გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები საქართველოში
31.05.2018
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, კონკრეტული საჯარო პირებისა და უწყებების ინიციატივებითა და კანონპროექტებით რამდენჯერმე დაემუქრა საფრთხე.

ბოლო ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა და განხილვები მოჰყვა, საპარლამენტო უმრავლესობის ორი დეპუტატის, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა იყო შემოქმედებითი ცენზურის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ „ცენზურის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკან დაიხია.

თუმცა, ეს კანონპროექტი ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც ბოლო პერიოდში საზოგადოება გამოხატვის თავისუფლების საფრთხეებზე აალაპარაკა.

2017 წლის იანვარი - ევა გოცირიძე მოსამართლეთა კრიტიკის შეზღუდვას ითხოვს

ევა გოცირიძე ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა, ვიდრე ამ პოზიციას დაიკავებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში განაცხადა, რომ უნდა დადგენილიყო მოსამართლეთა მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები: „ვფიქრობ, საქართველოში უნდა ამაღლდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღიარების ხარისხი. მედიამ, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. მოსამართლის მიმართ უნდა დადგინდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლები“.

ეს ინიციატივა ევა გოცირიძემ დაახლოებით სამი თვის შემდეგ ისევ გაახმოვანა. „დადგა დრო, ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს ისე, როგორც საჭიროა. ზოგიერთი ნაწილი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი“, - აღნიშნა 4 აპრილს, პარლამენტში მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

იმავე წლის 26 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ რეაგირება ითხოვა. საპასუხო განცხადებაში ქარტიამ ცენზურის საფრთხეზე მიუთითა, ევა გოცირიძეს კი ურჩია, რომ თუკი რომელიმე ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ ჰქონდა პრეტენზია და მიიჩნევდა, რომ ეთიკური პრინციპები იყო დარღვეული, ქარტიაში დადგენილი წესით შეეტანა განცხადება.

არც იუსტიციის საბჭოს და არც თავად ევა გოცირიძეს ქარტიისთვის აღარ მიუმართავს. ამ განცხადებების შემდეგ ამ საკითხზე აღარც საუბარი ყოფილა.

2017 წლის ოქტომბერი - კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიძულვილის ენის რეგულირებაში გადატანას შეეცადა


ევა გოცირიძის ვერგანხორციელებული ინიციატივიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა ცვლილებათა კანონპროექტი, რომელშიც სხვა, მთელ რიგ ცვლილებებთან ერთად, რამდენიმე საკითხის, მათ შორის სიძულვილის ენის მედიის თვითრეგულირების სფეროდან ამოღებას ითხოვდა. კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლი თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში უნდა გადასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანომ უნდა განიხილოს საჩივარი, ცვლილების მიღების შემდეგ საკითხზე GNCC იმსჯელებდა და შესაძლებელი ხდებოდა მიმართვა სასამართლოსთვისაც.

კომუნიკაციების კომისიამ ცვლილებების საჭიროება აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებით ახსნა.

კანონპროექტის ამ ნაწილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება მოჰყვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს გარდა ამისა, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმებოდა მედიაგარემოს გაუარესებად“.

ინიციატივა მოიწონა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, თუმცა პროცესი აღარ გაგრძელებულა.

2018 წლის მაისი - კლინიკების ასოციაცია ექიმების შეცდომის ან დანაშაულის გაშუქების წინააღმდეგ


მოსამართლეების შემდეგ, მედიის კრიტიკის აცილებაზე სამედიცინო სფეროში დაფიქრდნენ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, 2018 წლის 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კლინიკების ასოციაციამ წარადგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ „მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - თანხა გაორმაგდება. ამავე დროს მედიას დაეკისრება ვალდებულება უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია“.

2018 წლის მაისი - შემოქმედებითი ცენზურის დაწესების მცდელობა


2018 წლის მაისში აკრძალვის მცდელობები შემოქმედებით სფეროსაც შეეხო. საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. ინიციატივამ იურისტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო პაკეტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად მიიჩნია და თქვა რომ,„საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე“.

საბოლოოდ, 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებულ, „ცენზურის კანონპროექტს“ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კულტურის შესახებ კანონი უცვლელი დარჩეს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ