ჟურნალისტებზე ზეწოლის გახშირებული და გამოუძიებელი ფაქტები
16.09.2019
ბოლო პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებზე მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები გახშირდა, თუმცა ეს საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია.

გაზეთ “გურიის მოამბის” რედაქტორი თეა იოსელიანი დაახლოებით ერთი კვირაა, რაც პოლიციისგან იმ პირის დადგენის მოლოდინშია, ვინც შვილების დახოცვით დაემუქრა. ჟურნალისტი მუქარას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მუქარის წერილი იოსელიანს ფეისბუკში “ბექა მელაძის” სახელით რეგისტრირებულმა მომხმარებელმა 28 აგვისტოს გაუგზავნა. ადრესატმა ის რამდენიმე დღის შემდეგ წაიკითხა და პოლიციას მიმართა. შსს-ში ჟურნალისტი 9 სექტემბერს გამოკითხეს და საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყეს, რაც მუქარას გულისხმობს. საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

  • კოდექსის მიხედვით, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუქარის განმახორციელებელი იდენტიფიცირებულია ტვ 25-ის შემთხვევაში - ის სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი მედეა მამულაძეა. მუქარის მუხლით დაწყებული გამოძიება ამ დრომდე დაუსრულებელია. ბაღის დირექტორის მხრიდან თანამშრომლებზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე სიუჟეტი ტვ 25-მა 30 აგვისტოს გააშუქა. მამულაძე თავდაპირველად ამ სიუჟეტის მომზადების დროს დაემუქრა ტელევიზიის ჟურნალისტებს და ამ კონტექსტში მის მფარველებად მოიხსენია აჭარის რეგიონის მოქმედი მაღალჩინოსნები. სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მამულაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ტვ 25-ის ჟურნალისტ ეკა ბარამიძესა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს სულხან მესხიძეს.

თეა იოსელიანი და სულხან მესხიძე გამოძიების შედეგების მოლოდინში არიან, თუმცა უკვე 3 თვეა უშედეგოდ ელის დამნაშავე პოლიციელების დასჯას 40-მდე ჟურნალისტი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს დაშავდნენ. ჟურნალისტებმა გამოძიების დაწყება და დამნაშავეების დასჯა ჯერ წერილობით მოითხოვეს, ხოლო შემდეგ აქციაც გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

სამართალდამცავებმა 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი, როდესაც მათ დამიზნებით ესროდნენ. ამის მიუხედავად, გამოძიება ამ მუხლით არ დაწყებულა. პროკურატურა ამ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა ისიც გამოუძიებელია: ჟურნალისტები დაზარალებულად ამ დრომდე არ უცვნიათ და არც დამნაშავე პოლიციელები გამოუვლენიათ.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად შეაფასა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ Qartli.ge-ის რედაქტორთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელიც 10 ივნისს მოხდა: ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს იმ ავტოავარიის გაშუქების დროს შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცავების მანქანა მონაწილეობდა. ჟურნალისტის ცნობით, ის პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან და შეუზღუდეს გადაღების უფლება. აღნიშნულ ფაქტს დღემდე იძიებს პროკურატურა, სადაც ჟურნალისტი 2 თვის წინ გამოკითხეს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც სსკ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნია კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია “ოდიშის” წარმომადგენლებთან მიმართებაში 14 მაისს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, გადამღებ ჯგუფს გარკვეული პირები დაუპირისპირდნენ და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის ნაცვლად, შსს-ს წარმომადგენლებმა პირიქით ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტი ლევან თორია დაადანაშაულეს და მას სსკ 126-ე - ძალადობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

“ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 154) დასჯადია, თუმცა, საქმეები რომელთა გამოძიებასაც ამ მუხლით ვითხოვდით, დასრულებული არ არის და საზოგადოებისთვის უცნობია საერთოდ ვინმე ისჯება თუ არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო”, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში, რომლითაც საბჭომ შსს-ს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდახსმების აღკვეთის მოთხოვნით. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ დასჯილან ჟურნალისტებზე თავდასხმელები, რომლებიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაში მონაწილეობდნენ.

  • სისხლის სამართლის კოდექსით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე. სოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

ბოლოდროინდელი ფაქტები აჩვენებს, რომ პოლიცია ამ მუხლთან მიმართებაში სენსიტიურობას მაშინ იჩენს, როცა საქმეში პოლიტიკური გავლენის არ მქონე კერძო პირები იკვეთებიან: მაგალითად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო გამოძიება ბათუშმი 29 ივლისს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაუშინეს ქვები, რომელთა მიერ აშენებულ კორპუსშიც ლიფტი ჩავარდა. ასეთივე შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების საქმეც: 23 მაისს ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის ახლობლებმა.

ჟურნალისტებზე მუქარის, ძალადობის ან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები მეტწილად გამოუძიებელი რჩებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც. ეს საქმეები, დაპირების მიუხედავად, არც მოქმედ ხელისუფლებას გამოუძიებია.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ