ერთთვიანი წყვეტის შემდეგ "რუსთავი 2-ზე" "კურიერი" განახლდა
25.09.2019

35 დღიანი წყვეტის შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" საინფორმაციო გამოშვებები განაახლა. პირველი "კურიერი" ეთერში 25 სექტემბერს, 21:00 საათზე გავიდა. არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას "რუსთავი 2-ის" ძველი ტელესახე ნათია ლაზაშვილი უძღვება.

"24 წლის წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც რა თქმა უნდა ჩემს კოლეგებთან ერთად, პირდაპირ ეთერში გაიყვანა "რუსთავი 2-ის"  საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული. დავბრუნდი, რადგან ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია თავისუფლად აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე, აკეთონ ახალი ამბები საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს სხვისი ღირსების დაცვით. იმედი მაქვს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც კურიერმა მუშობა შეწყვიტა", - ამ სიტყვებით დაიწყო მთავარი საინფორმაციო გამოშვება ნათია ლაზაშვილმა. 

ნათია ლაზაშვილის გამოჩენამდე, მაყურებელს არხის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი მიესალმა. თავის შესავალ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა, რომ  "კურიერი" მიუკერძოებელი იქნება. 

"დღეიდან "კურიერის" პროფესიული ფასეულობები ეფუძნება სარედაქციო მიუკერძოებლობას. ჩვენ არ ვიქნებით არცერთი პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნეს ჯგუფის მხარეს. "კურიერი" არ იცრუებს, არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას, ჩვენი მისიაა ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე", - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა. 

*** 
ნათია ლაზაშვილი “რუსთავი 2-ში” მისი დაფუძნებიდან მუშაობდა,  იგი 11 წლის განმავლობაში უძღვებოდა “კურიერს” და არხი 2006 წელს დატოვა. 6-წლის შემდეგ ყოფილი ტელეწამყვანი ისევ დაბრუნდა ეთერში, ამჯერად, “მე-9 არხზე”, კვლავ საინფორმაციო გამოშვების წამყვანად. თუმცა, ამ არხზე მან მხოლოდ 8 თვე იმუშავა და ტელევიზია პროტესტის ნიშნად, პირდაპირ ეთერში დატოვა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნათია ლაზაშვილი სამთავრობო უწყებებში მუშაობდა. იყო კომუნიკაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  ასევე, პროკურატურის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. 

***

შეგახსენებთ, "კურიერი" ეთერში აღარ გადის 21 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც არხი საინფორმაციო გამოშვების გუნდმა დატოვა.  ამ ფაქტს წინ უსწრებდა არხზე საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანების გათავისუფლება. 

ასევე შეგახსენებთ, დღეიდან, 25 სექტემბრდან არხზე სხვა გადაცემებიც განახლდა. დეტალები წაიკითხეთ "მედიაჩეკერის" სტატიაში -  ერთთვიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერი განაახლა.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ