ქალის მკვლელობის მოტივის ძიებაში დაკარგულნი, ანუ მედია, როგორც მტყუან-მართლის გამრჩევი
16.10.2019
11 ოქტომბერს ხაშურში 32 წლის მამაკაცმა 30 წლის ყოფილი მეუღლე იარაღის კონდახით სასიკვდილოდ სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ექიმებმა დაზარალებულის გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამბავი იმავე დღეს ყველა საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა და აქტუალურობა მომდევნო დღეებშიც შეინარჩუნა. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა, მედიამ ცდუნებას ვერც ახლა გაუძლო და ქალის მკვლელობის მოტივის ძიება საქმის არსის მცოდნე ისეთ “კომპეტენტურ” სუბიექტებთან დაიწყო, როგორებიც მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეზობლები არიან.

თავი განსაკუთრებით ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა გამოიჩინეს, მკვლელობის ადგილზე რამდენჯერმე ჩავიდნენ და მკვლელობის სავარაუდო მოტივის იმდენი ვერსია შემოგვთავაზეს, რამდენი მოხალისეც ნახეს.

მათ მიერ თემაზე მომზადებული მასალებიდან მოვისმინეთ ტექსტები, რომ ნათესავები ბრალდებულს წესიერ ადამიანად ახასიათებენ და რომ მათთვის, “ის რაც ხაშურში დატრიალდა” რთულად წარმოსადგენია. გავიგეთ ისიც, რომ ბრალდებულის მეზობლები და ახლობლები მომხდარში თავად მოკლულს ადანაშაულებენ და მკვლელობისკენ წამქეზებლად სწორედ მას ასახელებენ.

ერთ-ერთი ჩართვის დროს ჟურნალისტმა ისიც თქვა, რომ, თურმე, “სასტიკი მკვლელობის საქმე კიდევ უფრო საინტერესო” გახდა, რაც ბრალდებულის მამის მიერ მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო მიტოვად მესამე პირის, მოკლულის სავარაუდო მეგობარი მამაკაცის დასახელებაში გამოიხატა.

ბრალდებულის მამის პარალელურად, დის ვერსიაც მოვისმინეთ, რომელიც ასევე ძმის საქციელისთვის გამართლების მოძებნას ცდილობს და ამბობს, რომ მის ძმას გარდაცვლილმა მისივე მოკვლისკენ თავადვე უბიძგა. უფრო ზუსტად კი, მისმა საქციელმა, რომელიც რამდენიმე წლის დაშორებული ყოფილი ქმრისთვის მიუღებელი და უფრო მეტიც, ღირსების შემლახავი აღმოჩნდა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, მოკლულს უბრალოდ პირადი ცხოვრება ჰქონდა, რომელიც ყველა ლოგიკური მსჯელობით არც მისი ყოფილი მეუღლის, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის, თუ მეზობლის, მით უფრო, არც ჟურნალისტის თავისტკივილი და ინტერესის საგანი უნდა ყოფილიყო.

მედიის მხრიდან პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ამით არ დასრულდა. ჟურნალისტებმა არ დაიზარეს და ბრალდებულის ოჯახის წევრების “მძიმე ბრალდებები” უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გადაამოწმეს. მივიდნენ და პირდაპირ ჰკითხეს ჰყავდა თუ არა მოკლულს მეგობარი მამაკაცი ან თუ აკითხავდა ვინმე, თითოქოს ეს ჩადენილს ან რაიმე ფორმით ამართლებს ან ბრალდებულის სასჯელს და მდგომარეობას რამენაირად ამსუბუქებს. ამასთან, მედიის მხრიდან აღნიშნული “სასტიკი მკვლელობის საქმეში მესამე პირის გამოჩენად” შეიფუთა.

ოჯახის წევრების შემდეგ, მეზობლების ჯერიც დადგა. მედიის მიერ მოწოდებული მოწოდებულ კომენტარებში ისინი მკვლელობაში ბრალდებულის მისამართით არც საქებარ სიტყვებს იშურებენ და მის ნამოქმედარს “აფექტური” მდგომარეობით ამართლებენ. ერთ-ერთი მათგანი უფრო შორსაც წავიდა, ოჯახში ქალისა და კაცის როლები ზედმიწევნით გაგვიხსენა და თან გაგვაფრთხილა, რომ როდესაც “ქალი კაცის წინ ტლკინებს”, მერე იმ ქალს რაღაც აუცილებლად მოხვდება.

იმ ფონზე, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე რამდენიმე ათეული ქალი მოკლეს და კიდევ უფრო მეტს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მედიას მსგავსი თემების გაშუქებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება და წინდახუდულობა მართებს. მნიშვნელოვანია, რომ თემა ისეთი რაკურსით არ გაშუქდეს, რაც მომხდარ ძალადობას ან მკვლელობას რაიმე ფორმით გაამართლეს ან თუნდაც ახსნას მოუძებნის.

ასევე, დაუშვებელია ამბის იმგვარ დისკურსში გაშლა, რომელიც საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს. მსგავსი მსჯელობა არც არსებული პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს და ვერც მის პრევენციას ახდენს. პირიქით, ისედაც კარგად ფესვგამდგარ პატრიარქალურ საზოგადოებაში მსგავს ფაქტებს კიდევ უფრო ახალისებს და მოტივაციას ჰმატებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ “მედიამ არათუ ხელი უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას”. ამავე წესების მიხედვით, ჟურნალისტური მასალა არ უნდა აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებებს ქალისა და კაცის როლის შესახებ.

“სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესამაბისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.

მედიის მხრიდან სტერეოტიპების არგაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი თიკო ცომაიაც. მისი შეფასებით, მედიას ამბის პრეფესიონალურ დონეზე გაშუქების ვალდებულება აქვს, რაც უპირველეს ყოვლისა, “მონაცემებზე და ცოდნაზე დაფუძნებულ გაშუქებას, სენსაციის უკან გადადებას, ასევე მეზობლების და ახლობლების დაუდასტურებელი, ემოციური შეფასებების გამოყენებისგან თავის არიდებას” გულისხმობს.

იგი კონკრეტული ამბის კონტექსტის გააზრების ვალდებულებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ისეთი მგრძნობიარე თემის გაშუქებისას, როგორიც ფემიციდია, საკმარისი მხოლოდ ამბის თხრობა არ არის და კონტექსტის გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ტრავმის გაშუქება უნდა მოხდეს ისე, რომ არ ავნოს ადამიანებს. ასევე მოთხრობილი ამბავი საუკეთესო ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს, სადაც საკითხის სიღრმე, სხვადასხვა მიმართულება და პრობლემა იქნება გამოხატული”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

მედიის მიერ სტერეოტიპებისგან და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალებისგან დაცლილი შინაარსის გავრცელების მნიშვნელობაზე მიუთთებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძეც. იგი ამბობს, რომ “მედიამ უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია, რომელიც მან დაამუშავა და გადასცა საზოგადოებას, იყო აუცილებელი და არ იყო ზიანის მომტანი, რომელიმე მხარისთვის”.

მისი შეფასებით, ხაშურში მომხდარი ტრაგედია მედიამ, სტერეოტიპულად და პერსონალური დეტალების გამძღავნებით გააშუქა და რომელიმე მათგანის თავიდან არიდება არ უცდია, რაც “მედიასტანდარტებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად დაუშვებელია”.

“სტერეოტიპებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიამ სტერეოტიპების მავნე გავლენა უნდა აჩვენოს და არა უკრიტიკოდ გაატაროს იგი და საზოგადოებას ისე მიაწოდოს. რაც შეეხება პირად ინფორმაციას, აქ დისკუსიაც ზედმეტია, დაუშვებელია ამგვარი ინფორმაციის გავრცელება. ამ თვალსაზრისით მედიამ აჩვენ საკმაოდ დაბალი სტანდარტი და ეს, სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა.”, - ამბობს იგი.

ანა აბაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიას საკუთარი როლი კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული. უფრო კონკრეტულად კი, ის, რომ მას არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ მავნე ტრადიციებისა და სტერეოტიპების ნგრევა ევალება. “მისი საქმიანობა ნებსით თუ უნებლიეთ არ უნდა იყოს კონტრპორდუქტიული და არ უნდა უწყობდეს ხელს სტერეოტიპების კვლავ წარმოებას”, - განმარტავს იგი.

თეგები : ტრაგედიების გაშუქება ;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ