მესამე მცდელობაზე 8 კანდიდატს სურს აჭარის ტელევიზიის დირექტორობა
14.08.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად, ეს უკვე მესამედ გამოცხადებული კონკურსია. წინა ორი მცდელობა ისე დასრულდა, რომ  დირექტორობისთვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, მრჩეველთა საბჭომ არჩევანი ვერ გააკეთა. ამჯერად კონკურსში მონაწილეობენ:

  • ირაკლი კიკვაძე
  • მერაბ წულუკიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აჭარის რეგიონში;
  • თინათინ ცისკარიძე - ჟურნალისტი, “დოიჩე ველეს აკადემიის” ტრენერი;
  • გიორგი კოხრეიძე - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი;
  • ირმა ზოიძე - ბათუმში მოქმედი საგამოძიებო სტუდია "REC-ის" ჟურნალისტი;
  • ფირუზ ბოლქვაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი;
  • ბაჩო გურაბანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი;
  • შოთა ზოიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში;

მესამე კონკურსზე დარეგისტრირებული 8 კანდიდატიდან 7 წინა ორ კონკურსშიც მონაწილეობდა. მხოლოდ ირაკლი კიკვაძემ გამოთქვა დირექტორობის სურვილი პირველად

აჭარის ტელევიზიისა და რადიო-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) წესის მიხედვით, კანდიდატების განაცხადები მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. შემდგომი ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებაა. ამის შემდეგ კი საბჭო, ფარული კენბჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ახალ დირექტორს აირჩევს.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 5 წევრია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას წევრების უმეტესობა ესწრება. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. საბჭომ ახალი დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიოს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.

დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველ ორ მცდელობაზე მოვლენები ერთნაირი სცენარით ვითარდებოდა, ორივე შემთხვევაში კენჭისყრა ორ ტურად იმართებოდა და კანდიდატები ორივე ტურში ხმების ერთსა და იმავე რაოდენობას აგროვებდნენ. მერაბ წულუკიძე და შოთა (ბაჩო) გურაბანიძე არიან ის კანდიდატები, რომელებიც ორივე კონკურსში მონაწილოებდნენ, ორივე შემთხვევაში გადადიოდნენ მეორე ტურშიც, თუმცა, საბოლოოდ ვერ იმარჯვებდნენ. ჯამში, პირველ ორ მცდელობაზე, კონკურსში უკვე მონაწილოებდა 20 კანდიდატი.

უფრო კონკრეტულად,

პირველ კენჭისყრაში 8 კანდიდატი მონაწილეობდა და მათგან მეორე ტურში 4 კანდიდატი გადავიდა. კონკურსის ორივე ტურში ხმები ერთნაირად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე - 2 ხმა და შოთა გურაბანიძე, ირმა ზოიძე და ნათია ზოიძე - თითო ხმა. კონკურსი ჩაიშალა.

მეორე კონკურსზე 12 კანდიდატი მონაწილეობდა, პირველ ტურში სამი კანდიდატი გამოვლინდა, მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძე - 2 -2 ხმით და შოთა გურაბანიძე - 1 ხმით, კვლავ 2-2 ხმა მიიღეს მეორე ტურში მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემ, მეხუთე ბიულეტენზე კი ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი ეწერა. კონკურსი ისევ ჩაშლილად გამოცხადდა.  

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი მესამედ 15 ივლისს გამოცხადდა. 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ