09.06.2022
კატეგორია - ეთიკა
საქართველოში მედიაგარემოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული
დებატები „იმედმა“ კრიტიკული აქცენტების გარეშე, მანიპულაციურად
გააშუქა.რა ხდება
საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე 8 ივნისს გვიან ღამით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.
მნიშვნელოვანი ამბავი: ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე მწვავე და კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. გამომსვლელებმა ისაუბრეს ჟურნალისტებზე ძალადობასა და თავდასხმებზე, მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დევნაზე, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე.
როგორ გააშუქა „იმედმა“
- ტელეკომპანია „იმედმა“ დებატები პირდაპირ ეთერში არ გააშუქა.
- „იმედინიუსზე” კი ევროპარლამენტარების გამოსვლები კრიტიკული აქცენტების გარეშე გამოქვეყნდა.
„იმედინიუსი“ უშუალოდ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს 2 ნიუსით გამოეხმაურა:
- რიჩარდ ჩარნეცკი: სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოიწვიოს საქართველო უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის
- გრეგორევას ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას არ მისცემს
„იმედმა“ არ გააშუქა იმ ევროპარლამენტარების გამოსვლები, რომლებიც ეხებოდა:
- მედიაგარემოს გაუარესებას.
- მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას.
- ჟურნალისტებზე ძალადობასა და თავდასხმას.
- მთავრობისა და პოლიტიკოსების მხრიდან მედიის დევნას.
ასევე, იმედს არ გაუშუქებია იმ ევროპარლამენტარების გამოსვლა, რომლებიც ამბობდნენ, რომ „საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება“.
დამატებითი კომენტარები:
ევროპარლამენტიდან წამოსული კრიტიკის თემაზე „იმედინიუსმა“, კონტექსტის დართვის გარეშე, ხელისუფლებისადმი მიკერძოელბული ანალიტიკოსის - გია აბაშიძის ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა:
- გია აბაშიძე: რა არასიღრმისეული ჟრიამულია „ნაცებისა“ Facebook-კედლებზე, „იმხიარულონ“ და ელოდონ ნანატრ სანქციებს“, თუ საქართველოს „აუტსაიდერობას“
- პოსტში საუბარია იმაზე, რომ „ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან პოლონეთსა და უნგრეთზეც კი უმწვავესი განცხადებები კეთდება“.
- ზაალ ანჯაფარიძე: ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება
- ანჯაფარიძე ევროპარლამეტარების კრიტიკულ განცხადებებზე წერს, თითქოს, დებატების მიზანი, საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.
მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებები
გაშუქების პარალელურად, „იმედინიუსი“ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს აქვეყნებს, სადაც აქცენტი კეთდება იმაზე, თითქოს, ევროპარლამენტარების კრიტიკა რეალობას არ შეესაბამება.
მაგალითად:
- მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე: ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია რეზოლუზიის შინაარსს და ისინი „ფეიკებს“ ავრცელებენ.
- არჩილ თალაკვაძე: „სიმართლე ჩვენ მხარესაა - არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა და რეზოლუციის ამაზე აგება წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან“.