მიკერძოებული პრესა და ზედაპირული რეპორტინგი რადიოებსა და ონლაინ მედიაში - წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები
25.10.2018

პრესა კვლავაც ქართული მედიის ყველაზე სუსტ რგოლად რჩება. ასეთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშების გაცნობისას, რომლებიც 25 ოქტომბერს, პროექტ „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის“ ფარგლებში გამოქვეყნდა.

როგორც „ინტერნიუსი - საქართველოსა“ და „სამოქალაქო განვითარების ინსიტიტუტის“ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რადიო მაუწყებლები და ონლაინ მედიები მეტნაკლები წარმატებით ახერხებენ თავი აარიდონ კონკრეტული პოლიტიკური ძალის განსაკუთრებულად ნეგატიური ან პოზიტიური ტონით ანდა ეთიკური სტანდარტების დარღვევით გაშუქებას. ბეჭდური მედიის შემთხვევაში კი მდგომარეობა არასახარბიელოა და ხშირია როგორც არაეთიკური რეპორტინგი, ასევე მიკერძოებული, გადაუმოწმებელი და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელება. ზედაპირულობა და წყაროთა ერთფეროვნება კი ის საკითხია, რაც ზემოთ ჩამოთვლილ სამივე ტიპის მედიებისთვის პრობლემურად რჩება.



ონლაინ მედია

როგორც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ჩატარებული მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, ციფრული მედიასაშუალებები ახერხებენ, მეტნაკლებად ობიექტურად და მიკერძოების გარეშე გააშუქონ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული თემები.

კვლევას არ გამოუვლენია ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევა ონლაინ მედიასაშუალებებში. მიუხედავად ამისა, კვლავაც თვალშისაცემია ზედაპირულობისა და წყაროთა ერთფეროვნების პრობლემა.

როგორც ანგარიშშია მითითებული, ონლაინ გამოცემები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკითხების სიღრმისეულ გაშუქებას, ეყრდნობიან მხოლოდ ერთ წყაროს, იგნორირებას უკეთებენ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების სიღრმისეულ ანალიზს და ძირითადად შემოიფარგლებიან პოლიტიკოსთა ყოველდღიური განცხადებებისა თუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უაპელაციოდ გავრცელებით.

ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კი ონლაინ მედიასაშუალებებში კომერციული და სარედაქციო მასალების გამიჯვნა რჩება.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, ყველაზე ხშირად ონლაინ მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უთმობდნენ ყურადღებას. დანარჩენ კანდიდატთაგან დათმობილი ყურადღების სიხშირით მესამე ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი მონაცვლეობდნენ.

„პრეზიდენტობის კანდიდატთა საქმიანობასაც ონლაინ გამოცემების უმრავლესობა აშუქებს ზედაპირულად და ძირითად ყურადღებას უთმობს მხოლოდ კანდიდატთა განცხადებებსა და ყოველდღიურ წინასაარჩევნო საქმიანობას. შედეგად, ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მკითხველისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესახებ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


ასევე წაიკითხეთ: 
სატელევიზიო ახალი ამბებისა და ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები


რადიო

ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეშად დარღვევა არ დაფიქსირებულა არც რადიო საშუალებების მონიტორინგში, რომელიც „ინტერნიუსი - საქართველომ“ ჩაატარა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია რადიოების მიერ ამბების დაბალანსებულად გაშუქების ხარისხი და არ გამოვლენილა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მედიების განსაკუთრებული მიკერძოებულობა. მიუხედავად ამისა, ონლაინ მედიების მსგავსად, რადიოებში კვლავაც მწვავედ დგას ამბების სიღრმისეულად გაშუქების პრობლემა და ორიგინალური ჟურნალისტური კონტენტის წარმოება. „რადიომაუწყებლების ეთერში თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდნენ და არა ჟურნალისტების მოპოვებული ინფორმაცია,“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, რადიოები არ ერიდებოდნენ ხელისუფლების კრიტიკასა და ამბის სხვადასხვა მხარის წარმოჩენას თუმცა, როგორც წესი, ინფორმაციას ძირითადად ერთ წყაროზე დაყრდნობით, უაპელაციოდ ავრცელებდნენ და არ სვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს.

როგორც მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რადიო მაუწყებლები ფართოდ აშუქებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს თუმცა ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებსა და არაკვალიფიციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს. პოლიტიკური სუბიექტებიდან და კანდიდატებიდან კი ყველაზე ხშირად ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და შესაბამისად მათი საპრეზიდენტო კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე შუქდებოდნენ.

პრესა

განსხვავებით რადიო და ონლაინ მედიებისა, კვლევის მიხედვით, ქართული ბეჭდური გამოცემების უმეტესობაში ვხვდებით ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევის შემთხვევებს. გაზეთები არ ერიდებიან ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტისა თუ საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ცალსახად დადებითი ან უარყოფითი განწყობის ჩვენებას.

როგორც მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში წერია, გაზეთებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ამბის გაშუქება არა ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ გადაუმოწმებლად კონკრეტული სუბიექტების დისკრედიტაციის მიზნით ხდება. ჟურნალისტები არ ერიდებიან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებას, სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხყოფას. გარდა ამისა, რეპორტიორები არ ცდილობენ არც რესპონდენტთა დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან გამიჯვნას. რადიოებისა და ონლაინ მედიების მსგავსად, გაზეთებიც იშვიათად არიან სათანადოდ კრიტიკულები და სიღრმისეულები, შესამჩნევია წყაროთა ერთფეროვნება და მეტიც, ხშირად წყაროთა სანდოობა საეჭვოა. ონლაინ გამოცემების მსგავსად, ბეჭდური გამოცემებიც ხშირად არ მიჯნავენ სარედაქციო და სარეკლამო მასალებს.

კიდევ ერთი საერთო ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებს შორის საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებისადმი უგულისყურობაა. „მონიტორინგისთვის შერჩეული გამოცემების დიდ ნაწილში საერთოდ არ გვხვდება პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვებისა და საარჩევნო დაპირებების ობიექტური, დასაბუთებული ანალიზი“, - ვკითხულობთ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში. თუმცა, ონლაინ მედიებისგან განსხვავებით, გაზეთების ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატებს უკიდურესად არაობიექტურად აშუქებს და ხშირია პიროვნული შეურაცხყოფები თუ დაუსაბუთებელი ბრალდებები, ნათქვაია ანგარიშში.

კვლევის შესახებ

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ - ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. გაზეთების, რადიოებისა და ონლაინ მედიასაშუალებები კვლევის შუალედური ანგარიში 18 ივნისიდან 15 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. როგორც ანგარიშებშია აღნიშნული, მონიტორები აგროვებდნენ როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მონაცემებს შერჩეული მედიებიდან. რაოდენობრივი მონაცემებით აღინიშნებოდა პოლიტიკური სუბიექტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქების სიხშირე და გაშუქების ტონი. თვისობრივი ანალიზი კი მასალების მიკერძოებულობას, წყაროთა მრავალფეროვნებას, ბალანსს, ტერმინოლოგიას, ჟურნალისტურ სტანდარტებთან, ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობასა და სიზუსტეზე იყო ფოკუსირებული. „ინტერნიუსი - საქართველომ“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევის ობიექტებად შემდეგი მედიასაშუალებები შეარჩია:
  • ონლაინ მედია - ambebi.ge, interpressnews.ge, ipress.ge, liberali.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, news.ge, on.ge, palitravideo.ge, reportiori.ge, tabula.ge;

  • რადიო - „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „აჭარა“ (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქ. ბათუმი), „თავისუფლება”, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „ათინათი“ (ქ. ზუგდიდი), „ჰერეთი“ (ქ. თბილისი/ლაგოდეხი);

  • პრესა - „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „ქრონიკა +“, „კვირის პალიტრა“, „საქართველო და მსოფლიო“.
მონიტორინგის შუალედური ანგარიშების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ „მედიამონიტორის“ ვებ-გვერდზე.



ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ