ერთთვიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერი განაახლა
24.09.2019

25 სექტემბერს, ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”, დილის გადაცემით - “დილა მშვიდობისა საქართველო”, ეთერი განაახლა. გადაცემას არხის ძველ სახეებთან ერთად ახალი წამყვანებიც ჰყავს.

როგორც დილის გადაცემაში დაანონსდა, დღესვე განახლდება საინფორმაციო გამოშვებებიც. ერთთვიანი წყვეტის შემდეგ, პირველი "კურიერი" ეთერში საღამოს, 21:00 საათზე გავა და მას “რუსთავი 2-ის” ყოფილი ტელესახე ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

altნათია ლაზაშვილი “რუსთავი 2-ში” მისი დაფუძნებიდან მუშაობდა, 11 წლის განმავლობაში უძღვებოდა “კურიერს” და არხი 2006 წელს დატოვა. 6-წლის შემდეგ ყოფილი ტელეწამყვანი ისევ დაბრუნდა ეთერში, ამჯერად, “მე-9 არხზე”, კვლავ საინფორმაციო გამოშვების წამყვანად, თუმცა, ამ არხზე მან მხოლოდ 8 თვე იმუშავა და ტელევიზია პროტესტის ნიშნად, პირდაპირ ეთერში დატოვა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნათია ლაზაშვილი სამთავრობო უწყებაში მუშაობდა. იყო კომუნიკაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. მისი მეუღლე გიორგი ფრუიძე კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროგრამების ანონსის მიხედვით, დღეიდან არხი მუშაობის ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება და მაყურებელი “რუსთავი 2-ზე” ტელეკომპანიის თითქმის ყველა გადაცემას ნახავს. 

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა, არხის საინფორმაციო გამოშვება, ფაქტობრივად, ადამიანური რესურსის გარეშე დარჩა და ერთთვიანი წვეტაც სწორედ ამან განაპირობა. ამ დროის განმავლობაში მედიაში მუდმივად იყო მსჯელობა, რომ არხის ახალი მენეჯმენტი ტელეკომპანიიდან წასულ და სხვა მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

საბოლოოდ, “რუსთავი 2-ის” განახლებულ ეთერს არხის შემდეგი ყოფილი ჟურნალისტები შეუერთდნენ: თეონა ცხომელიძე (მან არხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე დატოვა), დავით კაკულია (“რუსთავი 2-დან” წასვლის შემდეგ, იგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა), ნათია მღებრიშვილი (“რუსთავი 2-ის” დატოვების შემდეგ იგი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა), დავით დვალიშვილი, ვანო გავაშელი, მარიამ შანშიაშვილი.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან “რუსთავი 2-ზე” გურამ როგავა გადავიდა, ტელეკომპანია “იმედიდან” კი - სოფო ოხანაშვილი. “რუსთავი 2-ს” “ტელეკომპანია “იბერიას” სამი ყოფილი ჟურნალისტი - თამარ ურუშაძე, ბექა პატურაშვილი და შოთა ფალავანდიშვილიც შეუერთდნენ.

alt

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე ხელმძღვანელობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამავე ტელეკომპანიაში ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოადგილე და ერთ-ერთი ტოქშოუს წამყვანი იყო.

“რუსთავი 2-ის” დატოვების შემდეგ ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა.


altასევე, ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილია. იგი ბოლო 13 წლის განმავლობაში, ლონდონში მოღვაწეობდა და მეუღლესთან ნათია აბრამიასთან ერთად BBC-ში მუშაობდა. დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე ირაკლი იმნაშივილი ტელეკომპანია „მზეში“ ტოქშოუს წამყვანი იყო, ასევე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მუშაობდა კონსულტანტად ტელეკომპანია "იმედში".

ამასთან, “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი პარტია ევროპული საქართველოს PR-ის სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილია. იგი წარსულში ამავე ტელეკომპანიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია მზეში მუშაობდა.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ზე” მაყურებელი იხილავს მაია ასათიანის საავტორო გადაცემას ‘პროფილი”, ტოქშოუს - “სხვა შუადღე”, იუმორისტული გუნდის მიერ მომზადებულ გადაცემებს - “კომედი შოუ, “გაიცინე და მოიგე”, “გვიანი შოუ”, “ფარული კონვერტი” და “ნიკა არაბიძის შოუ”, რომელიც არხზე “ვანოს შოუს ჩაანაცვლებს.

 

28 სექტემბერიდან, განახ,ებული გუნდით ბრუნდება ეთერში “დილა მშვიდობისა საქართველო უქმეებზე”. “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ პრომოში გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” ე.წ.ქუდიც გამოჩნდა, თუმცა მისი წამყვანის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

***

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა.  
შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თავის მხრივ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.

9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.  თავდაპირველად ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებდა, თუმცა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.


14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".

20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და "კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე. ამავე დღეს ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც, რომელსაც დიანა ჯოჯუასთან ერთად "კურიერის" მთავარი გამოშვება მიჰყავდა.

21 აგვისტოს კი არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა. 


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ