც შეუწყო ხელი ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და გარდა ამისა, სიუჟეტებში მოხვდა რამდენიმე ისეთი დეტალი გარდაცვლილების პირადი ცხოვრებიდან, რაც საზოგადოგადოებრივ ინტერესს არ ატარებდა.

ამ თემაზე: მალხაზ კობაურის "განაჩენი" სასამართლოს გარეშე “რუსთავი 2-სა” და “იმედზე”

კრიმინალური ამბებისა და სასამართლო პროცესების გაშუქება მედიისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ასეთი ამბების გაშუქებისას, არსებობს დიდი საფრთხე იმის, რომ მედიამ ნებსით ან უნებლიედ ეთიკური სტანდარტები დაარღვიოს.

საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე, მსგავსი ამბების გაშუქების სახელმძღვანელო წესები რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

  • პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
  • მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, -  წერია კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით აქვს მომზადებული.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

  • ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს”, - ნათქვამია ამავე გაიდლაინში.

კრიმინალური ამბების გაშუქებისას მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ტერმინებსაც, რასაც თხრობის დროს იყენებს. 

  • პირი სასამართლო გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც, როცა მას აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. მოერიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „მოიპარა“, „მოკლა“, „დააყაჩაღა“ და ა.შ. 
  • იმ შემთხვევაშიც კი, როცა არსებობს გამამტყუნებლი განაჩენი, არ გამოიყენოთ სიტყვები – „დამნაშავე“, „მკვლელი“ „ყაჩაღი“, „ქურდი“ . უმჯობესია აღინიშნოს, რომ პირი მკვლელობაში, ქურდობაში, ყაჩაღობაშია მსჯავრდებული, - ვკითხულობთ კიდევ ერთ სახელმძღვანელოში, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქებას ეხება. 

ამავე გაიდლაინის მიხედვით, მედიას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ბრალდებული შესაძლებელია არ იქნეს ცნობილი დამნაშავედ. შესაბამისად, გაშუქებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებაში მის დაბრუნებას.

რაც შეეხება ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების არასაჭირო გასაჯაროებას, პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.

  • “ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად ითვლება. შესაბამისად, ყოველი ასეთი ინფორმაციის მიმართ უნდა არსებობდეს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი”, - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება ქარტიის მეათე პრინციპიც - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

მალხაზ კობაურის საქმეზე მაუწყებლებში გასული სიუჟეტების შემდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში საბჭო მედიას რამდენიმე დეტალს ახსენებს, მათ შორის, საბოლოო სასამართლო განაჩენამდე პირის უდანაშაულობისა და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ.

“ჟურნალისტურ პროდუქტში აუცილებელი არ არის საქმეში არსებული ყველა დეტალის, ვიზუალური მასალის გამოყენება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა საჯარო ინტერესი არსებობს თითოეული ამ დეტალის მიმართ, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას. მედიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება აკისრია მაშინაც, როცა საქმე გარდაცვლილს ეხება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კატეგორია: ეთიკა

გასული დღეების განმავლობაში, ქართული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 4 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა და მისი გახმაურებიდან მალევე, პოლიციამ გარდაცვლილის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, მშობემა შვილზე ფიზიკურად იძალადა, რაც დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი გახდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი, ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას არასრუწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს დედისათვის შვილის მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებიათ, ხოლო სასამართლოს 24 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, ძირითადად ონლაინ გამოცემები, არ დაელოდნენ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და  ბავშვის მკვლელობაში დედა დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მედიასაშუალებების ნაწილმა ფაქტი იმდენად ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, რომ ინფორმაციის მომხმარებლებს ამბის ობიექტური გარემოებების ნაცვლად, ემოციური, სენსაციურობით გაჯერებული და სკანდალზე ორიენტირებული მასალები შესთავაზა.

მედიასაშუალებების სრულმა უმეტესობამ ამბის გახმაურებიდან მალევე მოახდინა ოჯახის სრული იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ორგანოებმა ოჯახის წევრების მხოლოდ ინიციალები გაავრცელეს, როგორც ტელე ისე ონლაინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს დედისა და გარდაცვლილის ვინაობები. მოგვიანებით გასაჯაროვდა გარდაცვლილი გოგოს ფოტოსურათიც, რომელზეც მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში სხვა არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე გაიყვანეს ოჯახიდან სახელმწიფო უწყებებმა, ხოლო მედიის მიერ ოჯახის სრული იდენტიფიცირება, შესაძლოა, აღნიშნულ არასრულწლოვანთა მომავალში სტიგმატიზების წყარო გახდეს. მედიასაშუალებებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი გარდაცვლილის 5 წლის ძმასაც აღენიშნებოდა.

არაერთმა ონლაინ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ მეზობლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თბილისში დედამ 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, ცემით მოკლა“, ზოგიერთმა ვებგვერდმა კი აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში გაავრცელა და აღნიშნა, რომ „4 წლის გოგონა დედამ ცემით მოკლა“. მედიასაშუალებების ნაწილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგოს გარდაცვალების მიზეზი დედინაცვლის მიერ მისი ცემა გახდა. სხვა მედიასაშუალებების მიხედვით კი გოგოს არა დედინაცვალი, არამედ მამინაცვალი ჰყავდა. ამგვარი ფაქტობრივი უზუსტობებიც ცხადყოფს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ამბის სწრაფად გავრცელებას, ჟურნალისტური სიზუსტის ხარჯზე ცდილობდა. ასევე, სხვადასხვა ტელემედიამ და ონლაინ გამოცემამ უაპელაციოდ გაავრცელა მეზობლების კომენტარები, სადაც ისინი პირდაპირ ბრალს სდებენ ბავშვის დედას მკვლელობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, მათ არაფერი დაუნახავთ და მხოლოდ ქალის ყვირილისა და ბავშვის ტირილის ხმები ესმოდათ ხოლმე.

ამბავს ონლაინ გამოცემები, უმეტესწილად, ფრაგმენტულად აშუქებდნენ და მომხმარებლებს ინფორმაციას არაამომწურავად აწვდიდნენ. შესაბამისად, მათ გაშუქებაში პრობელმა იყო არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ოჯახის იდენტობის გამჟღავნება, არამედ ამბის ზედაპირული და არასიღრმისეული გაშუქებაც. ხშირად ვებ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია სხვა საინფორმაციო გვერდებიდან დაკოპირებული მასალებისაგან შედეგებოდა.

გარდა ამისა, ზოგიერთმა გამოცემამ საკუთარ Facebook გვერდებზე გააკეთა Live-ჩართვები გარდაცვლილი გოგოს საცხოვრებელი სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საჭიროება არ იდგა ამ თემის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში გარდაცვლილის სახლისა და ოჯახის წევრების ჩვენების, მედიებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ამბის მეტი დრამატიზირებისათვის პირდაპირი ჩართა შეეთავაზებინა მაყურებლებისათვის.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მედიასაშუალებები ვერ შეძლებდნენ ამბის გაშუქებისას სკანდალურობისა და სენსაციურობისაგან სრულად დაცლას. მიუხედავად ამისა, ამბისათვის კონტექსტის მიწოდებისა და უფრო კომპლექსური გაშუქების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ შემთხვევა არ გაშუქებულიყო როგორც მორიგი „შემზარავი ფაქტი“, რითაც ისინი, ერთი მხრივ, თემის სიღრმისეულად შესწავლასა და ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანას შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი, თავს აარიდებდნენ ტრაგიკული მოვლენის სკანდალურ რეპორტინგს. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალება შეეცადა, ფაქტის მიღმა, სტრუქტურული პრობლემების დანახვას, რისთვისაც მათ ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასა და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გააკეთეს აქცენტი.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
“სექსუალური ძალადობის ან ზეწოლის ნებისმიერ მსხვერპლს, მათ შორის ბავშვებს ანონიმურად დარჩენის გარანტირებული უფლება უნდა ჰქონდეთ მანამდე, სანამ თავად არ გადაწყვეტენ იმის ხმამაღლა თქმას, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები არიან”, - ვკითხულობთ სექსუალური ძალადობის შესახებ ამბის გაშუქების ახალ გზამკვლევში, რომელიც ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის თვითრეგულირების ორგანომ (IPSO) გამოსცა. 

გზამკვლევში ხაზგასმით წერია, რომ ჟურნალისტებმა არ უნდა გამოაქვეყნონ ისეთი რამ, რაც დაზარალებულის იდენტიფიცირებას გახდის შესაძლებელს. გარდა ამისა,  განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს ეხება. 

ამავე გზამკვლევის მიხედვით, მსგავსი ამბების გაშუქების დროს,  ძალიან მნიშვნელოვანია თხრობის სტილი და გამოყენებული ლექსიკა. 

“თხრობის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც ჩადენილ დანაშაულს სენსაციად აქცევს, ვინმეს ბრალეულობაზე მიუთითებს, ან იმის ხაზგსმას ახდენს, რომ მსხვერპლი თანახმა იყო სექსუალურ აქტზე”, - აღნიშნავს IPSO.

ბრიტანეთის პრესის თვითრეგულირების ორგანო მსხვერპლის იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით ჟურნალისტებს ონლაინსივრცეში განთავსებული მასალების ქვეშ დაწერილი კომენტარების მართვის რეკომენდაციით მიმართავს.

IPSO ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის შესახებ მასალებზე მუშაობენ, რამდენიმე მთავარ კითხვას სვამს:
  • რა ინფორმაციას დებ მასალაში სავარაუდო დანაშაულის შესახებ?

  • ხომ არ შეიცავს შენს მიერ მოთხრობილი ამბავი რაიმე ისეთ ინფორმაციას, რაც მსხვერპლის იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს?

  • ხომ არ შეიცავს ამბავი დანაშაულის ჩადენის ადგილის ან რაიმე სხვა გარემოების შესახებ ინფორმაციას, რაც ასევე ხელს შეუწყობდა დაზარალებულის იდენტიფიცირებას?

  • ხომ არ შეიცავს ამბავი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბრალდებულმა და მსხვერპლმა?

  • ხომ არ ამოიცნობს საზოგადოება ამბის წაკითხვის/ყურების შემდეგ მსხვერპლის ვინაობას?

წყარო: imediaethics.org.
კატეგორია: ეთიკა
25 ოქტომბერს, გორში მოკლული იპოვეს 8 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 26 ოქტომბერს, დილით, პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

გორში მომხდარი ამბავი, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, მალევე მოექცა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიის ყურადღების ცენტრში. საქმის გახსნის შესახებ მომზადებულ მასალებში კი მედიის დიდმა ნაწილმა მკვლელობის საქმეზე დაკავებულის იდენტიფიცირება მოახდინა.

მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი თავდაპირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი. მასალას ერთვოდა შესაძლო დამნაშავის ფოტოც. ბრალდებულის სახელი და გვარი გამჟღავნებულია იმ მასალებშიც, რომლებიც მოამზადეს: tv პირველმა, იმედმა, მაესტრომ, ტაბულამ, რეგინფომ. ასევე იდენტიფიცირებული იყო სხვადასხვა მასალაში საიტებზე: Trialeti.ge, Newposts.ge; Dianews.ge; Resonancedaily.com; Ambebi.ge; Presa.ge, Paqtebi.ge; Kvira.ge; IPN.ge; News.coa.ge; Palitravideo.ge; Imedinews.ge, Alia.ge, Marshalpress.ge, Kvira.ge, Fortuna.ge, Ghn.ge, Mediamall.ge. მომზადებული მასალების ნაწილში ბრალდებულის ვინაობა სათაურებშივე წერია.

გორში მომხდარი მკვლელობისადმი მედიის განსაკუთრებით მაღალი ინტერესი, ბუნებრივია. მედიას უნდა მოემზადებინა ყველა მასალა, რაც ამ საქმეზე აუდიტორიას დამატებით დეტალს მიაწვდიდა.

თუმცა, ეს შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე და სახიფათოა, რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის: თავად მომხდარის სისასტიკე და სიმძიმე, ადგილობრივების ვარაუდები საქმეში სავარაუდო პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, მაღალი ემოციური ფონი საზოგადოებაში - სხვადასხვა გამოცემების გვერდებსა და სოციალურ ქსელში უკვე დაიწყო დისკუსია “მკვლელისა და მისი ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების, ლინჩის წესით გასამართლების” შესახებ. ამ საფრთხეების გათვალისწინებით კი, მედიამ უნდა შეაფასოს მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის ვინაობის გამჟღავნების აუცილებლობა, თანაც მაშინ, როდესაც მის მიმართ ბრალი ჯერ წარდგენილიც კი არ არის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ მედიამ მხოლოდ მაშინ უნდა მოახდინოს კრიმინალში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს, მაგალითად: დანაშაულის სიმძიმე, არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი იცოდეს საზოგადოებამ პირთა ვინაობა.


ამავე თემაზე წაიკითხეთ ლაშა ქავთარაძის ბლოგი -
სენსაცია ტრაგედიის წილ
კატეგორია: ბლოგი
25 ოქტომბერს ქალაქ გორში 9 წლის გოგონა სასტიკად მოკლეს. ქართული მედიის ნაწილმა კი კვლავაც ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ტრაგედიის გაშუქება სენსაციურობისაგან დაეცალა, ყოფილიყო ემპათიური მგლოვიარე ოჯახის წევრებისადმი და საზოგადოებაში პანიკის დათესვის ნაცვლად, სამართალდამცავების მუშაობისათვის შეეწყო ხელი.

ამ წერილში შეგნებულად არ დავასახელებთ არც ერთ მედიასაშუალებას, რომელმაც, ჩემი აზრით, ამბის გაშუქებაზე მეტად მაყურებლებში პანიკის დათესვასა და ამბის არაადეკვატურად მიტანას შეუწყო ხელი, ნაცვლად რაციონალური და პროფესიონალური რეპორტინგისა.

ამ წერილის მიზანი არის არა ვინმეს დასახელება და შერცხვენა, არამედ უკვე მანტრასავით არაერთგან, არაერთგზის გამეორებული პრინციპის კიდევ ერთხელ გამეორება - ჟურნალისტმა თავისი საქმიანობთ, როგორც მინიმუმ, უფრო მეტი ადამიანი არ უნდა დააზარალოს, ტრაგედიების გაშუქებისას, თუკი ვერავის ეხმარება ის.

გარდაცვლილის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, როცა კრიმინალისტებს ადგილზე მუშაობაც კი არ ჰქონდათ დასრულებული, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შოკში მყოფი ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთება სთხოვა. გარდაცვლილის მამის ღრიალიც ვერ გახდა ნიშანი ზოგიერთი მათგანისთვის, რომ Facebook Live გაეთიშათ ადგილიდან, სადაც არაფერი ხდებოდა გარდა ოჯახის წევრებისა და მეზობლების გლოვისა.

ზოგმა ადგილზე მისული ჩინოვნიკების კომენტარებზე ნადირობა გააჩაღა, თითქოს ქალაქ გორის საკრებულოს წევრს, მერს ანდა შს მინისტრის მოადგილეს რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა დანაშაულის შესახებ, რომელიც ორიოდე საათის წინ მოხდა. ან თითქოს არ იციან ჟურნალისტებმა, რომ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც კი, ოფიციალური პირები მედიასთან არაფერს იტყვიან ვიდრე ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. თითქოს პოლიტიკური პირების დანაშაულის ადგილზე ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნიდა ამბისთვის.

როგორც ტრაგედიების გაშუქებისას ხდება ხოლმე, ჟურნალისტების ნაწილმა ჩაწერა ამბისგან შეძრული მეზობლები, რომელთაგან თითოეულს დანაშაულის საკუთარი ვერსია აქვს. მაგალითად რამდენიმემ პოლიტიკური სარჩულის ძიება გოგონას სახლში გადასვენებამდე დაიწყო. ზოგიერთმა ჟურნალისტმა კი სათითაოდ ჩამოიარა შეკრებილი ადამიანები (მათ შორის გარდაცვლილის ბაბუა) და დაჟინებით სთხოვდა გაემეორებინათ, რომ მათ შვილების ქუჩაში გაშვების შეეშინდებოდათ მეორე დღიდან. სიტყვა ტრაგედია ვერ აღწერს იმ ამბის სიმძიმეს რაც გორში მოხდა. ხოლო ის, რაც ჟურნალისტებმა გორში ჩაიდინეს სხვა არაფერია თუ არა ტრაგედიის გაბაიბურება და სენსაციურობას შეწირული პროფესიონალიზმი.

რეპორტინგი არ არის მხოლოდ რესპონდენტისთვის შეკითხვის დასმა. ჟურნალისტიკა გულისხმობს, რომ რესპონდენტამდე საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვები - ღირს თუ არა ამბის გაშუქება საერთოდ? უნდა გააშუქო თუ არა ამბავი კონკრეტულ დროსა და სივრცეში? რა ფორმით ჯობია ამბის თხრობა? ვინ უნდა ისაუბროს? რამეს ხომ არ აზიანებ მიშვერილი მიკროფონითა და კამერით? რა უნდა აჩვენო? რა უნდა დამალო? ოღონდ ეს ყველაფერი თეორიაა და მგლის თავზე ნაკითხი სახარების მსგავსად, რეალობა ხშირად რეპორტიორებსა თუ ოპერატორებს სულაც არ აძლევს იმის დროს, რომ საკუთარ თავთან გასცენ შეკითხვებს პასუხები. ამიტომ, რთულია, მორალი წაუკითხო ჟურნალისტებს. თუმცა იოლია, რომ საღ აზრზე ისაუბრო მათთან. იმიტომ, რომ საღ აზრს არ სჭირდება ბაკალავრის დიპლომი, ლოპოტაზე ტრენინგები და ეთიკის ნორმებში მეცადინეობა. ის ან გაქვს, ან - არა.

ხოლო მათ, ვისაც საკუთარი საღი აზრის იმედი ვერ ექნება პროფესიულ საქმიანობაში, არსებობს ეთიკური სტანდარტების არაერთი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს რეპორტიორი დანაშაულის ადგილას და როგორ უნდა გააშუქოს გორში მომხდარი ამბის მსგავსი ტრაგედიები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო კრიმინალური ამბების შესახებ პირდაპირ ამბობს:

  • „კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტის ემოციებზე. მედია უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
  • მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლწო ვარაუდების გავრცელება...“

იქვე აღნიშნულია,

  • „მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ უნდოდეს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის: »
  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება.
სახელმძღვანელოს სრულად ნახვა შესაძლებელია ჟურნალისტური ეთიკის ვებგვერდზე.

ამავე თემაზე საინტერესო რესურსების (ინგლ) მოძიება შესაძლებელია ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის ვებ-გვერდზე.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
საჯარო ფიგურები - პოლიტიკოსები, მწერლები, მსახიობები და ა.შ. მოითხოვენ, შეიცვალოს მედიაში სუიციდის გაშუქების დროს გამოყენებული ტერმინები და ფორმები. 

მწერალი, იან რანკინი, ლონდონის მერი სადიქ ხანი, წამყვანი სტივენ ფრაი, რეჟისორი რიჩარდ კერტისი და დიჯეი ლოურენ ლავერნი იმ 130 ხელმომწერს შორის არიან, ვინც ბრიტანეთში მედიას მიმართა ამ საკითხის გაშუქების ფორმის ცვლილებაზე.

წერილი ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტებმა, პარლამენტარმა, ლუსიანა ბერგერმა და ტელეგრაფის ჟურნალისტმა, ბრიონი გორდონმა შეადგინეს. ამ ინიციატივას ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებმა: Samaritans-მა და Mind-მაც დაუჭირეს მხარი. მათი განცხადებით, პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას ფრაზა - „თვითმკვლელობის ჩადენა“, რაც ისე ჟღერს, რომ თვითმკვლელობა კრიმინალური აქტია და სუიციდური ფიქრები ცოდვაა, არადა, სუიციდს დანაშაულის სტატუსი ჯერ კიდევ 1961 წელს ჩამოშორდა ბრიტანეთში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ეს დრომოჭმული სიტყვები და ფორმები სუიციდს წარმოაჩენს უფრო როგორც „ეგოისტურ, მხდალ, კრიმინალურ ან არარელიგიურ აქტს, ვიდრე ექსტრემალურ ფსიქიკურ აშლილობას და აუტანელ ტკივილს“. ხელმომწერების ინიციატივაა, მედიამაც და საზოგადოებამაც ფაქტის ალტერნატიული აღწერა გამოიყენონ და „თვითმკვლელობა ჩაიდინას“ ნაცვლად თქვან - „თვითმკვლელობით გარდაიცვალა“.

წერილი 10 სექტემბერს, მსოფლიო სუიციდის პრევენციის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მისი ავტორები ახალი ამბების ორგანიზაციებს ასევე სთხოვენ, თავი აარიდონ სპეკულაციებს სუიციდის გამომწვევი მიზეზების თემაზე, რადგან მიზეზი ძირითადად კომპლექსური და მრავალმხრივია ხოლმე. კამპანიის ინიციატორები იმაზეც საუბრობენ, რომ თვითმკვლელობის დეტალების აღწერაც უნდა შეწყდეს, იმისათვის, რომ სხვებმა იგივე არ გააკეთონ.

კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც სუიციდის სპეციფიური მეთოდების შესახებ რეპორტაჟები გადაიცემა, მსგავსი ფორმის სუიციდის ზრდა ფიქსირდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბევრი მედია უკვე თავს არიდებს ასეთ აღეწერებს და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მათ შორის გარდიანი, ტელეგრაფი და სხვები.

სუიციდი, მსოფლიოში, წელიწადში დაახლოებით 800 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. წერილი ავტორებმაც და აქტივისტებმა სპეციალური ვებგვერდიც შექმნეს: www.talkingsuicide.co.uk - ამ მისამართზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დეტალური ინფორმაცია მიიღოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის შესახებ. ასევე, ამ თემებთან დაკავშირებულ ეთიკურ თუ სხვა სახის დილემებზე.

წერილში ასევე ნათქვამია: „ჩვენ არ უნდა აღვწეროთ სუიციდი, როგორც „ადვილი, „სწრაფი“ ან „ეფექტური“ და უნდა გვახსოვდეს, რომ არშემდგარ მცდელობებს გრძელვადიანი შედეგები აქვს. ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ ის დიდი ტკივილი, რასაც თვითმკვლელობის შემდეგ ამ ადამიანის ახლობლები განიცდიან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

წერილს დართული აქვს კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორი გავლენა აქვს ცნობილი პიების სუიციდს მოწყვლად ადამიანებზე. ერთ -ერთ ფაქტად მოყვანილია მსახიობ რობინ უილიამსის სუიციდის შემთხვევა, როდესაც 10 პროცენტით გაიზარდა თვითმკვლელობების რიცხვი. „ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, როდესაც სუიციდზე ვსაუბრობთ“- ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: The Guardian
კატეგორია: ეთიკა
21 ივლისს ტელეკომპანიების ნაწილმა ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოიპოვა. დოკუმენტის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში მკვლელობაში ბრალდებულის გენეტიკური პროფილია, რაც სავარაუდოდ სექსუალურ კავშირზე მიანიშნებს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ექსპერტიზის ჩატარების გზა, რაც მაყურებელს ამბის შესახებ დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აწვდის და ამავე დროს, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს.

ცხადია, რომ თავად დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის სქესობრივი კავშირი იყო, მაღალი საჯარო ინტერესის მქონეა. თუმცა დასკვნაში მოცემული დეტალები, რომელიც სქესობრივი კავშირის მეთოდებს აღწერს, ამბის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიისთვის საქმის მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა დოკუმენტის ტექსტის ზუსტი ციტირების გარეშეც შეიძლებოდა, მაუწყებლებისა და ონლაინ მედიის ნაწილმა, აუდიტორიას დასკვნის ეს ნაწილი ფოტო/ვიდეოს სახით მიაწოდა, - მაუწყებლებმა კადრში აჩვენეს, ონლაინმედიის ნაწილმა კი დოკუმენტი ფოტოს სახით დაურთო მასალას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ კონკრეტული დეტალების ჩვენებისას ჟურნალისტი უნდა დაფიქრდეს, „ამ დეტალების გარეშე შეძლებს თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენას? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?“ ამ კონკრეტულ საქმეზე მკითხველისა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ ძალადობას და ნაკლებად მნიშვნელოვანია რა გზით მოხდა ეს, რაც აჩვენა მედიის ნაწილმა ამ დოკუმენტის გასაჯაროებით.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
[განახლება: 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი მკვლელობის ინსცენირება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო რუსი აგენტების გამოსავლენად.]

---



29 მაისს, კიევში, ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, იგი ცოლმა სახლში დაჭრილი იპოვა. ჟურნალისტს ტყვია ზურგში აქვს ნასროლი. არკადი ბაბჩენკო სასწრაფო დახმარების მანქანაში საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

რუსი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ამბავი არაერთმა სააგენტომ და მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. თუმცა მათგან ორმა, სააგენტო „ნიუპოსტმა“ და გაზეთმა „რეზონანსმა“ სტატიას მძიმე შინაარსის მქონე ფოტო დაურთო. ფოტოზე ჩანს დაჭრილი ჟურნალისტი, რომელიც იატაკზე სისხლის გუბეში წევს. 

ცხადია, რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის მკვლელობა დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ გაუგებარია, რა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს გამოცემებმა ამ ფოტოს ჩვენებით აუდიტორიას. მხოლოდ ტექსტით, ფოტოს გარეშეც შეიძლებოდა იმის აღწერა თუ სად და რა ვითარებაში ნახეს მოკლული ჟურნალისტი.

აქვე, აღსანიშნავია, რომ „ნიუპოსტს“ აქვს ამგვარი აღწერა და მით უფრო გაუგებარია, რა აუცილებლობა იყო ამ ფოტოს გამოქვეყნება, ან/და თუ აქვეყნებდა, დამუშავება - როგორც ჩანს „ნიუპოსტი“ შეეცადა ჟურნალისტის სხეულზე და იატაკზე სისხლი დაეფარა, რადგან ეს ადგილები დარედაქტირებულია.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მასალა და თანდართული ფოტო გამოცემების ვებსაიტზე დევს და ადვილად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის მკითხველის, მათ შორის, არასრულწლოვნებისთვის.
კატეგორია: ეთიკა
26 თებერვალს "კურიერის" 3 საათიან გამოშვებაში საგუშაგოზე მოკლული 19 წლის ბექა რუსიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სიუჟეტი გავიდა. წამყვანის თქმით, სასამართლო პროცესი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. ამის შემდეგ კი სიუჟეტში აჩვენეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჭირისუფალი, რომელმაც მსჯავრდებულის ოჯახთან იკამათა. მათ ჩხუბს ეთერში დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ვუყურებდით.

გაუგებარია, რა საჯარო ინტერესს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების ჩვენება და რა დამატებითი ინფორმაცია მიიღო მათი ნახვით მაყურებელმა რუსიას მკვლელობის შესახებ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
კატეგორია: ეთიკა
26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება და დაკრძალვა 10 და 11 იანვრის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი თემა იყო. გარდაცვალების დღეს, 10 იანვარს 9 საათიან „კურიერში“ მაყურებელი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ისმენდა ჭირისუფლების ტირილსა და მოთქმას. გლოვა და ტირილი ისმოდა იმავე დღეს, „TV პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც.

11 იანვრის კი 9 საათიან „კურიერში“ და 8 საათიან „ქრონიკაში“ მაჩალიკაშვილის ცხედარი აჩვენეს, TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ცხედართან ერთად, ის კადრებიც გაუშვეს, სადაც ჩანს, როგორ აყრიან მიწას 19 წლის ახალგაზრდას.

საჯარო ინტერესი თემის მიმართ ცხადი და ნათელია. ამბის კონტექსტის გათვალისწინებით გარკვეული საჯარო ინტერესი, მედიის მხრიდან ჭირისუფლების პოზიციების ჩაწერისა და ჩვენების მიმართაც არსებობს, თუმცა ბუნდოვანია, რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ცხედრის, წესის აგებისა და დატირების კადრების ჩვენებას.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში კი ვკითხულობთ: “მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.
კატეგორია: ეთიკა
27 ნოემბრის „კურიერში“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირის დანაწევრებული ცხედრის კადრები პირდაპირ, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე აჩვენეს. „ეს ძალიან მძიმე კადრია, თუმცა გრაფიკული დამუშავების შემთხვევაში არსი მთლიანად დაიკარგებოდა“ - განუმარტა წამყვანმა აუდიტორიას და იქვე მოუწოდა, ბავშვები ეკრანებისთვის მოერიდებინათ. „რუსთავი 2-ის“ მტკიცებით, ფოტოზე აფეთქების შედეგად დასახიჩრებული ახმედ ჩატაევის სხეული ჩანს.

ცხადია, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი. შესაბამისად, ყველა ფოტო, ვიდეო თუ სხვა სახის მასალა, რომელიც პირების იდენტიფიცირების შესახებ არსებულ ეჭვებს დაადასტურებს ან უარყოფს, მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ კონკრეტულ ფოტოზე, რომელიც „კურიერმა“ „ექსკლუზიურად“ გაავრცელა, ერთადერთი დეტალი, რომლითაც მაყურებელს შესაძლოა ევარაუდა, რომ დანაწევრებული სხეული ახმედ ჩატაევის იყო, ფოტოზე ასახული სავარაუდოდ ფეხის პროთეზია. ცნობილია, რომ ჩატაევს მარცხენა ფეხი არ ჰქონდა და პროთეზს ატარებდა. გარდა ამისა, შესაძლოა იდენტიფიცირებისთვის გამართლებული ყოფილიყო სახის ნაწილის და თავის ჩვენებაც. ფოტოზე ასახული დანაწევრებული სხეულის სხვა ნაწილების მიმართ არანაირი ინტერესი არ არსებობდა. ამიტომაც გაუგებარია, რატომ „დაიკარგებოდა არსი“ მისი გრაფიკულად დამუშავებისას, როგორც ეს წამყვანმა განაცხადა.

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურ კადრად შემოთავაზებული ფოტო წინა დღეს „იმედის კვირაშიც“ უჩვენეს, თუმცა მნიშვნელოვნად დარედაქტირებული სახით - ფოტოზე ჩანდა არა დანაწევრებული ცხედარი, არამედ მხოლოდ ის დეტალი, (სავარაუდოდ, ფეხის პროთეზის ნაწილი) რის მიმართაც საჯარო ინტერესი არსებობდა.

ასევე, 27 ნოემბრის "კურიერში" კიდევ ერთხელ, ახლო ხედებით და რედაქტირების გარეშე უჩვენეს სპეცოპერაციის დროს სხვა ლიკვიდირებულთა ცხედრებიც.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 36: „მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.

მუხლი 38: .აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ , ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას. მუხლი 41. .ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის, როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.
კატეგორია: ეთიკა
13 სექტემბერს კურიერის მთავარ გამოშვებაში მასალა გავიდა აზერბაიჯანის მოქალაქის მანქანაში ჩაცხრილვის შესახებ. არხი აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პირი იმის გამო მოკლეს, რომ რამდენიმე თვის წინ მან სავარაუდოდ, მკვლელობის დამკვეთს ყური მოაჭრა. ეთერში მოხვდა დასისხლიანებული კაცისა და მოჭრილი ყურის კადრებიც.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ მედია მოერიდოს მსგავსი კადრების ჩვენებას, თუ ის არ შეიცავს რაიმე დამატებით ინფორმაციას მაყურებლისთვის.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი 36, პუნქტი 1) ვკითხულობთ, რომ მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის, ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ამავე კოდექსის კიდევ ერთი მუხლში (მუხლი 41) წერია: ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.
კატეგორია: ეთიკა
ქვემო ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მოძალადეებმა მომხდარის ამსახველი კადრები თავად გადაიღეს, რაც სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა.

სატელევიზიო და ონლაინ მედიაში თემაზე მომზადებულ მასალებში სიღრმისეულად მიმოიხილეს ამბის მონაწილეთა პირადი ცხოვრება, ამაში მათ მეზობლები და ნათესავები დაეხმარნენ. რესპონდენტები მომხდარის „პროვოცირებისთვის“ ახალგაზრდა ქალს კიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ მისმა საქციელმა უბიძგა მეუღლეს, შური ეძია. „ინფო რუსთავმა“ კი ადგილობრივების ის კომენტარები გაავრცელა, სადაც დანაშაულის ჩადენის მოტივებსა და ხერხებს აღწერდნენ. ფაქტის გაშუქებისას ტელემედიაში აღინიშნა, რომ „საზარელი დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობა გახდა“.

„ეს ყველაფერი იმ გოგოს ბრალია, ამ გოგოზე უკვე მესამედ ხდება ასეთი რამ,“ - ამბობდა დაზარალებულის დედა „იმედის“ სიუჟეტში.

„გოგონას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ,“ - ამბობდა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტიც. „ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ამასთან ყოფნა უნდოდა,“ - ისმოდა სიუჟეტიდან.

ტელეკომპანია „იბერიას“ 11სთ-იან გამოშვებაში კი წამყვანი ჩართვაზე მდგარ ჟურნალისტს ეკითხება: „სოფო, რა გახდა ეჭვიანობის საფუძველი?“, რის პასუხადაც ჟურნალისტი ამბობს: „სოფელში ამბობენ, რომ ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არსებობდა“. ამავე მასალის შესავალ ტექსტში კი წამყვანმა მაყურებელს ისიც განუმარტა, თუ რა მეთოდით გააუპატიურეს მამაკაცი.

ახლობელი, რომელიც ეთერში საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ ინიციატივას გოგონა იჩენდა, მამაკაცი კი „თავიდან თავს არიდებდა“ და „იმ ღამით ძალიან ნასვამი იყო“.

გაშუქებაში მთავარი აქცენტი იყო არა იმაზე, რომ პირი ძალადობის მსხვერპლი გახდა, არამედ ძალადობის მოტივზე. საზოგადოებაში ამგვარი საკითხებისადმი არსებული ზოგადი სტერეოტიპებისა თუ განწყობების გათვალისწინებით, ძალადობის მოტივად ეჭვიანობის დასახელება, კონკრეტული, პირადი დეტალების გასაჯაროება და ჟურნალისტური მასალების ფოკუსის მთლიანად ამ საკითხზე გადატანა, ქმნიდა განცდას, რომ ერთი მხრივ „დაზარალებულმა კაცმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“, მეორე მხრივ კი, ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ქალი გახდა. მასალებისთვის ამგვარი ფოკუსის შერჩევა ქმნიდა განწყობას, რომ დაზარალებული და ქალი არასწორად მოიქცნენ და მოძალადეების პროვოცირება მოახდინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.
კატეგორია: ეთიკა
28 ივნისს, თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ჟურნალისტმა 3 საათიან "კურიერში", ჩართვაზე ახსენა, რომ „შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა“, კადრში გვიჩვენეს სისხლის კვალი და ჩაწერეს შოკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მამა, რომელსაც მომხდარზე განმარტებებს სთხოვდნენ.

ადგილიდან შემოგვთავაზეს მეზობლებისა და გარდაცვლილი ბავშვი მამის კომენტარი: „რა ვერსიებზე საუბრობენ ისინი, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იყო საინტერესო,“ - თქვა ჟურნალისტმა.

ამ კომენტარებიდან მაყურებელს მომხდარზე დამატებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუღია, მხოლოდ ნახა ადამიანი პირადი მწუხარებისას, რომელსაც ჟურნალისტი უბედური შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მომხდარზე განმარტებებს სთხოვდა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 36 მუხლი: მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.
კატეგორია: ბლოგი
ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხშირად ხდება ადამიანური ტრაგედიების მოწმე. რთული პროცესია - გააშუქო სიუჟეტი, შექმნა სტატია ისე, რომ დაიცვა სამი ძირითადი პრინციპი: არ ავნო რესპონდენტს, რომელიც დაზარალებულის როლშია, არ ავნო საზოგადოებას, ვისთანაც გინდა მიიტანო შეგროვებული ინფორმაცია და ბოლოს, არ ავნო საკუთარ თავს.

ჩემი ბლოგის დაწერის მიზეზი გახდა სიუჟეტი, სადაც გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას პანაშვიდის მიმდინარეობისას რეპორტიორი ეკითხება: რამდენი ტყვია მოხვდა გულში თქვენს შვილს?

რომელ აუდიტორიას სჭირდება ტყვიის რაოდენობის და ლოკალიზაციის ცოდნა?რა ინფორმაციულ ღირებულებას შეიცავს ეს ცნობა? ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, არანაირს!

სიუჟეტს დრამატიზაცია ემატება, თუ ეს ინფორმაცია მიღებულია გარდაცვლილის მამისგან პანაშვიდის მსვლეობისას. სიუჟეტში კარგად ჩანს, თუ როგორ შეშდება რამდენიმე წამის განმავლობაში მამა და ამბობს:

-არ ვიცი რამდენი ტყვიით... მოკლეს. ალბათ რომ სცოდნონდა ჟურნალისტს, რომ ადამიანი მწვავე ტრავმის გადატანის შემდეგ პირველი 24 საათი შესაძლებელია შოკის ფაზაზე იყოს , ამ კითხვას არ დასვამდა, არ მოუნდებოდა შოკის ფაზაზე მყოფი მამისთვის გაეცნობიერებინა ტყვიების რაოდენობა.

ტრავმული მოვლენები, როგორციაა ომი, ტყვეობა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, წამება, სექსუალური ძალადობა იწვევს მრავალფეროვან ფსიქიკურ დარღვევებს - მწვავე სტრესით გამოწვეულ აშლილობას, პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას, დეპრესიას, ფსიქოზურ მდგომარეობას და ა.შ.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პიროვნებისთვის გარკვეული შემაწუხებელი სიმპტომებით გამოიხატება და საჭიროებს სპეცილისტების ჩარევას (ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტისა ან ფსიქოლოგის). სპეცილისტების ამოცანაა ტრავმირებულ ადამიანს გაუწიონ დახმარება, რომელიც არ ხორციელდება ზეწოლით და არ იჭრება დაზარალებულის საზღვრებში, ეს დამზოგველი და დროში გაწერილი პროცესია. ტრავმაზე მომუშავე სპეცილისტი კლიენტთან ერთად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ ტრავმული ისტორია კლიენტის მხრიდან არ იყოს “ერთი სულის მოთქმით გამოტანილი”, ზოგჯერ სწრაფი და არასწორი თხრობა იწვევს ე.წ. რეტრავმატიზაციის ფენომენს ანუ ტრავმის გაცოცხლებას.

დაზარალებულ ადამიანთან კომუნიკაციის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრავმის სპეციალისტებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. ადამიანები, რომლებმაც კრიზისული მოვლენა გადაიტანეს, შეიძლება ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები ან დაბნეულები იყვნენ. ზოგი შეიძლება საკუთარ თავსაც კი ადანაშულებდეს მომხდარში.

ჟურნალისტის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენება, რომ გესმით მათი, დაეხმარება დაზარალებულებს თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, დაფასებულად. იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ და რომ არ არიან სენსაციის მომტანი “მასალა”

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც უხდება განსაცდელის შემდგომ ადამიანებთან ურთიერთობა:

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს რესპოდენტს. მოვეპყრათ არა როგორც მძიმე მოვლენის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ობიექტს, არამედ როგორც პიროვნებას. დავამყაროთ მასთან თანამშრომლობა მოვლენის ეკოლოგიურად გაშუქების მიზნით, გავუფრთხილდეთ მის გრძნობებს, ღირსებას და ამ გზით მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს აუდიტორიას, საზოგადოებას. აქ მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, ვიფიქროთ არა სენსაციასა და სანახაობაზე, არამედ საზოგადოებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე;

· გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა გადამდებია!

საზოგადოებისათვის ტრავმის გადადების პირდაპირი გზა მედიასაშუალებებით მისი არასწორი გაშუქებაა, ჟურნალისტს კი ემუქრება საფრთხე, აღმოჩნდეს ტრავმის გადამცემის როლში.

· გავაშუქოთ მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ საკუთარ თავს. ტრავმა და ტრავმული განცდები გადამდებია მისი თვითმხილველისათვის, ინტერვიუს ამღებისათვის. როდესაც ჟურნალისტი ხვდება ტრავმული მოვლენით დაზარალებულს, თავადაც არის რისკის ქვეშ (არის ტრავმული სიმპტომების საშიშროება). კვლევები აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 80-100% ტრავმულ გამოცდილებას აწყდება თავის სამუშაო გარემოში(e.g., Dworznik, 2011; Newman et al., 2003; Pyevich et al., 2003; Smith, 2008; Teegen&Gotwinkel, 2001)
კატეგორია: ბლოგი
გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა წერა 13 ივნისის ტრაგედიაზე, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ვგრძნობ, რომ თავს ვარიდებ ფიქრს, ფოტოებს, რომელიც აქა-იქ ისევ გამოჩნდება ხოლმე სოციალურ მედიაში, ხოლო როცა კატასტროფის ზონაში გავლა მიწევს, მზერა სხვაგან გადამაქვს. არ ვიცი კიდევ რამდენი ადამიანია ჩემსავით. ამ მდგომარეობაზე ჩემი უცხოელი კოლეგის სიტყვები მახსენდება - გადატანილი ტრავმა ძალიან ჰგავს ადამიანის და მისი ჩრდილის „კავშირს“, რაც უფრო ცდილობ გაექცე შენსავე ჩრდილს მით უფრო იზრდება და „იწელება“ იგი, ხოლო რაც უფრო უახლოვდები - პატარავდება და ბოლოს ქრება კიდეც... ასევეა გადატანილ ტრავმასთან ჩვენი დამოკიდებულებაც, რაც უფრო თავს არიდებ, მით უფრო იზრდება მისი ზემოქმედება და ზიანი, ხოლო თუ გაბედავ და თვალს გაუსწორებ, შეგიძლია მოერიო კიდეც. ხშირად ამისთვის სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ჟურნალისტები კატასტროფაზე აღარ წერენ. ხელისუფლების მისამართით კი ხშირად ისმის საზოგადოების გულისწყრომა, დაზარალებულები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ამბობენ, რომ დაპირებები არ სრულდება, ამასწინათ Facebook -ის მომხმარებელმა ფოტო გადაიღო და გამოაქვეყნა ადგილი, სადაც წყალდიდიობის კვალი ჯერაც არავის „წაუშლია“.

კრიზისის პერიოდში საზოგადოების ცხოვრებას თავისებური დინამიკა აქვს, მეცნიერებმა ის რამდენიმე ეტაპად დაყვეს:

მოულოდნელად თავსდამტყდარი მოვლენა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს განადგურებით ემუქრება პირველ ეტაპზე, ე. წ. ჰეროიკულ ფაზაში განსაკუთრებული ამოცანების წინაშე გვაყენებს - ამ დროს მთელი ძალისხმევა მიმართულია დამანგრეველი ეფექტების თავიდან აცილებაზე, გადარჩენაზე. ფაქტია, რომ სწორედ ამ მომენტში სამაშველო ოპერაციებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ, მაგრამ რას უნდა აკეთებდეს მედია, რა ამოცანა დგას მის წინაშე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა სჭირდებათ ადამიანებს სტიქიის ზონაში და მის გარეთ? პასუხი კი ასეთია: უსაფრთხოება, საკვები, წყალი, თავშესაფარი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ცხადია, მედიას არ შეუძლია ადამიანებს ეს საჭიროებები დაუკმაყოფილოს, თუმცა ერთადერთი ამოცანა რაც მის წინაშე დგას, ესაა აჩვენოს კატასტროფის რეალური სურათი, ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია - სადაა საფრთხე? იღებენ თუ არა სტიქიის ზონაში მყოფები საჭირო დახმარებას? მობილიზებულია თუ არა სამაშველო სამსახურები ? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ჟურნალისტი, რომელიც თვითონაც სტიქიის ზონაში მუშაობს, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას - მან უნდა იფიქროს ადამიანის საჭიროებების ჩვენებაზე, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის და ადამიანზე, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს პირდაპირ ეთერში. ამ დროს, სურათის დრამატიზებას, მაყურებლისთვის ე. წ. პარადოქსული სიამოვნების მინიჭებას ან პირიქით, შელამაზებას და შემსუბუქებას (იმ აზრით, რომ არ დათესო პანიკა მოსახლეობაში) სტიქიის მსგავსად, შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა 2015 წლის 13 ივნისს ადამიანებს რომ არ სცოდნოდათ რამდენად მასშტაბურია წყალდიდობა სტიქიის ზონაში, ან 14 ივნისის დილას არ სცოდნოდათ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შესახებ, ან რა მოხდებოდა ვინმეს პირდაპირ ეთერში რომ ენახა როგორ მიაქვს წყალს მისი ახლობელი?

კრიზისის შემდეგი ეტაპია ე. წ. თაფლობისთვე (გრძელდება ერთი ან რამდენიმე კვირა) , როცა კატასტროფის შედეგად დაზარალებულები საზოგადოების, ჰუმანიტარული დახმარების სისტემების, სოციალურ სერვისების ყურადღებისს ცენტრში ექცევიან, როცა მთელი სამყარო მზადაა მათ დასახმარებლად და მხარდასაჭერად, რაც დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, იმედის და რწმენის განცდების ატქუალიზებას იწვევს. საინტერესოდ წარიმართა ეს ეტაპი 13 ივნისის კატასტროფის შემდგომ - თბილისში გამოჩნდნენ მოხალისე ახალგაზრდები, რომლებმაც წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს, როგორც დაზარალებული ადამიანებისადმი, ასევე საკუთარი ქალაქისადმი.

რა ხდებოდა ამ დროს მედიაში, რომლის მთავარ ამოცანად ამ ეტაპზეც კვლავ უნდა დარჩეს სტიქიის შედეგების ზუსტი სურათის და საქველმოქმედო აქტივიზმის ჩვენება? ქართული ბეჭდური, სოციალური და ელექტრონული მედია მთლიანად შთანთქა ტრავმირებული ადამიანების ბუნებრივი აღდგენის პროცესში ამ ეტაპისათვის დამახასიათებელმა, წამყვანმა ემოციამ - ბრაზმა და ბრაზის ვექტორის სამიზნე გახდა ტრაგედიაში ბრალდებულის - დამნაშავის ძიება, რომელიც ხან ზარების გადამდნობი ჩვენი წინაპარი აღმოჩნდა, ხან ზოოპარკის დირექტორი, ხან წინა და ხანაც ახლანდელი მთავრობა, მედიამ ვერ/ ან არ გაუძლო ცდუნებას და პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში გადაიტანა საზოგადოებაში მანიფესტირებული ბრაზის მუხტი, რაც კარგად გამოჩნდა იმ პერიოდის ტოქ -შოუებსა და საინფორმაციო გამოშვებებში, მედიამ ვერც პარადოქსული სიმოვნების ცდუნებას აარიდა თავი და სტიქიის შედეგად დაღუპულთა პირადი ისტორიებით, დაკრძალვისა და პანაშვიდის კადრებით, სტიქიის შემსწრე ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებით, მანიპულირება დაიწყო.

სტიქიის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, მედიამ კი თავისი ისტორიების გმირად 5 ულამაზესი ახალგაზრდა აირჩია, ისე, რომ დანარჩენ დაღუპულთა სახელები და გვარებიც კი არ ვიცით.

კრიზისის შემდეგი ფაზა, ე. წ. გულგატეხილობის ფაზა ყველაზე მძიმე და მწვავე ემოციების ფონზე მიმდინარეობს, ამ დროს დაზარალებული ადამიანები მთელი სიმძაფრით აცნობიერებენ დანაკარგს იმის პარალელურად, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მუხტი იკლებს, რადგან ცხადია, ის ვერ იქნება მარადიული. მოხალისეთა აქტივობაც ეცემა და მაშინ, როცა საზოგადოება ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას, დაზარალებულთა წინაშე იშლება მატერიალური თუ სულიერი პრობლემების მთელი სპექტრი, რომელთა დასაძლევად მათ შინაგანი რესურსები ხშირად არ გააჩნიათ. ეს არის პერიოდი, როდესაც სოციალური სერვისების, მხარდამჭერი ქსელის გაქტიურებას გადამწყვეტი როლი ეკისრება, მთავარი გამოწვევა არის, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ იმედი, არ შეწყვიტონ ფუნქციონირება, არ მოხდეს მათი ვიქტიმიზაცია.

დღეს ჩვენ კრიზისის ამ ეტაპს გავდივართ და მედიაში სულ უფრო იშვიათია მასალები, სადაც ჩანს დაზარალებულთა მდგომარეობა, ბევრი კითხვაა - სად არიან ისინი დღეს? რა რესურსები გამოიძებნა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ მიდის აღდგენითი სამუშაოები? როგორია მთავრობის, ადგილობრივი და უცხოელი დონორების მხარდაჭერა დაზარალებულებისადმი? რა დაპირებები შესრულდა? რა არ შესრულდა? და ა. შ. სამწუხაროდ, დღეს მედია ვერ ასრულებს ამოცანას საზოგადოებასთან ერთად აკონტროლოს, როგორ ხარჯავს მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, დაზარალებულთა დასახმარებლად და როგორ მუშაობენ სოციალური სამსახურები.

სწორედ ახლაა დრო დისკუსიისათვის, ანალიზისათვის, შეფასებისათვის, ჟურნალისტური გამოძიებისათვის, დღეს შეიძლება გაეცეს რაციონალური პასუხი, შეკითხვას - შეგვეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება? სამწუხაროდ, ეს თემა დღევანდელი მედიისათვის არააქტუალური და მოძველებულია, შეიძლება მარკეტინგულად არამომგებიანიც.

სამწუხაროდ, მედია არ არის ჩვენი საზოგადოების საიმედო პარტნიორი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავლახავთ და აუცილებლად დავინახავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს, რადგან სადაც ტკივილია - იქ არის მისი ატანის ძალა და სიმამაცე.
კატეგორია: ეთიკა
სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სოციალური მედიის როლი კრიზისული სიტუაციის დროს განსაკუთრებულად იზრდება. წყალდიდობის, ტერაქტების, მიწისძვრისა თუ ცუნამის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ სოციალური ქსელებით ვრცელდება ხოლმე. ასე მოხდა 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროსაც - მოქალაქე ჟურნალისტებმა ტრადიციულ მედიას დაასწრეს, კამერები ტელეფონებით „ჩაანაცვლეს“ და სტიქიის პირველივე საათებიდან მათი ფეისბუქ პროფილები, პრაქტიკულად, ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.

წყალდიდობის დაწყებისას სოციალური ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ტრადიციული მედიის მისამართით, ტელევიზიებმა მოვლენის ადგილზე მისვლა და სპეციალური გამოშვების ეთერში გაშვება სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეძლეს.

ასეთ სიტუაციაში ლოგიკურად გაიზარდა მოთხოვნა სოციალური ქსელითა თუ იუთუბით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ფეისბუქის მომხმარებელმა გიორგი მანჯავიძემ (GIO FOX-მა) 13 ივნისს შემთხვევის ადგილიდან ატვირთა, 1925 გაზიარება და 78 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

“გულწრფელად გეტყით, თავდაპირველად ძალიან გავბრაზდი და კარგადაც გამოვლანძღე ჩვენი ტელემედია... ეს იმიტომ, რომ იმ მომენტში ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ვიყავი დარჩენილი, როგორც მაყურებელი. აი მოგვიანებით კი ჩემში "ჟურნალისტობამ" სძლია მაყურებლის პოზიციას და მივხვდი, რომ ჩემს კოლეგებს აშკარად გაუჭირდებოდათ მობილიზება საგანგებო ეთერისთვის სტიქიის გამო”, - ამბობს გიორგი მანჯავიძე. მან ტელეფონი აიღო, შემთხვევის ადგილზე წავიდა და მთელი ღამის განმავლობაში აწვდიდა სოციალური ქსელების მომხმარებლებს ინფორმაციას მოვლენათა ეპიცენტრიდან.

მანამ, სანამ გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდოდა და ტელევიზიისთვის ინფორმაციისა და კადრების მიწოდებას შეძლებდა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ აუდიტორიას ინფორმაციას ტელეკომპანიის ვებისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით აწვდიდა. ისინი აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელში მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც. ტელევიზიის ვებგვერდის გამშვები რედაქტორის, რუსა მაჩაიძის, თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციალურ უწყებებსაც უჭირდათ, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყეს:

“ყველაზე პრობლემატური კი ის იყო, რომ ინფორმაცია არავის ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ყველანაირი მასალა გამოგვექვეყნებინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წყარო ფეისბუქი იყო. ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე ჩვენი ჟურნალისტები ადგილებამდე მივიდოდნენ. შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ვამოწმებდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. იმდენად დიდი იყო ინფორმაციაზე მოთხოვნა, რომ ტელეკომპანიის საიტი რამდენჯერმე გაითიშა. ასეთ დროს, ინფორმაციას პირდაპირ ფეისბუქის გვერდზე ვაქვეყნებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ღამეს სოციალურმა ქსელებმა ყველაზე კარგად იმუშავა. ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც და გავრცელების მხრივაც”, - ამბობს რუსა მაჩაიძე.

მოგვიანებით ტელევიზიები ეთერში სოციალურ ქსელებში გარცელებულ კადრებსაც აქტიურად გადასცემდნენ.

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სოციალური ქსელში ინფორმაციას რიგითი ადამიანები გადაუმოწმებლად აქვეყნებენ, აზიარებენ და ავრცელებენ, ფეისბუქი ხშირად დეზინფორმაციის წყაროც იყო. მაგალითად, ვრცელდებოდა სხვა ქვეყნებსა და სიტუაციაში გადაღებული ფოტოები, როგორ დასეირნობდა ლომი თუ ნიანგი ქუჩაში, ფოტოს მინაწერში კი აღნიშნული იყო, რომ ის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს იყო გადაღებული.

სოციალური ქსელით გავრცელდა მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოები ბაგებში ვეფხვის არსებობის შესახებაც. ტრადიციული მედიის გამოშვებებში ეს ფოტოებიც მოხვდა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ეს ვეფხვი სინამდვილეში კატა ყოფილა.

ჟურნალისტ თამარ კარელიძის თქმით, ის, რომ უცხოურმა მედიამ საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში აქცენტი ზოოპარკიდან გაქცეულ ჰიპოპოტამზე გააკეთა, იმის ბრალია, რომ სხვა ამბებმა ქვეყნიდან ვერ გააღწია.

“იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, თითქმის არავინ წერდა ტვიტერზე საქართველოდან ინგლისურად. მე იმ დღეს დავიწყე წერა, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და უცხოური მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდი იყო. იმავე დღეს მომწერა და მიმდინარე ამბების შესახებ ეთერში ჩამრთო რადიო LBC-მ, ასევე, სკაიპით ჩავერთე Sky News-ს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ”, - ამბობს თამარ კარელიძე,

მისი თქმით, ტვიტერი ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბით გასავრცელებლად, თუმცა ამ რესურსს საქართველოში არ ვიყენებთ. არადა, ტვიტერი უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფ საშუალებად იქცა. ეს სოციალური ქსელი საშულებას იძლევა მოძებნო ბოლო ინფორმაცია სასურველი ან ყველაზე პოპულარული თემების შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ 13 ივნისს, თბილისის წყალდიდობისას, სოციალურმა მედიამ ტრადიციულ მედიასთან შედარებით უფრო ოპერატიულად იმუშავა, ინფორმაციაც სწრაფად, ვირუსულად ვრცელდებოდა. მოქალაქე ჟურნალისტები ინფორმაციის გასავრცელებლად, ყველაზე ხშირად, ფეისბუქსა და იუთუბის იყენებდნენ.
კატეგორია: ბლოგი
13 ივნისს საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავი აგვიანებდა. დაგვიანების მიზეზად რომის თავზე არსებულ ღრუბელსა და დიდი რაოდენობით ნალექს ასახელებდნენ. თბილისში მშვიდობით ჩამოვედი. აეროპორტი სულ მშრალი იყო და როგორც მითხრეს, ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. თუმცა დილის ხუთ საათზე სახლისკენ მიმავალმა ქალაქში მანქანების უჩვეულო სიმრავლე შევნიშნე, ხოლო ფილარმონიასთან გზის ჩამკეტ ბარიკადებზე მიმწყდარი ხალხი რაღაცის დანახვას ცდილობდა.

ადამიანებს გვიყვარს სანახაობა. ჩვენ იმდენად გვიყვარს სანახაობა, რომ კოლიზეუმიც კი ავაშენეთ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტური მოხერხებაც მით უკეთესად ითვლება, რაც უფრო ახლოდან გვანახებს ტრაგედიის, სეირის ან სხვა სახის სანახაობის სცენას. მეტიც, როდესაც ჟურნალისტს კონკურენტები ჰყავს, მას შეუძლია ტრაგედია აუდიო ან ვიზუალური ეფექტებით ან სულაც ტრაგედიის ადგილზე ნეონით განათებული სცენის ჩადგმით გაამძაფროს.

ამ ყველაფერში პრობლემური არაფერია. ჩვენ სამომხმარებლო საზოგადოება ვართ და მედიას რასაც და როგორი ფორმითაც ვუკვეთავთ, იმასვე ვიღებთ მისგან. სწორედ ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ფაქტობრივად მცირე დოზის პროტესტიც კი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში ქართული მედიასაშუალებები არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების ცხედრების ახლო რაკურსიდან გადაღებასა და ტირაჟირებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ეს ყველაფერი პირველად არ მომხდარა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადამიანის სიკვდილს უკავშირდება, ქართულ მედიაში აუცილებლად გვამის ან სისხლით მოსვრილი სიკვდილის სცენის ჩვენებას გულისხმობს. მაგრამ პრობლემა აქაც არ არის. პრობლემა მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ადამიანური ტრაგედიის ვულგარიზება ხდება.

ტრაგედიის ვულგარიზებაში ერთმანეთს, როგორც წესი, რამდენიმე ტოკ-შოუ უწევს ხოლმე კონკურენციას. ამჯერადაც ქართველ ტელემაყურებლებს სამი დიდი ჟურნალისტის (გია ჯაჯანიძის გამოკლებით) შემოქმედებას შორის შეგვეძლო არჩევანი გაგვეკეთებინა. ეკა ხოფერიას, მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები ის გადაცემები იყო, რომლებშიც, სავარაუდოდ, მეკობრულად მისაკუთრებული ჰოლივუდური კინოს მუსიკა და უხარისხო ვიდეო ეფექტები არ დაიშურეს, რათა ისედაც უმძიმესი ტრაგედია კიდევ უფრო გაემძაფრებინათ.

ამ სამიდან ნანუკა ჟორჟოლიანი ყველაზე ყოჩაღი აღმოჩნდა. ის რეზინის ბოტებით პირდაპირ შემთხვევის ადგილას გაიქცა და ნეონით განათებულ სცენაზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემომდგარი კოლეგებისგან განსხვავებით, ჯერ ტალახებში იარა, შემდეგ კი პირდაპირ ჰიპოპოტამის გალიაში ჩაძვრა. მაიამ და ეკამ კი ყველაფერს ისევ მშობლიური სტუდია ამჯობინეს. იმ განსხვავებით, რომ თუ ეკა ხოფერიას რუსეთში გადახვეწილი ჩვენთვის უცნობი “ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების” აზრები გვასმენინა, მაიამ, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ დაზარალებული ოჯახი და ბავშვები (!!!) მოიყვანა სტუდიაში და იმ უბედურებაზე ალაპარაკა, რაც მათ დაემართათ.

სამივე შოუს ერთი რამ ჰქონდა საერთო - ჭირისუფლებთან ჩაწერილი ჰოლივუდური მუსიკით გაფორმებული ინტერვიუები. სწორედ აქ დგება ეთიკის საკითხი. მსგავსი დრამატურგია ცინიკურს ხდის იმ სამძიმარსაც კი, რომელსაც დაღუპულის ოჯახებს უცხადებენ ტელევიზიები და შოუების წამყვანები.

დასასრულ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ზემოთხსენებული შოუები დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობენ, მაგრამ სანამ მათი მთავარი არგუმენტი საკუთარი რეიტინგია, ჩვენ ჩუმად ვართ და არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ რომ არ გვინდა ადამიანების ცხედრების ნახვა ტელევიზიით. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ისედაც გვჯერა და გვესმის იმ ტრაგედიის სიმძიმე და მნიშვნელობა, რომელიც თბილისში 13 ივნისის ღამეს დატრიალდა.
კატეგორია: ბლოგი
დაღუპული ადამიანების პირადი ცხოვრება, დახოცილი ცხოველების ფოტოები, სტიქიის, ქაოსის და პანიკის ამსახველი ვიდეოკადრები - ტელემედია თბილისის წყალდიდობიდან რამდენიმე დღის შემდეგაც მონდომებით აგრძელებს აუდიტორიის დაზაფვრას... კადრებს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სენტიმენტალური მუსიკა სძენს...

სტიქიის ღამეს პროფესიონალი ოპერატორებისა თუ მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ყველა მძიმე კადრი, რომელიც მანამდე საინფორმაციო გამოშვებებშიც არაერთხელ ვნახეთ, საგანგებოდ აიკინძა და ერთსა და იმავე ადამიანებზე და ისტორიებზე მომზადებული შოუ ზედიზედ ორჯერ - ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანის, შემდეგ კი მაია ასათიანის გადაცემებში ვნახეთ.

უნდა ვაღიაროთ, ქართული ტელეშოუების ავტორებს, ისე როგორც არავის არსად - შეუძლიათ, ჭირისუფლებისგან ინტერვიუს აღება და სასახლეზე დამხობილი დედის მოთქმა-გოდების ჩვენება: “დამეხმარეთ, დედა... ვიცი, რომ მკვდარია, ცოცხალს არ ვთხოულობ, ოღონდ მკვდარი მიპოვეთ...”

შოუს შემქმნელების ყურადღების მიღმა არც ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სევდიანი წერილი დარჩა - წერილი გამოთქმით, და სრულად, ყველა სატელევიზიო შოუს ეთერში წაგვიკითხეს.

გარდაცვლილების შესახებ ყველაფერი გავიგეთ: სად დაიბადნენ, რა პირობებში იზრდებოდნენ, სად ცხოვრობდნენ, რა უყვარდათ, რაზე ოცნებობდნენ და სიცოცხლის ბოლო წუთებში ვის და რაზე ელაპარაკებოდნენ.



ამ ისტორიებს ყველაზე მხატვრულად “პროფილი” გვიჩვენებს.

“ჩვენ გვინდოდა საზოგადოებას უკეთ გაეცნო ის ადამიანები, რომელთა შესახებ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ვხედავთ მათ ფოტოებს, მაგრამ არაფერი ვიცით მათ შესახებ”, -ამბობს ასათიანი და ამ ცოდნის დეფიციტს ავსებს.

“მომიყევით რა, იმ ღამით რა მოხდა” - ასეთი შეკითხვით იწყებს “პროფილის” წამყვანი სტიქიას გადარჩენილ ადამიანებთან საუბარს და ისინიც ყვებიან...

ყვებიან, როგორ დარბოდა აბობოქრებულ მდინარეში დარჩენილ სახლში მყოფი კაცი ოთახიდან ოთახში და როგორ ითხოვდა შველას, ყვებიან როგორ მიჰქონდა მოვარდნილ ღვარცოფს მათი ახლობელი ან სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლე, სახლები, მანქანები და წლების განმავლობაში დაგროვებული ქონება.

სტიქიის ეპიცენტრში მოხვედრილი და სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები “პროფილის” სტუდიაში დაუჯერებელ ამბებს ყვებიან. თან ტირიან. მათთან ერთად ტირის მაყურებელიც - შიშველ ემოციებზე და გრძნობებზე თამაში ხომ ქართულ ტელეშოუებს ყველაზე ბანალურ შემთხვევებშიც კი კარგად გამოსდით.

სტიქიის მსხვერპლთა თითქმის “პროფილური” პორტრეტები შექმნა საკუთარ შოუში ეკა ხოფერიამაც.

“ქრონიკის რეპორტიორებს რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მძიმე ამბების გაშუქება გვიხდება, თუმცა ამ ამბებში ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის განსაკუთრებით მძიმე სწორედ ივლიტა ჯიბუტის ტრაგედია აღმოჩნდა”, - ამბობს ჟურნალისტი და ივლიტას და მასთან ერთად გარდაცვლილი მისი მეგობრის, მარიამ ქუთელიას, შესახებ გვიყვება. გვიყვება ივლიტას და მისი მეუღლის “ლამაზი სიყვარულის ისტორიაზე”, ქორწილზე, ამ ქორწილის შესახებ რომელიღაც მედიასაშულებაში გამოქვეყნებულ სტატიაზე, ქორწილის მოსაწვევებზე და გარდაცვლილ გოგონაზე ამ გაზეთის ჟურნალისტების, მეგობრების და ლექტორის ცრემლნარევ შეფასებებზე.

ინფორმაცია უწვრილმანესი ნიუანსების შესახებაც კი მივიღეთ. პროზექტურაში ინდირა ზარანდია თურმე მისმა შეყვარებულმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა ამოიცნო. “ეს არის ყელსაბამი, რომელიც ირაკლიმ აჩუქა, შეყვარებულმა და ამით ამოიცნო, სახეზე ტალახები ჰქონდა”, - გვიყვება გარდაცვლილის ახლობელი და ინდირას კუთვნილ საათს და ყელსაბამს გვიჩვენებს.

ისიც გავიგეთ, რომ მძიმე დაზიანებების გამო განსაკუთრებით გართულდა მარიამ ქუთელიას ამოცნობა. ცხედრის ამოცნობის დეტალების შესახებ ოჯახის ახლობელი მოგვითხრობს: “პირველად შეიყვანეს და და მონიტორზე აჩვენეს მარის სახე. სახე იმდენად შეშუპებული, დალაქავებული და ტალახში ამოსვრილი იყო, სახე არ ჰქონდა თავისი... დედამ მოიკრიბა ძალა, თქვა, მე შევალ და მე ვიცნობ ჩემს შვილსო... შევიდა და თავისი შვილი ამოიცნო ფეხის თითებით...”.

არ ვიცი, როგორი რეიტინგები დადეს ადამიანური ტრაგედიებით შექმნილმა ამ გადაცემებმა და მათმა წამყვანებმა...ალბათ, მაღალი...

საქართველოში უყვართ სხვის, მათ შორის გარდაცვლილთა ცხოვრებაზე და პირად, ძალიან ინტიმურ დეტალებზე საუბარი. ალბათ, მომავალშიც ეყვარებათ, მანამ, სანამ, მედია პრობლემის არსზე საუბარს გაექცევა და იოლი გამოსავალის სახით, იაფფასიან შოუს დადგამს.

არა ვარ დარწმუნებული, რომ ინდირას, მარიამს ან სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაიას, ნანუკას და ეკას შოუში მათი ცხოვრების და ცხედრების მდგომარეობაზე ასეთი დაწვრილებითი საუბარი აუცილებლად მოეწონებოდა.

აქვე, რამდენიმე პროფესიული სტანდარტი, მსგავსი საკითების გაშუქების შესახებ:

"ნურასოდეს გამოიყენებთ პირად ტრაგედიას ბოროტად . პატივი ეცით იმ ადამიანების გრძნობებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, განსაკუთრებით, სხვადასხვა კატასტროფებისა და კატაკლიზმების შედეგად . როცა კი შესაძლებელია, მოერიდეთ მსხვერპლთა ან მათი ოჯახების ფოტოების ან ვიდეომასალის ახლო ხედით ჩვენებას" – ჯანდაცვის საკითხებზე კომუნიკაციის ევროპული ქსელი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი51.: „მაუწყებლმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის".
კატეგორია: ბლოგი
01 საათი და 30 წუთია. სახლში ვეღარ ვჩერდები. ასეთ დროს სახლში არასოდეს ვმჯდარვარ. ყოველთვის ვცდილობდი მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას ჩემს ჯგუფთან ერთად. დღეს კი ტელევიზორს მივშეტერებივარ იმ იმედით, რომ რამეს გავიგებ. არც ერთ არხზე არაფერია. ალბათ, რაღაც საშინელება ხდება და თან მასშტაბური. ეტყობა, მზად არ იყვნენ ან ვერ ახერხებენ ეთერის დაწყებას.

1 საათი და 40 წუთი...უნდა წავიდე... მართალია, არც ერთ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ რამეს მაინც გავიგებ და სოციალურ ქსელში დავწერ. ყველას აინტერესებს რა ხდება, მინდა ინფორმაცია გავავრცელო, სანამ ტელევიზიები სპეციალურ გამოშვებას დაიწყებენ. სახლიდან ზოოპარკამდე მანძილი 10 წუთში გავირბინე. ზოოპარკის მაგივრად ტბა დამხვდა. ცხოველების ღმუილი და ხალხის ყვირილი ერთმანეთში ირევა. კადრების გადაღება მინდა, მაგრამ ტელეფონი ამის საშუალებას არ მაძლევს, არაფერი ჩანს. ასე ჩავწერე ჩემი პირველი ვიდეო, სადაც იმის აღწერა ვცადე, რაც იმ წუთას ხდებოდა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასროლა... ვეფხვი მოკლეს. პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე ... და ცოტა ხანში, ჩემი პერსონალური „სპეციალური გამოშვება“ მაქვს ფეისბუკზე.

ვიცოდი, რომ ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ჩემს ფეისბუკ გვერდს. ისიც ვიცოდი, რომ ბევრი ჩემი საშუალებით იგებდა გარკვეულ ინფორმაციას. თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ვიდეოების ნახვების რაოდენობა 80 000–მდე იქნებოდა. როგორც ჩანს, იმ ღამეს „რეიტინგით“ ტელევიზიებსაც გავასწარი. გეფიცებით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ ამბების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია ჩემი ასეთი „რეიტინგულობა“.

იმ ღამეს ყველა ჩემი კოლეგა ჩემზე გაცილებით უფრო აქტიურად და „გმირულად“ მუშაობდა. თუმცა, სწორედ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, უმეტესობამ, როგორც ჩანს, დროულად ჯერ სამსახურამდე და მერე ეპიცენტრამდე მისვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მასალების არქონის გამო ვერ მოხერხდა ეთერში სპეციალური გამოშვებებით გასვლა. მე კი იქვე ახლოს ვცხოვრობ, არც სამსახურში მისვლის აუცილებლობა მქონდა და არც ოპერატორს არ ველოდი. შესაბამისად, ოპერატიულობის მხრივ უპირატესობა ჩემ მხარეს იყო.

ჩემი მუშაობის დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ერთადერთი იმას გეტყოდით, რომ, როგორც ჩანს, თუ კამერით არ ხარ გადაღებაზე, სამართალდამცველებს მაინც უჭირთ შენი ჟურნალისტად აღქმა. აქ გაცილებით უფრო საინტერესო ეგრეთ წოდებული „ახალი მედიაა“, რომლის კარგი მაგალითიც ჩემი „რეპორტაჟებია“.

იმ ღამეს აღმოჩნდა, რომ ჩემი ფეისბუკ გვერდი ინფორმაციის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამ დღემდე ამ ეგრეთ წოდებულ „ახალ მედიასთან“ ასეთი აქტიური შეხება არასოდეს მქონია. სიმართლე გითხრათ, მომეწონა. თანაც ძალიან. არის მასში რაღაც განსხვავებული და საინტერესო. შენ ხარ შენი თავის პროდიუსერიც, შენი არხის დირექტორიც, ოპერატორიცა და ჟურნალისტიც. აუცილებელი არ არის, რომ იყო პროფესიონალი ჟურნალისტი. ახალი მედია დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია იყოს „ მოქალაქე ჟურნალისტი“. ამას თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პატარა ან დიდი მინუსი აქვს. ისეთი „არატრადიციული“ რეპორტაჟის დროს, როგორიც მე მქონდა, ძალზედ დიდი სიფრთხილე გმართებს. ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოების რაოდენობა გამოქვეყნებულს ორჯერ აღემატებოდა. მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა ამბის შესაბამისი კადრი ვერ აჩვენო, ძნელია ინფორმაციის გადამოწმებაც და შესაბამისად, გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს.

ამ ბლოგის წერისას ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ დამეწყო და დამესრულებინა. ბოლოს გადავყვიტე, რომ გუშინ მომხდარი ერთი პატარა ამბით დავასრულო.

16 ივნისი. საღამოს 6 საათი. ფილარმონიასთან ბავშვებს ვასეირნებ და სიამაყით ვუყურებ როგორ მოდიან გმირთა მოედნიდან ტალახში ამოსვრილი ახალგაზრდები. უცებ ერთი გოგო მომიახლოვდა:

– თქვენ ხართ?

– ვინ მე?

– აი, ვიდეოებს ვინც დებდა ფეისბუკზე ზოოპარკთან.

კი, მე ვარ-მეთქი ვუპასუხე და გავიღიმე. – თქვენ გმირი ხართ – ეს მითხრა და გადამეხვია.

გავშრი. პატარა გოგონა, რომელიც სტიქიის ადგილას მოხალისედ მუშაობდა, მე მეუბნება რომ გმირი ვარ?! შემრცხვა. მე არ ვიცი, ვინ იყო ეს გოგონა. არც მისი სახელი ვიცი. გული მწყდება რომ ვერაფერი ვუთხარი. არადა სიამოვნებით შევუბრუნებდი სიტყვას – „გმირობა თქვენკენ მოიკითხეთ...მე ერთი რიგითი ჟურნალისტი ვარ.“

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კატეგორია: ბლოგი
რამდენიმე წლის წინ ტელეეთერში გადაცემა „პროფილის“ გამოჩენამ მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევდა, რომ გადაცემა მდარე პროდუქტს აჩვევდა მაყურებელს, ნაწილს - წამყვანის კითხვები და რეაქციები აღიზიანებდა. მოგვიანებით პროტესტი ჩაცხრა - ხალხი მიეჩვია.

„პროფილი“ მაშინ პირველი იყო. შემდეგ სხვა მსგავსი გადაცემებიც გაჩნდა. გადაცემები, რომლებშიც არანაკლები სიცხარით მსჯელობენ ყვითელზე ყვითელ თემებზე და ერთმანეთზე ძლიერი სიშმაგით ცდილობენ მაყურებლის გაოცებას - გამოსდით კიდეც.

თუ ერთ შოუში ვიღაც “coming out“-ს გააკეთებს, მეორე მისი პარტნიორის ინტერვიუს შემოგვთავაზებს, თუ ერთი წამყვანი დაინტერესდება, არის თუ არა რესპონდენტი ბოზი, მეორე თინეიჯერს ჰკითხავს, ჰქონია თუ არა ოდესმე სექსი. ერთი თუ 12 წლის ორსულზე რეპორტაჟს მოამზადებს, მეორე - გადაცემაში მოიყვანს და ასე უსასრულოდ.

მაყურებელიც გაოცებას, გაოგნებას და აღშფოთებას გამოხატავს -თანმიმდევრულად და ეფექტურად ან იმდენად ინდიფერენტული ხდება, რომ გაშიშვლებულ სტუმარზეც კი აღარ აქვს რეაქცია. (აკი, ეთერში ასეთი შემთხვევაც გვქონია...)

სიყვითლე ტირაჟისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიყვითლე ყველგან იყიდება და დიდი რეიტინგი აქვს, თუმცა ამ პუბლიკაციის თემა ეს სულაც არ გახლავთ. თემა ის შოუა, რომელსაც ჩვენი გასართობი გადაცემები რიგითი მოქალაქეების პირად ტრაგედიებზე დგამენ. შემთხვევებზე, რომლებზეც საჯაროდ ადამიანები მხოლოდ უკანასკნელი იმედის გადაწურვის შემდეგ საუბრობენ, როდესაც იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯით გასაჭირს „მომგვარებლებამდე“ მიიტანენ..

ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეთერში და-ძმა გაუპატიურებული დედის შემთხვევაზე ყვება და ამბობს, რომ ციხიდან გამოსული დამნაშავე საზოგადოებისთვის კვლავ საშიში იქნება, ეს არის მიზეზი, რის გამოც შვილმკვდარი დედა თავის ამბავს გვიამბობს, რის გამოც პედოფილიის მსხვერპლი ხუთი წლის ბავშვის დედა ეთერში მიდის... ამ ადამიანებს შედეგი სურთ და ჰგონიათ, რომ სახალხოდ გამოთქმული საყვედურით გამომძიებელი უკეთ ამუშავდება, დამნაშავეს შერცხვება, დანაშაულზე ხელის დამფარებელს გული აუჩუყდება, სინამდვილეში კი გაუაზრებლად აღმოჩნდებიან ხოლმე გადაცემის მესვეურთა მსხვერპლნი, რადგან მათი პირადი ტრაგედიებით ისინი შოუს დგამენ და ცდილობენ, პირად და ინტიმურ ამბებზე რაც შეიძლება დეტალურად მოაყოლონ, რეალური პრობლემის განხილვის ნაცვლად - სკანდალური შოუ გამართონ და საოცნებო რეიტინგი ამ გზით აიმაღლონ.

„ეს უკვე სხვა გადაცემის ფორმატია, ეს ის დეტალებია, რომელსაც, ალბათ, უფრო, საინფორმაციო გამოშვევები გაარკვევენ, მე მეგონა, ბავშვის პრობლემების შესახებ უფრო მეტი ეცოდინებოდა ოჯახის წევრებს“, - ასე აწყვეტინებს შვილმკვდარ დედას ერთ-ერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი სიტყვას, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს, გამოძიებას კიდევ ერთხელ, ამჯერად - ტელეეთერიდან მიმართოს და შვილის თვითმკვლელობის საკითხის შესწავლაში დახმარება სთხოვოს...



მედიამ კარგად იცის, რომ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, არაფრისმომცემია ეჭვმიტანილის დაუძლურებული მამის ეთერში ჩართვა, თუმცა ამას მაინც აკეთებს - მაყურებელს კაცის მორალური განადგურებით „შეკაზმულ“ შოუს სთავაზობს და იცის, გადაცემის ბოლოს კონკურენტებთან რეიტინგით იამაყებს.

ჟურნალისტებმა ისიც იციან, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ სტუმარს რეიტინგისთვის სასურველ კითხვებს დაუსვამენ. ასე ეკითხებიან 19 წლის ბიჭს, ჰქონია თუ არა სექსი. მოგვიანებით ატეხილ აჟიოტაჟს კი მედგრად იგერიებენ არგუმენტით, რომ რესპონდენტი ტელევიზიაში დაასაქმეს და ოპერაციას გაუკეთებენ.

რატომ მანიპულირებენ ჟურნალისტები ადამიანური ტრაგედიებით? გადაცემის რეიტინგი - ეს მთავარი არგუმენტია, რომელიც მათ პირველობის გარანტიას აძლევს, კრიტიკოსებს აჩუმებს, სტუდიაში მისულ შოუს გმირებსა და სეირის მოყვარულ მაყურებელს კი კმაყოფილს ტოვებს. გაშუქების ამგვარი ფორმა მეორეხარისხოვანს ხდის იმ პრობლემას, რომელიც ადამიანებს ეთერში მისვლას და მის საჯაროდ მოყოლას აიძულებს.