ოქტომბრიდან ქართულ ტელესივრცეს ახალი ტელევიზია - “ფორმულა” შეემატება. ახალ არხს “ფორმულა კრეატივი” ქმნის, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის” ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” და რამდენიმე გასართობი შინაარსის პროექტს ამზადებდა.
შპს “ფორმულა” საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები: მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა თანაბრად (25-25%) ინაწილებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალ ტელევიზიას საქართველოს
ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. აღნიშნული
“მედიაჩეკერთან” საუბარში ახალი ტელევიზიის დირექტორმა ზურაბ
გუმბარიძემაც დაადასტურა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ წერილი
დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც წარადგინეს.
“ფორმულა კრეატივმა” მაუწყებლობის უფლებისთვის საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველად 13 აგვისტოს მიმართა.
კომისიამ კრეატივს დოკუმენტაციაში ხარვეზი დაუდგინა და მის
გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მისცა. დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ
კომუნიკაციების კომისიამ შპს “ფორმულას” მაუწყებლობის სფეროში
ავტორიზაცია მიანიჭა. კომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის
მიხედით, ახალი არხი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობას
პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.
ახალი ტელეკომპანიის დირექტორის ზურაბ გუმბარიძის თქმით,
“ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის”
ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი
უხელმძღვანელებს.
დღის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებას ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს.
იგი მანამდე ტელევიზია “მესამეში” მუშაობდა, რომელსაც "ფორმულა
კრეატივი" მართავდა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რომელ საათზე
გავა ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება.
ტელევიზიის დირექტორის თქმით, თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებები
“რუსთავი 2-დან” წამოსულ ჟურნალისტებთანაც მიმდინარეობს. თუმცა,
მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახური მხოლოდ “რუსთავი 2-ის”
ჟურნალისტებით არ დაკომპლექტდება და მაყურებელი ახალ სახეებს და სხვა
არხის ჟურნალისტებსაც იხილავს.
მისივე ინფორმაციით, ამავე არხზე გადაინაცვლებს ფორმულა კრეატივის
კუთვნილი პროდუქტები, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” გადიოდა.
ესენია: ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, “სამზარეულოს
ომები” და “მთავარი ექიმი”. ახალი არხი მაყურებელს კიდევ ერთ
ახალ სატელევიზიო სერიალს შესთავაზებს, რომელსაც “ფორმულა კრეატივი”
ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ამზადებს. ამასთან, “ფორმულაზე”
მაყურებელი ნაყიდ უცხოურ კონტენტსაც იხილავს.
ზურაბ გუმბარიძის თქმით, “ფორმულა” პოლიტიკურ ტოქ-შოუებსაც
მოამზადებს. რაც შეეხება მათ წამყვანებს, იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით
სახეების შესახებ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და ამის
შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.
“ფორმულა კრეატივის” შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”
მას შემდეგ დატოვა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის”
წილები გადაიფორმა, მისი გენერალური დირექტორი შეცვალა და არხზე
საკადრო ცვლილებები დაიწყო.