აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის
დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს
განიხილავს. იმპიჩმენტის საკითხი 10 აპრილს, აჭარის ტელევიზიისა და
რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი
დარცმელიძემ დააყენეს. გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის
არჩეული საბჭოში.
ამბის გასაჯაროვებისთანავე შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს სამოქალაქო
საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება და არაერთი
განცხადება მოჰყვა.
12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს.
„დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს
გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ
განვითარებას და მედიის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა ევროკავშირი.
„არ მაქვს განზრახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მრჩეველთა
საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში ჩარევისა, თუმცა მინდა
მოვიშველიო შეფასება, რომელიც გამოთქმული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო
არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ბოლო ანგარიშსა და
მედიის მონიტორინგის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში, რომ
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ე. წ. ,,ნეიტრალური სივრცე“ და
ერთადერთი ტელეკომპანია, რომელმაც მაყურებელს შესთავაზა არჩევნებში
მონაწილეთა პლატფორმების ზოგადი შედარება. ეს ნამდვილად არის ის
აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ
კვალვაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ
მოვლენებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ
ჰარცელმა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტს გამოეხმაურა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი.
“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია
კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების
განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს
თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი
დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – დაწერა მან ტვიტერზე.
18 აპრილს ამ თემაზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.
“აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედიამონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედიასაშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.