23.10.2018
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 95-დან 30 საერთაშორისო მედიაორგანიზაციაა, 65 კი ადგილობრივი.
როგორც ცესკოს ვებგვერდზეა მითითებული, ყველაზე მეტი 382 აკრედიტაცია მიღებული აქვს ნიუს სფეისს. ეს არის ონლაინ საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც არ გააჩნია ვებგვერდი, Facebook-ის გვერდზე სულ გამოქვეყნებული 10 პოსტიდან კი ბოლო 2017 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.
ნიუს სფეისმა აკრედიტაცია გასული, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების დროსაც გაიარა. მაშინ ამ თემაზე მასალა ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთმა მოამზადა. სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ მედიასაშუალებას დაარსებიდან 2 თვეში, არჩევნების დღისთვის 1 724 აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული.
ნეტგაზეთის ცნობით, ნიუს სფეისის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე დიასამიძე იყო, რომელიც იმ დროისთვის პარტია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, მედიასაშუალების 100%-იანი წილის მფლობელი კვლავაც თორნიკე დიასამიძეა.
2017 წლის თვითმართველობის არჩევნების დროს, ნეტგაზეთმა კიდევ ერთი მედიასაშუალება “პრეს მედია” აღმოაჩინა, რომელსაც 1459 აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული. ამ ეტაპზე ცესკოს მიერ აკრედიტებულთა სიაში ეს ორგანიზაცია აღარ იძებნება.
28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად სხვა მედიასაშუალებებიდან ყველაზე მეტი აკრედიტაცია მიღებული აქვს: საზოგადოებრივ მაუწყებელს (203 აკრედიტაცია), ტელეიმედს (152 აკრედიტაცია) და რუსთავი 2-ს (130 აკრედიტაცია).