2018 წლის პირველ ნახევარში 47 ჟურნალისტი და მედია პროფესიონალი მოკლეს - RSF
29.06.2018
მძიმე 2017 წლის შემდეგ, უსაფრთხო ჟურნალისტებისთვის არც მიმდინარე, 2018 წელი აღმოჩნდა. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) იუწყება, რომ წლის პირველ ნახევარში უკვე მედია სფეროში მომუშავე 47 ადამიანია მოკლული. მათგან 36 პროფესიონალი ჟურნალისტია, 9 მოქალაქე ჟურნალისტი და 2 მედიის სხვა მიმართულების სპეციალისტი. ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში ავღანეთი ლიდერობს, სადაც11 ჟურნალისტი მოკლეს, მას სირია და მექსიკა მოსდევს, 7 და 5 ჟურნალისტით.

ამ საგანგაშო მდგომარეობის გამო, ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მთლიანი გრანტის 40% გამოყო იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს უსაფრთხო ადგილზე გადაადგილებაში დაეხმაროს. ბიუჯეტის მესამედი ოთხმა ყველაზე საშიშმა ქვეყანამ - ავღანეთმა, სირიამ, იემენმა და მექსიკამ მიიღო გასაჭირში მყოფი ჟურნალისტების დასახმარებლად.

ავღანეთი, რომელიც RSF-ის მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყნიდან 118 ადგილზეა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებების ეპიცენტრად იქცა, რასაც ყველაზე მეტი - 11 მსხვერპლი მოჰყვა მედიაში. ბევრი ჟურნალისტი ავღანეთის კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა მხარეების გამუდმებული მუქარის ქვეშაა. მათ შორის არიან ქალი ჟურნალისტებიც, რომლებიც ისედაც დაუცველები არიან ქვეყანაში, რადგან რამდენიმე რეგიონში ძლიერია ფუნდამენტალისტური პროპაგანდა.

ძალადობა გრძელდება იმ ჟურნალისტებზეც, რომლებიც სირიასა და იემენში ჯერ კიდევ მუშაობენ. სირია პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 177 ადგილზეა, იემენი კი 167- ზე. მიმდინარე წელს სირიაში ერთი პროფესიონალი ჟურნალისტი, 5 მოქალაქე ჟურნალისტი და ერთი მედია სპეციალისტი მოკლეს საარტილერიო და საჰაერო დაბომბვისას. იმენეში კი 3 პროფესიონალი და 5 მოქალაქე ჟურნალისტია გარდაცვლილი. ამ ორ ქვეყენაში, რომლებიც ახალი ამბებისა და ინფორმაციის შავი ხვრელია, ბევრ ჟურნალისტს უბრალოდ არჩევანი არ დარჩა გარდა იმისა, რომ ან შეეწყვიტათ მუშაობა, ან საზღვარგარეთ წასულიყვნენ, რომ მუქარებისთვის თავი დაეღწიათ. მათ, ვინც საზღვარგარეთ მიდის, RSF სპეციალურ დახმარებას უწევს, რომ უსაფრთხო თავშესაფარს მიაღწიონ ან სასწრაფო ხარჯები დაფარონ.

მსოფლიოს მეორე მხარეს მდებარე მექსიკა, რომელიც თავისუფლების ინდექსით 147-ე ადგილზეა, დასავლეთის ნახევარსფეროს ყველაზე საშიში ქვეყანაა ჟურნალისტებისთვის. წლის დასაწყისიდან იქ 5 ჟურნლისტი მოკლეს, 14-ს კი მოკვლით ემუქრებიან.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ