13.12.2018
სამწლიანი მონიტორინგი აჩვენებს მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკა როგორ ყალიბდებოდა განსხვავებული მიმართულებით და მკაფიოდ იკვეთებოდა ორი პოლუსი - ხელისუფლებისა და ოპოზიციის სასარგებლოდ.
ანგარიშის მიხედვით, მაუწყებელთა არჩევანი 2016 წელს უკვე ცალსახა იყო. ერთ მხარეს, მსგავსი სარედაქციო პოლიტიკით იყვნენ „იმედი“, „მაესტრო“ და „GDS“: “ისინი საინფორმაციო გამოშვებებში ზოგჯერ უპირატეს მდგომარეობაში მთავრობას, პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აყენებდნენ და გამორჩეულად აკრიტიკებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ამის საწინააღმდეგოდ, 2016 წელს „რუსთავი 2“ კრიტიკული იყო როგორც მთავრობის, ისე მმართველი პარტიის მიმართ, პარალელურად ამ არხზე იკვეთებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დადებითი გაშუქება.
ამ ფონზე, 2016 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯერ კიდევ მიუკერძოებლად გამოიყურებოდ, “თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს „ქართული ოცნება“.
2016 წლის არჩევნების შემდეგ მედიაგარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: „იმედი,“ GDS და „მაესტრო“ გაერთიანდა. GDS გასართობ მაუწყებლად იქცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბარათაშვილი GDS-ის ყოფილმა მთავარმა პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ შეცვალა. მან შეაჩერა გადაცემები და არხზე ღია კონკურსის გარეშე დაასაქმა GDS-ის ყოფილი თანამშრომლები. ეს ცვლილება კი მყისიერად აისახა სამაუწყებლო ბადესა და სარედაქციო პოლიტიკაზე, რასაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებაზე დაკვირვება ადასტურებს - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წელი ისე დაასრულა, კანდიდატებისთვის სადისკუსიო სივრცე არ შეუთავაზებია. ეთერში მხოლოდ ერთი გადაცემა გავიდა, სადაც კანდიდატები მკაცრად განსაზღვრულ დროში ფორმალურ კითხვებს პასუხობდნენ. ხელისუფლებისადმი მიკერძოება უფრო მეტად ჩანდა ახალ ამბებში: „მოამბე“ მაყურებელს თითქმის არასდროს სთავაზობდა მწვავე ექსკლუზიური მასალებს, გადაცემა ვერ ავლენდა კორუფციულ ფაქტებს, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს“.
2017 წელს, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პირველ არხთან ერთად ხელისუფლებისადმი არამოდარაჯე პოზიციით გამოირჩეოდა “იმედიც”. არჩევნების შემდგომ კი ამ ორი არხის სარედაქციო პრიორიტეტები მაქსიმალურად დაახლოვდა: „ისინი, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ მომზადებული ლოიალური სიუჟეტებით განსაკუთრებით ჰგავდნენ ერთმანეთს“.
2017 წელს „იმედზეც“ მიკერძოება საინფორმაციო გამოშვებებში უფრო მეტად ჩანდა, ვიდრე ტოქშოუებში. საბოლოო ჯამში, თუკი 2016 წელს „იმედის“ და GDS-ის სარედაქციო პოლიტიკა იყო მსგავსი, 2017 წელს გასართობ არხად გადაკეთებულ GDS-ის ნაცვლად „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლისას დაუახლოვდა.
„რუსთავი 2“, 2016 წლის მსგავსად, 2017 წელსაც ხელისუფლებისადმი კრიტიკული რჩებოდა. თუმცა, კიდევ უფრო გამოიკვეთა მისი ლოიალური დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ეს გამოიხატებოდა ტოქშოუშიც „არჩევანი“.
ანგარიშის მიხედვით, ამ გადაცემამ 2018 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და ფაქტობრივად „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის გამომხატველი გახდა. ამ ტოქშოუმ გახადა ნათელი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიმართული იყო უმეტესად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითად წარმოჩენაზე.
სწორედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიური გაშუქება იყო 2018 წლის არჩევნების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი.
“თუკი 2016-2017 წლებში მიკერძოება გამოიხატებოდა დადებითად წარმოჩენაში, 2018 წელს არხების სარედაქციო პოლიტიკის მთავარი ინდიკატორი უარყოფითი გაშუქება გახდა, რაც არა მხოლოდ ტოქშოუებსა თუ საავტორო გადაცემებში, არამედ საინფორმაციო გამოშვებებშიც ცალსახად ჩანდა”, - ვკითხულობთ მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს პოლარიზაციამ ფაქტობრივად პიკს მიაღწია: „იმედი“ და „რუსთავი 2“ საარჩევნო კამპანიების მთავარი ფიგურანტები გახდნენ. „ამ ფონზე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც „იმედის“ ფლანგზე აღმოჩნდა და ამჯერადაც ვერ შეძლო კანონით დაკისრებული მიუკერძოებელი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სარედაქციო პოლიტიკის შექმნა“.
მონიტორინგი აჩვენებს, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მეორე ტურის წინ. “იმედი” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც ტოქშოუების რაოდენობის გაზრდასა და საინფორმაციო გამოშვებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითად გაშუქების მატებაში გამოიხატა. „რუსთავი 2“-ს არ განუცხადებია საგანგებო მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ “ორივე არხმა დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა მეტწილად პროპაგანდით ჩაანაცვლა”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება განიცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადემაც: “მეორე ტურამდე ეთერიდან გაქრა პირველი ტურის წინ შექმნილი გადაცემა „დღის თემა“, ასევე „კვირის ინტერვიუ“ და „აქტუალური თემა“. მის ნაცვლად ეთერში გადიოდა ტოქშოუს ფორმატის გადაცემა „არჩევნები 2018“, რომელიც უმეტესად ხელისუფლების ნარატივს ატარებდა”.
მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ტელეკომპანია „ობიექტივიც,“ ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისათვის და ებრძოლა ვაშაძის წინააღმდეგ.
“ტელესივრცე ფაქტობრივად ორპოლუსიანი გახდა, სადაც „რუსთავი 2“ ერთ მხარეს, „იმედი“, „ობიექტივი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეორე მხარეს აღმოჩნდნენ. „რუსთავი 2“-ზე ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნება ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, „ობიექტივი“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მოძალადე ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ”, - ნათქვამია სამწლიანი მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშში.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მაუწყებლების მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებდა. მონიტორები აკვირდებოდნენ მაუწყებლების საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს. ანგარიში ერთიანებს 2016-2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. მასში წარმოდგენილია როგორ იცვლებოდა საარჩევნო პროცესების გაშუქება სხვადასხვა ტიპის მედიასაშულებებში ამ სამი წლის განმავლობაში და გამოვლენილია მედიისთვის ამ დრომდე არსებული ძირითადი გამოწვევები.