რაზე წერდა „მედიაჩეკერი“ 2018 წელს
28.12.2018

დაუსაბუთებელი, ზედაპირული ან დაუბალანსებელი მასალები; რესპონდენტების პოზიტიური ან ნეგატიური კუთხით გაშუქება; მანიპულაციური, სენსაციური და სექსისტური სათაურები და ტექსტები; მსხვერპლი არასრულწლოვნების იდენტიფიცირების შემთხვევები; მასალების ქსენოფობიური და ჰომოფობიური კონტექსტი; ყალბი ინფორმაცია; პარალელური რეალობები მაუწყებლების მიერ მომზადებულ მასალებში - ეს არასრული ჩამონათვალია სხვადასხვა მედიასაშუალებების მასალებში აღმოჩენილი იმ ეთიკური დარღვევებისა, რაზეც „მედიაჩეკერი“ 2018 წელს წერდა.

განყოფილებაში - ეთიკა, სადაც ამგვარი მასალები იყრის თავს, მიმდინარე წელს მომზადებული 140-მდე სტატია იძებნება. მასალები შეეხება როგორც მაუწყებლებში გასულ სიუჟეტებსა და გადაცემებს, ასევე ონლაინგამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებს.

„მედიაჩეკერის“ მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებიან ეროვნული მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და კვირის მთავარ გადაცემებს. მათი კრიტიკის ობიექტი ესა თუ ის პროდუქტი იმ შემთხვევაში ხდება, თუ მასში რაიმე დარღვევა აღმოჩნდება.

ამგვარი დაკვირვების შედეგად 2018 წელს „მედიაჩეკერზე“ „რუსთავი 2-ის“ შესახებ 24, „იმედის“ შესახებ - 13 და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ - 19 სტატია მომზადდა.

ამ მონაცემებში არ შედის ისეთი მასალები, რომლებიც სამივე არხს შეეხებოდა. მაგალითად, როგორი აქცენტებით შუქდებოდა ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენა (აქციები თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ; ხორავას ქუჩის საქმე; სარალიძისა და მაჩალიკშვილის აქციები; პრეზიდენტის ინაუგურაცია და ა.შ.). ამ სტატისტიკაში არც მაუწყებლების საავტორო გადაცემებზე მომზადებული ანალიზი მოხვდა. ასეთი ტექსტებიც თითქმის ყველა მაუწყებელზე იძებნება. (მაგ.: პირველი არხის გადაცემა „აქტუალურ თემაზე“, „კვირის აქცენტებზე“, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადის).

„მედიაჩეკერზე“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ „რუსთავი 2-ის“ მასალები კრიტიკას უმეტესად დაუსაბუთებელი ბრალდებების, დაუდასტურებელი ფაქტების, დაუბალანსებლობისა  და მანიპულაციის გამო იმსახურებდა. იყო მსხვერპლ არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების შემთხვევებიც.

„რუსთავი 2-ისგან“ განსხვავებით, „იმედი“ „მედიაჩეკერის“ მონიტორების ფოკუსში მეტწილად მანიპულაციური მასალების, სამთავრობო უწყებებისა და ჩინოვნიკების პოზიტიური კუთხით გაშუქებისა და კრიტიკული კითხვების ნაკლებობის გამო ხვდებოდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომზადებული 19 მასალიდან, 10 შეეხება იმას, როგორ არ გააშუქა „მოამბემ“ ესა თუ ის კრიტიკული თემა, მათ შორის ისეთი ამბებიც, რაც თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეხებოდა (მაგალითად, თანამშრომელთა რეორგანიზაციისა და სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული ამბები). საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ სტატიებში ასევე გვხვდება კრიტიკა გადაცემებსა და ინტერვიუებში კრიტიკული კითხვების ნაკლებობის გამო.

2018 წელს „მედიაჩეკერის“ ყურადღების ქვეშ „რადიო თავისუფლებაც“ მოექცა, სტატიისთვის „ღამე ერთი წელივით გაიწელა“. აგვისტოს ომის თემაზე მომზადებულ მასალაში ცხინვალში მცხოვრები მილენა გოგიჩევა ახლო წარსულში მომხდარ ტრაგიკულ ამბებზე ჰყვება ამბებს.  სტატია მძიმე ბრალდებებს შეიცავდა და იგი ისე გამოქვეყნდა, რომ არ ახლდა განმარტება, რა მიზანს ემსახურებოდა მასალა. 

"მედიაჩეკერის" ფოკუსში მიმდინარე წელს რამდენიმე სხვა პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური მედიაც მოექცა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის.  16 აგვისტოს გამოცემა On.ge-მ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელისა და მოჭიდავეების ფოტო, რომელზეც მათ რუსეთის დროშის ფერების ფონზე მოჭიდავის გამოსახულებიანი მაისური აცვიათ. იგივე ფოტო და მსგავსი ინფორმაცია არაერთმა მედიამ გაავრცელა, მათ შორის: რადიო თავისუფლება, ლიბერალი, ტაბულა, რეგინფო, ინტერპრესნიუსი... ამბავი გამოქვეყნდა პირველი არხისა და რუსთავი 2-ის ვებსაიტებზეც. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა „მაესტრომაც“. მედიასაშუალებები წერდნენ, რომ მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ჯამბულატ თედეევი იყო გამოსახული. მოგვაინებით კი გაირკვა, რომ პირი ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატი იყო.

2018 წელს იყო ყალბი ამბების გამოქვეყნების შემთხვევებიც.  ასეთი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ნინია კაკაბაძის ხუმრობა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ონლაინ მედიის ნაწილმა გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა.  გაცილებით მასშტაბური იყო სხვა ტიპის ყალბი ამბები, მაგალითად, ხაშურში ასფალტის დაგებაზე,  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაჯარიმებასა და  "პირველი ქართველი ჯაშუში ქალის შესახებ". 

აღსანიშნავია, რომ ამგვარი შემთხვევების დროს პასუხისმგებლიანი მედიები ყოველთვის ასწორებდნენ ინფორმაციას. მაგალითად, On.ge-მ მკითხველს ბოდიშიც მოუხადა მოჭიდავეების ფოტოსთან დაკავშირებული ამბის გამო.
 
მიუხედავად იმისა, რომ ქარტიას მომზადებული აქვს სახელმძღვანელო წესები, როგორ უნდა მოიქცეს მედია ტრაგედიების გაშუქების დროს, 2018 წელს მედიასაშუალებებმა ამ თემებზე მომზადებულ მასალებში სერიოზული ეთიკური დარღვევების გამო კრიტიკა ისევ დაიმსახურეს. 25 ოქტომბერს ქალაქ გორში 9 წლის გოგონა სასტიკად მოკლეს. ქართული მედიის ნაწილმა კი კვლავაც ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ტრაგედიის გაშუქება სენსაციურობისაგან დაეცალა.

2018 წელს „მედიაჩეკერის“ ფოკუსში განსაკუთრებულად ხშირად ხვდებოდა „რეზონანსის“ ვებპორტალი. გამოცემის ვებგვერდზე ხშირად გვხვდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაციები, ჰომოფობიური   და ქსენოფობიური ტექსტები, დაუბალანსებელი სტატიები, შეინიშნებოდა ანტიმუსლიმური განწყობა და კამპანია მარიხუანის წინააღმდეგ. „რას ვკითხულობთ რეზონანსზე"  - ამ სათაურით „მედიაჩეკერზე“ გამოცემის შესახებ მომზადებულ ვრცელ ანალიზსაც შეხვდებით. 

იგივე ტიპის პრობლემების გამო უხდებოდა წერა „მედიაჩეკერს“ სხვა საიტების შესახებაც. მათი რაოდენობა საკმაოდ მოცულობითია. „რეზონანსის“ მსგავსად ფოკუსში ხშირად ექცეოდნენ ისეთი პორტალები, როგორიცაა: Alia.ge, Primetime.ge, Newposts.ge, Dianews.ge, itv.ge, Inforustavi.ge

ონლაინ მედიაში კვლავ პრობლემურია სარედაქციო და სარეკლამო ტექსტების გამიჯვნა. ამ თემაზე „მედიაჩეკერმა“ ვრცელი მასალაც მოამზადა, რომელშიც საუბარია არჩევნების მეორე ტურის წინ ცესკოს მიერ დაფინანსებული ტექსტებისთვის შესაბამისი მინიშნების გარეშე გამოქვეყნებაზე.

2018 წელს, მთელი წლის განმავლობაში, მედიაში პერიოდულად აქტიურდებოდა ე.წ. საშიში ინტერნეტ თამაშების თემა, რომელსაც პირდაპირ აკავშირებდნენ მოზარდთა სუიციდთან. ამგვარი თემებიც სენსაციური სათაურებით, დაუდასტურებელ ფაქტებზე დაყრდნობით მზადდებოდა. ასეთი შემთხვევები იყო არამხოლოდ სხვადასხვა პორტალებზე, არამედ „რუსთავი 2-ზეც“. რამდენიმე გამოცემამ, თითქოსდა მშობლების გაფრთხილების მიზნით მომზადებულ ერთ-ერთ ასეთ სტატიაში, თამაშების სახელწოდებები და მათი გაადმოწერის გზებიც გაასაჯაროვა.

ამ შემთხვევების გარდა, 2018 წელს დარღვევებით გაშუქდა სუიციდის შემთხვევებიც. რამდენიმე ვებსაიტი არ მოერიდა სუიციდის გზების აღწერას. ინფო რუსთავმა სუიციდის მცდელობის შემთხვევა აუდიტორიას პირდაპირი ეთერის რეჟიმში, Facebook Live-თ მიაწოდა,  მთელმა რიგმა პლატფორმებმა კი ახალგაზრდა ქალის სუიციდის მცდელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს.

„მედიაჩეკერი“, რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი მედიაკრიტიკის პლატფორმაა, მხოლოდ ამ თემებზე არ წერს. 2018 წლის არქივში არაერთი ანალიზი იძებნება საქართველოს და არამხოლოდ საქართველოს მედიაგარემოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და ტენდენციებზე. 2018 წელს „მედიაჩეკერის“ავტორებმა ჟურნალისტებისთვის საჭირო ბევრი საერთაშორისო მასალა თარგმნეს სხვადასხვა გამოცემების მიერ გადაჭრილ ეთიკურ დილემებსა თუ გამოწვევებზე. აქვე ნახავთ არაერთ საინტერესო წიგნსა თუ ფილმს, რაც 2018 წელს გამოიცა და მედიასა და ჟურნალისტიკას შეეხება.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ