აფგან მუხტარლის გატაცება და ქართული დემოკრატიის კრიტიკა საერთაშორისო ანგარიშებში
29.05.2018
ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 29 მაისს, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. რვა თვის შემდეგ, დევნილ ჟურნალისტს, რომელიც თბილისს აფარებდა თავს, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად მუხტარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

ერთი წლის შემდეგ ისევ უცნობია მომხდარის დეტალები და პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში. თუმცა, ცნობილია როგორ აისახა ეს ფაქტი საქართველოზე.

აფგან მუხტარლის საქმე, გასული ერთი წლის განმავლობაში, მოხვდა ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. ამ პერიოდში მოვისმინეთ არაერთი კრიტიკული განცხადებაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

მომხდარიდან ორ კვირაში ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო, რითაც დაგმო მუხტარლის “თბილისიდან გატაცება და შემდგომ ბაქოში დაპატიმრება”. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ესაა ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული ფაქტი.

ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს მომხდარში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

იმავე წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მუხტარლის საქმეს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. “ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით გამოძიებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, სავარაუდო გატაცების შესახებ და მოვუწოდებთ მათ, რომ იგი იყოს გამჭვირვალე და დროული”, - ეწერა 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

აფგან მუხტარლის საქმე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

2009 წლის შემდეგ პირველად, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებისა და რუსთავი 2-ზე ზეწოლის ფაქტებთან ერთად, დემოკრატიის გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია აფგან მუხტარლის საქმეს ასახელებს.

“მუხტარლი საქართველოში აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის ბიზნესებს იძიებდა. მისი მასალები საქართველოს ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რასაც მივყავართ სპეკულაციამდე, რომ მისი არაკანონიერი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ერთგვარი საჩუქარი იყო მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორისთვის”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მუხტარლის საქმე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის ქვეთავში შეიყვანა Amnesty International-მა: “გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის”.

მუხტარლის გაუჩინარებისთანავე, საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) საქართველოს ოფიციალური პირებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, - როგორ და რატომ გაიტაცეს და გადაიყვანეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანში. ორგანიზაცია აზერბაიჯანისგან აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვს.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, Human Rights Watch, საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ივნისში მიმართეს.

“აფგან მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციისთვის, როგორც კავკასიის რეგიონის ლიდერ ქვეყანაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,”- ვკითხულობთ წერილში.

გასული წლის დეკემბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები, კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესნენ და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში PACE-ს წევრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები არიან, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი შეშფოთება.

ავტორი : თორნიკე მანდარია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ