საზოგადოების ცილისწამებისგან დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა?
12.01.2019

ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ინიციატივა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.

ახალ, 2019 წელს, ეს მესიჯი პირველად საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. საშობაო მილოცვის ტექსტში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მომავალში ვინმე სხვას “აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება და სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც”.

პრეზიდენტის საშობაო მილოცვას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოჰყვა, როელშიც პატრიარქმა აღნიშნა, რომ „არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა“. პატრიარქის თქმით, „სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი“, თუმცა მისივე განმარტებით, „ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.

პრეზიდენტისა და პატრიარქის შემდეგ, ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. იგი პატრიარქის ეპისტოლეს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სიტყვით ძალადობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება“.

საქართველოს პრეზიდენტი ცილისწამების საკითხს კიდევ ერთხელ 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მიუბრუნდა. მან განმარტა, რომ „ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას“ და რომელმაც „ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში, საჭირო არის ამის დაწყნარება“. ამის პარალელურად, მისივე განმარტებით, დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება და „ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილი არის დაპირისპირებაში“.

მანვე საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ქვეყანამ “არათუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ საარჩევნო პერიოდში”, არამედ “საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან არც ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომელიც ასახული არის ადამიანის უფლებების დეკლარაციაში”.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა ასეთი კანონი მართლაც მიიღო, თუმცა არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში, ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

                      ⇒  წაიკითხეთ ამ თემაზე: რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ ნახსენები საფრანგეთის კანონი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ

პრეზიდენტის განმარტებით, ცილისწამების თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემური სოციალური ქსელებია, “სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლები არის”. “მგონი, საჭირო არის, რომ ვიფიქროთ ამ კუთხით...ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხომ არ არის ჩვენი შესატყვისი რაიმე კანონმდებლობა, რომელიც ორივეს შეათავსებს, ანუ მეტი დაცულობა ადამიანის ღირსების, ასევე არ შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, რომელიც უნდა დავიცვათ და ამაზე ყველა ვთანხმდებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულთან მიმართებით, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან დისკუსია უნდა გაიმართოს და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ მსგავს დისკუსიებში ჩაერთოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკვე მოქმედი პრეზიდენტი გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით გარკვეულ შეზღუდვაზე მიანიშნებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, მედიაში გავრცელებილი ფარული ჩანაწერების შეფასებისას მან განაცხადა - „მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როდესაც გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“.

ჩანაწერებთან მიმართებით, იგივე პოზიციას ჰქონდა ქართული ოცნების დეპუტატს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ეკა ბესელიასაც.

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს არასამთავრობო სექტორის კრიტიკული შეფასება უკვე მოჰყვა. მათ მაღალი თანამდებობის პირების გზავნილებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის ნიშნები ამოიკითხეს.

არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ არსებული საკანონმდებლო სტანდარტები „აბსოლუტურად გონივრულ ბალანსს პოულობს სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის“, რაც „აბსოლუტურად საკმარისი მექანიზმებია ადამიანის უფლების დასაცავად“. „სხვა ყველა დამატებითი რეგულაცია არის შეჭრა ადამიანის თავისუფალ სივრცეში, რომელიც ვნებს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

  • რას ამბობს მოქმედი კანონმდებლობა?

საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან უკვე აღარ ისჯება და აღნიშნული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.

კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მეორე პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც სწორედ მოსარჩელეს ეკისრება.

თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება მის მიმართ „არსებითად მცდარ ფაქტს“ შეიცავს, რის გამოც მას ზიანი მიადგა, მოპასუხეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

გაბედავს თუ არა ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების სივრცის რაიმე ფორმით დავიწროებას და დააბრუნებს თუ არა ქვეყანას 15 წლის წინანდელ რელსებზე, ამას დრო აჩვენებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი შემოთავაზებულ რეალობასთან შეგუებას არ გეგმავს და მარტივად არც წლების განმავლობაში ბრძოლით (ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) მოპოვებული ღრებულების და კონსტიტუციურად გარანტირებული უფლების დათმობას აპირებს.

     ⇒  ასევე დაგაინტერესებთ 2017 -2018 წლის ინიციატივები - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები საქართველოში


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ