კატეგორია: საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში მაუწყებლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მედიაბაზარზე არაერთი ახალი ტელევიზია გაჩნდა, მაუწყებლების ძირითადი ნაწილს ბავშვებისა და მოზარდების აუდიტორია მაინც ყურადღების მიღმა დარჩა.

ტელევიზიების დიდი ნაწილი მათ დროს ან სრულად არ უთმობს და მათზე მორგებულ პროდუქტს არ სთავაზობს ან მხოლოდ ზედაპირული და არა რაიმე კონცეფციასა და სტრატეგიაზე დაფუძნებული მასალებით შემოიფარგლება.

სად ვიპოვოთ საბავშვო გადაცემები?

მაგალითად, ამ სეგმენტისთვის განკუთვნილ მედიაპროდუქტს საერთოდ ვერ შევხვდებით ტელეკომპანიების - „მაესტროს“, „ტვ პირველის“, „კავკასიის“, „რუსთავი 2-ის’, „მთავარი არხისა“ და „პოს ტვ-ის“ სამაუწყებლო ბადეებში.

შემეცნებით-გასართობი ტიპის გადაცემა „ბუკიპედიას“ სთავაზობს ბავშვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“, სადაც ანიმაციური პერსონაჟი ბუ პატარებს დაახლოებით 5 წუთიან ვიდეოში სხვადასხვა ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ უყვება (მაგალითად: საათის შექმნის ისტორია; ყველაფერი ვიკინგებზე; ანიმაციის შექმნის ისტორია და სხვ.). გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის ეთერში პარასკევიდან კვირის ჩათვლით, 17:50 საათზე გადის, გადის, თუმცა გასულ კვირას ის ეთერში ყოველ დღე (გარდა 26 მაისისა) დღის 11:50 სთ-ზე გავიდა.

კვირაობით, ბავშვებსა და მოზარდებზე გათვლილ ორ პროექტს - „საქანელას“ და „ჩათს“ ამზადებს ტელეკომპანია „ფორმულა“. მათგან პირველი საბავშვო სერიალია, რომელიც სკოლის ასაკის მოსწავლეების ყოველდღიურ რუტინასა და თავგადასავლებს აღწერს. „ჩათი“ კი - ტოქშოუს ფორმატის გადაცემაა, რომელსაც მოზარდები მასპინძლობენ და ზრდასრულებთან ერთად მათი თანატოლების წინაშე არსებულ სხვადასხვა პრობლემასა თუ გამოწვევაზე მსჯელობენ. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო გადაცემა ბავშვთა უფლებებსა და ბავშვთა კოდექსზე მსჯელობას დაეთმო.

ბავშვებისთვის გათვლილი გადაცემა - „პატარების დიდი შოუ“ გადიოდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც, თუმცა მისი ბოლო ეპიზოდი 29 მარტს ვნახეთ. გადაცემის მიზანი საზოგადოებისთვის სხვადასხვა გამორჩეული შესაძლებლობისა და უნარის მქონე პატარების გაცნობა იყო. აქ თქვენ ნახავდით - „პატარა ვიზაჟისტს“; „პატარა ნიჩბოსანს“; „პატარა მოჭადრაკე“; „პატარა მათემატიკოსს“, „სწორი კვების პატარა ექსპერტს; „ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს“; „პატარა მომღერალს“; „პატარა კინოლოგს“ და სხვა.

ბავშვებსა და მოზარდებზე გათვლილ გადაცემათა სიუხვით გამოირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. „შაბათ-კვირას“ დღის 11:45 სთ-ზე აქ ქართული საბავშვო ანიმაციური სერიალის „მაშველების“ ნახვაა შესაძლებელი. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 20:00 სთ-ისთვის მაუწყებლის ეთერში გადაცემა „წიგნების თაროს“ დრო დგება. ეს უფროსკლასელთა ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშია, რომელიც ცოდნაში შეჯიბრის პრინციპზეა დაფუძნებული. ბოლო დროს პროექტს სტუდენტური ფორმატიც დაემატა. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეთამაში ადეკვატურად პასუხობს ფორმატს, ამასთან ის მოზარდებსა და ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი ტელე-სკოლა, რომელიც პანდემიის პერიოდში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას შეიქმნა და მისი მიზანი სკოლებს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სწავლების პროცესში დახმარება და ხელშეწყობა იყო. აქ სასკოლო საგნებთან ერთად დრო მოზარდებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობასაც ეთმობა. ბადე ასევე დატვირთულია მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებით.

საბავშვო არხები

გარდა ნაციონალური მაუწყებლებისა, ასევე, საყურადღებოა უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი არხებიც. მაგალითად, არხზე „ბასტი-ბუბუ“ მთელი დღის განმავლობაში გადის გადაცემები ბავშვებზე და მათი მონაწილეობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაცემების უმრავლესობას არ აქვს ზოგადი კონცეფცია და განსაზღვრული ფორმატი. პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა მცირეწლოვან ბავშვებზეა გათვლილი და ისინი შედარებით დიდი ასაკის მოზარდებს მოთხოვნებსა და ინტერესებს არ ეხმიანება.

იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ საბავშვო არხ - „ენკიბენკიზეც“. თუმცა, აქ „ბასტი-ბუბუსგან“ განსხვავებით, ასევე ვხვდებით შემეცნებითი შინაარსის გადაცემებსაც. მაგალითად: „ზღაპრად თქმული ისტორია“, „ლიტერატურული თერაპია“. ის, რომ საბავშვო გადაცემები ტელევიზიების საეთერო ბადეში თითქმის არ გვხვდება, ეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2016 წლის ანგარიშშიც მოხვდა. მაშინ ქარტია წერდა, რომ მაუწყებელთა უმრავლესობას ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამები საერთოდ არ აქვს, საბავშვო გადაცემების ნაწილი კი კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის სხვადასხვა ასაკის ბავშვს მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს არ სთავაზობს და ზოგიერთი მათგანი გენდერულ სტერეოტიპებსაც ამყარებს. ანგარიშის გამოქვეყნებიდან 5 წლისთავზე, ამ მხრივ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა და ბავშვებისა და მოზარდების ინტერესი მაუწყებელთა სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ვერ იქცა. მეტიც, ტელეკომპანიების უმეტესობა მათ დღემდე უგულებელყოფს და დღის წესრიგის მიღმა ტოვებს.

მედიანალიტიკოსის ზვიად ქორიძის თქმით, ბავშვებზე და ბავშვებისთვის გადაცემების შექმნით თავად ტელევიზიებიც დაინტერესებულნი არიან, მაგრამ მათი კეთება არის ძალიან „რთული, დელიკატური“ და ხშირ შემთხვევაში, მაუწყებლები მსგავს ფორმატებს სწორედ ამიტომ „უფრთხიან“. ამიტომაც, მისივე შეფასებით, ტელევიზიები ასეთი შინაარსის უცხოური გადაცემების ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, მას ძირითადად მხოლოდ თარგმნიან და არსებულ რეალობასთან არ არგებენ, რის გამოც „იკარგება ძალიან ბევრი კომპონენტი“ და ის ისეთივე მიმზიდეველი ვეღარ არის, როგორც ეს იმპორტიორ ქვეყანაში იყო.

„ბავშვებზე გადაცემა არ უნდა იყოს მორალისტური და დიდაქტიკური, ბავშვებზე გადაცემა და ბავშვებისთვის გადაცემა უნდა იყოს შემეცნებითი. ეს არის მთავარი დანიშნულება ტელევიზიის“, - უთხრა მან „მედიაჩეკერს“.
კატეგორია: ბლოგი
საზოგადოების გულის, უფრო ზუსტად კი ხმების მოსაგებად წინასაარჩევნოდ ბავშვით ხელში ან მათ ფონზე მოღიმარი პოლიტიკოსები არახალი და უკვე კარგად ნაცადი ხერხია. კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიის ემოციებზე ზუსტად გათვლილი ჟესტი, როგორც წესი კარგადაც ჭრის და ავტორის მიზანიც მიღწეულია - მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა და არჩევნების დღეს შედეგის სახით მის სასარგებლოდ მოხაზულ საარჩევნო ბიულეტენებად დახურდავდა.

მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, დღესაც, ხშირად პოლიტიკოსების მიერ ამ ერთი შეხედვით არცთუ ისე ორგინალური, არითმეტიკული სიზუსტით გათვლილი ხერხის გამოყენებასა და მათი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას ხელს სწორედ მედია უწყობს, კონკრეტულ კადრს ვირუსულად ავრცელებს, არაერთგზის ატრიალებს და ნებსით თუ უნებლიეთ მიზანმიმართული კამპანიის გამტარი ხდება.

ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც მედია ამგვარი პროპაგანდის არათუ უნებლიე მონაწილის როლში, არამედ მის წამახალისებლადაც კი გვევლინება. ამის თვალსაჩინო მაგალითად რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეარხის სოციალური მედიის პლატფორმით გავრცელებული ვიდეოც გამოდგება, რომელშიც გულამოსკვნით მოტირალი მცირეწლოვანი გოგონა ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის გამოუშვებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ციხიდან, რომ მასთან უნდა და სწორედ ამიტომ ტირის.

რამდენიმე დღის წინ, ასევე ერთ-ერთი ტელეკომპანიის სოციალური მედიის პლატფორმის მეშვეობით გავრცელდა ბავშვების მონაწილეობით კიდევ ერთი ემოციური ვიდეო, სადაც ნამახვაჰნესის საწინააღმდეგო აქციაზე მცირეწლოვნები „არა ნამახვანჰესს“ და „გაუმარჯოს საქართველოს შეძახილებით“ მიაბიჯებენ და ხელში შემდეგი შინაარსის საპროტესტო ბანერები უჭირავთ - „წადით, წადით, წადით“, „დაგვიცავი მომავალი თაობა“, „უფალი ჩვენთანაა, ამინ!“.

ეს ერთი შეხედვით უწყინარი, ბევრისთვის ემოციისა და ემპათიის მომგვრელი ვიდეოები პრობლემა, ალბათ, სულაც არ იქნებოდა, ისინი ზრდასრული ადამიანების გააზრებულ სურვილებსა და პროტესტს რომ გამოხატავდნენ და არა მცირეწლოვნების გაუცნობიერებელ განცდებს. ასაკის გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ მათგან რომელიმეს კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია და სიმპათია ჰქონდეს, ან ჰესის მშენებლობის ავკარგიანობა ესმოდეს, მის გარშემო არგუმენტირებული მსჯელობა შეძლოს და კონკრეტულ კამპანიაში ჩართვა მისი ჩამოყალიბებული არჩევანი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხები საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება და ამ თვალსაზრისით მედიას კონკრეტული შეზღუდვები არ აქვს, არასრულწლოვნების სხვადასხვა პოლიტიკური და კამპანიური მიზნებით გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, ამ უკანასკნელს ეთიკური გაშუქების თვალსაზრისით თავისი წილი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება. ის გადაწყვეტილებას ბავშვის ულებების გათვალისწინებით უნდა იღებდეს და მას პირდაპირ თუ ირიბად ამა თუ იმ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტად არ უნდა აქცევდეს.

პოლიტიკურ კამპანიებში ბავშვის, როგორც დეკორაციის გამოყენების პრობლემაზე „მედიაჩეკერი“ ადრეც წერდა. მაშინ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტმა მაია ცირამუამ ამგვარი პრაქტიკა „ბავშვებით მანიპულირებას“ შეადარა და თქვა, რომ ასეთი მცდელობები მედიამ „კადრს მიღმა უნდა დატოვოს“ და მის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

ამასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ბავშვთა საკითხების გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ „ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის, მშობლების მხრიდანაც. ამიტომ მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას“.

„არ შეიძლება ბავშვი გამოყენებული იყოს დაცინვის, ანდა გართობის ობიექტად, „საყვარელ“ არსებად, რომლის ნათქვამსაც არასერიოზულად აღიქვამენ“, - ხაზგასმულია ამავე სახელმძღვანელოში.

ამავე თემაზე ნახეთ:

• მედია, არჩევნები და ბავშვი, როგორც დეკორაცია
კატეგორია: ბლოგი
ალბათ ბევრს გახსოვთ ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი და მისი გადაცემა “поле чудес” ან ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი ამ გადაცემის ქართული ანალოგი “იღბლიანი ბორბალი”, ინტელექტუალურ სატელევიზიო შოუს, “რა, სად, როდისსაც” გაგახსენებთ და სათქმელზე გადავალ.

შინაარსობრივად ამ სრულიად განსხვავებულ გადაცემებს ერთი პატარა შავი ყუთი აერთიანებს. თამაშის პრინციპებიდან გამომდინარე მონაწილემ მასში მოთავსებული ნივთი უნდა გამოიცნოს, ცოტა განსხვავებული ფორმით, მაგრამ მსგავსი შინაარსით. ერთ შემთხვევაში მონაწილეები შავ ყუთში მოთავსებულ ნივთსა და შეთავაზებულ ფულად პრიზს შორის აკეთებენ არჩევანს, მეორე შემთხვევაში კი, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების დასამტკიცებლად, მხოლოდ ამ ნივთის გამოცნობაა საჭირო. ამ შავი ყუთის წარდგენაც მთელი რიტუალია - “შავი ყუთი სტუდიაში” – იტყვის წამყვანი და მისტიური ნივთი სტუდიაში ჩნდება.

ახლა შავი ყუთიდან შავი ხვრელების გამოყენებით გადაცემა“პროფილის” სტუდიაში უნდა მოგახვედროთ და იმ “ტრაგიკული” ისტორიის მოსასმენად მოგამზადოთ, როგორ “დაანგრია” ერთმა ჩვეულებრივმა გზავნილმა 11–წლიანი ოჯახური თანაცხოვრება.

მოემზადეთ, “ქმარი სტუდიაში!”

ქმარი ადგილზეა და მასსა და წამყვანს შორის საუბარი ჩვეულ სტილში იწყება: “თქვენი ოჯახი ერთმა მესიჯმა დაანგრია. მომიყევით, როგორ ნახეთ ეს გზავნილი?”

მთავარი დრამაც აქ ვითარდება. “სახედაბლარული” [სატელევიზიო საქმიანობაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც გამოსახულების დაფარვას გულისხმობს] მამაკაცი იწყებს მოყოლას, როგორ აღმოაჩინა მეუღლის ტელეფონში მამაკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება ტექსტით – “სახლში მიხვედი ჩემო საყვარელო?”, რომელმაც მეულესთან 11– წლიანი ოჯახური თანაცხოვრების ბედი გადაწყვიტა.

“ქმარს სტუდიაში” ყურადღებიდან არც წვრილმანი დეტალები ავიწყდება და დაწვრილებით ყვება, დარეკა თუ არა უცნობ ნომერზე, როგორ აღელდა, როგორ დაამტვრია ტელეფონი, როგორ დაკარგა თავი და ა.შ. აქ ცოტა იბნევა კიდეც, ჯერ ყვება, უცნობ მამაკაცს მშვიდად როგორ ესაუბრა, მერე წამყვანის გაკვირვებულ კითხვაზე: “როგორ არ აღელდით? არ გადამრიოთ!” - სითამამე ემატება და კიდევ ერთი კითხვის შემდეგ - “ფიზიკურად არ დაარტყით?” აღიარებს, რომ ცოლს ფიზიკურადაც შეეხო და დაარტყა კიდეც, თუმცა, მოინანია. ამხელს იმასაც, რომ მკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ გადაიფიქრა. ბოლოს, არც იმის თქმა ავიწყდება, რომ ძალადობა ცუდია და ყველა მამაკაცს დამრიგებლური ტონით მოუწოდებს “მანდილოსანზე ხელი არ ასწიონ”.

ქმარი ყოფილ მეუღლესთან ინტიმური ცხოვრების დეტალებსაც იხსენებს, რომელსაც წამყვანისგან განსხვავებით მე პრინციპულად არ შევეხები, არც დეტალებში შევალ და პირდაპირ დრამის შემდეგ ნაწილზე გადავალ.

უფრო მეტი ეფექტისთვის, კიდევ რაღაც არის საჭირო, ამიტომ “ყოფილი ცოლი სტუდიაში!”

არ შეგეშინდეთ, წამყვანი მანდილის მძიმე ტვირთს საკუთარ თავზე იღებს და ყოფილი ცოლ-ქმრის შუაში ჯდება. წამში “სიმშვიდეც” ისადგურებს. კითხვების დასმისას წამყვანი გადაცემაში ახალ, “პინგ-პონგის” პრინციპს რთავს და მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან: “გემუქრებათ? ემუქრებით? ეკონტაქტებით? გეკონტაქტებათ?”

შემდეგ “ცოლთან სტუდიაში” იმის დაზუსტება იწყება ძალადობდა თუ არა მისი “ახალი მეუღლე” მის შვილებზე, როგორც ამას ბავშვები სასამართლო ჩვენებაში ამბობენ. უარყოფით პასუხის შემდეგ კითხვა ქმართან ინაცვლებს “რას ამბობენ ბავშვები, რა ფორმით ძალადობდა?”

გადაცემიდან ვიგებთ, რომ თურმე ქმარს კიდევ ორი ყოფილი მეუღლე ჰყავდა. ცხადია, წამყვანი მეტი დეტალის დაზუსტების შანსს ხელიდან არ უშვებს და კითხულობს: “ის ოჯახები რატომ დაინგრა? იმათაც გიღალატეს?” ეს კი იმ ფონზე, როდესაც “ყოფილი ცოლი” არაერთხელ ამბობს, რომ მეუღლისთვის არ უღალატია, ახალი გრძნობა მხოლოდ მასთან დაშორების შემდეგ გაუჩნდა. წამყვანი არც დიდაქტიკურ ტონს ივიწყებს და “ცოლს სტუდიაში” ტუქსავს, იმის გამო რატომ არ წამოვიდა ქმრისგან ძალადობის პირველივე შემთხვევის შემდეგ და რატომ განაგრძო მასთან თანაცხოვრება.

წამყვანს არც ბავშვები ავიწყდება და მშობლებს საყვედურნარევი ტონით მიმართავს: “ახლა თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ, თქვენი შვილებისთვის ეს კარგია?!”

ბავშვების არსებობა და ნანახით მიყენებული შესაძლო ტრავმა, როგორც ჩანს წამყვანს მხოლოდ საღამოს გაახსენდა. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მთელი დღის განმავლობაში, გადაცემის პრომოში, “დრამის” მთავარი გმირები ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩანდნენ. სამი ბლარი სტუდიაში მხოლოდ საღამოს გაჩნდა.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანი “ყოფილ ცოლ-ქმარს სტუდიაში” არაერთხელ მოუწოდებს ურთიერთიპატივისცემისკენ. “მე მეცით პატივი” – თუნდაც ამ მიზეზით. სხვა შეთავაზებებიც აქვს: “კომპრომისზე წასვლა არ შეგიძლიათ, ან ერთ ან მეორე მხარეს? უბრალოდ მიტევება არ შეგიძლიათ?” და ქმრის კითხვას ვის უნდა მიუტევოს, პასუხობს: “მეუღლეს, რომელმაც თქვენი აზრით გიღალატათ”. არადა, “ცოლი სტუდიაში” ირწმუნება, რომ მეუღლისთვის არ უღალატია და საპატიებელიც არაფერი აქვს.

ამბის ბოლოსკენ, კულმინაციის დროა, ამიტომ კიდევ უფრო მეტი დრამატიზმისთვის “ყოფილი ცოლის ახალი ქმარი სტუდიაში!”

შოუს მთავარი ნაწილიც ეს არის, ორი უკონტროლო, დაპირისპირებული მხარე, რომელიც წამყვანსაც აბრაზებს. “მთელი საქართველო გიყურებთ! სირცხვილია! ერთი წამით! დაცვას დავუძახებ!” - ისმის მისი უშედეგო მოწოდებები. ბოლოს ორივე მხარეს ადანაშაულებს, მამას მოძალადეს უწოდებს და “5 მილიონი მაყურებლის წინაშე” ოჯახური კონფლიქტის მოწყობისთვის ტუქსავს. თითქოს, გადაცემის მთავარი არსიც ეს არ იყო – ორი დაპირისპირებული მხარის მოწვევა და მათ ხარჯზე რეიტინგის დათვლა.

შეჯამების დიდი ტექსტით არ დაგღლით. დასასრულს უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ გადაცემის ბოლოს, თითქმის ისტერიკამდე მისული წამყვანის ყურებისას, მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება– რა დანიშნულება ჰქონდა “ქმარს, ყოფილ ცოლს და ყოფილი ცოლის ახალ ქმარს სტუდიაში?” თუკი სხვის თეთრეულში ძრომიალის გარდა ვერაფერი გავიგეთ, ვერც პრობლემის მთავარი არსი გავიაზრეთ და ვერც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვეთ. პირიქით, საზოგადოებაში არსებული კლიშეები კიდევ უფრო გავაღრმავეთ, ვიჩხუბეთ და დავიშალეთ.

როგორც ჩანს, ამ კითხვას პასუხი ვერც თავად წამყვანმა გასცა, რადგან “აქ რამ მოგიყვანათო” გადაცემის მსვლელობისას მანაც რამდენჯერმე იკითხა.
კატეგორია: ბლოგი
ახალი ამბების “სქროლვისას”, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ მაგიური სიტყვები - “განცხადებას უცვლელად გთავაზობთ”. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედია რომელიმე უწყების ან ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტს, წერტილ-მძიმის ჩათვლით, უცვლელად იღებს, აკოპირებს და ავრცელებს. ალბათ, ეს უცვლელი ტექსტიც არაერთხელ გაგიხსნიათ, ბოლომდე ჩაჰყოლიხართ და ვერაფერი გაგიგიათ. ასე იქცევა არაერთი სოლიდური მედია თუ ე.წ. ყვითელი პრესა.

არ ვიცი ეს შეზღუდული ადამიანური რესურსის, დროის უქონლობის თუ უბრალო სიზარმაცის შედეგია, თუმცა, ფაქტია, რომ ხშირად მასალას ხსნი და კითხვისას იმდენ გაუგებარ ინიციალსა და ტერმინოლოგიაში იკარგები, რომ ამბიდან შინაარსის გამოტანა გიჭირს. მაშინ ჩნდება კითხვა - საერთოდ რა დანიშნულება ჰქონდა ამბის ამ ფორმით მოყოლას, თუკი მან მიზანს ვერ მიაღწია და მკითხველის სათანადო ინფორმირება ვერ შეძლო?

მედიის ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე, რაც უპირველეს ყოვლისა, მკითხველის, მაყურებლისა თუ მსმენელის სათანადო ინფორმირებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა აუდიტორიას პატივისცემით მოეპყრას, კომუნიკაციაში მისთვის გასაგები ფორმით შევიდეს და ამბავიც გასაგები ენით მოუყვეს. მედია სხვადასხვა უწყების მიერ ერთდროულად ათეულობით მედიისთვის გაგზავნილი იდენტური ტექსტის უბრალო გამავრცელებლად არ უნდა იქცეს. მაშინ საერთოდ რა საჭიროა შუამავალი, თუკი იმავე ტექსტის ზუსტად იდენტური ფორმით და აქცენტებით ნახვა თავად ამბის გამავრცელებელი უწყების საიტზეც არის შესაძლებელი. განსაკუთრებული სიფრთხილე მედიას მაშინ მართებს, თუ გავრცელებული ტექსტი ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება ანდა მისი დისკრედიტაცია ხდება.

მკითხველისთვის ტექსტის უცვლელად შეთავაზების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მაინც პროკურატურის მიერ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით გავრცელებული პრესრელიზებია. დამუშავების, გამარტივებისა და დამატებითი განმარტებების გარეშე გავრცელებული ასეთი ამბები, უამრავი პირობითი “გ.მ.”, “ჭ.ღ” თუ “ჩ.ძ” და იურიდიული ტერმინების სიმრავლე ამბავში გხლართავს და გაუგებრობის მორევში გაგდებს. კითხვის დასრულებისას კი ხვდები, რომ სინამდვილეში ვერაფერი გაიგე და ძვირფასი დროც უქმად დაკარგე.

თუკი მედიამ ამბავი სათანადოდ ვერ გადმოეცი და სათქმელი მკითხველამდე ვერ მიიტანე, მაშინ გამოდის, რომ შენი დანიშნულება კეთილსინდისიერად ვერ შეასრულე. ასეთ შემთხვევბში, არსებობს საფრთხე, სხვის რუპორად იქცე, რაც ჟურანალისტიკის ფუნდამენტურ მიზნებთან დიამეტრულ აცდენას გულისხმობს.

შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უწყების, ორგანიზაციის, მაღალი თანამდებობის პირის თუ განცხადების მკითხველისთვის უცვლელად შეთავაზება აბსოლუტურად მისაღები და საჭიროც კია. ეს ის გამონაკლისია, როდესაც დასახელებული ინსტიტუციებიდან წამოსული გზავნილების გაჟღერება ზუსტად იმ დროს, იმ ფორმით და იმ ფოკუსით არის საჭირო, როგორც განცხადების დედანშია ნათქვამი. გარდა ამისა, ფაქტი მყისიერ რეაგირებას ითხოვს და ტექსტის სათანადო დამუშავებისა და წინაისტორიის წარმოჩენისთვის საკმარისი დრო არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც არის პრაქტიკა, როდესაც მასალას უცვლელად აქვეყნებ, მაგრამ იქვე უთითებ, რომ ტექსტი დამუშავების პროცესშია, მოვლენების განვითარების პარალელურად ახლდება და იცვლება. საბოლოო ჯამში კი ამ ფორმით მოვლენების ირგვლივ სრული სურათი იკვრება და დამატებითი კითხვები არ ჩნდება. ასე იქცევა ყველა პასუხისმგებლიანი მედია, რომელსაც საკუთარი მკითხველის თვალში სანდოობის შენარჩუნება სურს.

ცხადია, ინფორმაციულ ეპოქაში ოპერატიულობისა და სისწრაფის შენარჩუნება მედიის არსებობისა და მისი სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ზოგჯერ პირველობისთვის აუცილებელი რიტმისა და ტემპის შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლაც გიწევს. თუმცა, ამის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადმოცემული ამბის ხარისხი, სიღრმე, სიზუსტე და მკითხველის წინაშე არსებული პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველა მედიასაშუალებას აკისრია, რაც უპირველეს ყოვლისა აუდიტორიისთვის გასაგები, სანდო და ინფორმაციულად დატვირთული პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს.

იმ დროს, როდესაც კონკრეტული ამბის გაშუქებისას, ოპერატიულობასა და პასუხისმგებლობას შორის წარმოშობილი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, ალბათ, მედიის თემაზე ერთ-ერთი ბოლო ფილმის The Post - ის მთავარი მოქმდი გმირის კითხვა უნდა დავსვათ - “ვის ვემსახურებით ?” და პრიორიტეტებიც თავისთავად, ზედმეტი თავსატეხების გარეშე დალაგდება.
კატეგორია: ბლოგი
მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სივრცეში გასართობი ტიპის ტოკ-შოუები გაჩნდა, ე.წ. ყვითელი თემები ასეთი გადაცემების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ხშირად, ამგვარი თემების გარდა, მსგავს შოუებში ვხვდებით ფორმატისთვის ზედმეტად სერიოზულ საკითხებს, არასერიოზული რაკურსით და თემასთან სრულიად შეუსაბამო სტუმრებით.

მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად გასართობი ტოკ-შოუ განსახილველად ფაქიზ თემას ირჩევს, მასზე სასაუბროდ კი ისეთ სტუმარს იწვევს, რომელსაც პრობლემის შესაბამისი კუთხით წარმოსაჩენად არც კომპეტენცია აქვს და არც სათანადო გამოცდილება. რაც, თავის მხრივ, სასაუბრო თემის მნიშვნელობას აკნინებს, არასერიოზულ მიმართულებას აძლევს და საბოლოო ჯამში, უშინაარსო კონტექსტს ქმნის. სწორედ ასე იკარგება სათქმელი და წარმოჩენილი პრობლემის ლოგიკური ჯაჭვიც წყდება.

ასე მაგალითად, არ გაგიკვირდეთ, თუკი ამგვარ გადაცემაში, სადაც თემა ქალთა უფლებებია, დებატებში გივი სიხარულიძეს ნახავთ. ამ დროს, მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თემის გაშლისა და ამ კუთხით არსებული პრობლემის მოგვარების შესაძლო პერსპექტივები, საუბრის ლექსიკაც და მსჯელობის სიღრმისეულობაც.

საკითხისადმი დამოკიდებულება თქვენვე განსაზღვრეთ, როდესაც იქვე მოისმენთ აზრს, რომ თუკი თანასწორობაზე მიდგება საქმე, მაშინ “ქალები კაცებს ფიზიკურადაც უნდა გავუთანაბრდეთ, მანქანას საბურავიც გამოვუცვალოთ, სიმძიმეებიც ავწიოთ და ყველა იმ ფიზიკურ დატვირთვას გავუძლოთ, რასაც კაცები ასე მარტივად ართმევენ თავს”.

ამგვარი მსჯელობა იქნება მთელი გადაცემის განმავლობაში და ბოლოს, ისე დასრულდება, რომ არავინ დასვამს კითხვას - რა კავშირშია ერთმანეთთან ფიზიკური და უფლებრივი თანასწორობა. რეალურად, ეს ხომ პრობლემის გამიზნულად, არასწორი მიმართულებით წარმოჩენაა, - რა დროსაც, ვცდებით ნამდვილ პრობლემას და საგნობრივ მსჯელობას.

ზუსტად მსგავსი სიმარტივით იქცევა ხოლმე საქილიკოდ ნებისმიერი სხვა მტკივნეული თემაც. მაგალითად, ქალებზე ძალადობისა და შევიწროების ფაქტები, რაზეც ბოლო დროს ზოგი ქალი ალაპარაკდა, ზოგის სითამამეს კი, ისევ “სხვა რას იტყვის” არგუმენტმა აჯობა და უბრალოდ იმ იმედით გაჩუმდა, რომ სხვა მის ნაცვლადაც იტყოდა საერთო სათქმელს. ამის ფონზე კი, იქ სადაც, წესით, მთავარ გამოწვევებზე არგუმენტირებულად უნდა საუბრობდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებდნენ, კრებითი “სიხარულიძეები” სერიოზული სახეებით, ზედმეტად არასერიოზულად “მსჯელობენ”.

ასე მაგალითად, გადაცემის მამრობითი სქესის რომელიმე სტუმარი, ანდა საერთოდაც წამყვანი უბრალოდ იხუმრებს, რომ ქალის მხრიდან შევიწროების ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა და აბა სად არიან ამ დროს უფლებადამცველები?! მას რატომ არ იცავენ?! ამას მოყვება საყოველთაო სიცილი და ამ სიცილში ჩაიკარგება ბევრი ხმა, რომელიც უბრალოდ მოსმენას ითხოვდა.

ასეთ გადაცემებში ხშირად, ქალთა უფლებებზე არასერიოზულად და არაარგუმენტირებულად არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალებიც მსჯელობენ. მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს, გადაცემა “პროფილში” 30 წლამდე გოგოს ისტორია მოვისმინეთ, რომელსაც, როგორც თავად ყვებოდა, მეუღლე პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

წამყვანსვე რომ დავესესხო, სტუმრის “გასამხნევებლად” და თემაზე სასაუბროდ, სტუდიაში მიწვეულები იყვნენ: მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თათია დოლიძე და მოდელი თამთა შედანია.

იმ მძიმე ისტორიის ფონზე, რასაც გადაცემის მთავარი გმირისგან ვისმენდით, წამყვანს მხოლოდ ასეთი კითხვები დაებადა: “გულია, მომიყევი როგორ მოხდა, როგორი იყო პირველი დღე?”, “რამდენ მამაკაცთან მოგიწია ყოფნა?”, “რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნებიც იყო?”, “ის შენი კლიენტები ახალგაზრდები იყვნენ, როგორ გამოიყურებოდნენ?”, “ზიზღს იწვევდა ეს ყველაფერი შენში?”, “ამ პერიოდში ქმართან გქონდა ფიზიკური ურთიერთობა?” და ა.შ.

გაუგებარია, რა მიზანი ჰქონდა ასეთ კითხვებს, თუ არა მხოლოდ, შოუს მცირეოდენი ელემენტებით გამდიდრება. მაგალითად, წამყვანისთვის მოულოდნელად სიტყვა “ცემის” მნიშვნელობაც ბუნდოვანი აღმოჩნდა. “მცემდა. რას ნიშნავს მცემდა?”, “რაში გამოიხატებოდა?” - სწორედ ასეთი იყო მისი რეაქცია, როდესაც სტუმარმა ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. შემდეგ, იმის გარკვევა, თუ რა მოვლენაა ეს კაცი და რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, სტუმრებთან გადაწყვიტა. წარმართული საუბრის დისკურსი მარტივი წარმოსადგენია. საუბარს თან სდევდა სტუმრების დიდაქტიკური მიმართვები და კითხვები იმის შესახებ, თუ აქამდე სად იყო, რატომ პირველივე ძალდობის შემდეგ არ გამოიქცა, რატომ მისცა ამდენის უფლება და ა.შ.

საბოლოო ჯამში, გადაცემაში, ვერც კომპეტენტური აზრი მოვისმინეთ და ვერც პრობლემის გადაჭრის რეალური გზა დავინახეთ. არადა, წესით, შოუში მსგავსი საკითხის წამოჭრის მთავარი დანიშნულებაც ეს უნდა იყოს - პრობლემის მრავალმხრივი განხილვა და მისი მოგვარების გზების დასახვა.

ცხადია, ამგვარ შოუებს არსებობის უფლებაც აქვთ და თავისი აუდიტორიაც ჰყავთ. თუმცა პრობლემა მაშინ იჩენს, თავს როცა ამ შოუებში სერიოზული საკითხები სენსაციურ ჭრილში განიხილება. ასე მთავარი სათქმელი ხმაურში იკარგება და საზოგადოებაში უკვე ისედაც არსებული სტიგმები და კლიშეები კიდევ უფრო ღრმავდება.
კატეგორია: ბლოგი
თეორიის დონეზე, ალბათ, ყველა დაუფიქრებლად იტყვის, რომ არც დანაშაულს, არც დამნშავეს და არც მსხვერპლს სქესი არ აქვს, იმ გაგებით, რომ შედეგად მიღებულ ფატალურ სურათს, რომელიმე მხარის გენდერული იდენტობა არ განსაზღვრავს. ის თუ რა სქესს განეკუთვნება დამნაშავე და მსხვერპლი, რაიმე ფორმით ვითარებას არც უფრო მეტად ამძიმებს და პირიქით, ვინმეს არც ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა, როგორც წესი, თეორიის პრაქტიკაში გადატანა, მთლად ასე იოლადაც არ გამოგვდის და ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, ხშირად განსჯის საგანი ხდება, რომლის გასწვრივაც “იქნებ-ით” დაწყებული ათასი შეკითხვა იყრის თავს. საბოლოოდ, ამ “იქნების” იმდენი ვარიაცია ჩნდება, რამდენიც “მოხალისე”. ანუ, ის, ვინც მომხდარში მტყუან-მართლის ძიება არ დაიზარა, “იქნებზე” დამყარებული იმდენი ვერსია შექმნა, სანამ საბოლოოდ საკუთარ “იქნების” მორევში არ ჩაიკარგა.

ქარაგმების ზღვით არც მე დაგღლით და სათქმელზე გადავალ. შინაგან საქმეთა სამინისიტროს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით 2 143 დანაშაულია რეგისტრირებული. 2017 წლის მხოლოდ პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში 22 ქალი მოკლეს, საიდანაც 13 იდენტიფიცირებული იყო, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული.

არ ვიცი, ეს ჯერ კიდევ კარგად გამჯდარი მენტალიტეტის ნაყოფია, თუ “კაცი მაინც უპირატესიას” ცნობიერებიდან ვერგამოსვლის შედეგი, თუმცა, ნათელია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევას, თან ახლავს მოძალადე კაცის რაიმე ფორმით გამართლების უამრავი მცდელობა. “იქნებ, გამოიწვია?”, “იქნებ, არ დაუთმო და რამე ისეთი უთხრა?”, “იქნებ, დააშავა?”, “იქნებ, არასწორად მოიქცა?”, “იქნებ, ცუდი დედა იყო?” ან საერთოდაც - “იქნებ უღალატა?”. ამ “იქნებების” ჭიდილში კი ხშირად საღი აზრი გვეკარგება და თავად მომხდარის ნიველირებაც ხდება. თითქოს, შევეგუეთ, თითქოს სწორია და მართლაც ასე უნდა იყოს. ყველა უპირატესია, თუმცა ზოგი უფრო მეტად, ზოგიც ნაკლებად.

საზოგადოებაში ისედაც გამჯდარი კლიშეების კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩარჩოებში მოქცევას, ხშირად მედია ახალისებს, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ შეფარულად, ზოგჯერ კი სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, ძალადობის ამბის თხრობისას, აუცილებლად მოვისმენთ, მინიმუმ ერთი ისეთი მეზობლის, მეგობრის, ნათესავის, თუ უბრალო გამვლელის “კომპეტენტურ” მოსაზრებას და “იქნების” საკუთარ ვერსიას, რომელსაც მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს, არც ამბავს სძენს რაიმე დამატებით ღირებულებას და არც თავად ფაქტს ხდის უფრო მკაფიოს ან გასაგებს. მერე რა, მრავალფეროვნებისთვის ამანაც თქვას, რას გვიშლის. არადა, სწორედაც რომ გვიშლის.

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, მიმდინარე წლის 3 იანვარს დაფიქსირდა. 22 წლის გოგო ყოფილ ქმარს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, მას ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი დისა და შვილის თანდასწრებით მას და მის მამას ფიზიკურად გაუსწორდა. 6 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 12 იანვარს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მალევე მედიაში გაჩნდა სტატიები სათაურებით: “ასეთი დედა ამბობს, რომ მსხვერპლია” - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?”, “ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?”, “სკანდალური მორიგების აქტი, დედამ მხოლოდ ორი ღამე ისურვა შვილის ნახვა. ბაკურაძეები ყოფილი რძლის მიმართ სარჩელს ამზადებენ”. ფეისბუკზე ძალადობაში ბრალდებულის მხარდასაჭერად გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით - “მოძალადე თუ მსხვერპლი?”.

ყველა ამ მასალაში არის მცდელობა, დაზარალებული ასე ვთქვათ, უღირსი ქალის როლში, დედობისთვის შეუფერებელ კონტექსტში წარმოჩნდეს, თითქოს, ბრალდებული ამ ზომამდე სწორედ მისმა, ქალისთვის შეუფერებელმა საქციელმა მიიყვანა და მანაც დამსახურებული მიიღო.

მაგალითად, კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრალდებული ყვება, თუ როგორ გამოიწვია ის მისმა მეუღლემ, როგორ მისცა მან ყოფილ მეუღლეს გამოსწორების რამდენიმე შანსი, რომელიც მან ვერ გამოიყენა, შედეგად კი იძულებული გახდა, რომ ოჯახი დაენგრია. ბრალდებული ხაზგასით აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე არასწორი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და მარიხუანას მომხმარებელიც კი იყო. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, მიიჩნევს, რომ შეილახა არა დაზარალებულის, არამედ მისი უფლებები და ღირსება. ჟურნალისტი კი საპასუხო კითხვას იმაზე, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი მომხდართან და რა მორალური თუ კანონიერი ნორმა აძლევდა მას ყოფილ მეუღლეზე ძალადობის უფლებას, არ დაუსვამს. პირიქით, ის თავად დაზარალებულს ეუბნება - “ამბობს, რომ მარიხუანას მომხმარებელი ხართ”, რითიც შესაძლოა, გაუცნობიერებლად და არამიზანმიმართულად, მაგრამ მაინც ხაზს უსვამს, რომ მისი ეს საქციელი მართლაც შეიძლება რაიმე ძალადობრივი ქმედების გამართლების აქტად ჩავთვალოთ, რაც თავის მხრივ, მომხდარის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს. საზოგადოებაში ისედაც გამჯდარი კლიშეების ფონზე კი, მედიის მხრიდან წამოსული ყოველი ასეთი გზავნილი პრობლემის მოგვარებისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო გვაშორებს.

ეს ერთი ისტორიის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაწილი, მხოლოდ მცირე ფრაგმენტია, იმ მასშტაბური პრობლემისა, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი მედიის მიერ გაშუქებისას იკვეთება. ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ დანაშაულის “იქნებ” თეორიებით გამართლების მედიაც ახალისებს, ჯერ კიდევ პრობლემის არსებობასა და მის მასშტაბებზე მიანიშნებს.
კატეგორია: ბლოგი
ცხადია, ჟურნალისტიც ადამიანია, ყველა იმ ემოციური შეგრძნებით, რომელიც ამ უკანასკნელის ბუნებას ახასიათებს. ყოველ მოვლენაზე ისიც სწორედ ისე რეაგირებს, ბრაზდება ან უხარია, როგორც ყველა სხვას, ჩვენ გარშემო. შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური გემოვნება, შეხედულებები, სიმპატიები თუ ანტიპატიები. ხშირად კი, როდესაც ის რომელიმე რეიტინგული ტელეარხის წამყვან ჟურნალისად გვევლინება, სოციალურ ქსელებში მისი მოსაზრებებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. უამრავი ინტერნეტმეგობრისა თუ გამომწერის სახით, მის პირად ვირტუალურ სივრცეში მიმდევრების მთელი არმია იყრის თავს. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მის მოსაზრებებსაც ბევრი უპირობო ფაქტად იღებს, იწონებს და ავრცელებს. ასეთ მომენტებში ყოველთვის ჩნდება დილემა, რომელიც მუდმივი განსჯისა და კამათის საკითხია. ხომ არ ეკისრება ჟურნალისტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელში აქტივობის დროს? ხომ არ უნდა მოეკიდოს ის განსაკუთერბული სიფრთხილით, ყველა იმ მოსაზრებას, რომელსაც ის ასე ღიად გამოხატავს?

არის საკითხები სადაც ყველას, მათ შორის ჟურნალისტსაც, ბეწვის ხიდზე სიარული უწევს. მით უფრო, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი ამ დარგის არც ექსპერტია და არც სათანადო ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას ფლობს. ასეთ დროს კი, გაუცნობიერებლად გაკეთებულმა თითოეულმა არასწორმა მოწოდებამ, არასწორი ინფორმაციის შემცველმა ბმულმა, რომელსაც ჟურნალისტი აზიარებს საკუთარ გვერდზე, შესაძლოა, საზოგადოება მნიშვნელოვნად დააზიანოს. მაშინ, იქნებ, მაინც ღირდეს დაფიქრება, იქამდე, სანამ ხელს ე.წ. “დაპოსტე” ღილაკს დავაჭერთ.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, გასულ თვეს მედიაში ბავშვების ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ამბავი იყო. სახელმწფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესში, სავარაუდოდ, საფრთხის შემცველი 29 000 ვაქცინა გაიხარჯა. ამ ფაქტს, მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქმე ეხებოდა ცოფის ვაქცინას, რომელიც მათივე განმარტებით, სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. ფაქტმა, საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით უკვე არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება და შიში კიდევ უფრო გააღრმავა. გაჩნდა ლოგიკური კითხვებიც, რომელიც კომპეტენტურ პასუხებს მოითხოვდა. ამის პარალელურად, გამოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე უნდა აეღოთ და კითხვებზე პასუხებიც თავად გაეცათ. პასუხები მხოლოდ მათ პირად მოსაზრებებსა თუ განცდებს ეყრდნობოდა და არა რომელიმე სოლიდური სამედიცინო ორგანიზაციის დასკვნის ან კვლევის შედეგებს.

თემას “რუსთავი 2- ის” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა:



ბევრი ალბათ, იტყვის, ეს ხომ მისი მოსაზრებაა, ამით რა დაშავდა მერე რა? მერე ის, რომ მისი ეს მოსაზრება, ოთხასამდე ადამიანმა მოიწონა და ორასზე მეტმა გააზიარა. მერე ის, რომ ერთი ადამიანის მოსაზრების გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პოპულარობით სარგებლობს, შესაძლოა ვინმემ მართლაც გადაწყვიტოს და რაიმე ისეთ სამედიცინო მანიპულაციაზე თქვას უარი, რამაც მომავალში გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს.

“მაშ, ვთქვათ თუ არა?” - ეს კითხვა ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამაც დასვა. ზოგმა ბევრი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში პირადი მოსაზრების გამოხატვის გამო, სამსახურიდან დაითხოვა. ზოგმაც ქცევის კოდექსი დაწერა. მაგალითად, გასულ წელს The New York Times - მა საკუთარი ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელო ნორმები შეიმუშავა და სოციალურ ქსელებში მისივე ჟურნალისტების ქცევის წესები ჩამოაყალიბა. წესების მიხედვით, გამოცემის ჟურნალისტებმა არ უნდა გამოხატონ პოზიციები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არ უნდა გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და პატივისცემით უნდა იურთიერთონ სხვა მომხმარებელთან.

გარდა ამისა, გამოცემა საკუთარ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში აქტივობის დროს, სამსაფეხურიან თავსატეხს სთავაზობს - სანამ რაიმეს გამოაქვეყნებ, საკუთარ თავს ჰკითხე:

აუცილებლად უნდა ითქვას თუ არა ის, რისი დაწერაც გინდა?

აუცილებელია თუ არა, შენ თქვა ის, რისი თქმაც გინდა?

აუცილებელია თუ არა, რომ სწორედ ახლა და ამ მომენტში თქვა ის, რისი თქმაც გინდა?

რთულია ემოციების კონტროლი, მით უფრო, როდესაც მოვლენების ეპიცენტრში ხარ და ყველა მნიშვნელოვან ამბავს თავად ქმნი ან ყვები. ყველა იმ უსამართლობის თვითმხილველი და თანაზიარი ხარ, რამაც შეიძლება ძალიან გაგაბრაზოს, შემდეგ კი ამ გაბრაზების სხვებისთვის გაზიარება მოგინდეს. თუმცა, ამის მიღმა, ყოველთვის რჩება ის ვალდებულება, რომელიც შენი აქტიური აუდიტორიის წინაშე გაქვს. ის კი, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდები მას, მხოლოდ პირადი, დაუწერელი კანონების ნაწილია და სხვა არაფერი.
კატეგორია: ბლოგი
ალბათ, ყველა ჩვენგანს გვინახავს ერთი ვიდეო მაინც, რომლის “მთავარი გმირიც” საყოველთაო ხალისის მიზეზი გამხდარა. ვიდეო ინტერეტსივრცეს ვირუსივით მოსდებია, კედლიდან კედელზე გადასულა და ბევრის განწყობაც შეუქმნია, ისე, რომ ცოტა თუ დაფიქრებულა იმ განცდებზე, რაც სახალხო ხალისმა “მთავარ გმირს” მოუტანა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ხშირად მსგავსი საყოველთაო ჟრიამულის მიზეზები ბავშვები გამხდარან, ისე, რომ ვიდეოგადაღებისთვის ნებართვა მათთვის არც არავის უთხოვია, არც ის უკითხავთ, სურდა თუ არა მას, რომ მოზრდილების შეფასებით, მისი ეს “საყვარელი” ვიდეო ინტერნეტში განეთავსებინათ, შემდეგ ის ათასობით ადამიანს ენახა და ბევრი ეცინა. თუმცა, ბავშვს ვინ კითხავს, როდესაც მშობელმა უკვე გადაწყვიტა, მან უკეთ იცის და არც რჩევა სჭირდება.

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ სათქმელზე გადავალ. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა სახელწოდებით - “ბიჭუნა წირვაზე - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო”. გაგიკვირდებათ და ინტერნეტმომხმარებელთა ინტერესი არც მეტი არც ნაკლები, ბავშვის ლოყებმა მიიპყრო. ვიდეო საინფორმაციო სააგენტოებისა თუ ტელევიზიების ინტერესის საგანიც გახდა, სოციალურ ქსელშიც მოხვდა და ბევრი გაზიარებაც დაიმსახურა. მალევე გაჩნდა სათაურები: “დიდლოყება ქართველი ბიჭუნა ინტერნეტსივრცეში ნახვებით რეკორდს ხსნის”, “პატარა ინტერნეტვარსკვლავი”, “ვინ არის ბიჭუნა, რომელიც ერთ დღეში ინტერნეტვარსკვლავად იქცა” და ა.შ. ბევრი უფრო შორს წავიდა და ბავშვის ლოყების გარშემოწერილობის გამო ის ლუი ანდერსონადაც მონათლა (ამერიკელი კომედიანტი, მსახიობი და ტელეწამყვანი). ბევრმა ეთერშიც დაპატიჟა და “დიდლოყებიანი პატარა ბიჭით” სანახაობა შექმნა.

ბევრი იკითხავს, მერედა რა მოხდა, რა დაშავდაო? ალბათ, არც არაფერი დაშავდებოდა ეს ზრდასრული ადამიანის გაცნობიერებული არჩევანი რომ ყოფილიყო. თუმცა, კამერების წინ უხერხულად მჯდომი ბავშვის შემხედვარეს, აზრად ყველაზე ბოლოს გაცნობიერებული არჩევანი თუ მოგივიდოდა.

“არ მოსწონს, როდესაც ყურადღების ცენტრშია, ურჩევნია იყოს თავისთვის, წყნარად მშვიდად, აკეთოს ის, თვითონ რაც მოსწონს და უყვარს. რომ ვთქვა, რომ ხალხის ყურადღება მოსწონს და სარგებლობს ამით ნამდვილად არ არის” - ამბობდა კამერის წინ მჯდომი მამა და კალთაში მჯდომ შვილს სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ “ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონს", ის მაინც იქცა საყოველთაო ინეტერესის ობიექტად.

ლომის წილი ბავშვების საზოგადოებისთვის სასაცილო ფორმით წარმოდგენაში, მედიასაც აქვს. ალბათ, ყველამ ვიცით გადაცემები, სადაც ბავშვებს მათი ასაკის შეუფერებელი სიტყვების, მოვლენების, თუ ფრაზების ახსნას ვთხოვთ, მათ პასუხებზე კი გულიანად ვიცინით, ისე, რომ მათ სურვილებზე არც კი ვფიქრობთ. პატარაა, საყვარელია, უხდება, მერე რა, ცოტას თუ გაგვართობს, გავიცინებთ და მორჩა… ეს ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს, ბავშვები დაცინვის, ან საყოველთაო მხიარულების ობიექტი ან ჯერ ინტერნეტ სივრცეში ხდებიან და მათი ცხოვრებით ტრადიცული მედია შემდეგ ინტერესდება, ან პირიქით, მედიის მიერ მომზადებული გამოკითხვა, ან ბავშვის მონაწილეობით მომზადებული გადაცემახდება ინსპირაცია სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.

ჩვენ, უფროსებს მოგვეწონება, გაცნობიერებული სურვილის გარეშე, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ჩვენივე ლოყების, ან ჩვენ მიერ სხვებისთვის სასაცილოდ განმარტებული უცხო სიტყვების გამო რომ მოვხვდეთ?

ალბათ, ამგვარ სიტუაციაში აღმოჩენილ ბევრ ბავშვს ეგზიუპერის პატარა უფლისწულივით, არაერთხელ უფიქრია და არ უთქვამს, ან უთქვამს და ჩვენ ვერ გაგვიგია - “მაგრამ დიდები ვერასდროს მიხვდებიან…”

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: ბლოგი
პედოფილია - სწორედ ამ თემას მიეძღვნა 13 ივლისის „სხვა რაკურსი“ . გადაცემაში მოგვიყვნენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ცალკეული შემთხვევის შესახებ, დეტალურად აღწერეს, სად, როგორ, ვინ იძალადა არასრულწლოვნებზე, შემდეგ კი ფაქტების შეფასებას სტუდიაში სტუმრად მყოფ მსახიობებს, ტელეწამყვანებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტს, იურისტსა და მღვდელ ანთიმოზ ბიჩინაშვილს სთხოვდნენ. პედოფილია არაერთხელ გაიგივდა ლგბტ თემთან და არაერთხელ აღნიშნა, რომ პედოფილია და და ჰომოსექსუალობა სათავეს დასავლეთიდან იღებს.

გადაცემაში სტუმრად მოწვეული ჰყავდათ დედა, რომლის არასრულწლოვან შვილზეც სექსუალურად იძალადეს და რის შემდეგაც გამოძიების ინფორმაციით, ბავშვმა თავი მოიკლა. დედას დეტალურად სთხოვდნენ აღეწერა რა როგორ მოხდა, სტუდიაშივე წაიკითხეს ბავშვის მიერ დატოვებული წერილები, სადაც ის მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ წერდა.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების აღწერისას აღინიშნა ისეთი ამაზრზენი, არაეთიკური დეტალები, რომლის გამეორებისგანაც ამ მასალაში თავს შევიკავებთ.

„ვუშველოთ ბავშვებს, ნუ დავღუპავთ მომავალ თაობას. ამ პატარა ქვეყანაში როცა აუპატიურებენ ბავშვებს, მაშინ სად არიან ზემდგომი ორგანოები? სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები? სად რის პრეზიდენტი? პარლამენტარები და საზოგადოების ის წევრები, რომლებსაც საქართველოს მომავალი სტკივათ?!“ - ამ სიტყვებით მიმართა წამყვანმა აუდიტორიას და გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ არ იცოდა რომელი უწყება იყო პასუხისმგებელი ბავშვთა მიმართ ძალადობაზე.

გაგიკვირდებათ და პედოფილიის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად ოჯახების სოციალური მდგომარეობა დასახელდა. ის, რომ მსგავსი შემთხვევების 75%-ზე მეტი, სწორედ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხდება, გაურკვეველ მონაცემებზე დაყრდნობით, გადაცემის სტუმარმა, „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარემ გია ბურჯანაძემაც დაადასტურა.

არგუმენტს, რომ პედოფილიის შემთხვევები დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებშიც ხშირია, სადაც მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალია, მღვდელი ანთიმოზი გამოეხმაურა და გვამცნო, რომ იქ პედოფილია მიღებულია და ამის დასტურად ნორვეგია დაასახელა. მღვდელი ანთიმოზი შემდეგ ბიბლიურ სწავლებაზე გადავიდა და ისიც გვითხრა, რომ როდესაც მოსე მთიდან ჩამოვიდა და თან 10 მცნება ჩამოიტანა, ცოდვების ჩამონათვალში „ჰომოსექსუალიზმიც შედიოდა, პედოფილიაც, ნეკროფილიაც და ზოოფილიაც“. მართალია, პედოფილიისა და ჰომოსექსუალობის ერთ სიბრტყეში განხილვამ, ანთიმოზსა და კიდევ ერთ სტუმარ ლიზა ვადაჭკორიას შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ „ჰომოსექსუალიზმი რომ ცოდვაა“, ამაზე კონსენსუსი ნამდვილად შედგა.

გადაცემის მიწურულს სტუმრებმა პრობლემის მოგვარების საკუთარი ვერსიებიც შემოგვთავაზეს. ლიზა ვადაჭკორიამ ყურადღების რეგიონებზე გამახვილება გვირჩია. რა უნდა გავუკეთოთ მოძალადეს? - ეს იყო ძირითადი კითხვა, რაც სტუდიაში ისმოდა. ზოგმა მოძალადეების ქიმიური კასტრაცია მიიჩნია საუკეთესო გამოსავლად. მღვდელმა ანთიმოზმა ყმაწვილკაცობის პერიოდი გაიხსენა, მოგვიყვა როგორ ნახა 20 წლის ასაკში პირველად შიშველი ქალი ემანუელას სახით, შემდეგ მსგავსი ადამიანების არც მუშტით მაგრად ცემის სურვილი დამალა, თუმცა ბოლოში მაინც ჰუმანურობა გამოიჩინა და მოძალადეებისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა საუკეთესო გამოსავლად დაასახელა.

გადაცემიდან ვერ გავიგეთ, რამდენად მასშტაბურია პრობლემა, როგორია სტატისტიკა, რას აკეთებს სახელმწიფო ამგვარი ფაქტების პრევენციისთვის, გადაცემაში მხოლოდ, ძალადობის შემთხვევების შოუს ელემენტებით გამდიდრებული დეტალები და თემისთვის არარელევანტური სტუმრების მოსაზრებები მოვისმინეთ. ასე იქცა ეს უმძიმესი თემა რეიტინგის მოსაპოვებლად დადგმულ შოუდ, რომლის ამოსავალი წერტილი არა საჯარო ინტერესი, არამედ აუდიტორიის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება იყო.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს