12.04.2018
სათაურს და ინფორმაციის
გავრცელების ფორმას განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიაში. წაიკითხავს
თუ არა მკითხველი სტატიას, განმსაზღვრელი დიდწილად მასალის
სათაურია.
"მედიაჩეკერი" ათ ისტორიულ და
გამორჩეულ სათაურს გთავაზობთ, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა
მკითხველზე.
„ტიტანიკი აისბერგთან შეტაკებიდან 4 საათში ჩაიძირა. 866 ადამიანი გადარჩენილია Capra Thia-ს მიერ, სავარაუდოდ 1250 დაიღუპა“
New York Times. 16 აპრილი,
1912
ტიტანიკის ჩაძირვის შესახებ,
ერთ-ერთი, ყველაზე ზუსტი ინფორმაცია, New York
Times-ში დაიბეჭდა. ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ გემზე
ყველა გადარჩა, რადგან ბევრი ჟურნალისტისთვის წარმოუდგენელი იყო
ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეული გიგანტური ლაინერის ასეთი მასშტაბური
კატასტროფა. იყო გაზეთები, რომლებშიც ბევრად მეტ მსხვერპლზე
საუბრობდნენ.
„ჰიტლერი მკვდარია“
News Chronicle. 2 მაისი,
1945
ბრიტანულმა News
Chronicle-მა, რომელიც შემდგომ Daily Mail-ად გადაკეთდა,
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე მილიონობით
ადამიანისთვის შვების მომგვრელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მართალია
ჰიტლერის სიკვდილი დღის მთავარი ამბავი იყო ყველა მედიაში, მაგრამ
News Chronicle-ის გიგანტურ შრიფტიანი სათაური ფიურერის ფოტოთი
ყველაზე ეფექტური გამოდგა.
„ადამიანი კოსმოსში“
Daily Mirror. 13 აპრილი,
1961
იური გაგარინის კოსმოსში გაფრენას
ბრიტანულმა Daily Mirror-მა მთლიანი პირველი გვერდი
დაუთმო. ამ ისტორიულ მოვლენაზე ეს ერთ-ერთი გამორჩეული მასალა იყო
ბეჭდურ მედიაში. მსხვილი შრიფტით, ოთხჯერ გამეორებული - „ადამიანი
კოსმოსში“, გაგარინის ფოტო და მის შესახებ ინფორმაცია, ერთი
შეხედვითვე ჭრიდა თვალს. „დღეს Mirror აღნიშნავს ჩვენი ცხოვრების
ყველაზე გრანდიოზულ ამბავს! საუკუნის ყველაზე დიდი ამბავს!“- წერდა
გამოცემა.
„ადამიანმა მთვარეზე გაიარა“
Daily News . 21
ივლისი, 1969
გამოცემის მთლიანი პირველი გვერდი,
რა თქმა უნდა, ნილ არმსტრონგის ისტორიულ მოგზაურობას ეძღვნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი იმ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა
გამოცემის მთავარი თემა იყო, ნიუ იორკული Daily
News-ის სათაური მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
თავისი გიგანტური შრიფტით და ქვესათაურად გამოტანილი არმსტრონგის
ცნობილი ციტატით: „ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის... ერთი
გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის”.
„კედელი აღარ არის! ბერლინი ისევ ბერლინია!
BZ. 10 ნოემბერი, 1989
ასე დაასათაურა გერმანულმა ტაბლოიდურმა გამოცემამ -
BZ პირველი გვერდის სტატია. გარდა შინაარსისა, ეს
სათაური შრიფტის, ფერების კომბინაციისა და სტილისტური თვალსაზრისითაც
გამორჩეული იყო ცივი ომის დასასრულის თემაზე გამოქვეყნებულ უამრავ
საგაზეთო მასალაში.“მანდელა დღეიდან თავისუფალია“
City Press. 11 თებერვალი,
1990
20 წლიანი პატიმრობის შემდეგ
ნელსონ მანდელა ციხიდან გამოვიდა. სამხრეთ აფრიკული გამოცემის
ისტორიული სათაური და მანდელასა და მისი მეუღლის ახალგაზრდობის ფოტო
გაზეთის პირველ გვერდზე, ყველაზე სენტიმენტალური და დასამახსოვრებელი
იყო ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალებს შორის.
„დაიანა გარდაიცვალა“
News of the World.
31 აგვისტო,1997
პრინცესა დაიანას ტრაგიკულმა
სიკვდილმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო და ცხადია, ეს ამბავი პრესის
მთავარი თემა იყო. თუმცა, ბრიტანული გაზეთი, News of the
world პირველი იყო ბეჭდური მედიიდან, რომელმაც ეს ინფორმაცია
გაავრცელა. გამოცემამ სპეციალური, დილის 6 საათიანი გამოშვება
დაბეჭდა, რომელიც მთლიანად დაიანას ეძღვნებოდა.
„„მატყუარა, მატყუარა“
New York Daily News. 18
აგვისტო,1998
ასეთი სკანდალური და თამამი სათაური გამოიტანა პირველ გვერდზე ამერიკულმა გაზეთმა New York Daily News-მა, მას შემდეგ, რაც ამერიკის 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა რამდენიმეთვიანი უარყოფის შემდეგ, აღიარა, რომ მონიკა ლევინსკისთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.
„ობამა ისტორიას ქმნის“
The
Washington Post. 5 ნოემბერი, 2008
ბარაკ ობამას ისტორიული გამარჯვება ნომერი პირველი ამბავი იყო 2008 წლის 5 ნოემბერს მთელს მსოფლიოში. უამრავ შთამბეჭდავ სათაურს შორის Washington Post ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გამოცემამ ვრცელი სტატია მიუძღვნა ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტის არჩევას სათაურით: „ობამა ისტორიას ქმნის“.
„ბოუის ცხოვრება და სიკვდილი“
Libération , 12
იანვარი, 2016
ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, 2016 წლის 11 იანვარს, მთელი მსოფლიო შეძრა. ეს ამბავი თითქმის ყველა გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა, მაგრამ ყველაზე დაუვიწყარი ალბათ მაინც ფრანგული Libération-ის გარეკანი და სათაური იყო. ფოტოზე ბოუი თვეების შვილთან, ლექსისთან ერთად არის გამოსახული.