სახელისუფლებო ტროლები კრიტიკული მედიების წინააღმდეგ - MDF-ის კვლევა
11.04.2019
„მედიის განვითარების ფონდმა“(MDF) TBC-ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ მოქმედი სახელისუფლებო ტროლები გამოავლინა. MDF-ის დაკვირვებით, გამოვლენილი საეჭვო პროფილები სოციალურ ქსელებში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, კრიტიკული მედიასაშუალებების და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობდნენ. პარალელურად, ხელისუფლების, მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ პოსტებს ან კომენტარებს აქვეყნებდენ.

MDF-ის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა 15 ყალბი ფეისბუკ პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15 პროფილიდან 11 რუსული სოციალური ქსელების - „Одноклассники“-ს (3) და "В Контакте"-ს (8) - მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 - სერიალის პერსონაჟების, 1 - ფეისბუკ მომხმარებლის და ჟურნალ “ლიბერალის” თანამშრომლის, ხოლო 1 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

ფონდის ინფორმაციით, ტროლების მობილიზება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების (რუსთავი 2, ტვ პირველი, ონლაინ გამოცემა “ლიბერალი” და სხვა) და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდებოდა.

„იდენტიფიცირებული სახელისუფლებო ტროლები მადისკრედიტირებელ კონტენტს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგაც აქვეყნებდნენ. ასეთი ტიპის პოსტები/კომენტარები მიმართული იყო როგორც უშუალოდ მედია საშუალების, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგადაც. ამ მხრივ თავდასხმის სამიზნე “რუსთავი 2” და “ტვ პირველი” იყო, ცალკეული პუბლიკაციების შემთხვევაში კი ონლაინ გამოცემა “ლიბერალიც”. ტროლები “რუსთავი 2-ს” კრიმინალის გაშუქების გამო აკრიტიკებდნენ, ასევე ციტირებდნენ სახელისუფლებო ექსპერტ გია აბაშიძეს, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2-ზე” გასული ინფორმაციის უმეტესობა ყალბი ან ინტერპრეტირებული იყო, რასაც ტროლები სხვადასხვა ჯგუფებში აზიარებდნენ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

MDF-ის ინფორმაციით, ტროლების სამიზნე „ტვ პირველის“ ჟურნალისტები ვახო სანაია და ინგა გრიგოლია 22 მარტს გადაცემაში “პირველები” შს მინისტრ გიორგი გახარიას სტუმრობის შემდეგ გახდნენ. ჟურნალ “ლიბერალის” შემთხვევაში კი ინდივიდუალური კრიტიკა გარდაცვლილი ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ მომზადებულ მასალას შეეხებოდა, რომელსაც მედია საშუალების მიმართ ერთ-ერთი ტროლის კრიტიკული კომენტარი “ლიბერალის” ვებ-გვერდის რედაქტორის ლიკა ზაკაშვილის პოსტს მოჰყვა.

ფონდი ფეისბუკის ყალბ ანგარიშებს ერთი თვის განმავლობაში - 4 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში აკვირდებოდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ