11.05.2018
შინაარსობრივად ამ სრულიად განსხვავებულ გადაცემებს ერთი პატარა შავი ყუთი აერთიანებს. თამაშის პრინციპებიდან გამომდინარე მონაწილემ მასში მოთავსებული ნივთი უნდა გამოიცნოს, ცოტა განსხვავებული ფორმით, მაგრამ მსგავსი შინაარსით. ერთ შემთხვევაში მონაწილეები შავ ყუთში მოთავსებულ ნივთსა და შეთავაზებულ ფულად პრიზს შორის აკეთებენ არჩევანს, მეორე შემთხვევაში კი, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების დასამტკიცებლად, მხოლოდ ამ ნივთის გამოცნობაა საჭირო. ამ შავი ყუთის წარდგენაც მთელი რიტუალია - “შავი ყუთი სტუდიაში” – იტყვის წამყვანი და მისტიური ნივთი სტუდიაში ჩნდება.
ახლა შავი ყუთიდან შავი ხვრელების გამოყენებით გადაცემა“პროფილის” სტუდიაში უნდა მოგახვედროთ და იმ “ტრაგიკული” ისტორიის მოსასმენად მოგამზადოთ, როგორ “დაანგრია” ერთმა ჩვეულებრივმა გზავნილმა 11–წლიანი ოჯახური თანაცხოვრება.
მოემზადეთ, “ქმარი სტუდიაში!”
ქმარი ადგილზეა და მასსა და წამყვანს შორის საუბარი ჩვეულ სტილში იწყება: “თქვენი ოჯახი ერთმა მესიჯმა დაანგრია. მომიყევით, როგორ ნახეთ ეს გზავნილი?”
მთავარი დრამაც აქ ვითარდება. “სახედაბლარული” [სატელევიზიო საქმიანობაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც გამოსახულების დაფარვას გულისხმობს] მამაკაცი იწყებს მოყოლას, როგორ აღმოაჩინა მეუღლის ტელეფონში მამაკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება ტექსტით – “სახლში მიხვედი ჩემო საყვარელო?”, რომელმაც მეულესთან 11– წლიანი ოჯახური თანაცხოვრების ბედი გადაწყვიტა.
“ქმარს სტუდიაში” ყურადღებიდან არც წვრილმანი დეტალები ავიწყდება და დაწვრილებით ყვება, დარეკა თუ არა უცნობ ნომერზე, როგორ აღელდა, როგორ დაამტვრია ტელეფონი, როგორ დაკარგა თავი და ა.შ. აქ ცოტა იბნევა კიდეც, ჯერ ყვება, უცნობ მამაკაცს მშვიდად როგორ ესაუბრა, მერე წამყვანის გაკვირვებულ კითხვაზე: “როგორ არ აღელდით? არ გადამრიოთ!” - სითამამე ემატება და კიდევ ერთი კითხვის შემდეგ - “ფიზიკურად არ დაარტყით?” აღიარებს, რომ ცოლს ფიზიკურადაც შეეხო და დაარტყა კიდეც, თუმცა, მოინანია. ამხელს იმასაც, რომ მკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ გადაიფიქრა. ბოლოს, არც იმის თქმა ავიწყდება, რომ ძალადობა ცუდია და ყველა მამაკაცს დამრიგებლური ტონით მოუწოდებს “მანდილოსანზე ხელი არ ასწიონ”.
ქმარი ყოფილ მეუღლესთან ინტიმური ცხოვრების დეტალებსაც იხსენებს, რომელსაც წამყვანისგან განსხვავებით მე პრინციპულად არ შევეხები, არც დეტალებში შევალ და პირდაპირ დრამის შემდეგ ნაწილზე გადავალ.
უფრო მეტი ეფექტისთვის, კიდევ რაღაც არის საჭირო, ამიტომ “ყოფილი ცოლი სტუდიაში!”
არ შეგეშინდეთ, წამყვანი მანდილის მძიმე ტვირთს საკუთარ თავზე იღებს და ყოფილი ცოლ-ქმრის შუაში ჯდება. წამში “სიმშვიდეც” ისადგურებს. კითხვების დასმისას წამყვანი გადაცემაში ახალ, “პინგ-პონგის” პრინციპს რთავს და მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან: “გემუქრებათ? ემუქრებით? ეკონტაქტებით? გეკონტაქტებათ?”
შემდეგ “ცოლთან სტუდიაში” იმის დაზუსტება იწყება ძალადობდა თუ არა მისი “ახალი მეუღლე” მის შვილებზე, როგორც ამას ბავშვები სასამართლო ჩვენებაში ამბობენ. უარყოფით პასუხის შემდეგ კითხვა ქმართან ინაცვლებს “რას ამბობენ ბავშვები, რა ფორმით ძალადობდა?”
გადაცემიდან ვიგებთ, რომ თურმე ქმარს კიდევ ორი ყოფილი მეუღლე ჰყავდა. ცხადია, წამყვანი მეტი დეტალის დაზუსტების შანსს ხელიდან არ უშვებს და კითხულობს: “ის ოჯახები რატომ დაინგრა? იმათაც გიღალატეს?” ეს კი იმ ფონზე, როდესაც “ყოფილი ცოლი” არაერთხელ ამბობს, რომ მეუღლისთვის არ უღალატია, ახალი გრძნობა მხოლოდ მასთან დაშორების შემდეგ გაუჩნდა. წამყვანი არც დიდაქტიკურ ტონს ივიწყებს და “ცოლს სტუდიაში” ტუქსავს, იმის გამო რატომ არ წამოვიდა ქმრისგან ძალადობის პირველივე შემთხვევის შემდეგ და რატომ განაგრძო მასთან თანაცხოვრება.
წამყვანს არც ბავშვები ავიწყდება და მშობლებს საყვედურნარევი ტონით მიმართავს: “ახლა თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ, თქვენი შვილებისთვის ეს კარგია?!”
ბავშვების არსებობა და ნანახით მიყენებული შესაძლო ტრავმა, როგორც ჩანს წამყვანს მხოლოდ საღამოს გაახსენდა. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მთელი დღის განმავლობაში, გადაცემის პრომოში, “დრამის” მთავარი გმირები ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩანდნენ. სამი ბლარი სტუდიაში მხოლოდ საღამოს გაჩნდა.
გადაცემის მსვლელობისას წამყვანი “ყოფილ ცოლ-ქმარს სტუდიაში” არაერთხელ მოუწოდებს ურთიერთიპატივისცემისკენ. “მე მეცით პატივი” – თუნდაც ამ მიზეზით. სხვა შეთავაზებებიც აქვს: “კომპრომისზე წასვლა არ შეგიძლიათ, ან ერთ ან მეორე მხარეს? უბრალოდ მიტევება არ შეგიძლიათ?” და ქმრის კითხვას ვის უნდა მიუტევოს, პასუხობს: “მეუღლეს, რომელმაც თქვენი აზრით გიღალატათ”. არადა, “ცოლი სტუდიაში” ირწმუნება, რომ მეუღლისთვის არ უღალატია და საპატიებელიც არაფერი აქვს.
ამბის ბოლოსკენ, კულმინაციის დროა, ამიტომ კიდევ უფრო მეტი დრამატიზმისთვის “ყოფილი ცოლის ახალი ქმარი სტუდიაში!”
შოუს მთავარი ნაწილიც ეს არის, ორი უკონტროლო, დაპირისპირებული მხარე, რომელიც წამყვანსაც აბრაზებს. “მთელი საქართველო გიყურებთ! სირცხვილია! ერთი წამით! დაცვას დავუძახებ!” - ისმის მისი უშედეგო მოწოდებები. ბოლოს ორივე მხარეს ადანაშაულებს, მამას მოძალადეს უწოდებს და “5 მილიონი მაყურებლის წინაშე” ოჯახური კონფლიქტის მოწყობისთვის ტუქსავს. თითქოს, გადაცემის მთავარი არსიც ეს არ იყო – ორი დაპირისპირებული მხარის მოწვევა და მათ ხარჯზე რეიტინგის დათვლა.
შეჯამების დიდი ტექსტით არ დაგღლით. დასასრულს უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ გადაცემის ბოლოს, თითქმის ისტერიკამდე მისული წამყვანის ყურებისას, მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება– რა დანიშნულება ჰქონდა “ქმარს, ყოფილ ცოლს და ყოფილი ცოლის ახალ ქმარს სტუდიაში?” თუკი სხვის თეთრეულში ძრომიალის გარდა ვერაფერი გავიგეთ, ვერც პრობლემის მთავარი არსი გავიაზრეთ და ვერც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვეთ. პირიქით, საზოგადოებაში არსებული კლიშეები კიდევ უფრო გავაღრმავეთ, ვიჩხუბეთ და დავიშალეთ.
როგორც ჩანს, ამ კითხვას პასუხი ვერც თავად წამყვანმა გასცა, რადგან “აქ რამ მოგიყვანათო” გადაცემის მსვლელობისას მანაც რამდენჯერმე იკითხა.