რა გამოწვევების წინაშე აყენებს “რუსთავი 2-ის” საქმე მედიასივრცეს
30.07.2019
სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” მის ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, რამაც არხზე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, ქვეყანაში კი მედიაგარემოს გაუარესების მოლოდინი გააჩინა. მედიაექსპერტები შიშობენ, რომ პროცესი მხოლოდ “რუსთავი 2-ის” გაკონტროლებით არ დასრულდება.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ “რუსთავი 2-ზე” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება თავისუფალ სივრცეს შეამცირებს და ქვეყანაში კვლავ ის პერიოდი დადგება, როდესაც მედია ერთი პოლიტიკური და ბიზნესმმართველობის ქვეშ იყო.

alt“ვინც დაიწყო ეს პროცესი, მისი სურვილია, რომ აქამდე მივიდეს, პოზიციური უპირატესობა მის მხარეს არის და შესაბამისად, ეცდება, რომ ეს შედგეს. სწორედ იმიტომ დაიწყო ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილმა, რომ სარედაქციო მრავლფეროვნება არ იყოს ამ ქვეყანაში და მედიის შინაარსი იყოს ერთგვაროვანი. ეს საკმაოდ უიოლებს ცხოვრებას მას და ნებისმიერ ხელისუფალს, რომელიც ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი”.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ინტერესი მხოლოდ “რუსთავი 2-ის” გაკონტროლებით არ შემოიფარგლება: ”ჯერ არ უშლიან ხელს შედარებით დაბალშემოსავლიანი მედიასაშუალებები, მაგრამ ხვალ მათი ჯერიც დადგება… უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია იმაზე, თუ რა ელოდება ქვეყანას, თუ სურვილი ბიძინა ივანიშვილისა, რომ მედია ბოლომდე გააკონტროლოს, აღსრულდება… ცენზურის და კონტროლის მექანიზმები ჩაირთვება ონლაინსივრცეში და ინტერნეტის გაკონტროლების მექანიზმებზე დაიწყებს მალე ხელისუფლება საუბარს”.


altგამოწვევებზე, რომლებიც “რუსთავი 2-ის” საქმემ პატარა მედიასაშუალებებისთვის გააჩინა, ტელეკომპანია “კავკასიის” ერთ-ერთი მფლობელი ნინო ჯანგირაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ბიზნესი ხელისუფლებისთვის მიუღებელი მედიის დაფინანსებაზე უარს ამბობს, რთულია, როგორც ახალი სივრცეების გაჩენა, ისე უკვე არსებული, შედარებით პატარა პლატფორმების შენახვა და განვითარება: “ჩვენ ვართ რეალურად თავისუფალი მედიის მოდელი, “კავკასია” რა დღეშიც არის, იმ დღეშია თავისუფალი მედია ქვეყანაში. ჩვენთვის სულ უფრო და უფრო რთულდება არსებობა”.

ასევე დაგაინტერესებთ: უცხოელი მენეჯერი - სარედაქციო დამოუკიდებლობის ილუზია


alt“პატარას უფრო ადვილად მოერევი, თუკი დიდი აღარ იქნება ამ მედიაგარემოში”, - გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია. სწორედ ამ არგუმენტით, მისი თქმით, “რუსთავი 2-ის” არსებული სახით შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 “ოდესმე ამ საფრთხეს თუ გადავლახავთ, დადგება დრო, არა ორპოლუსიან, არამედ მაღალკვალიფიციურ, პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ მედიაგარემოზე და მედიაზე სასუბროდ, რომლის მთავარი ფუნქცია მოქალაქეების ინფორმირება იქნება და არა არა რომელიმე პარტიული ჯგუფის მხარდაჭერა”, - ამბობს იგი.

altერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას რომ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და მედიაგარემოსთვის დამაზარალებელი იქნება, ამას ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძეც აღნიშნავს: „გაისად, როდესაც 2020-ში ჩვენ გველის ახალი არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მედიაგარემოს დააზარალებს, არამედ ძალიან შეცვლის დემოკრატიის ხარისხს და წინასაარჩევნო გარემოს ამ ქვეყანაში“.

სწორედ ამიტომ მიაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა დარჩეს კრიტიკული “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს, რომლის თქმით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არხთან მიმართებით, დამოუკიდებლობის კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობდა.

“რუსთავი 2” არა ერთადერთი კრიტიკული, არამედ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება იყო და სწორედ ეს განასხვავებდა მას დანარჩენი ტელევიზიებისგან. ამიტომ, შესაძლოა, ამგვარი გავლენიანი მედიის კრიტიკის შესუსტებამ შეასუსტოს კრიტიკა დანარჩენ მედიებშიც, ან მოიცალონ დანარჩენი მედიებისთვისაც”, - ამბობს ნათია კუპრაშვილი, თუმცა, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და დამოუკიდებელი აქტორების ხმა გაძლიერდეს.

“თუმცა, არ მაქვს ილუზია, რომ ისეთი ტიპის ძლიერი მოთამაშე, როგორიც “რუსთავი 2” იყო და იყო კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, აღარ იარსებებს, ან მათთვის ვერ მოიცლის ხელისუფლება თუ მიდრეკილი იქნება ერთხმიან მედიაზე, ან დაანებებს მათ ასე ვთქვათ დამოუკიდებელ არსებობას. ამიტომ, აქ სკეპტიციზმი გამაჩნია, რადგან არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორი იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება”, - განმარტავს კუპრაშვილი. 



წაიკითხეთ: "გუნდი შეკრულია და არსად გადასვლა არ განიხილება"

alt“სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, არცეთი ახალი ხელისუფლება წინას შეცდომებზე არ სწავლობს და მედიის გაკონტროლების ცდუნება ყველა მათგანს აქვს., “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე პროცესები სწორედ ამის მაჩვენებელია და მსგავსი გზავნილები იკითხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია პირველის მისამართითაც.

ბიგანიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება ასეთი მძლავრი და გავლენიანი მედიასაშუალების დამორჩილებას და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოახერხებს, ეს ზოგადად, კრიტიკული მედიის არსებობაზე ცხადია უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ის მაინც მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობის პირობებში, როდესაც თავად ტელევიზიის გუნდი და სამოქალაქო საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ამის მიღწევა არც თუ ისე იოლი იქნება.

“კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, ახლა რაც ხდება, იმიტომ, რომ ერთი თუ დაიხურება და მეორესაც დახურავს, რაღაც პლატფორმა მაინც გაჩნდება, ამის შესძლებლობები არსებობს, არსებობს ინტერნეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ იქნება ბრძოლა და დაკარგული წლები. რაც აქამდე გვეგონა, რომ მოვიპოვეთ, ისევ თავიდან უნდა მოვიპოვოთ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო”, - ამბობს იგი მედიაჩეკერთან საუბრისას.

გამოსავალი

ნინო ჯანგირაშვილს მედიასივრცეში შექმნილი ვითარებიდან სისტემური გამოსავლის დანახვა უჭირს. იგი დასაყრდენს მხოლოდ ინდივიდუალურ ენთუზიასტებსა და იდეებისთვის მებრძოლ ადამიანებში ხედავს. საუბრობს საერთაშორისო დონორების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც და აცხადებს, რომ წლებია ისინი მედიაში ფულს აღარ ხარჯავენ, რაც განსაკუთრებით მცირე ზომის მედიასაშუალებებს არსებობას ძალიან ურთულებს.

altგამოსავალს იგივე ფაქტორებში ხედავს ნათია კუპრაშვილი. ამასთან, იგი მედიასისტემის ცვლილების მნიშნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა ერთხმიანი, პოლარიზებული მედიაგარემოს ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს: “მედია უნდა გახდეს თვითკმარი და ბიზნესორიენტირებული. ბიზნესი არ გამოგვივიდა მედიიდან და ეს არის მთავარი პრობლემა ამ სისტემის. ხელისუფლებებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მედიისგან არ გამოვიდეს ბიზნესი”.

ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი შრომით უფლებების დაცვისა და საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს ზვიად ქორიძე: “ეს არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ, მან ძალიან სერიოზულად უნდა ამოიღოს ხმა, თუ დავინახავთ, რომ ასეთი პრეცედენტები ცენზურისა გაჩნდება ჩვენს სინამდვილეში”.

იგივეს ამბობს ხატია ჯინჯიხაძე. იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებისა და გამოხმაურებების მნიშვნელობაზე მიუთითებს და განმარტავს: „ეს პოზიციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა იქნება თუ არა ეს გადამწყვეტი, ამას, ალბათ, გამოაჩენს პოლიტიკურ სიტუაცია საქართველოში“.

ნანა ბიგანიშვილი კი სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება” ყოველთვის გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები თუ ჯგუფები, რომლებიც სასამართლოში მათ სასარგებლოდ საქმეების “დალაგებას” შეეცდებიან.

***

შეგახსენებთ,  2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანი “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ “რუსთავი 2-ის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად ცნო და დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე ადგილობრივი მოსამართლეების მხრიდან დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სტასბურგმა საქმეზე საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა.

სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, იმავე დღეს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელსაც საქართველოს უზენაესმა სასამართომ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილები სრულად მიაკუთვნა, საჯარო რეესტრს ტელეკომპანიის გადაფორმების მოთხოვნით მიმართა. რეესტრმა მისი მოთხოვნა იმავე დღეს დააკმაყოფილა. ასევე, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, 18 ივლისსვე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად მისი ადვოკატი პაატა სალია დაარეგისტრირა.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ