კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წელს, 2017
წელთან შედარებით, ტელემაუწყებელთა შემოსავლები 7%-თ შემცირდა. თუკი
მაუწყებლებმა 2017 წელს 146,628, 371 ლარი მიიღეს, 2018 წელს
შემოსავლებმა 135, 961, 492 ლარი შეადგინა. 9.52%-ით კლება დაფიქსირდა
რადიო მაუწყებლებშიც, სადაც შემოსავლები 11,001,040-დან 9,953,993
ლარამდე შემცირდა.
შემოსავლების ტიპების ანალიზი აჩვენებს, რომ 2018 წელს
ტელემაუწყებლებში ძირითადად სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები
შემცირდა. თუკი ამგვარი კომერციული შემოსავლები 2017 წელს 69 მილიონზე
მეტი იყო, 2018 წელს ამ მონაცემმა 66 მილიონს მცირედით
გადააჭარბა.
არამხოლოდ სარეკლამო, არამედ ყველა ტიპის შემოსავლების მიხედვით,
ყველაზე მნიშვნელოვანი კლება იმ კომპანიებმა განიცადეს, რომელთა
შემოსავლებიც წელიწადში 50 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე მერყეობს.
მაგალითად 40-დან 66%-მდე მერყეობს შემცირების მაჩვენებელი ისეთ
არხებზე, როგორიცაა: ბორჯომი, ოდიში, ხარისხის არხი, ერთსულოვნება,
არტარეა, პალიტრა TV, რიონი. 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები
შემოსავალი მიიღო მაესტრომ, კავკასიას კი 23%-ით შეუმცირდა
შემოსავალი.
2018 წელს შემოსავლების 25%-ით ზრდა მოახერხა ტვ პირველმა, რომლის
შემოსავალი რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებულ თანხას შეადგენს.
23%-ით გაიზარდა ობიექტივის შემოსავალი, თუმცა ამ კომპანიაში შესული
თანხის 70% დამფუძნებლებისა და სხვა პირთა შემოწირულებაა.
თუ 2017 წელს მიღებულ შემოსავლებს კვარტლების მიხედვით შევადარებთ,
ვნახავთ, რომ მკვეთრი ვარდნაა განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში,
რომელიც მაუწყებლებში ყველაზე აქტიური პერიოდია, ემთხვევა არჩევნებს,
განახლებულ სეზონს. თუკი 2017 წელს ბოლო კვარტალში ტელემაუწყებელთა
შემოსავლებმა 57 მილიონს გადააჭარბა, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ამ
მაჩვენებელმა 41 მილიონ 566 ათასს მიაღწია.
საქართველოში არსებობს მაუწყებლობაზე ავტორიზებული 15 პირი, რომელსაც
ორი წელია შემოსავალი საერთოდ არ აქვს. მათ შორისაა, მაგალითად,
ტელეკომპანია ”I სტერეო”, ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და
ადამიანის უფლებებისათვის, ონლაინ მიუზიკ, მედ ეფემი, თბილისი 24,
ევრიკა ტელერადიოკომპანია, რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი
ორგანიზაცია კავშირი ევრიკა, საბავშვო ტელევიზია ცისარტყელა და
ა.შ.
ამ ფონზე გამორჩეულად გამოიყურება საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2017
წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შემდეგ მას საბიუჯეტოსთან ერთად კომერციული შემოსავლების ზრდის
საშუალება მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც - 2018 წელს საერთო ჯამში
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სარეკლამო შემოსავლები 70%-ით გაზარდა.
თბილისში ბაზირებულმა და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
რეკლამიდან, სპონსორობიდან და პროდუქტის განთავსებიდან (Product
Placement) 2,898,365 ლარი მიიღო, მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს
მაჩვენებელი მხოლოდ 858,336.84 ლარი იყო.
სარეკლამო შემოსავლების გარდა, 2018 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
2017 წელთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონი ლარით მეტი მიიღო
ბიუჯეტიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯამური შემოსავალი
მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა მაუწყებლების შემოსავალს, უფრო მეტიც,
ყველა ტელემაუწყებლის ჯამური შემოსავლის 36%-ს შეადგენს. 2017 წელს ეს
მაჩვენებელი 26% იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2019 წელსაც იზრდება, მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის დაახლოებით 7 მილიონით მეტს, 58 მილიონს
მიიღებს (თბილისში ბაზირებული და
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელი ერთად) , რასაც
კომერციული შემოსავლებიც დაემატება. სხვა მსხვილი კომერიციული
მაუწყებლები, რომლებიც რეიტინგის თუ საინფორმაციო დღის წესრიგის
შექმნის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად უსწრებენ საზოგადოებრივ
მაუწყებელს, დაფინანსების თვალსაზრისით სულ უფრო შორდებიან და
მკვეთრად ჩამორჩებიან მას.