საზმაუს სამეურვეო საბჭოში ახალ წევრს შეარჩევენ
28.02.2019

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ წევრს, კანდიდატის შესარჩევი კომისია, 9 მსურველისგან შეარჩევს. ბორდის წევრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იგი ზაზა შათირიშვილმა, ვადაზე ადრე დატოვა.

ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობს. 

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი
  2. დონარა შონავა 
  3. მიხეილ ჩიკვილაძე 
  4. ზაალ ანჯაფარიძე 
  5. მიხეილ ჭიაურელი 
  6. მანანა ღოღობერიძე 
  7. ნინო მინდიაშვილი 
  8. ია მამალაძე 
  9. იოსებ ჭუმბურიძე 

 წევრობის სამი კანდიდატი დასახელებულია სამი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის მიერ, ერთი სუბიექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, ერთი კანდიდატი - სახალხო დამცველის მიერ, დანარჩენები კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

ბორდის წევრმა, ზაზა შათირიშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა. როგორც მან გამოცემა „ლიბერალს“ განუცხადა, აფუძნებს ახალ ტელევიზიასა და ჟურნალს, ამიტომ ინტერესთა კონფლიქტის გამო ბორდიდან გადის. კითხვაზე ვისთან ერთად აფუძნებს ტელევიზიას, შათირიშვილმა გამოცემას უთხრა, რომ „ეს საიდუმლოა“.

სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის ერთი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, 8 თებერვალს გამოცხადდა, ხოლო, ბორდის წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დამკიცდა.

კომისიის წევრები არიან:

• სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
•  გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი;
•  ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი;
•  ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი;
•  ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი;
•  სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი;
•  ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
•  დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
•  ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.

საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარედ PR-სააგენტოს „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, ხოლო კომისიის მდივნად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია აირჩია.

კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის ყველა ის კანდიდატი, ვინც კომისიის წევრთა არანაკლებ 5 ხმას მიიღებს. 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ