ორგანგებიანი საგანგებო მდგომარეობა
13.11.2018
28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში დაიწყო მაუწყებლობა. როგორც ტელეკომპანიამ განმარტა, საეთერო ბადის საგანგებო რეჟიმში გადასვლის წინაპირობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გადასვლა გახდა. „ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არხის სახელით გავრცელდა. (საინტერესოა, რომ განცხადების ნაწილი იმ ტელეწამყვანმა წაიკითხა, რომელიც იმ „რეჟიმის“ დროს, იმედის დარბევიდან 2 წელში, მაშინდელი მთავრობის მთავარ რუპორში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუშაობდა).

 


აღნიშნულ განცხადებაში, არსებითი სიახლე მხოლოდ ტერმინ „საგანგებო რეჟიმის“ გამოყენება გახლდათ. ხოლო ის, რაც ამ ტერმინის მიღმა დგას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგით არის დოკუმენტირებული. „მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი პოლარიზებულია სამაუწყებლო მედია. … არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას,“ - აღნიშნულია ქარტიის ანგარიშში, სადაც სატელევიზიო ტოქშოუებში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაა შეფასებული.

არც თუ დიდი ხნით ადრე კი, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში წიწაკა ჭამა. მართალია, აღნიშნული „ჩელენჯის“ იუმორისტული განზომილება ბევრისათვის გაუგებარი დარჩა, მაგრამ ნაგულისხმევი მესიჯი არხის მაყურებლებისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ ე.წ „წიწაკა ჩელენჯამდე“. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის Facebook-ის ანგარიშიდან დაწყებული, ლამის “გააცინე და მოიგეთი“ დასრულებული, ყველა შესაძლო საინფორმაციო წყაროთი, არხი სრულყოფილ ანტი-საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

მოკლედ რომ ვთქვათ, წამყვანი ქართული ტელეარხებიდან ორის მთავარი მახასიათებელი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია და მაყურებლამდე ალტერნატიული რეალობების მიტანაა. თუმცა, მანამდე „იმედის“ მიერ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება იქცევს ყურადღებას. საგანგებო რეჟიმი ან საგანგებო მდგომარეობა სამართლისა და პოლიტიკის ფილოსოფიაში ფართოდ განხილული ცნებაა (მაგ. კარლ შმიტი, ჯორჯო აგამბენი) და იგი, ძირითადად, ძალაუფლების ლეგიტიმურ წყაროსთან, სუვერენთან მიმართებაში გაგებულია როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, სადაც აღნიშნული ძალაუფლების წყაროზე აღარ ვრცელდება ჩვეულებრივ დროს არსებული კანონისმიერი შეზღუდვები.

რა თქმა უნდა, „იმედი“ ჩვენს მოცემულობაში პირდაპირი გაგებით სუვერენი ვერ იქნება, მაგრამ თუკი გავიხსენებთ რომ მედიასაშუალებები თავისი არსით გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ თავიანთ მაყურებლებზე, ეს კონკრეტული მედიასაშუალება კი იმ პოლიტიკური ძალის თანამებრძოლი აღმოჩნდა, ვინც ამჟამად ქვეყანას მართავს, იოლი გახდება ტერმინის გამოყენების მოტივაციის მიხვედრაც (ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ მედიას ხშირად მეოთხე ხელისუფლებად მოიხსენიებენ ხოლმე. ჩვენს რეალობაში ზოგიერთი მედია სწორედ ხელისუფლების მეოთხე შტოს ფუნქციას ითვისებს, ოღონდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). პოლიტიკური კრიზისების დროს, სწორედ ძალაუფლების ზედა საფეხურზე მდგომი სუბიექტები ცდილობენ გააჩინონ საგანგებო მდგომარეობის ქრონიკული განცდა, რათა მათთვის დაწესებული კანონისმიერი შეზღუდვებიდან გადახვევის საშუალება მუდმივად ჰქონდეთ. ერთი მხრივ, „იმედს“ თავის მაყურებელთან სრულიად ლეგიტიმურად შეუძლია გაამართლოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია, მეორე მხრივ კი, საგანგებო მდგომარეობის განცდის გაჩენით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ ამომრჩევლის ყურადღება „სისხლიან 9 წელზე“ გამახვილდეს, ნაცვლად ამჟამინდელი ხელისუფლების უსუსური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისა, პოლიტიკური შეცდომებისა თუ სამართლებრივი გადაცდომებისა.

ზუსტად ანალოგიური საგანგებო მდგომარეობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს, ამჟამად ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის „რუსთავი 2“-ის ყურებისას. რუსთავი 2, რომელიც ასეთ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს ლამის 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აღნიშნულ განცდას ერთი და იმავე ხერხით აღვივებდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც - სახელმწიფო უსაფრთხოებაზე წამდაუწუმ აპელირება და მოღალატეების, მტრების ამოცნობა პოლიტიკურ ოპონენტებში. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად სწორედ რუსეთის აგენტების, მეხუთე კოლონების და „პუტინისტების“ აღმოჩენით ხდებოდა ხოლმე ქვეყანაში არსებული საპოლიციო თუ პენიტენციურ სისტემაში არსებული უსამართლობების, ჩამოშლილი ეკონომიკის, სიღარიბის ზღვართან და ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების გადაფარვა. 2012 წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ კრიტიკის მთავარი ხაზი მოღალატეობაზე გადის. “შერაცხადობასთან პრობლემის მქონე ქალი“, „პუტინი“, „მოღალატე“ - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ეპითეტებიდან, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ერგო, მაგალითად, გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

საბოლოო ჯამში კი ორი მთავარი ტელეარხი, რომელიც ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ეკრანებიდან მაყურებელს დაუღალავად აწვდის, მსგავსი ტაქტიკით თუმცა განსხვავებული არგუმენტით მოქმედებს. იმედის შემთხვევაში, ტრანსლირებულ საგანგებო რეჟიმს „სისხლიანი 9 წელი“ უმაგრებს ზურგს, ხოლო რუსთავი 2-ის შემთხვევაში - „რუსეთუმეობა“ და სახელმწიფო უსაფრთხოება. ასეთ პოლარიზებულ გარემოში კი წაგებული მხოლოდ და მხოლოდ მათი ინფორმაციის მომხმარებელი, იგივე ამომრჩეველი რჩება, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ორი პოლიტიკური ძალის პინგ-პონგი შერჩება ხოლმე ხელში.

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ