17.06.2019
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ
ვერსიაში მითითებული იყო, რომ „ევრო დირექტივა კონკრეტულ მითითებას არ
აკეთებს, აღნიშნული საკითხები რეგულირების სფეროში უნდა მოექცეს,
თვითრეგულირების თუ თანარეგულირების.“ აღნიშნული წინადადების ნაცვლად,
სტატიაში შევიდა ცვლილება და იმავე აბზაცში დაემატა ნაწყვეტები ევრო
დირექტივის შესავლის 44-ე პუნქტის მეორე აბზაციდან.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (GNCC) პარლამენტისაგან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვის დაჩქარებას ითხოვს. ცვლილებათა ერთი ნაწილი სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვას შეეხება. კომისიის კანონპროექტი მაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილს არ მოსწონს და მასში გამოხატვის თავისუფლებაში სახელმწიფოს არასასურველი ჩარევის საფრთხეს ხედავენ.
საუბარია საკითხებზე, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ დღეს არსებული კანონის 56-ე მუხლით, მაუწყებელთა თვითრეგულირების სფეროშია მოქცეული. 2009 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, თუკი ინფორმაციის მომხმარებელი ჩათვლის, რომ რომელიმე ტელევიზიამ მისი უფლებები ამ ნიშნებით დაარღვია, მას შეუძლია, მიმართოს ტელევიზიებში მოქმედ თვითრეგულირების ორგანოებს. შესაბამისად, მისი უფლებების დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილება სწორედ ტელევიზიების ფარგლებშივე მოქმედმა ორგანოებმა უნდა მიიღონ. მაყურებელს არ აქვს უფლება, რომ ამ საკითხებზე საკუთარი უფლებების დარღვევაზე ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის სასამართლოში იდავოს.
2018 წლის დეკემბერში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (GNCC) მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით კი, ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. ცვლილების მიხედვით, შესაძლებელი უნდა გახდეს, რომ თვითრეგულირების ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებები, მომდევნო ეტაპზე, თავად GNCC-ში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.
GNCC ცვლილებებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად მიღებული დირექტივით ხსნის. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის. GNCC-ის მტკიცებით, ამგვარ ეფექტურ მექანიზმად, ევროკომისიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაქირავებულმა ექსპერტებმა 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადატანა მიიჩნიეს. მაუწყებლებთან და არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ კი, კომისიამ პარლამენტს წარუდგინა მოდელი, რომელშიც თვითრეგულირების მექანიზმი შენარჩუნებულია, თუმცა იქმნება კომისიაში ან სასამართლოში გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობაც.
ტელემაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი აღნიშნულ ცვლილებებს ცენზურის საფრთხედ მიიჩნევს. 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის აღნიშნავს, რომ „კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს“. კოალიცია უთითებს, რომ „რეგულირების ნაცვლად, აუცილებელია, გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.“
რას ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება?
ამ თემაზე საუბარია დირექტივის მე-4 მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ „სახელმწიფოებმა დირექტივის მოქმედების სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული თანარეგულირება და თვითრეგულირება უნდა წაახალისონ იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა მათი სამართლებრივი სისტემები“. დირექტივის შესავალში კი წერია, რომ სწორედ საკუთარი სამართლებრივი ტრადიციის შესაბამისად უნდა აღიარონ სახელმწიფოებმა ეფექტური თვითრეგულირების, როგორც ადმინისტრაციული მექანიზმის დანამატის როლი. თუმცა, დირექტივა იქვე უთითებს: „იმის მიუხედავად, რომ თვითრეგულირება შესაძლოა იყოს წინამდებარე დირექტივის გარკვეული დებულებების დანერგვის დამატებითი მეთოდი, მან არ უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული კანონმდებლის ვალდებულებები. თანარეგულირება, მინიმალური ფორმით, უზრუნველყოფს სამართლებრივ კავშირს თვითრეგულირებასა და ეროვნულ კანონმდებელს შორის, წევრი ქვეყნების სამართლებრივი ტრადიციების შესაბამისად. თანარეგულირება უნდა იძლეოდეს სახელმწიფო ჩარევის შესაძლებლობას, შესაბამისი ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში.“
ასევე, შესავალის 44-ე პუნქტში მითითებულია, რომ „ამან არც უნდა დაავალდებულოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო შექმნას ერთობლივი რეგულირების და/ან თვითრეგულირების რეჟიმები, არც დაარღვიოს ან საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში უკვე არსებული და ეფექტურად მოქმედი ერთობლივი რეგულირებისა და თვითრეგულირების მიმდინარე ინიციატივები.“
ევროკომისიისა და EBRD-ის დაქირავებული ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მაუწყებლობის კანონის 56-ე მუხლით დარეგულირებული საკითხები ადმინისტრაციული რეგულირების სფეროში უნდა გადავიდეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ GNCC-ის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ივანე მახარაძემ განუცხადა „მედიაჩეკერს“.
„ორივე მხარისგან, ასევე ევროპის საბჭოდან ჩამოსულები იყვნენ ექსპერტები, ძალიან სერიოზული პრაქტიკოსი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ დირექტივაზე, რომლებიც მუშაობენ იმპლემენტაციაზე, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე თავიანთი ქვეყნების რეგულატორებში. როდესაც გაიგეს, რომ ეს ნაწილი [56-ე მუხლი] თვითრეგულირების ფარგლებში არის, პირდაპირ იყო კითხვა, რომ აბა, რას აკეთებთ? პირდაპირ! საერთოდ ვერ გაიგეს რა ხდებოდა,“ - აღნიშნავს მახარაძე, -„სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს, თუმცა ამ ტიპის პრაქტიკა, რაც ჩვენთანაა, რომ ეს საკითხები თვითრეგულირების სფეროშია და ამით მთავრდება ყველაფერი, ასეთი მიდგომა არსად არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც მოვიძიეთ, ეგეთი ქვეყანა ვერსად ვერ ვნახეთ“.
GNCC-ის მიერ „მედიაჩეკერისათვის“ მოწოდებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ EBRD-ის დაქირავებული ექსპერტების კვლევის ანგარიშში მაუწყებლობის კანონის 56-ე მუხლი ამოღებულია იმ მუხლების ჩამონათვალიდან, რომელზეც ექსკლუზიურად მხოლოდ თვით-რეგულირების მექანიზმი უნდა გავრცელდეს. ასევე, EBRD-ის დაკვეთით მომზადებულ ე.წ. ხარვეზების (Gap) ანალიზში კი ვკითხულობთ რეკომენდაციას: „ჩვენ გთავაზობთ, რომ ამჟამად გამოყენებული თვითრეგულირების მექანიზმი გადავიდეს GNCC-ის კომპეტენციაში, რათა მას მიეცეს უფლება (i) სანქცია დაუწესოს მედია სერვისის იმ მომწოდებლებს, რომლებიც განახორციელებენ აუდიო-ვიზუალურ მედია სერვისს, რომელიც ახალისებს ზიზღის გავრცელებას რასობრივი, სქესის, რელიგიის ან ეროვნების ნიშნით; ან (ii) აკრძალოს ამგვარი სერვისების გავრცელების უზრუნველყოფა “.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ეთანხმებიან ევროკომისიისა და EBRD-ის დაქირავებული ექსპერტების მოსაზრებას, რომ სიძულვილის ენის რეგულირების ეფექტური მექანიზმი იქნება, თუკი ეს საკითხების თვითრეგულირების ფარგლებს გასცდება. თუმცა, კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათი თვითმიზანი არ არის ეს საკითხები რეგულირების სფეროში გადავიდეს და ამ შემთხვევაში, პრიორიტეტული არის, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები შეასრულოს.
„ერთადერთი გზა იმისა, რომ თვითრეგულირება გახდეს ეფექტიანი, არის ის, რომ მხოლოდ დამრღვევმა არ უნდა განიხილოს დარღვევა,“- აღნიშნავს ივანე მახარაძე და დასძენს, -„თუკი [ევროკავშირის ექსპერტები] გვეტყვიან, რომ ეს არ არის ხარვეზი (Gap) და ეს არ შეუშლის ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, კი ბატონო, თუმცა ეს არ გადაწყვეტს იმ საკითხს, რომ ეფექტიანი გახდება თვითრეგულირება. ისევ მხოლოდ დამრღვევი განიხილავს დარღვევას და ამით ეს პრობლემა არ გამოსწორდება.“
უკან მომავალში? - რა არ მოსწონს მესამე სექტორს
საკითხს განსხვავებულად ხედავს მესამე სექტორის ნაწილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი, „მედიაჩეკერთან“ აღნიშნავს, რომ ევრო დირექტივა ქვეყანას ეფექტური მექანიზმის შექმნას სთხოვს, მაგრამ იგი არ მიუთითებს სახელმწიფოებს, კონკრეტულად რა ტიპის მექანიზმი იქნება ეფექტური რეგულირება, თვითრეგულირება თუ თანარეგულირება.
„როდესაც ვსაუბრობთ, როგორ უნდა გადმოვიტანოთ ევრო დირექტივა ქართულ კანონმდებლობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავიღოთ იქიდან ამოგლეჯილი ფრაზა და ვთქვათ, რომ რეგულაცია, არის ის, რასაც ითვალისწინებს დირექტივა. სინამდვილეში, დირექტივა ითვალისწინებს ეფექტიანი მექანიზმის შექმნას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც დღეს ვართ და ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ გამოხატვის თავისუფლების ის სტანდარტი შენარჩუნდეს, რომელიც ჩვენ გვაქვს, რეგულირება ასეთ გარემო-პირობებში ცალსახად ცენზურის საფრთხის რისკის შემცველია,“- აღნიშნავს გოგოსაშვილი.გარდა ცენზურის საფრთხისა, გოგოსაშვილი საუბრობს თვითცენზურის საფრთხეზეც, რომლის წინაშეც შესაძლოა ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, თუკი ადმინისტრაციული ორგანო იქნება უმაღლესი ინსტანცია მსგავსი შემთხვევების განხილვისას. გარდა ამისა, იგი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ჯგუფების მიერ არაერთხელ იყო მცდელობა შეზღუდულიყო გამოხატვის თავისუფლება. ამის მაგალითად, ასახელებს პარლამენტში შესულ ინიციატივებს, მაგალითად, ემზარ კვიციანის ინიცირებული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის, ასევე ხელოვნების ნაწარმოებთან დაკავშირებული ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის „აიისას“ დაჯარიმება და ა.შ. სწორედ ამგვარი მცდელობების ფონზე, გოგოსაშვილი განსაკუთრებულად საფრთხილოდ მიიჩნევს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხების თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადანაცვლებას.
ანალოგიურ პრობლემას ხედავს GNCC-ის ინიცირებულ კანონ-პროექტში „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე. ჯინჯიხაძის თქმით, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგულირებული გახდება ის, რაც დღევანდელი კანონმდებლობით თვითრეგულირების ნაწილია, ამით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა ბერკეტი, რომ ჩაეროს მედიის კონტენტში.
„ეს არის პირდაპირი ცენზურა. ყოველ შემთხვევაში, საფრთხე პირდაპირი ცენზურის. შეიძლება ეს ასე არ მოხდეს და ადმინისტრაციულმა ორგანომ ის არ გამოიყენოს, მაგრამ ამ კანონმდებლობით, ამ ბერკეტს ჩვენ ადმინისტრაციულ ორგანოს გადავცემთ,“ - აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება ისევე როგორც ომის პროპაგანდა და კონსტიტუციური წყობისათვის საფრთხის შექმნა სისხლის სამართლებრივი მექანიზმებითაც რეგულირდება, მათ შორის, მაუწყებლების შემთხვევაშიც. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლებზე, რომლებიც მყისიერი საფრთხის წარმოშობის შემთხვევებს შეეხება. ნაცვლად სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადანაცვლებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები თვითრეგულირების ეფექტურობის ზრდის საჭიროებაზე საუბრობენ.
იმაზე, რომ ტელეკომპანიებში დღეს არსებული თვითრეგულირების ორგანოები არაფექტურია, თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, მათ შორის სამოქალაქო სექტორიც და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც.
“თვითრეგულირების მექანიზმი თავისთავად არაეფექტიანი რომ არის, ამაზე მეტყველებს ის ინფორმაციაც, რასაც კომისია იღებს თავად მაუწყებლებისაგან ყოველწლიურად. პროცედურული ნაწილი თუ დაცული აქვს მაუწყებელს და შემდეგ შინაარსობრივ ნაწილში პირდაპირ, დაუსაბუთებლად არ დაუკმაყოფილა მომჩივანს სარჩელი, ამის იქით ვეღარ მიდის მერე დაინტერესებული მხარე. ერთადერთი, რაშიც კომისიას შეუძლია ჩარევა და ყოფილა კიდეც ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში, არის როდესაც პროცედურულ ნაწილში ჰქონდა დარღვევები მაუწყებელს, საერთოდ არ განიხილა ან ძალიან დიდ ხანს განიხილავდა საჩივარს და ჩაერია მაშინ კომისია. თავისთავად, ჩემი მოსაზრებაა და ზოგადად კომისიისაც, რომ არაეფექტიანია და არ მუშაობს ეს მექანიზმი,“- აღნიშნავს „მედიაჩეკერთან“ GNCC-ის წარმომადგენელი ივანე მახარაძე.
დღეს არსებული თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტურობაზე შეხედულებას იზიარებენ მარიამ გოგოსაშვილი და ხატია ჯინჯიხაძეც. თუმცა GNCC-ისგან განსხვავებით, ისინი თავად ამ მექანიზმის გაძლიერებაში ხედავენ გამოსავალს და არა თვითრეგულირების ფარგლებში არსებული საკითხების რეგულირების სფეროში გადანაცვლებაში.
„ეს რომ პრობლემაა, ამას მგონი ყველა აღიარებს, ვინც მედიას აკვირდება. მაგრამ თვითრეგულირების ნაწილში გვაქვს როგორც კარგი მაგალითები, ისე ცუდი მაგალითები. კარგი მაგალითი არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიამ მოახერხა და შეიძინა წონა, ჭკვიანურად მოიფიქრა და გააფართოვა საჩივრების წარმდგენთა, დაინტერესებულ პირთა წრე და ამან მოიტანა ძალიან კარგი შედეგი. დღეს, ვხედავთ, რომ ქარტიას მიმართავს მოქალაქე, მოსამართლე, ქალაქის მერი და ა.შ.“- აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე და ცუდ გამოცდილებად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების ორგანოების მუშაობას ასახელებს. მისი თქმით ასეთი საბჭოები ხშირად ფორმალურია, არ არის აქტიური და ხშირად დაკომპლექტებულია არამოტივირებული ადამიანებით.
მეორე პრობლემა ეს არის დაინტერესებულ პირთა წრის ზედმეტად ვიწრო განსაზღვრება. დღეს არსებული პრაქტიკით, თვითრეგულირების ორგანოებში საჩივრის წარდგენის უფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც დაინტერესებულ პირად მიიჩნევა და ვისაც უშუალოდ ადგება ზიანი მაუწყებლის სერვისით. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი შეთავაზება თვითრეგულირების ორგანოების გასაძლიერებლად სწორედ დაინტერესებული პირის ცნების გაზრდას შეეხება.
„მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული პირთა წრე გაფართოვდეს,“- აღნიშნავს საიას იურისტი ჩვენთან საუბარში - „როდესაც სიძულვილის ენას ეხება საქმე, შეიძლება, რომ ნებისმიერმა პირმა შეიტანოს თვითრეგულირებაში განცხადება და ამაზე იმსჯელოს საბჭომ. როდესაც თვითრეგულირებაში შემაქვს განცხადება, არ უნდა მიწევდეს იმის მტკიცება, რომ მაინც და მაინც მე ვარ სიძულვილის ობიექტი“.
გარდა დაინტერესებულ პირთა წრის გაზრდისა, არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ სხვა ნაბიჯებზეც, რამაც შესაძლოა თვითრეგულირების მექანიზმი უფრო ეფექტური გახადოს. მაგალითად, ვალდებულება, რომ მაუწყებლებმა გაასაჯაროონ საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდება პროაქტიულად, მეტი ყურადღება მიექცეს კომისიის მხრიდან საჩივრებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებას, მაუწყებლებს დაევალოთ გაავრცელონ თვითრეგულირების ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებები.
„დაინტერესებული პირის ცნების გაზრდის პროცესში შეიძლება კომისიაც იყოს ჩართული, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ეს. კომისიას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის რომ კონტენტზე კი არ ჰქონდეს ზედამხედველობა და კონტენტის განმსჯელი კი არ იყოს, არამედ შიდარეგულირების საბჭოების მუშაობას დააკვირდეს. მაგალითად, რა სიხშირით იკრიბებიან ისინი, რა საჩივრები შედის, ამ სტატისტიკას აქვეყნებდეს თავის გვერდზე. რაღაცნაირად მეთვალყურეობა გაუწიოს, რომ იქ არ იყოს ინტერესთა კონფლიქტები და ა.შ. ანუ ამის მონიტორინგს აქტიურად GNCC უნდა აკეთებდეს,“- აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოდან“.
თუმცა GNCC-ის წარმომადგენელი ივანე მახარაძე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, თავად მაუწყებლები ეწინააღმდეგებოდნენ მაგალითად დაინტერესებული პირის ცნების გაზრდას. რაც შეეხება სხვა ნაბიჯების გადადგმას თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად, მახარაძე სკეპტიკურად უყურებს ამ ნაბიჯებს: „ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში მათ შორის ამ სამუშაო შეხვედრაზე და შევთანხმდით, რომ რაღაც სახის ვალდებულებები შეიძლება გაუჩნდეს მაუწყებლებს, მაგალითად, მიღებული გადაწყვეტილებების ვებ-გვერდზე ატვირთვა, გასაჯაროება, სტატისტიკის წარმოება და ა.შ. თუმცა, მაუწყებლები გააკეთებენ ამას, სადღაც მეჩვიდმეტე გვერდზე რაღაცა ლინკს შექმნიან და ისე შეასრულებს ამ ვალდებულებას, მაგრამ რისი მომცემი იქნება ეს?“
მაუწყებლების შეფასებები
თავად ტელევიზიებში დაინტერესებული პირის ცნების გაფართოების საკითხზე, ისევე როგორც GNCC-ის ახალ კანონპროექტზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს.
წარდგენილი კანონპროექტი გააკრიტიკა ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე. „არ ვაპირებ არც ერთი წინადადების შენიშვნად დაწერას მათ არანორმალურ კანონპროექტზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, არ ვაპირებ არცერთ განხილვაში მონაწილეობას და ე.წ. კონსტრუქციულ თანამშრომლობას, იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ. ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვას შეუდგება, მე გავმართავ საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად“, - წერს ჯანგირაშვილი.„რუსთავი 2-ის“ იურისტის თამთა მურადაშვილის შეფასებით, 56-ე მუხლის ფარგლებში არსებული საკითხები კვლავაც თვითრეგულირების სფეროში უნდა დარჩეს და ის არ უნდა გადავიდეს ადმინისტრაციული რეგულირების სფეროში. მისი თქმით, განსაკუთრებით ამ სასამართლოსა და ამ კომისიის ფარგლებში, ეს კანონპროექტი წარმოშობს ცენზურის სერიოზულ საფრთხეს, რადგან კომისია შინაარსში შევა და დაარეგულირებს მას.
„ეს საკითხი მნიშვნელოვანი გახდა კომისიისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპები გახდა მისთვის ძალიან მტკივნეული,“- აცხადებს მურადაშვილი და აღნიშნავს, რომ კომისია უბრალოდ საბაბად იყენებს ევრო დირექტივას, -„დირექტივაში ეს არ წერია. ეს არის მოგონილი, სიცრუე და ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომ კომისია ყოველთვის ამგვარ ჩარევებს აბრალებს ევროპას. და თუ მისთვის მთავარი პრობლემა არის არაეფექტურობა, მაშინ იზრუნოს ეფექტურობაზე, თვითონ კი არ ჩაერიოს, არამედ ხელი შეუწყოს და მოუწოდოს მაუწყებლებს და გააკონტროლოს მაუწყებლები, რომ ეს ორგანოები იყვნენ ეფექტურები.“
რაც შეეხება დაინტერესებულ პირთა წრეს, „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლისთვის მისაღებია რომ საჩივრების მიმღებთა წრე გაიზარდოს. მისი თქმით, თუ კომისიის მოწოდება არის რომ უნდა გაიზარდოს შიდარეგულირების ორგანოების ეფექტურობა, ტელეკომპანია მზად არის ამისთვის, მათ შორის იმისთვისაც, თუკი კანონით დაინტერესებულ პირთა ცნება გაფართოდვება. მურდაშვილის თქმით, უფრო და უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მომჩივანს ეთანხმებიან და მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტელევიზია თავად მიხვდა, რომ დაარღვია წესდება და თავადვე გააკეთა რეაგირება, ისე რომ არ დალოდებია საჩივრის შეტანას.
უშუალოდ დაინტერესებულ პირთა წრის გაფართოვებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ტელეკომპანია „იმედის“ იურისტს ანდრო ლაშხს. „ეგ არის საკითხი, რომელზეც გვაქვს ჩვენი აზრი ჩამოყალიბებული და მკაფიოდ მიუღებელი არის ეგ. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და გვერდზე გადავდოთ რომ როდესაც ეგ ბარიერი მოიხსნება, იქ უბრალოდ მე ვფიქრობ პირიქით თვითრეგულირება უფრო არაეფექტური გახდება იქიდან გამომდინარე, რომ მილიონ ადამიანს შეეძლება ერთსა და იმავე საკითხზე საჩივრის შემოტანა. ამას ვერც ერთი მაუწყებელი ვერც გაუმკლავდება და ხომ ხვდებით პროვოკაციული და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რამხელა პროცენტულობა იქნება და საერთოდ აზრს დაკარგავს თვითრეგულირება.“
მეორე არგუმენტი, რომელიც დაინტერესებულ პირთა წრის გაფართოების წინააღმდეგ აქვთ „იმედში“, შეეხება იმას, რომ შესაძლოა ინდივიდის უფლება შეილახოს, მაგრამ მას არ უნდოდეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და წინა პლანზე წამოწევა. ამ დროს კი, მისი შელახული უფლებით სხვამ ისარგებლოს პირადი გამორჩენისთვის ან მიზნებისთვის. მიუხედვად ამისა, ლაშხის შეფასებით, დღეს თვითრეგულირებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო მექანიზმი დახვეწასა და მუშაობას საჭიროებს.
რაც შეეხება GNCC-ის ინიცირებულ კანონპროექტს, „იმედის“ იურისტის თქმით, ის მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრო ამ თემაზე, თუმცა ამ დრომდე მას არ მისცემია საშუალება, რომ ამ მას ბოლომდე ჩაღრმავებოდა. ლაშხის თქმით, აპირებენ, რომ აქტიურად დაინტერესდნენ ამ თემით და მოისმინონ ყველა მხარის მოსაზრება.
მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, არასამთავრობოებსა და ტელევიზიების წარმომადგენლებს შორის, მათი უმეტესობა თანხმდება, რომ დღეს არსებული თვითრეგულირების მექანიზმი დასახვეწია. GNCC-ის თქმით, მათ კომუნიკაცია აქვთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ამ დროისთვის ელოდებიან პასუხს, შესაძლებელი იქნება თუ არა ევრო დირექტივის შესრულება, ისე რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლით დარეგულირებული საკითხები კვლავაც თვითრეგულირების ფარგლებში დარჩეს. როგორც ჩანს, სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელთა პასუხზე იქნება დამოკიდებული დაარეგულირებს თუ არა ადმინისტრაციული ორგანო სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ საკითხებს.