19.06.2015
სტიქიის ღამეს პროფესიონალი ოპერატორებისა თუ მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ყველა მძიმე კადრი, რომელიც მანამდე საინფორმაციო გამოშვებებშიც არაერთხელ ვნახეთ, საგანგებოდ აიკინძა და ერთსა და იმავე ადამიანებზე და ისტორიებზე მომზადებული შოუ ზედიზედ ორჯერ - ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანის, შემდეგ კი მაია ასათიანის გადაცემებში ვნახეთ.
უნდა ვაღიაროთ, ქართული ტელეშოუების ავტორებს, ისე როგორც არავის არსად - შეუძლიათ, ჭირისუფლებისგან ინტერვიუს აღება და სასახლეზე დამხობილი დედის მოთქმა-გოდების ჩვენება: “დამეხმარეთ, დედა... ვიცი, რომ მკვდარია, ცოცხალს არ ვთხოულობ, ოღონდ მკვდარი მიპოვეთ...”
შოუს შემქმნელების ყურადღების მიღმა არც ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სევდიანი წერილი დარჩა - წერილი გამოთქმით, და სრულად, ყველა სატელევიზიო შოუს ეთერში წაგვიკითხეს.
გარდაცვლილების შესახებ ყველაფერი გავიგეთ: სად დაიბადნენ, რა პირობებში იზრდებოდნენ, სად ცხოვრობდნენ, რა უყვარდათ, რაზე ოცნებობდნენ და სიცოცხლის ბოლო წუთებში ვის და რაზე ელაპარაკებოდნენ.
ამ ისტორიებს ყველაზე მხატვრულად “პროფილი” გვიჩვენებს.
“ჩვენ გვინდოდა საზოგადოებას უკეთ გაეცნო ის ადამიანები, რომელთა შესახებ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ვხედავთ მათ ფოტოებს, მაგრამ არაფერი ვიცით მათ შესახებ”, -ამბობს ასათიანი და ამ ცოდნის დეფიციტს ავსებს.
“მომიყევით რა, იმ ღამით რა მოხდა” - ასეთი შეკითხვით იწყებს “პროფილის” წამყვანი სტიქიას გადარჩენილ ადამიანებთან საუბარს და ისინიც ყვებიან...
ყვებიან, როგორ დარბოდა აბობოქრებულ მდინარეში დარჩენილ სახლში მყოფი კაცი ოთახიდან ოთახში და როგორ ითხოვდა შველას, ყვებიან როგორ მიჰქონდა მოვარდნილ ღვარცოფს მათი ახლობელი ან სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლე, სახლები, მანქანები და წლების განმავლობაში დაგროვებული ქონება.
სტიქიის ეპიცენტრში მოხვედრილი და სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები “პროფილის” სტუდიაში დაუჯერებელ ამბებს ყვებიან. თან ტირიან. მათთან ერთად ტირის მაყურებელიც - შიშველ ემოციებზე და გრძნობებზე თამაში ხომ ქართულ ტელეშოუებს ყველაზე ბანალურ შემთხვევებშიც კი კარგად გამოსდით.
სტიქიის მსხვერპლთა თითქმის “პროფილური” პორტრეტები შექმნა საკუთარ შოუში ეკა ხოფერიამაც.
“ქრონიკის რეპორტიორებს რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მძიმე ამბების გაშუქება გვიხდება, თუმცა ამ ამბებში ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის განსაკუთრებით მძიმე სწორედ ივლიტა ჯიბუტის ტრაგედია აღმოჩნდა”, - ამბობს ჟურნალისტი და ივლიტას და მასთან ერთად გარდაცვლილი მისი მეგობრის, მარიამ ქუთელიას, შესახებ გვიყვება. გვიყვება ივლიტას და მისი მეუღლის “ლამაზი სიყვარულის ისტორიაზე”, ქორწილზე, ამ ქორწილის შესახებ რომელიღაც მედიასაშულებაში გამოქვეყნებულ სტატიაზე, ქორწილის მოსაწვევებზე და გარდაცვლილ გოგონაზე ამ გაზეთის ჟურნალისტების, მეგობრების და ლექტორის ცრემლნარევ შეფასებებზე.
ინფორმაცია უწვრილმანესი ნიუანსების შესახებაც კი მივიღეთ. პროზექტურაში ინდირა ზარანდია თურმე მისმა შეყვარებულმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა ამოიცნო. “ეს არის ყელსაბამი, რომელიც ირაკლიმ აჩუქა, შეყვარებულმა და ამით ამოიცნო, სახეზე ტალახები ჰქონდა”, - გვიყვება გარდაცვლილის ახლობელი და ინდირას კუთვნილ საათს და ყელსაბამს გვიჩვენებს.
ისიც გავიგეთ, რომ მძიმე დაზიანებების გამო განსაკუთრებით გართულდა მარიამ ქუთელიას ამოცნობა. ცხედრის ამოცნობის დეტალების შესახებ ოჯახის ახლობელი მოგვითხრობს: “პირველად შეიყვანეს და და მონიტორზე აჩვენეს მარის სახე. სახე იმდენად შეშუპებული, დალაქავებული და ტალახში ამოსვრილი იყო, სახე არ ჰქონდა თავისი... დედამ მოიკრიბა ძალა, თქვა, მე შევალ და მე ვიცნობ ჩემს შვილსო... შევიდა და თავისი შვილი ამოიცნო ფეხის თითებით...”.
არ ვიცი, როგორი რეიტინგები დადეს ადამიანური ტრაგედიებით შექმნილმა ამ გადაცემებმა და მათმა წამყვანებმა...ალბათ, მაღალი...
საქართველოში უყვართ სხვის, მათ შორის გარდაცვლილთა ცხოვრებაზე და პირად, ძალიან ინტიმურ დეტალებზე საუბარი. ალბათ, მომავალშიც ეყვარებათ, მანამ, სანამ, მედია პრობლემის არსზე საუბარს გაექცევა და იოლი გამოსავალის სახით, იაფფასიან შოუს დადგამს.
არა ვარ დარწმუნებული, რომ ინდირას, მარიამს ან სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაიას, ნანუკას და ეკას შოუში მათი ცხოვრების და ცხედრების მდგომარეობაზე ასეთი დაწვრილებითი საუბარი აუცილებლად მოეწონებოდა.
აქვე, რამდენიმე პროფესიული სტანდარტი, მსგავსი საკითების გაშუქების შესახებ:
"ნურასოდეს გამოიყენებთ პირად ტრაგედიას ბოროტად . პატივი ეცით იმ ადამიანების გრძნობებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, განსაკუთრებით, სხვადასხვა კატასტროფებისა და კატაკლიზმების შედეგად . როცა კი შესაძლებელია, მოერიდეთ მსხვერპლთა ან მათი ოჯახების ფოტოების ან ვიდეომასალის ახლო ხედით ჩვენებას" – ჯანდაცვის საკითხებზე კომუნიკაციის ევროპული ქსელი.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი51.: „მაუწყებლმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის".