05.04.2018
მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად გასართობი ტოკ-შოუ განსახილველად ფაქიზ თემას ირჩევს, მასზე სასაუბროდ კი ისეთ სტუმარს იწვევს, რომელსაც პრობლემის შესაბამისი კუთხით წარმოსაჩენად არც კომპეტენცია აქვს და არც სათანადო გამოცდილება. რაც, თავის მხრივ, სასაუბრო თემის მნიშვნელობას აკნინებს, არასერიოზულ მიმართულებას აძლევს და საბოლოო ჯამში, უშინაარსო კონტექსტს ქმნის. სწორედ ასე იკარგება სათქმელი და წარმოჩენილი პრობლემის ლოგიკური ჯაჭვიც წყდება.
ასე მაგალითად, არ გაგიკვირდეთ, თუკი ამგვარ გადაცემაში, სადაც თემა ქალთა უფლებებია, დებატებში გივი სიხარულიძეს ნახავთ. ამ დროს, მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თემის გაშლისა და ამ კუთხით არსებული პრობლემის მოგვარების შესაძლო პერსპექტივები, საუბრის ლექსიკაც და მსჯელობის სიღრმისეულობაც.
საკითხისადმი დამოკიდებულება თქვენვე განსაზღვრეთ, როდესაც იქვე მოისმენთ აზრს, რომ თუკი თანასწორობაზე მიდგება საქმე, მაშინ “ქალები კაცებს ფიზიკურადაც უნდა გავუთანაბრდეთ, მანქანას საბურავიც გამოვუცვალოთ, სიმძიმეებიც ავწიოთ და ყველა იმ ფიზიკურ დატვირთვას გავუძლოთ, რასაც კაცები ასე მარტივად ართმევენ თავს”.
ამგვარი მსჯელობა იქნება მთელი გადაცემის განმავლობაში და ბოლოს, ისე დასრულდება, რომ არავინ დასვამს კითხვას - რა კავშირშია ერთმანეთთან ფიზიკური და უფლებრივი თანასწორობა. რეალურად, ეს ხომ პრობლემის გამიზნულად, არასწორი მიმართულებით წარმოჩენაა, - რა დროსაც, ვცდებით ნამდვილ პრობლემას და საგნობრივ მსჯელობას.
ზუსტად მსგავსი სიმარტივით იქცევა ხოლმე საქილიკოდ ნებისმიერი სხვა მტკივნეული თემაც. მაგალითად, ქალებზე ძალადობისა და შევიწროების ფაქტები, რაზეც ბოლო დროს ზოგი ქალი ალაპარაკდა, ზოგის სითამამეს კი, ისევ “სხვა რას იტყვის” არგუმენტმა აჯობა და უბრალოდ იმ იმედით გაჩუმდა, რომ სხვა მის ნაცვლადაც იტყოდა საერთო სათქმელს. ამის ფონზე კი, იქ სადაც, წესით, მთავარ გამოწვევებზე არგუმენტირებულად უნდა საუბრობდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებდნენ, კრებითი “სიხარულიძეები” სერიოზული სახეებით, ზედმეტად არასერიოზულად “მსჯელობენ”.
ასე მაგალითად, გადაცემის მამრობითი სქესის რომელიმე სტუმარი, ანდა საერთოდაც წამყვანი უბრალოდ იხუმრებს, რომ ქალის მხრიდან შევიწროების ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა და აბა სად არიან ამ დროს უფლებადამცველები?! მას რატომ არ იცავენ?! ამას მოყვება საყოველთაო სიცილი და ამ სიცილში ჩაიკარგება ბევრი ხმა, რომელიც უბრალოდ მოსმენას ითხოვდა.
ასეთ გადაცემებში ხშირად, ქალთა უფლებებზე არასერიოზულად და არაარგუმენტირებულად არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალებიც მსჯელობენ. მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს, გადაცემა “პროფილში” 30 წლამდე გოგოს ისტორია მოვისმინეთ, რომელსაც, როგორც თავად ყვებოდა, მეუღლე პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
წამყვანსვე რომ დავესესხო, სტუმრის “გასამხნევებლად” და თემაზე სასაუბროდ, სტუდიაში მიწვეულები იყვნენ: მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თათია დოლიძე და მოდელი თამთა შედანია.
იმ მძიმე ისტორიის ფონზე, რასაც გადაცემის მთავარი გმირისგან ვისმენდით, წამყვანს მხოლოდ ასეთი კითხვები დაებადა: “გულია, მომიყევი როგორ მოხდა, როგორი იყო პირველი დღე?”, “რამდენ მამაკაცთან მოგიწია ყოფნა?”, “რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნებიც იყო?”, “ის შენი კლიენტები ახალგაზრდები იყვნენ, როგორ გამოიყურებოდნენ?”, “ზიზღს იწვევდა ეს ყველაფერი შენში?”, “ამ პერიოდში ქმართან გქონდა ფიზიკური ურთიერთობა?” და ა.შ.
გაუგებარია, რა მიზანი ჰქონდა ასეთ კითხვებს, თუ არა მხოლოდ, შოუს მცირეოდენი ელემენტებით გამდიდრება. მაგალითად, წამყვანისთვის მოულოდნელად სიტყვა “ცემის” მნიშვნელობაც ბუნდოვანი აღმოჩნდა. “მცემდა. რას ნიშნავს მცემდა?”, “რაში გამოიხატებოდა?” - სწორედ ასეთი იყო მისი რეაქცია, როდესაც სტუმარმა ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. შემდეგ, იმის გარკვევა, თუ რა მოვლენაა ეს კაცი და რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, სტუმრებთან გადაწყვიტა. წარმართული საუბრის დისკურსი მარტივი წარმოსადგენია. საუბარს თან სდევდა სტუმრების დიდაქტიკური მიმართვები და კითხვები იმის შესახებ, თუ აქამდე სად იყო, რატომ პირველივე ძალდობის შემდეგ არ გამოიქცა, რატომ მისცა ამდენის უფლება და ა.შ.
საბოლოო ჯამში, გადაცემაში, ვერც კომპეტენტური აზრი მოვისმინეთ და ვერც პრობლემის გადაჭრის რეალური გზა დავინახეთ. არადა, წესით, შოუში მსგავსი საკითხის წამოჭრის მთავარი დანიშნულებაც ეს უნდა იყოს - პრობლემის მრავალმხრივი განხილვა და მისი მოგვარების გზების დასახვა.
ცხადია, ამგვარ შოუებს არსებობის უფლებაც აქვთ და თავისი აუდიტორიაც ჰყავთ. თუმცა პრობლემა მაშინ იჩენს, თავს როცა ამ შოუებში სერიოზული საკითხები სენსაციურ ჭრილში განიხილება. ასე მთავარი სათქმელი ხმაურში იკარგება და საზოგადოებაში უკვე ისედაც არსებული სტიგმები და კლიშეები კიდევ უფრო ღრმავდება.