03.05.2018
ორგანიზაცია ამ ინდექსს რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით ადგენს. ესენია: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი, ბიზნესის მართვა და მედიის მხარდამჭერი ინსტიტუციები. კვლევა ახლა, 2018 წელს გამოქვეყნდა და იგი გასული, 2017 წლის ამბებს მიმოიხილავს.
ინდექსის ვარდნა წელს გამოხატვის თავისუფლების კუთხით ვითარების გაუარესებამ გამოიწვია. აქ მაჩვენებელი 0.21 ქულითაა შემცირებული და 2.75-დან 2.54-მდეა ჩამოსული. გაუარესებულია მდგომარეობა ბიზნესის მართვის მიხედვითაც, თუმცა უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0.02 ქულით. სხვა მიმართულებით მაჩვენებლები გაზრდილიც კი არის, მაგრამ სიტყვის თავისუფლების კომპონენტის ცვლილება საბოლოო ჯამში მედია მდგრადობაზე ნეგატიურადაა ასახული.
გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას მედიის თავისუფლების ინდექსის მკვლევარები სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ. განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და „რუსთავი 2 -ის“ საქმეს. ასევე, ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მისი ქვეყნისთვის გადაცემა, მაშინ, როდესაც მას იქ საფრთხე ემუქრებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ნაწილში საუბარია მისი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ გავლენებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რაც მან თანამდებობაზე მისვლის შემდეგ მიიღო.
„ის მუშაობდა ტელეარხ GDS-ზე , რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის. მაღლაფერიძის კავშირებმა მმართველ პარტიასთან მღელვარება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადებაში, როდესაც ის იანვარში ბორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩია“,- ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც მაღლაფერიძის პოლიტიკური მიკერძოებულობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მის მიერ ტელევიზიაში GDS-ის პოლიტიკური ტოქშოუს, „20-30-ის“ გუნდის დიდი ნაწილის დასაქმებაც არის მოყვანილი. „20-30“ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი გადაცემა იყო. ტოქშოუს იგი თავად უძღვებოდა გარკვეული დროის განმავლობაში.
კვლევაში საუბარია ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღლაფერიძის მიერ გადაცემების დახურვაზე: „მაუწყებელმა ასევე დახურა ორი გადაცემა, რომელიც რადიო თავისუფლების მიერ მზადდებოდა: „წითელი ზონა“, - ის თითქმის ათი წლის განმავლობაში გადიოდა არხზე და „ინტერვიუ“ - პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ მწვავე კითხვებით გამორჩეული ტოქშოუ".
მთავრობის მიერ მედიის შეზღუდვის მცდელობად არის დასახელებული 2017 წლის მარტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს და მის განვითარებას გაუწევდა მონიტორინგს. მედიის წარმომადგენლებმა ეს იდეა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ თუ საქმე ჟურნალისტების დაცვას ეხება, ეს სახალხო დამცველის კომპეტენციაშიც შედის და დამატებითი ინტიტუციების შექმნას არ საჭიროებს.
სასამართლოს მხრიდან მედიაზე ზეწოლის ჭრილშია განხილული ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმე. გასული წლის მარტში მოსამართლე ურთმელიძემ კომპანიის 100-პროცენტიანი წილი მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, რომელიც „ქართული ოცნების“ მოკავშირედ მოიაზრება. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა.
კვლევაში საუბარია ასევე რეგიონულ მედიებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის მცდელობებსა და მარეგულირებელი კომისიის რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით „შერჩევითი და არათანმიმდევრული“იყო.