26.09.2019
კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრიც „ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს“. მუწყებლები კი სწორედ მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ხვდებიან.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მარიამ გოგოსაშვილი "მედიაჩეკერთან" განმარტავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი ცალსახად ამბობს, რომ არ შეიძლება, კომისიონერის ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას იმ კომპანიისთვის ეწეოდეს, რომელიც კომისიის რეგულირების არეალში ხვდება.
მისივე თქმით, ახლა ის არის დასაზუსტებელი, ასრულებს თუ არა ნათია ლაზაშვილი “რუსთავი 2-ისთვის” ანაზღაურებად სამუშაოს. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ კითხვის ნიშნები იმ დროსაც ჩნდება, თუკი იგი სამუშაოს ანაზღაურების გარეშე დასთანხმდა. ასეთ შემთხვევაში, მოტივის გამოკვლევაა მნიშვნელოვანი.
მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ მომავალში, კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე, კომისიის წევრზე მისი ოჯახის წევრის ამ კომპანიაში მუშობა გავლენას იქონიებს.
როგორც საიას იურისტი განმარტავს, საკითხზე მოკვლევის დაწყების უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს აქვს. ინტერესეთა კონფლიქტის დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტს, სრული შემადგენლობის ⅓-ის თანხმობით, კომისიის წევრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც შეუძლია. თუმცა, გოგოსაშვილი იქვე აკონკრეტებს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ამის ვალდებულება არ აქვს და შეუძლია მოკვლევის პროცესი არც კი დაიწყოს.
“თუმცა ფაქტს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდეს, ვერსად გავექცევით”, - ამბობს იგი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “მედიაჩეკერს” განუმარტეს, რომ ფრუიძესთან მიმართებით, ინტერესთა კონფლიქტის დადასტურების შემთხვევში, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას ადგილი არ ექნება. კომისიაში დამატებით დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.
"მედიაჩეკერმა" საკთხის “რუსთავი 2-ში” გადამოწმებაც სცადა, თუმცა მაუწყებლის გენერალუმა დირექტორმა პაატა სალიამ და თავად ნათია ლაზაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ "კურიერი" ეთერში 21 აგვისტოდან, მას შემდეგ აღარ გადიოდა, რაც არხი საინფორმაციო გამოშვების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. ამ ფაქტს წინ არხზე საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანების გათავისუფლება უსწრებდა. არხმა ეთერი 25 სექტემბერს დილის გადაცემით განაახლა.