სიძულვილის ენა წინასაარჩევნოდ მედიაში - MDF-ის კვლევა
22.10.2018
წინასაარჩევნოდ, მედიასაშუალებებში ყველაზე ხშირად სიძულვილის ენა გამოყენებული იყო მიგრანტების, თურქებისა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ. ასეთია კვლევის დასკვნა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. როგორც კვლევიდან ხდება ცნობილი, 1-ლი აგვისტოდან 15 ოქტომბრის შუალედში, მედიასაშუალებებში სულ 117 დისკრიმინაციული განცხადება მოხვდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი მიგრანტებს შეეხებოდათ.

MDF ორთვენახევრის განმავლობაში სიძულვილის ენის გამოსავლენად აკვირდებოდა:

5 საინფორმაციო და ანალიტკურ ტელეგადაცემას:
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე),
  • რუსთავი 2 (კურიერი, P.S.)
  • იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა)
  • მაესტრო (საინფორმაციო გამოშვება)
  • „ობიექტივი“ (საინფორმაციო გამოშვება)

5 ტელე-თოქ შოუს:
  • რუსთავი 2 (არჩევანი)
  • იმედი (პირისპირ)
  • იბერია (თავისუფალი სივრცე)
  • ობიექტივი (ღამის სტუდია, ოქროს კვეთა)
  • კავკასია (ბარიერი, სპექტრი)

7 ონლაინ გამოცემას:
  • საქინფორმი
  • ნეტგაზეთი
  • ინტერპრესნიუსი
  • საქართველო და მსოფლიო
  • PIA
  • კვირის პალიტრა
  • მარშალპრესი

4 გაზეთს
  • რეზონანსი
  • პრაიმ თაიმი
  • ასავალ-დასავალი
  • ალია
კვლევამ მოიცვა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედიასაშუალებები, თუმცა მასში მითითებული არ გახლავთ თუ რა კრიტერიუმით მოხვდნენ კვლევის არეალში კონკრეტული მედიასაშუალებები.

შედეგები

სიძულვილის ენის წყარო საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ყველაზე ხშირად კახა კუკავა, შალვა ნათელაშვილი და ბესარიონ თედიაშვილი გახლდათ. სიძულვილის ენას ხშირად იყენებდა პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძეც. საპრეზიდენტო კანდიდატები სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით ავრცელებდნენ მესიჯებს, რომ საქართველოში მოსული მიგრანტები ქვეყანას საფრთხეს, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეს უქმნიან, ეთნიკურად ქართველთა ეროვნულ უმცირესობად ქცევას უქადიან და არიან პროსტიტუციის, ნარკომანიისა და კრიმინალს ზრდის მიზეზები.

ინფოგრაფიკა: © მედიის განვითარების ფონდი

საპრეზიდენტო კანდიდატებიდან სიძულვილის ენის წყაროთა შორის მოხვდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. კვლევაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდასა და ახალციხეში ეთნიკურ სომხებსა და თურქებს შორის შუღლის გამაღვივებელი კომენტარები გააკეთა, რამდენიმე ხნით ადრე კი, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა, სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ".

პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში კი, სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსის, ქართული დასის, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყენებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ MDF-ის მონიტორებმა სხვადასხვა მედიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ გაკეთებული 12 ქსენოფობიური, 8 თურქოფობიური, 3 ჰომოფობიური, 5 რელიგიური ნიშნით, 1 გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადება და 1 ძალადობის წამახალისებელი კომენტარი აღმოაჩინეს. MDF-ის კვლევაში მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ქსენოფობიური კომენტარიც, რომელიც „საქინფორმის“ ცნობით, მან საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა: “...ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ (საქინფორმი, 9 ოქტომბერი)20.”

ინფოგრაფიკა: © მედიის განვითარების ფონდი

რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ გამოვლენილ სიძულვილის ენას, MDF-ის კვლევიდან ცნობილი ხდება რომ ყველახე ხშირად სიძულვილის ენა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო გამოყენებული. მედიასაშუალებებმა სხვადასხვა დროს ზურაბიშვილის მიმართ დისკრიმინაციული შინაარსის 5 კომენტარი გაავრცელეს, რომელთაგან 2 ძალადობის წამახალისებელი, 2 რელიგიური, 1 კი გენდერული ნიშნით სიძულვილის ენას შეიცავდა. სიძულვილის ენის ობიექტები ასევე გახდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

ინფოგრაფიკა: © მედიის განვითარების ფონდი


კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ MDF-ის ვებ-გვერდზე.

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ